რის ყიდვაში დაეხმარა ნაზი ჯანეზაშვილი მამასა და მამამთილს - გზაპრესი

რის ყიდვაში დაეხმარა ნაზი ჯანეზაშვილი მამასა და მამამთილს

იდეა, დამეწერა საჯარო მოხელეებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, პირველად 17 წლის წინ გამიჩნდა და უნდა აღვნიშნო, რომ გაამართლა კიდეც. ხშირად გავმხდარვარ მოწმე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორი ინტერესით კითხულობდნენ სტატიას ამა თუ იმ მოხელის სიმდიდრის თაობაზე, ბევრიც მეუბნებოდა, რომ მოუთმენლად ელოდა შემდეგს. ამან გადამაწყვეტინა, რუბრიკა განმეახლებინა, თუმცა ძველი გამოცდილება მკარნახობს, რომ საჯარო მოხელეების უმრავლესობა კვლავ უარს მეტყვის, იყოს ჩემი რესპონდენტი. ამჯერად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ქონებრივი დეკლარაციით დავინტერესდი.

ზარდიაშვილს ეს ჰგონია დიდი სიმდიდრე

მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება არცთუ ისე მსუყედ გამოიყურება - სახლი თბილისსა და აბაშაში და კიდევ, მცირე ფართობი ბაგების საერთო საცხოვრებელში, ესაა და ეს. ძვირად ღირებული არც ერთი მათგანი არ არის. გვერდი, სადაც უნდა ეწეროს მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10.000 ლარს აღემატება, ცარიელია, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულადი თანხის ქონის, ასევე სამეწარმეო საქმიანობაში თავისი ან ოჯახის წევრთა მონაწილეობის აღმნიშვნელი გვერდები.

- ვიდრე უშუალოდ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გკითხავთ, მოსაცდელში თვალს ვადევნებდი სხდომის მიმდინარეობას და იოლად შესამჩნევია, რომ თქვენ მიმართ საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება აქვთ. არასდროს გიფიქრიათ დანებება?

- საბჭოს სხდომებზე თუ რამე ნეიტრალურ კითხვას დავსვამ, ყველა ბედნიერია, თუ პრობლემატურ კითხვებს ვსვამ, რაც ე.წ. კლანს უკავშირდება, ამას დიდი ხმაური და რეპლიკები მოჰყვება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში კი დაპირისპირება და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებიც. საწყენია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები ვერ დაიკვეხნიან ცივილიზებული ფორმით დისკუსიის შესაძლებლობაზე. ამას უკვე შევეგუე. დღეს ხმის არამოღებას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. ვფიქრობ, ამ 4 წლის მანძილზე მაქსიმალურად უნდა გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი. აი, სწორედ დღეს ერთ კანდიდატს ვკითხე ნულოვან ტოლერანტობაზე. 2006 წელს, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა, მაშინაც იგივე მოსამართლეები მუშაობდნენ სისტემაში და მათი უმრავლესობა დღეს ისევ მოსამართლეა, ისინი ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ. მოკლედ, ვკითხე, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ხვალაც რომ გამოვიდეს და განაცხადოს, ყველა ციხეშიო, რა გარანტია მაქვს, რომ სასამართლო დამიცავს-მეთქი? ამ კითხვაზე ძალზე ბუნდოვან პასუხებს ვიღებ. ამბობენ, რომ ახლა უვადოდ დანიშნულები არიან და დამოუკიდებლობის მეტი გარანტია აქვთ. ამავე დროს, ამბობენ, როდესაც 10 წლის ვადით ვიყავით არჩეულები, მაშინაც დამოუკიდებლები ვიყავითო, რაც საეჭვოა.

- რა რეაქცია გქონდათ ვანო ზარდიაშვილის ბრალდებაზე? მან განაცხადა, რომ თქვენი ქონება უფრო უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე თამარ ალანიასი და დიმიტრი გვრიტიშვილისა...

- პირველ რიგში, გამიკვირდა, რომ ჩემი ქონებით ვინმე გავაოცე და მით უმეტეს, ზარდიაშვილი. არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს. 2014 წელს, ანუ მანამდე, ვიდრე იუსტიციის საბჭოს წევრი გავხდებოდი, შევიძინეთ სახლი სოფელ დიღომში. ეს სახლი ჩემს სახელზეა და მასში 23.200 დოლარი გადავიხადეთ. ასევე გვაქვს სახლი აბაშის რაიონში, სოფელ მარანში, რომელიც ჩემი მეუღლის სახელზეა.

GzaPress

- და რომელშიც საკმაოდ მცირე თანხა, 8.500 დოლარი გადაგიხდიათ. - დიახ, დასავლეთ საქართველოში ბევრი მიტოვებული სახლია და იაფიც ღირს, ასე რომ, თუ ვინმეს ყიდვა უნდა, შეუძლია იყიდოს. ჩემი სახლიც მიტოვებული და მოუვლელი იყო, იქ არასდროს არავის უცხოვრია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. ჩვენი ხელით გავაკეთეთ ბევრი რამ. კარგი სოფელია, მომწონს ჭარბი სიმწვანე, რაც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ახასიათებს. შეიძლება ყოველ ზაფხულს ბავშვებთან ერთად სადმე წახვიდე და დაისვენო, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვის განვითარებაზე კარგად აისახება. გარდა ამისა, ჩემს მეუღლეს, როგორც აფხაზეთიდან დევნილს, ბაგებში წლების წინ მისცეს ბინა, 20 კვმ ფართობი. იქ ამჟამად ჩემი დედამთილ-მამამთილი და მაზლი ცხოვრობს. ეტყობა, ზარდიაშვილს ეს ჰგონია დიდი სიმდიდრე.

- ვიცი, რომ შეძლებულ ოჯახში არ იზრდებოდით. რაზე ოცნებობდით?

- როგორც უკვე გითხარით, ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდი, ფუფუნებაში ნამდვილად არ გავზრდილვარ. არ მახსოვს, რომ ბავშვობისას რამე განსაკუთრებულზე მეოცნება, ისეთზე, რასაც ვერ ამისრულებდნენ. საერთოდ, პრაგმატული ადამიანი ვარ და ალბათ ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, ჩემი ოცნებები ოჯახის შესაძლებლობების ფარგლებში ჯდებოდა. მშობლები არც მკაცრად მზრდიდნენ და არც ზედმეტად მანებივრებდნენ. რაც მთავარია, პიროვნული თავისუფლების შეგრძნება და განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის მქონდა, ასევე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, რაც აუცილებელია, თუ გინდა პიროვნებად შედგე.

რის ყიდვაში დაეხმარანაზი ჯანეზაშვილი მამასა და მამამთილს დეკლარაციის შევსებისას დავით გამისონიასა და ნაზი ჯანეზაშვილის წინა წლის შემოსავალი ჯამში 65.755 ლარს აღწევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებენ სერიოზული დანაზოგის გაკეთებას და ბანკიდან სწრაფი სამომხმარებლო სესხიც აუღიათ - სულ 21.000 ლარის ოდენობის. არადა, დეკლარანტმა, როგორც იტყვიან, ყველაფერი ნულიდან დაიწყო - იყო დრო, უხელფასოდაც რომ მუშაობდა.

- პირველი ხელფასით რა იყიდეთ, თუ გახსოვთ?

- ეს იყო 20 დოლარი. სტუდენტობის შემდეგ მუშაობა დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" სტაჟიორად. შემდეგ ადმინისტრაციული ასისტენტი გავხდი, ოღონდ უხელფასოდ. მითხრეს, ხელფასი არ გექნებაო, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. პრინციპში, მოხალისე ვიყავი. ერთხელ მითხრეს, რომელიღაც პროექტიდან 20 დოლარია დარჩენილი და ამას მოგცემთო, გადავახურდავე და ფეხსაცმელი ვიყიდე. ახლაც მახსოვს, ძალიან კარგი განცდა იყო, საკუთარი ნაშრომით რაღაც რომ შევიძინე.

- საერთოდ, გიყვართ ფული?

- (იცინის) არა, მაგრამ საჭიროა, ცხოვრება ხომ უნდა შეძლო? საკვები, წამალი ძალიან ძვირი ღირს ჩვენთან, მით უმეტეს, როცა ბავშვები გყავს, მათ ბევრ რამეს ვერ მოაკლებ, მათთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სრულყოფილი კვება. სულ მიკვირს, ვინც არ მუშაობს, თავს როგორ ირჩენს? ყოველდღიური საჭიროებისთვის იმდენი იხარჯება, რომ დანაზოგის გაკეთებას ვერც ახერხებს კაცი, თუმცა გარკვეული თანხა მაინც მაქვს შენახული. ეს არ არის დიდი ოდენობის თანხა.

- დიახ, თქვენ 3.717 დოლარი გადაგინახავთ "თიბისიში", თქვენს მეუღლეს კი საერთოდ არა აქვს დანაზოგი. ახლა ის მითხარით, რაში ხარჯავთ ფულს დაუნანებლად?

- სამზარეულოს აქსესუარებში, ტექნიკაში - ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ყავის აპარატი, მულტიქვაბი და ა.შ. მეხმარება, რომ იოლად და დროულად გავაკეთო სადილი. არ მენანება ფული მაშინ, როდესაც საქმე შვილებს ეხება, ეს იქნება სწავლა, კვება... ჩემი ოჯახისთვის, ბავშვებისთვის ყოველთვის თვითონ ვამზადებ სადილს და ზამთრისთვისაც რაღაცებს ვიმარაგებ. ეს დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ასე თუ ისე, ვასწრებ. დიდი ქველმოქმედი ვერ ვარ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანებსაც ვეხმარები მცირედით, რისი საშუალებაც მაქვს.

GzaPress

- ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული გქონდათ, რომ მამათქვენისა და მამამთილისთვის გარკვეული თანხა გადაგიციათ რაღაც ნივთის შესაძენად. - დათოს 6 წლის ძმისშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და უცხოეთში დასჭირდა დიაგნოსტირება. საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ ანალიზები საზღვარგარეთაც ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირდა. რაც შეეხება ჩვენი მამებისთვის თანხის გადაცემას, ორივეს მწყობრიდან გამოსული მანქანა ჰყავდა და ორივეს ახლის ყიდვა უნდოდა. ძველი მანქანები გაყიდეს და ახლის შესაძენად თანხა დავუმატე - მამამთილს 1.700 ლარი, მამაჩემს კი - 1.600. ორივეს თანაბრად მივეცი, რომ გული არც ერთს დასწყვეტოდა და არც მეორეს (იცინის).

- თვითონ არ გყავთ ავტომანქანა? დეკლარაციაში არ იყო მითითებული.

- ჩემი მეუღლე სარგებლობს ავტომანქანით, მაგრამ რაკი დაბალი ღირებულების იყო, ამიტომ არ მივუთითეთ. თავის დროზე მასში 2.700 დოლარი გადავიხადეთ.

- გიყვართ სიურპრიზები და საჩუქრები? დეკლარაციაში აღნიშნული გაქვთ, რომ მეუღლემ 1.400 და 800-ლარიანი სამკაულები გაჩუქათ.

- ეს სამკაულები თვითონ შემირჩია. უმჯობესია, მე თვითონ თუ ავარჩევ.

- ესე იგი, არ მოგეწონათ?

- მომეწონა, როგორ არა, მაგრამ გარკვეული პრეტენზიები მქონდა... დაწუნებით ნამდვილად არ დამიწუნებია.

- ფულის გასესხება თუ გიყვართ ან თუ გიწევთ ხოლმე?

- სხვათა შორის, არ მიწევს, არ მოდიან ამ თხოვნით ჩემთან. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება. არც მე მისესხია სხვისგან. როდესაც ამის საჭიროებაა, ვამჯობინებ, ბანკში მივიდე. არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო არც ის, ვისაც ვთხოვ და არც საკუთარი თავი, უარით გამოწვეული წყენა რომ არ ვიწვნიო. მგონია, რომ ეს ურთიერთობებზეც ცუდად აისახება. ამიტომ, როდესაც რამის ყიდვა მინდა, ბანკს მივმართავ.

- ძვირად ღირებულ ნივთებს, ტანსაცმელს თუ ყიდულობთ?

- მაინცდამაინც არ მხიბლავს ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა. მგონი, ყველაზე დიდი თანხა გადავიხადე ფოტოაპარატში, რომელიც ამერიკაში სტუდენტობისას ვიყიდე. მახსოვს, იმ დღეს საკუთარი დანაზოგით ვიყიდე ვარდისფერი, ლამაზი ნოუთბუქიც და ძალიან გახარებული ვიყავი.

ნინო ჯავახიშვილი