16 წლის მოზარდი, რომელიც წითელას გამო ლოგინს მიეჯაჭვა - გზაპრესი

16 წლის მოზარდი, რომელიც წითელას გამო ლოგინს მიეჯაჭვა

რამდენიმე წელია, რაც 16 წლის დათო კიპაროიძე ლოგინს მიეჯაჭვა, მანამდე კი ისიც ისე ლაღად ცხოვრობდა, როგორც მისი თანატოლები. დათოს პრობლემებზე მამამისი, ზურა კიპაროიძე გვესაუბრა და "გზის" მკითხველებს დახმარების თხოვნით მიმართა:

- 11 თვის იყო ჩემი შვილი, წითელა რომ შეხვდა. ვიდრე 12 წლის გახდებოდა, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. დათო ცეკვავდა, სკოლაში დადიოდა, ეკლესიაში სტიქაროსნობა უნდოდა, მაგრამ ყველაფერი ოცნებად დარჩა. ახლა 16 წლისაა და განუკურნებელი სენი აღმოაჩნდა. დათომ თავი დაარტყა სკოლაში და აქედან დაიწყო ჩვენი უბედურება: თავის ტკივილები დაეწყო და ასე მოვხვდით იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც სითხე აუღეს ხერხემლიდან და გერმანიაში გაგზავნეს, საიდანაც 2 კვირაში მოგვივიდა უმძიმესი დიაგნოზი - მასკლერიზებული პანენცეფალიტი...

წავიყვანეთ თურქეთში, ანკარაში და იქ დაგვისვეს დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც გავიგეთ, რომ უკეთესობაზე არ უნდა გვეფიქრა... ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს... დათოს აქამდე სახლში ვუვლიდი, ახლა კი ძალიან დამძიმდა. 3 თვეა "ციციშვილში", რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. დათო ვეღარ ხედავს, ვერ ჭამს, 4 წელია უკვე ზონდით კვებაზეა. ყელში უდგას სასუნთქი აპარატი, დასუსტებული აქვს ყველა ორგანო. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, უმძიმეს მდგომარეობაშია. რომ არა ასეთი უკიდურესი გასაჭირი, დახმარების თხოვნა გამიჭირდებოდა.

ნანა კიპაროიძე, დათოს დედა: - ჩემი უბედურების ამბავი მძიმე მოსასმენია, ამიტომაც დღემდე არც მინდოდა, ხალხი შემეწუხებინა. ახლა კი აუცილებლად უნდა ვითხოვო დახმარება, თორემ შვილი მომიკვდება... თურმე წითელას ბაქტერიამ ჩემი შვილის ტვინში დაიბუდა და როდესაც დათომ გარკვეულ ასაკს მიაღწია, მაშინ "გაიღვიძა". ექიმებმა მითხრეს: თუ ბავშვს წლის ასაკამდე ისე შეხვდება წითელა, რომ აცრილი არ არის, შეიძლება პანენცეფალიტი განუვითარდეს, მაგრამ ეს ძალზე იშვიათი შემთხვევააო. ამ იშვიათში ჩემი უბედური შვილიც მოხვდა. ეს რომ ჩემი ბრალი ყოფილიყო, ალბათ თავს მოვიკლავდი, მაგრამ წითელას აცრა მხოლოდ 1 წლის ასაკში კეთდება, ჩემი შვილი კი წლისაც არ იყო, როდესაც ინფექცია შეხვდა.

მეხუთე კლასში იყო, სკოლიდან რომ დამირეკეს, - ბავშვი ბუფეტში წაიქცაო. არც მახსოვს, სკოლამდე როგორ მივედი. ბავშვი უკვე გონზე მოსული დამხვდა, მაგრამ შუბლზე პატარა ჭრილობა ჰქონდა. მითხრა, დედიკო, ლიმონათს ვსვამდი და უცებ წავიქეციო. იმ დღესვე თბილისში წამოვიყვანე. კომპიუტერული ტომოგრამა გადაუღეს და მითხრეს, საშიში არაფერიაო.

- ანუ ვერ მიხვდნენ, რა სჭირდა...

- დიახ, მაგრამ არავის ვამტყუნებ, ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენა ძალიან ძნელი იყო... თუმცა, იმ დღეს სურამს რომ ვუახლოვდებოდი, ბავშვს ისეთი ეპილეფსიური შეტევა დაეწყო, მანქანა უკან მოვაბრუნეთ და იაშვილის სახელობის საავადმყოფოში დავბრუნდით. იქიდან უკვე ინგოროყვას საავადმყოფოს მივადექით, სადაც ერთი თვე ჩემს შვილს რაღაც პროცედურებს უტარებდნენ. სულ ბოლოს ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში ექიმმა ყველაფერი რომ გამომკითხა და წითელას აუცრელობაზე გაიგო, ჯერ თავში შემოირტყა ხელი, მერე კი თავის სტუდენტებს მიუბრუნდა, ამ პაციენტს პანენცეფალიტი ჰქონია, ეს კი ფატალურად მთავრდებაო. ცუდად გავხდი...

რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვი გონებას უკვე დღეში რამდენჯერმე კარგავდა, ხანდახან თვალებს გაახელდა და გაკვირვებული მეტყოდა, - დედიკო, შენი ხმა მესმის, რა გაყვირებსო?! ერთ დღეს კი სამუდამოდ გაითიშა. აქამდე ჩემი ხელის შეხებას გრძნობდა, მაგრამ ახლა ამაზეც არ აქვს რეაქცია...

- საზოგადოების მხარდაჭერა გჭირდებათ...

- დიახ. მეუღლე მუშაობს, თავს არ ზოგავს - დღისით სამსახურშია, ღამით "ტაქსაობს", მაგრამ ფულის სესხება მაინც გვიწევს. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ შვილის სიცოცხლისთვის.

P.S. თუ ამ ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხის გადარიცხვას შეძლებთ "საქართველოს ბანკში", კიპაროიძე ნანას სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომერზე: GE23BG0000000161584839.

ასევე, შეგიძლიათ ოჯახს დაურეკოთ ტელეფონის ნომერზე: 5(98) 38.30.65. წინასწარ გიხდით მადლობას.

ლიკა ქაჯაია