მინუსიდან დაწყებული ცხოვრება და გამამართლებელი განაჩენი - გზაპრესი

მინუსიდან დაწყებული ცხოვრება და გამამართლებელი განაჩენი

"როცა ცხოვრებაში ძალიან გიჭირს, მაშინ ხვდები, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი. ასეთ დროს ყველა ნიღაბს იხსნის და თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ აბესაძე, რომელიც ორი წლის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

2017 წლის ივლისში, ქართულ მედიაში ასეთი შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვის დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 3.000 დოლარი მოითხოვა..." ოთარ აბესაძე დღეს ჩვენი სტუმარია და გვიამბობს, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ მოუხსნეს ეს მძიმე ბრალდება:

- 2017 წლის 11 ივლისს დამაკავეს. საქმის განხილვა თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა. მანქანით მივდიოდი, როცა ბარათაშვილის ხიდთან გამაჩერეს და სპეცოპერაციით ამიყვანეს. თავიდან ხუმრობა მეგონა... მანამდე თბილისის მერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვმუშაობდი, მაგრამ ვინაიდან სხვა გეგმები მქონდა, 2017 წლის 29 ივნისს განცხადება დავწერე გათავისუფლებაზე. ორი კვირის შემდეგ კი დამაკავეს.

- რა მოხდა 11 ივლისამდე?

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ძალიან ახლო სამეგობროდან დამიკავშირდა პიროვნება და დაკვალიანება მთხოვა. ის ჩემთან თხოვნით მოვიდა, რომ მდინარე მტკვარზე კაფეტერიის მოწყობა სურდა და აინტერესებდა, საამისოდ რა უნდა გაეკეთებინა. მეც დავაკვალიანე და ვუთხარი, როგორ უნდა მოქცეულიყო. მან კი განცხადება დაწერა, რომ ქრთამი მოვთხოვე. ასეთი ბრალდება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, დიდხანს ვიყავი საჯარო მოხელე, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვმუშაობდი და ჩემთან არაერთი ადამიანი მოსულა. უამრავ ადამიანს დავხმარებივარ და ვერავინ იტყვის, ვინმესგან რაიმე მომეთხოვა. საბოლოოდ, ეს ადამიანი საკმაოდ კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელმაც მაქსიმალურად იმუშავა ჩემს დისკრედიტაციაზე და სწორედ მისი ბრალდების საფუძველზე დამაკავეს.

- იქნებ, ვინმეს თქვენი "ჩაძირვა" სურდა?

- დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა. ირმა ჭკადუას, რომელიც ცნობილი ადვოკატია, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ის კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორი ყოფილა. ყველაფერს თავი დავანებოთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ: 2017 წელს, როცა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემს რეპუტაციას შევლახავდი და ადამიანს ფულს მოვთხოვდი, თანაც, 3 ათას დოლარს? ეს სასაცილო თანხაა, რადგან იმ პერიოდში ჩემი ანაზღაურება საჯარო სამსახურიდან, საერთაშორისო პროექტებიდან თუ უნივერსიტეტებიდან გაცილებით მეტი იყო. იმის საჭიროება ნამდვილად არ მქონია, რომ ვიღაცისგან 3 ათასი დოლარი მომეთხოვა.

- ციხეში რამდენ ხანს იყავით?

- საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის. მეც ზუსტად ვიცი: ნახევარი წელი და სამი დღე გავატარე გლდანის მე-8 საპყრობილეში. ჩემს პირველ სასამართლოზე შოკში ვიყავი და ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და რაც მთავარია, ჩემს ოჯახს, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში ჩავაყენე. შეიძლება ყველამ არ იცის, რომ ბაბუა ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა - ინფარქტით დამეღუპა. ეს ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც დიდი ტრაგედია იყო. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი: ციხეში ყოფნისას ჯანმრთელობა შემერყა, 35 კილოგრამი დავიკელი და საკმაოდ მძიმე დაავადებები გადავიტანე, ახლაც ვმკურნალობ.

GzaPress

- ციხეში როგორ გექცეოდნენ? - დღეს მე არც ერთი სახელმწიფო უწყების ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ციხეში სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - დაწყებული კვებით, დამთავრებული პერსონალით, რომელიც პატიმრებს საკმაოდ კარგად ექცეოდა. ჩვენს ციხეებში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ მეც ვიბრძოდი და გამოგიტყდებით, მიხარია, რაღაცის შეცვლაში მაინც რომ მივიღე მონაწილეობა. ციხეში კვებაც ნორმალური იყო და ჯანდაცვის საკითხიც მოგვარებული ჰქონდათ: პატიმრების სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანა და მკურნალობა ჩვეულებრივი ამბავია.

- გაგამართლეს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს ადვოკატებს. რას გვეტყოდით მათ შესახებ?

- დიდი მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ მათგანს: ირმა ჭკადუას, ლილი გელაშვილს, ნონა ფილაურს და როლანდ ჭინჭარაშვილს - ამ ადამიანებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომ საშინელი ბრალდება ჩამომეხსნა. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ყველანაირი საბუთი მივაწოდეთ სასამართლოს. ორი წელი დასჭირდა იმის დამტკიცებას, რომ მე არც კორუმპირებული ვარ და არც - მექრთამე, რაც ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო. ამდენი დრო იმიტომ დასჭირდათ, რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო: გამოჰკითხეს აბსოლუტურად ყველა, ვისაც ამ საქმესთან მერიაში ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა. საკრებულოდან და მერიიდან ვისაც სანებართვო სამსახურებთან და ნებართვების გაცემასთან ჰქონდა შეხება, უკლებლივ ყველა გამოიკითხა. არავის უთქვამს, რომ ვინმესთვის რაიმე ტიპის დახმარება მაინც მეთხოვა. მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგად დადგინდა, რომ მე არავისთვის არაფერი მითხოვია და რამდენიმე კვირის წინ, საბოლოოდ გამამართლეს.

- როგორი იყო თქვენთვის ეს ორი წელი, როცა ასეთი ბრალდებით გიწევდათ ცხოვრება?

- ძალიან დიდი სტრესი გამოვიარე. ისე, ეს ორი წელი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა: მუდმივი სტრესისა და სასამართლოების ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი საბუთი ჩამორთმეული მქონდა, ძალიან აქტიურად გავაგრძელე ჩემი მეცნიერული საქმიანობა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გავხდი, დავასრულე მოლაპარაკება კიდევ ორ უნივერსიტეტთან, ჩემი ნაშრომებით დაინტერესდა რიგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. ამ უნივერსიტეტმა უკვე მიმიწვია, როგორც ლექტორი. შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ქართველი ვარ, რომელიც ასეთი მაღალი რანგის უნივერსიტეტში წაიკითხავს ლექციებს. ცოტა ხანში ჩემი ახალი წიგნიც დაიბეჭდება... კიდევ ვიმეორებ - ძალიან დიდი სტრესის ფონზე შევძელი ეს ყველაფერი და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოინდომებს.

- ესე იგი, ხელი არ ჩაიქნიეთ?

- როგორ არა - თავიდან ხელი მქონდა ჩაქნეული და საქართველოდან სამუდამოდ გადახვეწაზეც ვფიქრობდი, ერთხანს ტაქსის მძღოლადაც ვმუშაობდი, რადგან სხვა სამსახური არ მქონდა, მაგრამ ამ განსაცდელში ძალიან დიდი შემწე მყავდა - ჩემი მეუღლე - დეა აფციაური. რომ არა ჩემი მეუღლე და მისი თანადგომა, მე ვერაფერს გავაკეთებდი. დეა საოცარი გოგოა! სანამ დამაკავებდნენ, შეყვარებულები ვიყავით და როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ დამიჭირეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ყველაზე ბედნიერები ვიყავით. წარმოიდგინეთ მისი გმირობა, როცა 6-დან 9 წლამდე ციხე მემუქრებოდა, ის ციხეში შემოვიდა და იქ დავქორწინდით. ეს ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული გოგონა ნამდვილად არ იმსახურებდა, რომ ყოველ მეორე დღეს, გლდანის ციხეში, ე.წ. პერედაჩების რიგში მდგარიყო. მან სასწაული მოახდინა და ციხეში არაფერი მომაკლო. ალბათ იცით, რომ იქ საკმაოდ დიდი რიგებია. დეა ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს მოდიოდა და საკანში მიგზავნიდა ახალ ხილს, ახალ წვენს, იცოდა, რომ ალუბლის წვენი მიყვარდა და მისი წყალობით, საპატიმროში ესეც არ მომკლებია. რა თქმა უნდა, მიგზავნიდა წიგნებს და წიგნის ყდაზე მიაწერდა - ძალიან მიყვარხარო. ჩვენი მიმოწერა ხომ ცალკე სასაუბრო თემაა, ძალიან მინდა ეს მიმოწერა წიგნად გამოვცე და მკითხველმა ნახოს... მოკლედ, დეამ ყველაფერი გააკეთა, რომ მე კარგად ვყოფილიყავი. ციხიდან რომ გამოვედი, მძიმე დაავადება მქონდა და ვერ ვმუშაობდი. სამაგიეროდ, ის გაორმაგებული რეჟიმით შრომობდა და ფაქტობრივად, ფეხზე დამაყენა. როცა "ვტაქსაობდი", მანქანას ყოველთვის ის რეცხავდა, დისკომფორტი რომ არ შემქმნოდა. ამასთან, პირდაპირი მნიშვნელობით მაიძულებდა, რომ სამეცნიერო სტატიები დამეწერა და მერე, დაუკითხავად გზავნიდა ევროპის უნივერსიტეტებში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გავხდი - ჩემი ნაშრომები იქაც და რიგის უნივერსიტეტშიც მან გაგზავნა. როცა ვიღაცაზე ამბობენ - ცხოვრება ნულიდან დაიწყოო, ვფიქრობ - ნეტა, ნულიდან დაგვეწყო, მე და დეამ ცხოვრება მინუსებიდან დავიწყეთ და მადლობა ღმერთს, რომ იმ დიდ განსაცდელს თავი ღირსეულად დავაღწიეთ.

- ამბობთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანები უფრო კარგად გაიცანით...

- უცნაური რამ მოხდა: სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერას ვგრძნობდი. ჩემს თავდებში ჩადგომაზე 10 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი, უმეტესობას არც კი ვიცნობ და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. არ მავიწყდება უცხო ხალხის თანადგომა. მაგალითად: სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მგზავრობის ფულს არ მართმევდნენ, ერთხელ, ციხიდან ახალი გამოსული რომ ვიყავი, 131-ე ტაქსის მძღოლმა ჯიბეში 20 ლარი ჩამიდო - არ გექნება და გამოგადგებაო... იმ საოცარი კაცის სახელი და გვარიც კი არ ვიცი, თორემ თქვენი ჟურნალის დახმარებით ყველას გავაცნობდი! დეა სულ მეხუმრებოდა: ისეთი ბრალდებით, რომლითაც შენ დაგიჭირეს, ევროპაში ხალხს მიმტანებიც არ ემსახურებიან, შენ კი პირიქით, აქეთ გეხმარებიანო. როცა მაღალ თანამდებობაზე ხარ და კარგად ხარ, ყველა შენი მეგობარია, მაგრამ როცა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდები, შენ გვერდით მხოლოდ ოჯახი და საყვარელი ადამიანები რჩებიან - მინდა ეს ყველამ იცოდეს. ჩემი მშობლები ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდნენ. ძალიან ხიფათიანი ბავშვი ვიყავი და ეს თვისება დიდობაშიც გადმოგყვაო - ახლაც მეუბნება დედაჩემი - ნინო აბესაძე, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორია. ის, რაც დამემართა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. ამ ამბების შემდეგ ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ყველას ყველაფერი ვაპატიე. იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ გაჭირვებაში ხვდები, ვინ არის შენი ერთგული. ჩემს სამეგობროში ყველაზე ერთგული და უღალატო მეგობარი ჩემი ძაღლი მაილო აღმოჩნდა.

- მომავალში რას აპირებთ?

- ზუსტად ვიცი, რომ სამეცნიერო საქმიანობა უნდა გავაგრძელო. შემიძლია ევროპაში წავიდე და ოჯახით იქ ვიცხოვრო, მაგრამ აქაურობას ვერ ვთმობ: საქართველოში ისეთი ხალხი მეგულება, ვინც გაჭირვების დროს მხარში ამომიდგა, ძალიან მინდა ამ ადამიანებს რაღაცაში მაინც გამოვადგე და მადლობა გადავუხადო. და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა გავბოროტდე! ჩემი ცხოვრების ნახევარი წელი დავკარგე, ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ უკვე გითხარით, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიე! მომავალში რას ვიზამ, ამას გულდასმით მოვიფიქრებ და ჩვენი საზოგადოებაც კარგად დაინახავს.

ხათუნა ჩიგოგიძე