"სამყარო კიდევ ერთ შანსს გვაძლევს" - გზაპრესი

"სამყარო კიდევ ერთ შანსს გვაძლევს"

"ჯერ არაფერი დამთავრებულა, სკანდალები ისევ იქნება" - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. როგორც მოგეხსენებათ, წელს ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იყო. ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტში სტუმრობას ფართომასშტაბიანი აქციები, მომიტინგეების დარბევა, დაპატიმრება, შემდეგ კი ქართველი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა და შინაპიტიმრობა მოჰყვა. შემდეგ იყო, "რუსთავი 2"-ის ტელეეთერიდან ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით დედის, მკვდრისა და ცოცხლის გინება. ამ უცნაურ და სკანდალურ ამბავს არანაკლებ უცნაური და სკანდალური განვრცობა ჰქონდა, "დიდი რუსეთის" "დიდმა ლიდერმა", პატარა საქართველოს რიგითი ჟურნალისტის არაეთიკურ და უცენზურო გამონათქვამზე საჯაროდ ისაუბრა, რუსეთის დუმამ კი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების (საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვა და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვა) დაწესება მოითხოვა. უცნაური ამბავი ამით არ დასრულებულა, პუტინმა "მოწყალება გამოიჩინა", ქართველი ხალხი სანქციებისთვის ვერ გაიმეტა...

ამ ყველაფრის პარალელურად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალ-ახალი სკანდალების ფონზე სასამართლოს წინაშე მოუწიათ წარდგომამ ქვეყნის უმსხვილესი ბანკის ("თიბისი ბანკის") დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. შემდეგ იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით; ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარება, გვარამიას მუქარა ივანიშვილის მისამართით და ახალი ტელეკომპანიის დაანონსება... მიხეილ ცაგარელის თქმით, ეს ყველაფერი კანონზომიერი და ლოგიკური იყო, გაგრძელება კი ისევ იქნება... ვნახოთ, რას გვიქადიან ვარსკვლავები მომავალში.

მიხეილ ცაგარელი:

- ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ ხშირად გავხდებოდით სკანდალური განცხადებების, ქმედებებისა თუ გადაწყვეტილებების მომსწრენი როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე მედიასივრცეშიც. ჯერ კიდევ წინ გვაქვს საკადრო ცვლილები, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, მთავრობის სხვა წევრებით დამთავრებული. სექტემბერში ძალიან ბევრ სამთავრობო გადაადგილებას ველოდები. არც სატელევიზიო სივრცეში დასრულებულა სკანდალური ამბები. ტელევიზიები კიდევ დაიხურება, ახლებიც გაიხსნება. დაპირისპირება იქნება სხვადასხვა სტრუქტურაში, გაუარესდება კრიმინოგენული ვითარება, ჟურნალისტიკაში, ბიზნესსფეროსა და პოლიტიკაში გამოჩნდებიან ახალი სახეები, დაჯგუფებები, დაიწყება ახალი მოლაპარაკებები.

- როდემდე გაგრძელდება ეს დაძაბული პერიოდი?

- წესით, ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოსთვის ნოემბერი საკმაოდ რთული პერიოდია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოქტომბერი კუდს მოიქნევს.

- საქართველოსთვის კიდევ რომელი თვეებია რთული და კრიტიკული?

- აპრილი, აგვისტო და ნოემბერი. უმთავრესად ამ თვეებში ხდება ომები, შიდა კონფლიქტები, ხანძრები, კრიმინალური სიტუაციების გაუარესება. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოვლენისა და ძველი ლიდერების დასამარების ჩათვლით.

GzaPress

- თუა შესაძლებელი, რომ ახალ პოლიტიკურ ლიდერებს შორის მამუკა ხაზარაძეც ვიხილოთ? - მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლისა და პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადება ზუსტად მზისა და მთვარის დაბნელების დერეფანში გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შემდგომი პერსპექტივა საკმაოდ დაბნელდება და ძალიან გაუჭირდება პოლიტიკაში რაიმე წარმატების მიღწევა.

- როგორც თქვენ თქვით, მედიასივრცეშიც კვლავ სიახლეებსა და ახალ სკანდალებს უნდა ველოდოთ. რამდენად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალი "მთავარი არხი"?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რა დროს გავა პირველი გადაცემა ეთერში. რადგან ნიკა გვარამიას წარმოდგენა არა აქვს ასტროლოგიაზე ან გაარტყამს დადებით თარიღს, ან ვერა. როგორც უკვე გითხარით, სექტემბერი მძიმე თვეა და ამ პერიოდში ახალი საქმის წამოწყება სასურველი არ არის. თუ გახსნა უნდოდა, 3 რიცხვამდე უნდა გაეხსნა. ჩვენი მამა-პაპანი მზისა და მთვარის დაბნელებების დროს ღვინოს არ წურავდნენ, წყალსაც კი არ უსხამდნენ მცენარეებს. დღეს როგორ ვიქცევით? ეს უმეცრება მძიმედ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აქცევს ყურადღებას. მე მათ თავის დროზე ვაფრთხილებდი, რომ აქცენტი გაეკეთებინათ სოციუმზე, საზოგადოებაზე. არ დამიჯერეს, საკუთარ ჯიბეებზე გააკეთეს აქცენტი, გააძვირეს საწვავი, პური... მათ აუცილებლად მოუწევთ ამის გამო პასუხისგება. კოსმოსი ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე პასუხს გვაგებინებს.

- თქვენც თქვით და ჩვენც გვაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სექტემბრისთვის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

- დიახ, ცვლილებები იქნება არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში, არამედ დეპარტამენტებშიც. ეს იქნება ცვლილებები, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს გააწბილებს, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებშიც. გააწბილებს ასევე ზოგიერთ ამომრჩეველსაც.

- ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მამუკა ბახტაძის ადგილი აღარ არის. თქვენ რას გეუბნებიან ვარსკვლავები?

- მამუკა ბახტაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის მიიღებს იმას, რაც დათესა.

- რა დათესა?

- როგორც მას, ასევე მის წინამორბედებსაც ვეუბნებოდი, ნუ გვიფრიალებთ რაღაც ქაღალდებს და ნუ გვიყვებით ზღაპრებს, რომ ეკონომიკა ვითარდება. იმის გასარკვევად, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა, საჭიროა მხოლოდ სამომხმარებლო კალათა. ვის რად უნდა ფარატინა ქაღალდებზე დაწერილი სისულელეები, თუ ხალხი გაუფასურებული ლარით იმის ნახევარსაც ვერ ყიდულობს, რასაც სამი და ხუთი წლის წინ ყიდულობდა? იმ სახელმწიფოს პრემიერმა, სადაც პენსიონერს ორასი ლარი აქვს, როგორ შეიძლება რაიმე ტიპის წარმატებაზე ისაუბროს?არაფრის მთქმელი ლაპარაკი, ლამაზ პიჯაკებში გამოწყობა და ამერიკაში სიარული ნებისმიერს შეუძლია.

- პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება: მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვარსკვლავები ვის მხარეს იქნებიან?

- მაია ცქიტიშვილის ზოდიაქო არ ვიცი, გიორგი გახარია კირჩხიბია. ზუსტი პასუხი რომ გაგცეთ, ორივეს ზოდიაქო უნდა ვიცოდე. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შორს ვერც ერთი წავა, ისინი იმ სისტემის ნაწილნი არიან, რომელიც გასაქანს არავის აძლევს. სანამ სისტემა არ შეიცვლება, ცალკეული ადამიანების ცვლას აზრი არა აქვს.

- სისტემის შეცვლის დასასრულს როდისთვის უნდა ველოდოთ?

- ამ მხრივ 2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, 2022 წელს ძალიან დიდი ცვლილებების მომსწრე გავხდებით.

- როგორ ფიქრობთ, სისტემური ცვლილებების შემდეგ დღევანდელი მმართველი გუნდიდან ვინ შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას?

- ასეთი დამსახურება დღეს არავის აქვს, ამიტომ არა მგონია, კოსმოსისგან რომელიმემ ჯილდო მიიღოს. პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში ახალი ხალხი, სრულიად ახალი სისხლია საჭირო.

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს საზღვრის გადმოწევაა. თქვენ ამბობთ, რომ კოსმოსი ყველას აგებინებს პასუხს. რუსეთი როდის აგებს პასუხს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის?

- რუსეთმა რა პასუხი უნდა აგოს? რუსეთს ჩვენ სანთლები უნდა ავუნთოთ.

- რას ამბობთ?!

- გინდათ, ფაქტების კონსტატაცია? თავის დროზე რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო რა იქნებოდა?! თურქეთის ერთ-ერთი ვილაიეთი ვიქნებოდით, სადაც ქართული უკვე აღარავის ემახსოვრებოდა და გვარებიც შეცვლილი ექნებოდათ. მეთანხმებით თუ არა?

- არავითარ შემთხვევაში! ჩვენ მუდმივად ვიბრძოდით უძლიერესი იმპერიების წინააღმდეგ და ყოველთვის ვახერხებდით გადარჩენას.

- დიახ, მაგრამ საბოლოოდ ისეთი დრო დაგვიდგა, რომ ერეკლე მეფემ გადარჩენის სხვა გზა ვეღარ გამონახა. იქით თურქეთი, აქეთ სპარსეთი... რუსეთმა შესაძლოა ბევრი ცუდი გაგვიკეთა (იმიტომ რომ იმპერიაა და იმპერია არასდროს აკეთებს კარგს), მაგრამ თურქეთი და სპარსეთიც იმპერიებია და გაცილებით ულმობლები. რუსეთმა ასეა თუ ისე, ენა და სარწმუნოება მაინც შეგვინარჩუნა. დღეს რომ ქართულად ვლაპარაკობთ, ეს რუსეთის დამსახურებაა.

- რუსეთიც ცდილობდა, რომ ჩვენ ქართულად აღარ გველაპარაკა, 1978 წლის 14 აპრილს შეგახსენებთ.

- კი, ბატონო, მაგრამ თურქეთი გაცილებით ულმობლად ჩაახშობდა სისხლში ქართველი ხალხის ბრძოლას. ხომ გახსოვთ, თურქებმა თბილისში ერთ დღეში ასი ათასი კაცი რომ დახოცეს? მე არ ვამბობ, რომ რუსეთი კარგია, უბრალოდ ვცდილობ, დაგანახვოთ, რომ სამი ცუდიდან რუსეთი ყველაზე ნაკლებად ცუდია. ჩვენ ისტორიულად რუსეთის იქით გზა არა გვაქვს. კოსმოსი არ გვაძლევს სხვა შანსს. ვისჯებით იმისთვის, რომ ქართველები სამი საუკუნის განმავლობაში ვყიდდით ჩვენს საუკეთესო შვილებს თურქებზე. ხომ იცით, რამდენი გამყიდველი და მოღალატე თავადაზნაური გვყავდა?! სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, სანამ ჯერ კიდევ ძველი თაობის რუსები არიან პოლიტიკაში, რომლებიც პატივს სცემენ ქართველებს, უნდა მოვახერხოთ და საერთო ენა გამოვნახოთ მათთან.

GzaPress

- საერთო ენა ვისთან გამოვნახოთ, ჟირინოვსკისთან თუ გავრილოვთან? - რუსეთი მხოლოდ ჟირინოვსკი და გავრილოვი არ არის. რუსეთთან კონფრონტაცია კარგს არაფერს მოგვიტანს. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთს არ შეეძლო თბილისში შემოსვლა?

- რა თქმა უნდა, არ შეეძლო, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები, რომლებიც ამას არ დაუშვებდნენ.

- ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები შეშფოთების მეტს რეალურად რას აკეთებენ? გამოთქვამენ სინანულს თაბახის ორას ცალ ფურცელზე და ეგ არის. რეალობა ის არის, რომ რუსეთს აქვს ძალა, რომელსაც ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ვერ უპირისპირდება. არც აქვთ დაპირისპირების სურვილი, მით უფრო, საქართველოს გამო. ნუ მოვიწამლებით მიხეილ სააკაშვილის დოქტრინით. ამ კაცმა შესანიშნავად იმუშავა რუსეთთან, კრემლისგან სამი მილიარდი აიღო იმ მიწებისთვის, რომელიც აგვისტოს ომის დროს დავკარგეთ. ცალკე ამერიკისგან მიიღო ფული კონტრიბუციის სახით. ამერიკა ხომ მეგობარ ქვეყნებს ტერიტორიების დაკარგვის შემთხვევაში ფულით ეხმარება. აი, რეალობა რა არის. სააკაშვილს პროპაგანდისტული მანქანა, პიარი ჰქონდა ძალიან ძლიერი და მოწამლა ახალგაზრდობა ანტირუსული ისტერიით. ამ დროს ყველაფერი გაყიდა რუსებზე, ენერგომატარებლებისა და მიწების ჩათვლით. თქვენ ფიქრობთ, რომ ანტირუსული განწყობისაა კაცი, რომელმაც რუსებისგან ყველაზე დიდი ფული იშოვა?

- სააკაშვილი სად იყო, როდესაც ქართველები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ვიბრძოდით, 1989 წლის 9 აპრილს შეგახსენებთ.

- კი ბატონო, გვინდოდა რუსეთისგან გათავისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ვერ ვივარგეთ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამბიციური ლიდერები გვყავდა, ყველა პირად კეთილდღეობაზე იყო გადაგებული, სამშობლო არავის აინტერესებდა, თუ რამე ძვირფასი გვქონდა, ყველაფერი გაფლანგეს და გაყიდეს... აი, ეს გააკეთეს ახალმა ლიდერებმა.

- როგორ გგონიათ, კოსმოსი აღარ მოგვცემს შესაძლებლობას?

- ერთხელ უკვე მოგვცა ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენეთ. 2021 წლიდან საქართველოში 12-წლიანი აღმავლობის პერიოდი იწყება, კოსმოსი კიდევ ერთხელ გვაძლევს შანსს, მაგრამ გამოვიყენებთ?! არ ვიცი, არა მგონია.

ხათუნა ბახტურიძე