პირველი WOODSTOCK FESTIVAL - სამხრეთ კავკასიაში! - გზაპრესი

პირველი WOODSTOCK FESTIVAL - სამხრეთ კავკასიაში!

სოფელ წერაქვში მეექვსედ გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი One Caucasus. წელს ფესტივალმა მუსიკოსებს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა, შოტლანდია უმასპინძლა. მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებმა მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსულ 50 მოხალისესთან ერთად ააშენეს სრულიად ახალი შემოქმედებით სივრცე სამი კულტურის გზაჯვარედინზე - რადგან წერაქვი, ეს არის მულტიეთნიკური ადგილი, სადაც განსხვავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. მულტიდისციპლინური - მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები. ფესტივალი აერთიანებს: მუსიკოსებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან და აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაზე, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის განხორციელებით, ასევე, მხარს უჭერს პირველი სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის რეალიზებას უშუალოდ წერაქვსა და სხვა რეგიონებშიც.

GzaPress 8 აგვისტოდან მოხალისეები უკვე წერაქვში ცხოვრობდნენ და ფესტივალის მზადებისა და თანაცხოვრების პერიოდში შექმნეს მოდელი - ვიცხოვროთ ერთად ერთიან კავკასიაში - კონფლიქტების გარეშე. One Caucasus-ის მთავარი იდეაც ხომ ესაა - შექმნას უსაფრთხო და შთამაგონებელი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან. სამი კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სოფელი წერაქვი, სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, იქმნება შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც ყველა ცდილობს ფესტივალის მომზადების ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს.

ფესტივალზე დასწრება-ტრანსპორტირება თბილისიდან და ქვემო ქართლის რაიონული ცენტრებიდან უფასო იყო. ასევე უფასო იყო საკარვე ზონა.

პროექტი თანადაფინანსებული და მხარდაჭერილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამა "საჯარო დიპლომატია 2019" ფარგლებში, ვარშავის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს მიერ. ფესტივალი წარადგინა კომპანია "არემჯიმ".