"ეს ყველაფერი 20 ივნისს არ დაწყებულა" - გზაპრესი

"ეს ყველაფერი 20 ივნისს არ დაწყებულა"

ქვეყანაში დღითი დღე რთულდება ვითარება. 20 დღეზე მეტია, ხალხი ქუჩაში გამოსულია და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. ყველა ელოდება 20 ივნისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას. გამოძიება გენერალურ პროკურატურასა და შსს-ში ინტენსიურად მიმდინარეობს. პროკურატურამ მომხდარს კვალიფიკაცია მიანიჭა და ამბობს, რომ ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება.

GzaPress"დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით", - ამბობენ პროკურატურაში და ბრალდებულთა რიცხვის გაზრდასაც აანონსებენ: - "პროკურატურაში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ... ასევე, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი".

აქციის 4 მონაწილე უკვე მიეცა პასუხისგებაში და მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობას გადაურჩა ნიკა მელია, თუმცა სახლიდან გასვლა აეკრძალა, დეპუტატს სამაჯური დაადვეს.

ამ აქციების ფონზე, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პროვოკაციულმა განცხადებამ კიდევ უფრო მეტად დაძაბა ვითარება საქართველო-რუსეთს შორის.

ამ ყველაფერს გასულ კვირას პრაიდის მონაწილეების ქუჩაში გამოსვლაც დაემატა, რასაც ვასაძე და მისი ჯგუფის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება მართლაც, რომ ურთულესია და აქედან გამოსავალი ხელისუფლებამ უნდა იპოვოს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასება დეპუტატ ეკა ბესელიას ვთხოვეთ.

- ქალბატონო ეკა, 20 ივნისიდან დღემდე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რა შეფასებას მისცემთ?

- რაც დღეს ხდება, იმ მოვლენებიდან გამომდინარეა, რომელიც 20 ივნისს გასაჯაროვდა, მაგრამ ეს ზუსტად ამ დღეს არ დაწყებულა. მგონია, 20 ივნისის მოვლენები ქვეყანაში არსებულმა საპროტესტო განწყობამ განაპირობა. საზოგადოებაში გროვდებოდა ნეგატიური მუხტი, კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რასაც ამზადებდა "ნაციონალური მოძრაობა". ობიექტურადაც იყო ამის საფუძველი, რადგან ხელისუფლების მისამართით ბევრი პრეტენზია გაჩნდა, განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულმა გაუმართლებელმა კომპრომისმა დააზიანა "ქართული ოცნების" იმიჯი. ეს ყველაფერი დაგროვდა, ამას დაემატა გავრილოვის ჩამოსვლა და მივიღეთ ის, რაც ყველამ ვნახეთ. მგონია, რომ ხელისუფლების უგუნური და გაუაზრებელი საქციელი კარგად გამოიყენა "ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ". მათ ააგორეს საპროტესტო ტალღა, გამოიყენეს სიტუაცია და აქედან დაიწყო ცნობილი პროცესები. რევანშისტული პოლიტიკური ძალა - "ნაცმოძრაობა" რომ სათავისოდ გამოიყენებდა სიტუაციას, ეს უნდა სცოდნოდა "ქართულ ოცნებას". მათ აღარ აქვთ ძალა და ენერგია, რომ რაციონალურად გადაწყვიტონ ის პრობლემები, რაც გროვდება. ამიტომაც, რაც ხდება, სისუსტისა და უსუსურობის გამოხატულებაა. ამ ყველაფერს მაინც ერთი სახელი ჰქვია, ერთი მხრივ, რევანშისტული სურვილი ამოძრავებს სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას", ყველაფრის ფასად სურს დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მეორე მხრივ "ქართული ოცნება" ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. როგორც ჩანს, ასე ემართება ყველა ხელისუფლებას, არჩევნები როცა ახლოვდება. ამ ჭიდილში ქვეყანა ძალიან ზარალდება.

- ვნახეთ, რაც მოჰყვა გავრილოვის ვიზიტს, ამას დაემატა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ეთერში გაკეთებული განცხადება. ამაზე რას იტყვით?

- რა თქმა უნდა, მისი განცხადება სცილდება ყველა ზღვარს. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ სათქმელის ასე გამოხატვა არც ერთ ფორმაში არ ჯდება და ეს არის სახელმწიფოსთვის საზიანო. წარმოიდგინეთ, რუსეთიდან საქართველოში ფინანსური გადმორიცხვების, ტრანზაქციების შეწყვეტა როგორი დარტყმა იქნება მოსახლეობისთვის... 20 ივნისის შედეგი უკვე დაეტყო ჩვენს ქვეყანას, ტურისტული ნაკადი შემცირდა. ამას დაემატა მძლავრი ეკონომიკური დარტყმა, ეს ყველაფერი კი არასწორი პოლიტიკის შედეგია. არადა, ძნელად აეწყო სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ახლა ისევ ყველაფერი თავიდან იწყება.

GzaPress

- ლევან ვასაძე თავისი თანამოაზრეებით გამოვიდა ქუჩაში. ამბობენ, რომ ვასაძეც მართულია. - ვასაძესა და მის მხარდამჭერებს მეტი დაფიქრება მართებთ. აბსოლუტურად მესმის ხალხის გულისწყრომა, ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და ჩემი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, მეც არ მომწონს, როდესაც ეს ადამიანები თავიანთი განსხვავებულობის დემონსტრირებას ახდენენ, მაგრამ ამის გამო მათზე ძალადობა არ შეიძლება. უნდა გამოხატო პროტესტი, რომ არ მოგწონს, მაგრამ კომბლითა და ქამრებით არ უნდა გამოხვიდე ქუჩაში და არ უნდა ილაპარაკო ამ კონტექსტით, რომ გავარღვევთ პოლიციის კორდონს, მივუნგრევ ყბას და კომბლებით გავყრითო. გასაგებია, არ მოგწონს ამ ადამიანების ცხოვრების წესი და პრაიდი, მაგრამ ქრისტეს სახელით ლაპარაკი ძალიან უხერხულია. დაპირისპირება ქუჩაში ადამიანების განსხვავებული შეხედულებების გამო, ნორმალური და ცივილიზებული ფორმაა? საპატრიარქოს ჰქონდა ძალიან კარგი განცხადება, რომელსაც სრულიად ვეთანხმები. ის გაემიჯნა ამ ძალადობას, გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ეკლესიის სახელით ლაპარაკობენ. თქვა, რომ არ მიესალმება პრაიდის გამართვას, მაგრამ ამ ფორმით წინააღმდეგობის გაწევა არ მიაჩნია სწორად. ეს არის მართლმადიდებლური პოზიცია. ყველამ საკუთარ სახლში დაამყაროს წესრიგი. ქვეყანაში წესრიგის დამყარება არის იმ უწყებებისა და ინსტიტუტების ფუნქცია, რომელსაც ვირჩევთ და ხელფასს ვუხდით. თუ არ მოგვწონს, უნდა გადავირჩიოთ და ახალი ავირჩიოთ. ჩემი მთავარი ლოზუნგია - "არა "ნაცმოძრაობას" და არა "ქართულ ოცნებას". არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება.

- ხალხის პროტესტი 20 დღეზე მეტია გრძელდება და მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა. რატომ ვერ ელევიან მას?

- უკვე დაგვიანდა ამ გადაწყვეტილების მიღებაც. გახარია თავის დროზე ძალიან კარგი შენაძენი იყო ხელისუფლებისთვის, კარგად დაიწყო მუშაობა და ძალიან ვგულშემატკივრობდი. განსაკუთრებით ჩემი კომიტეტი, რომელიც კურირებდა ადამიანის უფლებებსა და პოლიციის საქმიანობას, კონტროლს ახორციელებდა კიდეც. მნიშვნელოვანი იყო, ამ სისტემაში რეფორმები გატარებულიყო და ამას პოზიტიურად ვუყურებდი. გიორგი გახარიასთან პირადადაც ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ის, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს, ძალიან მძიმეა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რაც ხდებოდა, ეს დასაგმობია და ვემიჯნები იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მოწოდებებით გამოირჩეოდნენ. ლაპარაკი იყო ისეთ ქმედებებზე, რომელიც აქეზებდა ადამიანებს, მაგრამ შუაღამეს რაც ვნახეთ, მძიმეა. გაექცათ ხელიდან მართვის სადავეები და არ ვიცი, რატომ არ შეაჩერეს ცალკეული დარბევა. იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა, რამდენიმე დასახიჩრდა და ზიანი მიიღო ხალხმა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება უწყების ხელმძღვანელს და იმ პირებს, ვინც თავიანთი ქმედებით განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტებს. არა მგონია, რომ ამით სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა მოხდა. უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინ ჩვენი მოქალაქეები დააზიანა. თუ პასუხისმგებლობა არ აიღეს, მაშინ ეს გამოიწვევს ინსტიტუციურ უნდობლობას, რაც იყო ერთი პერიოდი ქვეყანაში და მერე გამოსწორდა. კარგი რეპუტაცია ჰქონდა პოლიციას და ეს ზარალდება დღეს.

GzaPress- 20 ივნისის ფაქტს სახელმწიფო გადატრიალებისა და ამბოხის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ბევრჯერ აღძრულა საქმე ამ მუხლით, თუმცა ისიც ფაქტია, ბოლომდე არც ერთი საქმე არ მისულა. როგორ ფიქრობთ, გამოძიება მივა ბოლომდე?

- სახელმწიფო გადატრიალებისა და ამბოხის მუხლით საქმის კვალიფიკაცია ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. ეგრევე გახსენდება ამ კვალიფიკაციით დაწყებული რამდენიმე გამოძიება, რომელიც ბოლომდე არ მისულა. თუ არსებობს მტკიცებულებები, მაშინ უნდა ითქვას იმაზე ბევრად მეტი, რაც ამ დრომდე არის გასაჯაროებული. უმძიმესი დანაშაულია და ასე, მარაოსავით იყენებდე ამას, პოლიტიკური ვითარების გასანიავებლად, ძალიან არასერიოზული საქციელია... ახლა ვიცით, რომ პასუხისგებაში მიეცნენ აქციის მონაწილეები და ნიკა მელია, მაგრამ მეორე მხარეს ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა. თუნდაც ის პირი, ვინც მაკო გომურს თვალი დასთხარა - ამაზე პასუხისმგებლობა არავის აქვს? პირდაპირ ჩანს კადრებში, რომ მიზანში ესვრიან ადამიანებს. მათი იდენტიფიცირება არ იქნებოდა რთული, ამის სურვილი რომ ჰქონოდა "ქართულ ოცნებას", მაგრამ სურვილი არა აქვთ.

- ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა 92 დეპუტატმა, ამას მოელოდით? - იმ დღეს არ ვიყავი საქართველოში და უცხოეთიდან ვუყურებდი კადრებს. ეს იყო სამარცხვინო. თუ ვერ ხვდება მმართველი პარტიის უმრავლესობა, ამით რა დღეში ჩაიგდეს თავი, სამარცხვინოა. ზოგს არც კი ესმოდა, რა გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტი და ამბობდნენ, იმუნიტეტს ვუხსნით, რომ სამართალწარმოებას ხელი არ შეეშალოსო. ოხანაშვილი რომ მიედ-მოედებოდა რაღაცებს, სასაცილო იყო. როგორც იურისტი, ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა, ეს ისედაც ცნობილია, მაგრამ პოლიტიკურადაც ბეცია. შემდეგ იკეკლუცეს და თქვეს, სასამართლო არ იზიარებს ამასო. ის სასამართლო, რომელსაც არა აქვს დღეს მინიმალური ნდობა და ურეპუტაციოა, უკეთესად გამოჩნდა, ვიდრე პარლამენტი.

მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას პოზიცია იმიტომ იყო სწორი, რომ მტკიცებულებები მოითხოვეს. იმას არ ვამბობ, რომ მელიას პასუხისმგებლობა არ ჩანს, ის ცუდად მოიქცა, ძალიან პროვოკაციული იყო მისი რჩევები და უპასუხისმგებლოც. პოლიტიკოსი რომ ხარ და ლიდერი, შენც უნდა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა. არ გავამართლებ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო რომ ხარ, ხომ უნდა მოითხოვო მტკიცებულებები? დღეს ინსტიტუციურად პარლამენტი და სასამართლო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

- თქვენი აზრით, ნიკა მელიას გარდა, სხვა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაც დადგება?

- არ ვიცი, გამოჩნდებიან თუ არა სხვა ბრალდებულები, ამაზე ვერ ვიმკითხავებ, მაგრამ სამართალი რომ შერჩევით ხდება, ეს აშკარად ჩანს.

თეა ხურცილავა