"კულინარიის ბიჭებმა" დაგვაყაჩაღეს და მამა მოკლეს" - გზაპრესი

"კულინარიის ბიჭებმა" დაგვაყაჩაღეს და მამა მოკლეს"

ყველას აქვს რაღაც საამაყოო, - საუბრის დაწყებამდე მითხრა ქალბატონმა ნინო ჭუმბურიძემ, ანუკი არეშიძის დედამ. თქვენ ყველაზე მეტად რითი ამაყობთ-მეთქი? - ვკითხე. კედელზე გაკრული ძველი ფოტოებისკენ მიმანიშნა და ჩემი წინაპრებითო, - მითხრა.

- დედაჩემი აბაშიძის ქალი, კახთაბაშიძეების შთამომავალი გახლდათ, მისი დიდი ბაბუა, ნიკოლოზი კი გიორგი მეცამეტის ცოლისძმა იყო. მათი სავასალო სოფელი შილდა ყოფილა. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ნიკოლოზი საბოლოოდ ამ სოფელში დასახლებულა, სადაც ნიკოლოზიაანთ უბანი დღემდე არსებობს. მამაჩემმა - დავით ჭუმბურიძემ 90-იან წლებში "ოქროს ფონდი" დააარსა და ყველა ქართველს მოუწოდა, თავისი წვლილი შეეტანა საქვეყნო საქმეში. პირველი შენატანიც ამ ფონდში სწორედ ჩემმა მშობლებმა გაიღეს, მერე მასშტაბური სახე მიეცა ამ ყველაფერს. ეს ფონდი სურსათ-სანოვაგითა და სხვა ბევრი რამით ეხმარებოდა ქართველ მებრძოლებს. მანვე დააწესა გვარების შეკრების ტრადიცია - პირველად სწორედ ჭუმბურიძეების გვარი შეიკრიბა. საერთო თანხიდან ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, ავადმყოფებს, ახალდაქორწინებულებს. 1994 წელს საბურთალოს ე.წ. კულინარიის ბიჭებმა დაგვაყაჩაღეს და მამა მოკლეს. GzaPress ის სიკვდილის შემდეგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ასეთი მშობლები მყავდა, გამორჩეულად მოყვარულები ადამიანებისა და სამშობლოსი. პირველ რიგში, სწორედ ოჯახით ვამაყობ, რაც შეეხება პროფესიას, 90-იან წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში მონიტორინგის სამსახურს ვხელმძღვანელობდი. სამაჩაბლოში, ცხინვალში ღამის საათებშიც კი შევსულვართ როგორც ოსი, ასევე ქართველი მოსახლეობის დასახმარებლად და მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, კოკოითის მთავრობის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და ნამდვილად მაქვს პროფესიული და მოქალაქეობრივი სიამაყის შეგრძნება. სერიოზული საფრთხე გვემუქრებოდა. ზოგჯერ ჩემს შვილთან ერთად მივდიოდი, რადგან მაშინ პატარა იყო და ვერავის ვუტოვებდი ხოლმე. მერე ხშირად გვიფიქრია მე და ჩემს მეუღლეს, ამდენს როგორ ვბედავდით და ვრისკავდით. არ დამავიწყდება, ცხინვალის ცენტრში "გაის", მილიციის თანამშრომლების გაოგნებული სახეები, როდესაც გვხედავდნენ. ნინო ჯავახიშვილი