"პრეზიდენტმა ამით გვითხრა, თქვენ აღასრულეთ სამართალიო" - გზაპრესი

"პრეზიდენტმა ამით გვითხრა, თქვენ აღასრულეთ სამართალიო"

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდადებული შეიწყალა, მათ შორის - პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდადებული, სპორტსმენი რამაზ დევაძე აღმოჩნდა. ამ ფაქტმა დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია და პრეზიდენტ ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებმა განმარტება სთხოვეს, რა ნიშნით მოხვდა შესაწყალებელთა სიაში პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებული.

"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, რადგან ეს არის პრეზიდენტის უფლება. მე ვარ პრეზიდენტი და ეს ყველა იურისტმა კარგად იცის. ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე უფრო დეტალურად არის გასაკეთებელი, მგონია, ეს უნდა მოხდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპის შუაგულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, ჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა რაღაცებზე... იმის მაგივრად, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებში, რომელიც არის მთელი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები", - ასე უპასუხა ჟურნალისტის დასმულ კითხვას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა არც მას და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოგვიანებით სხვა განმარტება ამ შეწყალებაზე არ გაუკეთებია. არადა, მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებისთვის ყველაზე მთავარი კითხვა სწორედ ეს არის და სრულიად ლეგიტიმურად ითხოვენ განმარტებას, თუ რატომ შეიწყალა ზურაბიშვილმა რამაზ დევაძე.

საკმაოდ გახმაურებული იყო 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, ღამის კლუბ "ლეგასში" მომხდარი მკვლელობა. საქმის მასალების მიხედვით, დისკო-კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს შელაპარაკება მოუვიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომელ თარაშ მუკბანიანთან. კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე საქმისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდადებულმა კლუბში მყოფ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეს შევიწროება დაუწყო, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა მათ დამშვიდება სთხოვა, რასაც დევაძესა და მუკბანიანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

გამოძიების მტკიცებით, ჩხუბის დროს რამაზ დევაძემ მუკბანიანს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და შურისძიების მიზნით, იარაღიდან გასროლით მას ჭრილობა თავის არეში მიაყენა. მიღებული ჭრილობისგან თარაშ მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა რამაზ დევაძე იმავე დღეს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას აპირებდა. ისიც ცნობილია, რომ მაშინ ინციდენტის დროს კიდევ 2 პირი დაიჭრა. რამაზ დევაძე პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ამხილეს, მის წინააღმდეგ საქმე 108-ე მუხლით დაიწყო. 2015 წლის 18 სექტემბერს ბათუმის სასამართლომ ბრალდებული დევაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ დევაძესთან ერთად ხულიგნობისთვის გაასამართლეს მისი მეგობარი და თანმხლები პირი, რომელსაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე საქმის კვალიფიკაციის შეცვლას თავიდანვე ითხოვდა. ადვოკატი დღესაც ამბობს, რომ გამოძიება მაშინ არასწორი მუხლით წარიმართა. მისი თქმით, რეალურად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მოხდა და არა განზრახ მკვლელობა. ადვოკატმა მაშინ ყველა ინსტანციაში გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გამოტანილი განაჩენი, ცდილობდა დაესაბუთებინა ბრალდებულის უდანაშაულობა, მაგრამ სამივე ინსტანციამ ძალაში დატოვა ბათუმის სასამართლოს ვერდიქტი. ისიც ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მოკლეს.

ახლა რამაზ დევაძის შეწყალებას პოლიციელ მუკბანიანის ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ, პრეზიდენტს განმარტებებს სთხოვენ. უკვე გათავისუფლებული დევაძის ადვოკატი კი ატეხილ აჟიოტაჟს აბსურდულს უწოდებს. მისი მტკიცებით, რამაზ დევაძე მაშინ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გასამართლდა.

GzaPress დავით ჯაფარიძე, რამაზ დევაძის ადვოკატი: - ჯერ ერთი, რამაზ დევაძემ ციხეში მოიხადა არა 4 წელი, როგორც ამას ამბობენ, არამედ 5 წელი და 8 თვე. პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. საქმის კვალიფიკაცია თავიდანვე არასწორი იყო და ამას მტკიცებულებებით ვასაბუთებდი. შემთხვევის დროს მუკბანიანი მეგობარ უზბეკ გოგონასთან ერთად, დისკო-ბარში ერთობოდა. ის მაშინ არ ასრულებდა პოლიციელის მოვალეობას. ბესიკ მამულაძემ, რომელიც რამაზ დევაძესთან ერთად იყო კლუბში, ამ გოგონას მოუსვა ხელი საჯდომზე, რაც გააპროტესტა მუკბანიანმა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. თარაშმა პისტოლეტი ამოიღო და დაიწყო სროლა. ორი მოქალაქე დაიჭრა. დაცვა შეშინდა და პოლიციელს ვერ მიეკარა... როცა მუკბანიანმა იარაღი ამოიღო, დევაძემ წაართვა იგი და ძირს დააგდო. იატაკზე დაგდებული მუკბანიანი სხვა პირებმა სცემეს, რომლებიც არ დასჯილან. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. იქ კარგად ჩანს, თუ სად იმყოფებოდა იმ საბედისწერო გასროლის დროს რამაზ დევაძე. კადრებში ისიც ჩანს, რომ ტყვია ხვდება მუკბანიანს ლოყაში მაშინ, როდესაც ის დგება იატაკიდან და უეცრად მოწყვეტით ისევ დავარდა. პოლიციელი რომ შემოაკვდა, დევაძემ არც კი იცოდა. როცა პოლიციამ დააკავა და ჰკითხა, კაცი რატომ მოკალიო, ამას არ იჯერებდა. მაშინ მსჯავრდადებულის პირადმა მტერმა, აჭარის პოლიციის იმდროინდელმა პირველმა პირმა, დავით თამაზაშვილმა მოიპარა დისკო-კლუბის ვიდეოთვალით გადაღებული კადრები, სადაც გასროლის მომენტი იყო აღბეჭდილი. მოწმეებზე მოხდა ზეწოლა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მუკბანიანს ტყვია ქვემოდან ზემოთ, ლოყაში მოხვდა. დევაძე და მუკბანიანი ერთი სიმაღლის იყვნენ და რომ დაემიზნებინა, მას ტყვია პირდაპირ მოხვდებოდა და არა ქვემოდან ზემოთ. ისიც აბსურდია, რომ დევაძე გაქცევას ცდილობდა. მკვლელობის საღამოს თურქეთში მიდიოდა და იქიდან ბერლინში უნდა გაფრენილიყო. გერმანიის შს სამინისტროს მიწვევით ბერლინის პოლიციის მოჭიდავეთა ნაკრებს ავარჯიშებდა...

დევაძის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და მისთვის სამი წლის შეფარდებას ვითხოვდი, რადგან გაუფრთხილებლობითი დანაშაული მოხდა. თარაში კარგი პოლიციელი და შესანიშნავი პიროვნება გახლდათ, მაგრამ იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მას მე პირადად ვიცნობდი...

მოკლული პოლიციელის ოჯახი ითხოვს პრეზიდენტისგან პასუხს, თუ რატომ შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული. თარაშ მუკბანიანს ორი შვილი დარჩა. მას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, დედა ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა, ხოლო მამა შვილის მკვლელობაზე დარდს გადაჰყვა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ნინო ოდიშარია, თარაშ მუკბანიანის დეიდა: - რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სამწუხაროდ არ არის იმის პრეცედენტი, რომ პრეზიდენტის მიერ უკანონოდ შეწყალებული პირი უკან შებრუნდეს, კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოხდა. თავის დროზე გამაჩერა ალექსანდრე ჭიკაიძემ, რომლის მეგობარიც არის დევაძე. ჭიკაიძემ მაშინ მოადგილეები გამომიგზავნა და გვთხოვდა, გავჩუმებულიყავით და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუები არ მიგვეცა. შედეგად ის მივიღეთ, რომ მკვლელს 17 წლის ნაცვლად მიუსაჯეს 12 წელი და მერე 4 წელში გარეთ გამოუშვეს. არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმის გადატანას, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა, ახლა თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ამ შეწყალებით ოდიშარიებისა და მუკბანიანების მოდგმას სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, თქვენ აღასრულეთ სამართალიო. სხვა ახსნა ამას არა აქვს. მე მყავს ბიჭები, გვყავს სანათესავო, სად შეხვდება ჩემს ბიჭებს რამაზ დევაძე, არავინ იცის. შესაწყალებელი სხვა ვერავინ ნახა? 4 წელია გასული მკვლელობიდან და მკვლელი გარეთ გაუშვა. დედაჩემს ძლივს ვასულიერებთ, ყოველდღე სასწრაფო სასწრაფოზე მოდის ჩემს სახლში. ვანანებ ამას სალომე ზურაბიშვილს. თარაშის უფროსი გოგონა ახლა გახდა 6 წლის და წელს პირველად მიდის სკოლაში მარტო, დედასთან ერთად. გასცეს თარაშის შვილს სალომემ პასუხი, რატომ გამოუშვა გარეთ მისი მამის მკვლელი?

დღეს კრიმინალები თავისუფლად ცხოვრობენ, დაუსჯელები დადიან და ზურაბიშვილი კრიმინალების დედოფალია. სამი ინსტანციის ვერდიქტია გამოტანილი იმ ფონზე, როცა უამრავი მფარველი ჰყავდა მკვლელს. ახლა რა გამოდის, დამნაშავე თარაშია? საით მიჰყავთ ეს საქმე? ამდენს ბედავენ, რომ მიზანმიმართული განზრახ მკვლელობა გაამართლონ. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა სააკაშვილი წავიდა ქვეყნიდან და მწვანე შუქი აუნთეს კრიმინალებს. ჭიკაიძის კვალსაც ვხედავ ამ საქმის უკან, დევაძე და ის კარგი მეგობრები იყვნენ, ერთ დარბაზი ვარჯიშობდნენ, სუფრასთანაც ერთად ისხდნენ და ამის კადრებიც არსებობს. ჩემი მოდგმა შეურაცხყოფილი და განადგურებულია. ვერ შევეგუებით იმას, რაც მოხდა. ეს არის უსამართლობა. მიპასუხონ, რატომ გაათავისუფლეს მკვლელი და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. მეორედ გარდაიცვალა თარაშ მუკბანიანი და მასთან ერთად პოლიცია, მთელი საქართველოს კონსტიტუცია და სამართალი ფეხქვეშ გათელა ზურაბიშვილმა.

თეა ხურცილავა