ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცხოვრება ჩაკეტილ სივრცეში - გზაპრესი

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცხოვრება ჩაკეტილ სივრცეში

რამდენიმე დღეა, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა, თუმცა, მანამდე, ის ორ წელზე მეტხანს ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფებოდა... დეპრესიისგან თავის დასაღწევად, ხელსაქმე და ქართველი და ოსი მეგობრების თანადგომა დაეხმარა.

თამარ მეარაყიშვილს ადგილობრივი მმართველი პარტიის "ედინაია ოსეტიას" მიმართ ცილისწამება და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვება ედება ბრალად. კონკრეტულად, პარტიის წევრებს არ მოეწონათ სტატია, სადაც მეარაყიშვილი "მმართველი პარტიის - "ედინაია ოსეტიას" წევრებს აკრიტიკებდა...

პარასტაევამ მეარაყიშვილს ასევე თავისუფლად გადაადგილების უფლება დაუბრუნა, რომელიც ორი წელია, აქტივისტს ჩამორთმეული აქვს. ამ ხნის განმავლობაში, მას იქაურობის დატოვება არ შეეძლო, რადგან ჩხრეკისას ჩამორთმეულ საბუთებს არ უბრუნებდნენ.

მისივე თქმით, სრული გამარჯვების ზეიმი ჯერ ნაადრევია, რადგან ადგილობრივი პროკურატურა გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. "სანამ ყველა ინსტანციას არ მოივლის ეს საქმე, საბუთებს არ დამიბრუნებენ, თუმცა, პირველი გამარჯვება მაინც მიღწეულია", - გვითხრა თამარმა.

GzaPress- ორსართულიან კორპუსში წლების განმავლობაში თითქმის მარტო მე ვცხოვრობდი. ჩემ წინ ადგილობრივი მილიციის განყოფილებაა და მათ იმედად... ხანდახან, როდესაც ერთმანეთში კამათობენ, სახლიდან გავძახებ ხოლმე - რა ხდება, რა გჭირთ-მეთქი და მაშინვე ჩუმდებიან, რადგან იციან, რომ ყველაფერზე, ყველა წვრილმანზე ვწერ და მერიდებიან. ხანდახან ქუჩაში შევსწრებივარ რაღაც ინციდენტს, მაგრამ დამინახავენ თუ არა, მაშინვე ჩუმდებიან, - ყველაფერზე წერს და შარის თავი არ გვაქვსო.

ახლახან ორი მდგმური გადმოვიდა ქირით. ერთი სკოლის დირექტორის ოჯახია, მეორე მასწავლებლის, თუმცა, ახლა, არდადეგებია თუ რა, არ ჩანან. როდესაც აქ იყვნენ, მაშინაც არ მქონია ურთიერთობა, ვერიდები, რადგან ადგილობრივები არ არიან... 7 წლის წინ გადმოვედი აქ საცხოვრებლად, თავიდან პატარა ფართობი მქონდა. პირველი სართულია, გაფართოების საშუალება მომეცა და ახლობლების დახმარებით, გავფართოვდი. ეზოს მხარეს აივანი გავაკეთეთ, სადაც ახლა ყვავილებია. წინ - პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც ბოსტანი და ბაღჩა მაქვს, მინდვრის ყვავილებიც გავახარე...

- ვიცი, რომ ადგილობრივები, ოსი მოსახლეობაც, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ძალიან გგულშემატკივრობდნენ.

- დიახ, მაგრამ ბოლო ერთი წელია, მერიდებიან და გამაფრთხილეს კიდეც, - არ გეწყინოს, სამსახურში პრობლემები არ გვინდაო. ამ ხნის განმავლობაში, აქედან 5 წუთის ფეხის სავალზე მცხოვრები ჩემი მშობლები, ცხინვალიდან ჩემი ადვოკატი და თბილისიდან ჩემი შვილი მაკითხავდნენ... დღემდე ჩემი მეგობრების დახმარებით მოვაღწიე, ყოფილა შემთხვევა, ტრანსპორტის ფული არ მქონია და ისინი მიგროვებდნენ. ადვოკატისთვის თანხის გადახდაშიც მეხმარებოდნენ, რაც საკმაოდ ძვირი, რამდენიმე ათასი ლარი დამიჯდა... ასევე, სოციალურ ქსელში ჩემი ნამუშევრების გაყიდვაში. საქმე ის არის, რომ "ოს მაფიოზებთან" ბრძოლაში ადგილობრივი ოსებიც მეხმარებიან, რადგან ადამიანური ურთიერთობები, ჯერ კიდევ ბევრ რამეს წყვეტს. თან, დასაკარგი არაფერი მქონდა და ყველა პრობლემაზე ვწერდი და ვლაპარაკობდი. ეს მათ ინტერესებშიც შედიოდა. მათი მხარდაჭერა დღემდე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს.

- ხელსაქმე გაქვს, რომელიც ალბათ ბევრი რამეში გეხმარება, თუნდაც ფსიქოლოგიურად.

- ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა უცხოელმა დიპლომატმა ქალბატონმა, რომელსაც აქ ყოფნის მისია დაუმთავრდა, თავისი ნივთები, მათY შორის, ჭურჭელი და ტანსაცმელიც კი მაჩუქა. ამ ნივთებს შორის ერთი ყუთი ბისერიც იყო, - ხელსაქმე გეხერხება და იქნებ გამოიყენოო. თან მთხოვა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, ჩემი ბავშვობის ნაწილია და ბისერზე მუშაობა აუცილებლად ისწავლეო... ჭრა-კერვა და ქარგვა მეხერხება, მაგრამ ბისერზე მუშაობა ძალიან ძნელი მეჩვენებოდა, თუმცა, საჩუქარზე უარი ვერ ვთქვი... როცა ნამუშევრები დამიგროვდა, სოციალურ ქსელში დავდე. მალევე შემეხმიანნენ, - ხომ არ გაყიდდიო? ჭკუაში დამიჯდა. ორი წლის განმავლობაში, ასეულობით ნამუშევარი გავყიდე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი. პიარში დიპლომატებიც მეხმარებოდნენ... რახან ჩემზე ბევრი ინფორმაცია იყო ინტერნეტში, ესეც მეხმარებოდა. არც ძვირად ვაფასებდი, მინდოდა, ისეთი ფასი ჰქონოდა, ბავშვებისთვისაც კი ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ ნივთების შეძენით საზოგადოება მე გადარჩენაში მეხმარებოდა.

- თუმცა, თქვენი საქმე კარგი შედეგით დასრულდა, გადაადგილების შეზღუდვა მოგეხსნათ...

- ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა. გარკვეული პროცედურები დამრჩა, ამიტომ შემოსავლის გარეშე ვერ დავრჩები... ხანდახან მართლა ისე ცუდად ვიყავი, პირის დაბანაც მეზარებოდა. როცა სრულიად მარტო ხარ და ეს თვეები და წლები გრძელდება, ძალიან ძნელია. თუმცა, ერთ დღეს ვიპოვე ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. სულ სარკეში ვიყურებოდი და მეგონა, ძალიან დავბერდი და უამრავი ნაოჭი გამიჩნდა. თუ ციხეში ჩამსვამდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ნაოჭიანი ვიქნებოდი თუ ახალგაზრდა, მაგრამ მაინც მინდოდა, ფორმაში ვყოფილიყავი. ბისერზე სამუშაო ოთახი ცალკე მაქვს და იქ რომ შევდიოდი, მაკიაჟსაც კი ვიკეთებდი, განსხვავებული რომ ვყოფილიყავი. ასე ვიხალისებდი თავს... ბოლო ხანებში წონაში მოვიმატე და ვარჯიშიც დავიწყე. ორი ურთულესი წელი გავიარე, მაგრამ გადავრჩი, რაც ჩემი მეგობრების დამსახურებაა.

GzaPress- რა არის ადგილობრივების შემოსავალი?

- ვინც სოფელში ცხოვრობს და მიწის ნაკვეთებს ფლობს, სოფლის მეურნეობას მისდევს, ხილი და ბოსტნეული, რძის ნაწარმი აქვთ... ცხინვალში ყველაფერი ძვირი ღირს და ადრე ახლომახლო ფერმერებსაც კი გადმოჰქონდათ თავიანთი პროდუქცია, შემდეგ აკრძალეს. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას მიაქვს. ეს ორი წელია, სასამართლო პროცესების გამო ხშირად მიწევს ცხინვალში სიარული და რაღაცები უფრო ახლოს ვნახე. იმაზე მაღალი ფასებია, ვიდრე თბილისში. რაც შეეხება ადგილობრივ, ახალგორის მოსახლეობას, ისინიც ადმინისტრაციულ სამსახურებში - სკოლებში, ბაღებში მსახურობენ. რუსული ხელფასებიც აქვთ და ქართული მხარეც უხდის. პენსიებიც აქვთ. ახალგაზრდობა ძალიან ცოტაა, მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც მუშაობს... ადამიანური ურთიერთობები დღესაც არსებობს. ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად მიწევს ცხინვალში წასვლა, ერთხელ ტაქსის მძღოლმა ქართული სიმღერაც ჩამირთო, თან ქართულადვე, სიცილით მეკითხებოდა, - რა უნდათ შენგან იმ უპატრონოებსო? სასამართლოზე მქონდა უფლება, თარჯიმანი მომეთხოვა და ქართულად მელაპარაკა. მოვითხოვე კიდეც, მაგრამ ისე ცუდად თარგმნიდა, რომ თავად გავაგრძელე საუბარი... ის კი არა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმეც ქართულად მელაპარაკება.

- რა ხდება ქალაქში, რით ცხოვრობს მოსახლეობა?

- რაღაცები შენდება, კაფეები, საცხოვრებელი ბინები. ვიცი, რომ ახლა თეატრი შენდება... ახალგაზრდები რაღაცებს ცდილობენ, მაგრამ თვითრეალიზაციის საშუალება ნაკლებად აქვთ.

- ვიცი, რომ ქალიშვილი გყავთ.

- დიახ, ახლახან გათხოვდა, ჩემთვის მეტად მძიმე, პრაქტიკულად შინაპატიმრობის პერიოდში. ისე ვნერვიულობდი, მეგონა, მოვკვდებოდი... მისი ჩამოსვლა, შვილთან კონტაქტის გარდა, გარე სამყაროსთან კონტაქტს ნიშნავდა, - უამრავი წვრილმანი ჩამოჰქონდა, მათ შორის, ხელსაქმისთვის საჭირო მასალები... გათხოვებამდე, ჩემს დასთან ერთად ცხოვრობდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა. ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ უნივერსიტეტში უმეტესობამ არ იცოდა, რომ დედა ლამის ტყვეობაში ჰყავდა. ერთხელ რაღაც გადაცემაში ჩასაწერად მისულან და მაშინ გაუგიათ ჯგუფელებს, რომ მე მისი დედა ვიყავი... არადა, სხვა რომ ყოფილიყო, ამით ძალიან კარგ პიარს გაიკეთებდა. აქ ხშირად გვაქვს წყლის პრობლემა, რომელიც ხანდახან დღეების მანძილზე გრძელდება, რა დროსაც ანატოლი ბიბილოვს მოვნიშნავ ხოლმე პოსტზე. იყო შემთხვევები, როდესაც მისმა ახლობლებმა შეურაცხმყოფელი მესიჯები მომწერეს, რაც დავსქრინე და ბიბილოვს სოციალური ქსელის გვერდზე ავუტვირთე... მას შემდეგ ასეთი რამ აღარ განმეორებულა. სამაგიეროდ, წყლის მილების შეცვლა დაიწყეს და კარგა ხანია, არც წყალი შეუწყვეტიათ.

ლალი პაპასკირი