როგორ აპირებს მერიის გარემოს დაცვის სამსახური "ცხელი წერტილების" ათვისებას?
font-large font-small
როგორ აპირებს მერიის გარემოს დაცვის სამსახური "ცხელი წერტილების" ათვისებას?
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი

ქართულ პრესაში მრავალჯერ დაბეჭდილა, რომ თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებიც ადასტურებს, რომ ჩვენს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს. მართალია, თბილისის ყოფილი მერი - დავით ნარმანია გვპირდებოდა, ქალაქში მილიონ ხეს გავახარებო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა - დედაქალაქის მწვანე საფარი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მუშაობს და იმუშავებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახური.


- დედაქალაქის მწვანე საფარი წლების განმავლობაში მცირდებოდა და ნადგურდებოდა. ეს ხომ არ არის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი?
გიგა გიგაშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი:
- ერთ-ერთი, მაგრამ არა - ერთადერთი. დადგენილია, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ჩვენთან ავტომობილების გამონაბოლქვია - დაბინძურების 70% სწორედ ამ მიზეზზე მოდის. ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ, ქალაქის გამწვანებაა, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. თბილისში გვაქვს "ცხელი წერტილები", სადაც მოძრაობა უფრო ინტენსიურია, ხოლო გამწვანება - ძალზე მწირი. რა თქმა უნდა, ასეთ წერტილებში ჰაერის დაბინძურება უფრო მეტია, ვიდრე სხვა უბნებში. სწორედ ამიტომ, დაგეგმილი გვაქვს მასშტაბური სამუშაოები, რომლითაც ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოვაგვარებთ. 2018 წელს დაახლოებით 14 ათასამდე ხე-მცენარე დავრგეთ, რა თქმა უნდა, 2019 წელს უფრო მეტის გაკეთება გვაქვს განზრახული.
- რომელ რაიონებში დარგეთ ეს ხეები?
- დედაქალაქის ათივე რაიონში. რა თქმა უნდა, ისეთი უბნებიც იყო, სადაც უფრო მეტი მცენარე დავრგეთ, სხვაგან კი - ნაკლები, მაგრამ წელს ამ დანაკლისის კომპენსაციას ვაპირებთ. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ქალაქში ფიჭვის ხეები რომ ხმება. უკვე დაწყებულია ამ ხეების მოჭრა და მათი ჩანაცვლება სხვა მცენარეებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილი აღმაშენებლის ქუჩაა, სადაც მწვანე საფარი მთლიანად განვაახლეთ.
- ნერგებს დავით ნარმანიას დროსაც რგავდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი გახმა, ამ საკითხზე ვინ უნდა იზრუნოს?
- ამ მიმართულებითაც სერიოზული რეფორმა განხორციელდა: დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობაზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა, რადგან ამას კერძო კომპანიები ახორციელებდნენ. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობაც ჩვენ ვიტვირთეთ და შევქმენით შპს "ეკოსერვისჯგუფი", რომელიც დედაქალაქში არსებულ მწვანე სივრცეებს უვლის. ვინც აკვირდება, ალბათ დაგვეთანხმება, რომ ჩვენი დარგული მცენარეების ხარისხი აშკარად უკეთესია. საერთოდ, ახალდარგული მცენარეების 20% შეიძლება გახმეს - ასეთია ექსპერტთა შეფასება. ჩვენც შევეგუეთ, რომ ამ მცენარეების ნაწილი შეიძლება გახმეს, მაგრამ იმ 16 ათასი ნერგიდან, რომელიც შარშან დავრგეთ, დაახლოებით 200-მდე მცენარეა გამხმარი - ეს იმდენად კარგი შედეგია, რომელსაც არც კი მოველოდით. წელს ეს მცენარეები ახლით უნდა ჩავანაცვლოთ. ჩვენ ამ ნერგებს ყოველდღე ვამოწმებთ და ვაკონტროლებთ. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა იყო, რადგან ვინც მცენარეს დარგავს, ის უფრო გულმოდგინედ და კარგად მოუვლის. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 7-8-10 წლის ხეებს ვრგავთ, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული და გაზრდილია, რის გამოც ნაკლებად ხმება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ დარგული 12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი. ნერგებზე შეგნებულად ვთქვით უარი, რადგან მათი გახარება უფრო ძნელია, ვიდრე უკვე გაზრდილი მცენარეებისა.
- თბილისში მიმდინარე მშენებლობებს ხშირად მწვანე საფარი ეწირება. თუ აპირებთ, რომ ამ კომპანიებს დაავალოთ მათი შესყიდული ტერიტორიის გამწვანება?
- ამ მიმართულებითაც ჩატარდა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა: ჩვენი სამსახური აფასებს ყველა იმ ტერიტორიას, სადაც მშენებლობა 2018 წლის 23 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. ვადგენთ, გამოდგება თუ არა ის ადგილი მშენებლობისთვის. გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიებს დავავალეთ, რომ მშენებარე კორპუსების ირგვლივ მდებარე ტერიტორია გაამწვანონ და იქ სარეკრეაციო სივრცე მოაწყონ. მცენარეების სახეობასა და რაოდენობას ეს კომპანიები ჩვენს სამსახურთან ათანხმებენ. ეს აუცილებელი პირობაა მშენებლობის დაწყების ან მასზე ნებართვის გაცემის დროს. ამ კომპანიებს ახალდარგული მცენარეების მოვლას 3 წლის განმავლობაში ვაკისრებთ, ამასთან, სამ თვეში ერთხელ უნდა წარმოგვიდგინონ ანგარიში ამ მცენარეების მდგომარეობის შესახებ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს: 350-მდე დენდროლოგიური პროექტი შევიმუშავეთ, რომელთა უმრავლესობა უკვე ხორციელდება. ასე რომ, ყველა, ვინც მშენებარე უბნებში ახალ ბინას შეიძენს, აუცილებლად მიიღებს გამწვანებულ სივრცეს.
GzaPress
- გასულ წლებში სამშენებლო კომპანიებმა სკვერებსა და პარკებს ადგილები ჩამოაჭრეს და იქ კორპუსები ააშენეს. რა ეშველება ამ პრობლემას?
- გპირდებით, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება, რადგან ამგვარ ფაქტებს უკვე ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს და არეგულირებს.
- რას ეტყოდით იმათ, ვინც გაკრიტიკებთ - მთელი ქალაქი კორპუსებით აავსეს და მწვანე სივრცე აღარ დაგვიტოვესო?
- ასეთ საკითხებზე კამათი ძნელია. პრობლემები არის და ამის არაღიარება დანაშაულია, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ, რომ აღარ დავუშვათ მსგავსი შეცდომები...
- დავუბრუნდეთ თქვენს გეგმებს: წელს რა უნდა გააკეთოს დედაქალაქის გარემოს დაცვის სამსახურმა?
- წელს 12 ათასი ხე უნდა დავრგოთ, ხოლო 100 ათას კვადრატულ მეტრზე ბალახი უნდა გავაშენოთ. იქვე უნდა მოვაწყოთ სარწყავი სისტემა, დარგული მცენარეების მოსავლელად. გარდა ამისა, კიდევ ბევრი მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი - პირველ რიგში უნდა დავასახელო ახალი პარკი, რომელიც დიღმის ჭალებში უნდა გაშენდეს. ასევე მნიშვნელოვანი პროექტია კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
- მაინც, რა თანხა აქვს გამოყოფილი თქვენს სამსახურს და შეძლებთ თუ არა ამ თანხის ბოლომდე ათვისებას?
- წელს გარემოს დაცვის მიმართულებას ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს - დაახლოებით 41 მილიონი ლარი, რაც 5-6-ჯერ მეტია, ვიდრე წინა წლებში იყო. რაც შეეხება წლის ბოლოს თანხის დარჩენას - ამას ვერც ერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია ვერ გაექცევა, რადგან ბევრ რამეს წყვეტენ ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო, ან გამწვანების სამუშაოებს ასრულებენ. ასე რომ, ამ თანხის სრულად ათვისება მხოლოდ ჩვენს სამსახურზე არ არის დამოკიდებული. გამორიცხულია, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ყველაფერი ისე გაანაწილოს, რომ გამოყოფილი თანხა ზუსტად დახარჯოს. კარგია, ყველა კეთილსინდისიერი კონტრაქტორი რომ გვყავდეს, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტი მაინცდამაინც 100%-ით უნდა ავითვისოთ, ჯობია, 80% დაიხარჯოს და ყველა სამუშაო მაღალ დონეზე, მაღალი ხარისხით ჩატარდეს.
- დედაქალაქის ირგვლივ ძალიან ბევრი ხრიოკი ადგილია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მათი გამწვანებაც მნიშვნელოვანია. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
- დიახ, თბილისის შემოგარენს სარეკრეაციო, ლანდშაფტური დანიშნულება აქვს და ამ ადგილებზე ხელოვნური ტყეები უნდა გაშენდეს. ეს ღონისძიება უკვე დავიწყეთ: მიმდინარეობს კუს ტბის ფერდობის აღდგენა, რომლის ფართობი 7 ჰექტარია. მომდევნო წლებში ის ადგილები, რომელიც მწვანე საფრით არ არის დაფარული, აუცილებლად უნდა ავითვისოთ.
- დაბოლოს, თუ მოსახლეობას სურს, თავის უბანში მცენარეები გაახაროს, შეიძლება, დახმარებისთვის თქვენს სამსახურს მიმართოს?
- რასაკვირველია. ასეთი ფაქტები ხშირია და ვცდილობთ, ყველას შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ. მოქალაქეები ჩვენი ქალაქის გამწვანების უშუალო მონაწილეები უნდა იყვნენ და ჩვენც აუცილებლად დავუჭერთ მხარს ნებისმიერ კარგ წამოწყებას. გააჩნია, რა რესურსი ექნება მოსახლეობას და რა რესურსი გვექნება ჩვენ. მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჯანსაღი, სუფთა ქალაქი გვქონდეს. ჩვენი სამსახური განახლებული სახით გასულ წელს ჩამოყალიბდა, ყველანი ვცდილობთ, დედაქალაქისთვის კარგი საქმე ვაკეთოთ. მეც ისევე მსურს გალამაზებული, მწვანე დედაქალაქი ვიხილო, როგორც ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აქ ცხოვრობს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაკარგი არაფერი მქონდა და ყველა პრობლემაზე ვწერდი და ვლაპარაკობდი
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი