ვისი ნამუშევარი გადასცეს დევიდ გარეტს - გზაპრესი

ვისი ნამუშევარი გადასცეს დევიდ გარეტს

მსოფლიოში ცნობილ გერმანელ მევიოლინე დევიდ გარეტს, რომელსაც კონცერტი 13 ივლისს, სპორტის სასახლეში ჰქონდა, თეთრ ჩოხასთან ერთად, საჩუქრად ხელნაკეთი თოჯინა "დევიდ გარეტიც" გადასცეს. როგორც დათო ოქიტაშვილმა განაცხადა, თოჯინა მან ქართველი ფანისგან მიიღო, მეთოჯინე თვითნასწავლი მხატვარი ირმა ფრანგიშვილი აღმოჩნდა. ის ასევე ამზადებს ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარს - ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს. უყვარს ფერადოვნება და მისი ნამუშევრები სწორედ ამით იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. ბოლო დროს დაინტერესებულია პუანტილიზმით - ეს ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობაა, რომლისთვისაც ფერწერის თავისებური მანერა - წვრილი ფერადი მონასმები, წერტილებია დამახასიათებელი. ქალბატონი ირმა 22 წელია, საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობს.

- პროფესიით ქიმიკოსი ვარ და ერთხანს 31-ქარხანაში ტექნოლოგადაც ვმუშაობდი. მეორადი ფაკულტეტი დიზაინის განხრით დავამთავრე იმ წლებში, როცა ქვეყანაში ომი და არეულობა იყო, ამის გამო ლექციების უმეტესობა მიცდებოდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც მასწავლებელმა მითხრა, ხატვის ნიჭი გაქვს და იქნებ სამხატვრო სკოლაში ჩააბაროო. გამოცდები მართლაც ჩავაბარე და ჩავირიცხე, მაგრამ მუსიკისა და ხატვის გაკვეთილების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, მშობლების სურვილით მუსიკალურში დავრჩი. სინამდვილეში, ხატვა უფრო მიყვარდა და ხელსაქმეც პატარაობიდანვე მეხერხებოდა. მეოთხე კლასიდან ვკერავდი, ვქსოვდი. თუ რამე ქსოვილს ვნახავდი, ჩემს ჭკუაზე ვჭრიდი და ამის გამო სახლში სულ მეჩხუბებოდნენ, ასეთი ძვირფასი ქსოვილი რატომ გააფუჭე, სად უნდა ჩაიცვაო? მე კი იმდენად მომწონდა ჩემი შეკერილი, რომ სიამოვნებით ვიცვამდი. ბებია პროფესიით პედაგოგი იყო, მაგრამ კარგად კერავდა, ქსოვდა, ქარგავდა. ბევრი რამ მეც მასწავლა. მეხმარებოდა ტანსაცმლის გადაკეთებაში. ასე ნელ-ნელა ვისწავლე კერვა. იყო პერიოდი, როდესაც საბანკეტო კაბებს ვკერავდი, ახლა ამისთვის დრო აღარ მრჩება, მთლიანად თოჯინებზე ვარ გადართული. საერთოდ, სულ ძიებაში ვარ, მინდა რაღაც ახალი შევქმნა. ამ ასაკში თუ კიდევ რამეს ვისწავლიდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თითქოს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მინდოდა, ამ თოჯინებში მოვუყარე თავი.

GzaPress

- როდის გახდით მეთოჯინე და ეს ინტერესი რამ განაპირობა? - შეიძლება ითქვას, ახალბედა მეთოჯინე ვარ. ორიოდე წლის წინ სკოლაში თოჯინების სპექტაკლი დავდგი და თექისგან (მე თექაზეც ვმუშაობ) რამდენიმე თოჯინა გავაკეთე. მუსიკის მასწავლებელთან ერთად დეკორაციებიც თვითონ მოვამზადე. სწორედ იმ პერიოდში გავიგე, რომ ფოლკლორის ცენტრში თოჯინების გამოფენა ტარდებოდა და წავედი. რამდენიმე მეთოჯინის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ნანახმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, დარბაზიდან გამოსვლა აღარ მინდოდა. გაოგნებული ვიყავი, ვეღარ ვიგებდი, რომელთან გადამეღო ფოტო. იქვე გადავწყვიტე, რომ ესეც უნდა მესწავლა. მაშინვე გავიკითხე, ვისთან შეიძლებოდა სიარული და იულია სოროკინაზე მითხრეს. იმ დღესვე დავუკავშირდი მას და ძირითადი პრინციპისა და ტექნიკის სწავლა დავიწყე.

- პირველი თოჯინა გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს, ფორტეპიანოს თავზე რომ ჯამბაზია, ეგ არის ჩემი პირველი თოჯინა, რომელიც იულიასთან გავაკეთე და ძალიან მიყვარს. ვერც ვერასდროს გავაჩუქებ და ვერც გავყიდი, ის ჩემთან უნდა იყოს. მერე დამოუკიდებლად ვმუშაობდი. მინდოდა ლამაზი გოგონა გამეკეთებინა, ფანდურით ხელში. იულიამ კი მითხრა, "ასაკოვანი" თოჯინის გაკეთება უფრო იოლიაო, მაგრამ არ დავიჯერე. საერთოდ, ფოლგაზე ეკვრება პლასტიკი, მაგრამ მუშაობის პროცესში ფოლგა გაიხა და გაჩნდა ხაზი, ანუ ნაოჭი. ამას ვეღარაფერს ვუშველიდი და ასე გაჩნდა ბერიკაცი. ამის მერე "ლამაზმანი" გავაკეთე და ამჯერად გამომივიდა.

GzaPress

- ბევრი თოჯინა გყავთ? - სახლში 10 თოჯინა მყავს, მეათე - კოკო შანელია, ჯერ დასასრულებელი. გაჩუქებულიც ბევრი მაქვს, მაგალითად, ფრიდა, რამდენიმე პორტრეტი, ახლა უკვე დევიდ გარეტიც. დაახლოებით 22 თოჯინა იქნება სულ.

- მუშაობის პროცესში ყველაზე რთული რა არის?

- ხასიათის მიცემა. მასალად ხომ თიხას ვიყენებთ და რთულია ხასიათში ჩასვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმეს პორტრეტს აკეთებ. ტანსაცმელსაც თვითონ ვუკერავ. აი, ამ მოწყენილ თოჯინას ჩემი მოხატული ბატიკა აცვია, პეპელას გამოსახულებით. პეპელა მას სიცოცხლეს უფერადებდა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა სიცოცხლე. პრინცესა ფერადი და ლამაზია, მაგრამ მის სულიერ ტკივილს მაინც ვერაფერი ფარავს. სინამდვილეში, ის რეალურად არსებულ გოგონას მაგონებს - შარშან, 26 სექტემბერს ჩემი შვილის საცოლე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მოხდა, შეიძლება გახსოვთ კიდეც - 20 წლის გოგოს ყურსასმენები ეკეთა და ლიანდაგებზე გადასვლისას მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო... ეს ძალიან დიდი ტკივილი იყო ჩვენთვის. "ფრიდას" თოჯინა სწორედ მის ოჯახს ვაჩუქე. 20 წლის იყო, მღეროდა, ისეთი პოზიტიური და საოცარი გოგო გახლდათ, უცებ შეგაყვარებდა თავს. კონსერვატორიაში სწავლობდა, გოგონათა გუნდში მღეროდა, მუშაობდა კიდეც. ამ ამბის შემდეგ კარგა ხანს არაფრის გაკეთება არ შემეძლო.

GzaPress

- რამდენ ხანს უნდებით ერთი თოჯინის დასრულებას და რას იყენებთ მასალად? - გააჩნია, რა სირთულისაა, ერთ თვემდე მაინც სჭირდება დასრულებას. უამრავი ქსოვილი მაქვს შენახული. ჯერ შიგნითა კარკასი იქმნება, რაც სიმყარეს სძენს, მერე სინდიპონით სილუეტი გამოგყავს, ხოლო სახე და ხელ-ფეხი პოლიმერული თიხისგან მზადდება. თმას რაც შეეხება, ზოგჯერ ბუნებრივს ვიყენებ, ზოგჯერ მატყლს და ზოგჯერ სინთეტიკურს.

- ახლა დევიდ გარეტის თოჯინაზე მითხარით. მართლა მისი ფანი ხართ, როგორც დათო ოქიტაშვილმა განაცხადა?

- გაგიჟებული ფანი ნამდვილად არ ვარ (იცინის), მაგრამ მყავს მეგობრები, მუსიკოსები, გარეტის თაყვანისმცემლები. ალბათ ამ ყველაფერმა და მისმა ტიპაჟმა განაპირობა ის, რომ შარშან მისი თოჯინის გაკეთება გადავწყვიტე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოში თუ ჩამოვიდოდა. როდესაც ეს საჩუქარი გადასცეს, ზუსტად იმ ფერის ტანსაცმელი ეცვა, რაც ჩემს თოჯინას. შარშან ნოემბერში პრაღაშიც მქონდა წაღებული თოჯინების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ცნობდნენ და ფოტოებს უღებდნენ, მყიდველიც გამოჩენილა, ოღონდ იმ დროს დარბაზში არ ვიყავი. გელოდებოდა და რომ აღარ მოხვედი, წავიდაო, მითხრეს. ეტყობა, გარეტის ბედი იყო. მინდოდა, "ფეისბუკის" ან "ინსტაგრამის" საშუალებით ენახა ეს თოჯინა, მაგრამ არ მოხერხდა. როდესაც მისი ჩამოსვლის შესახებ გავიგე, გამიხარდა და ვიფიქრე, აქ მაინც ვაჩუქებდი. ავიღე 2 ბილეთი, 3 კვირით ადრე კი ორგანიზატორებს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მეთოჯინე ვიყავი და გარეტისთვის საჩუქრად თოჯინის გადაცემა მინდოდა. კატეგორიული უარი მივიღე, პირადად თქვენ ვერ გადასცემთ, თუ გნებავთ, მოგვიტანეთ და დათო ოქიტაშვილი გადასცემს, ოღონდ წინადღეს, 9 საათამდე მოიტანეთ, უსაფრთხოება დაცული უნდა იყოსო. იმდენად მინდოდა, ეს თოჯინა გარეტთან ყოფილიყო, რომ დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ გადასცემდა? მხოლოდ ის ვთხოვე, როდესაც თოჯინას ნახავს, იქნებ ფოტოები გადაიღოთ, მისი ემოციები მაინტერესებს-მეთქი. კიო, დამპირდნენ. შესვენების დროს დამირეკეს, სახელი და გვარი გვითხარით, კონცერტის შემდეგ გამოაცხადებენ და თქვენთან ერთად გადასცემენ საჩუქარსო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ თურმე გარეტის დაცვამ ამაზე უარი თქვა. უბრალოდ, ვერ მივხვდი, რატომ არ შეიძლებოდა ჩოხასთან ერთად დარბაზში ამ თოჯინის გადაცემაც და ცოტა არ იყოს, გავნაწყენდი. გადმომიგზავნეს ფოტო, სადაც გარეტს თოჯინა უჭირავს და ხელით გვანიშნებს, მაგარიაო, თუმცა პირვანდელი ემოციები არ ჩანს. მაინც დიდი მადლობა ორგანიზატორებს... ეს მევიოლინე მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ასე ადვილი არ არის მისთვის სცენაზე საჩუქრების გადაცემა. რაც მთავარია, ჩემი თოჯინა გარეტთან არის.

- თქვენი სახელი და გვარი რომ არ გაჟღერდა, თითქოს განაწყენებული იყავით...

- მე რასაც შემპირდნენ, ის შეასრულეს. არც დიდი მოლოდინი მქონდა, რომ სცენაზე ავიდოდი. უბრალოდ, როდესაც ოქიტაშვილს ჰკითხეს, ვისი ნამუშევარიაო და მან უპასუხა, ქართველი ფანისო, შეიძლებოდა ეთქვა, რომ თოჯინა ეკუთვნის ქართველ მეთოჯინეს ან ხელოვანს. ჩვეულებრივი ფანი ასეთ თოჯინას ნამდვილად ვერ გააკეთებდა, ხომ ასეა? სწორედ ამას წერდნენ კომენტარებშიც.

GzaPress

- აქსესუარებზე რას მეტყვით? - აქსესუარებს ძირითადად ტყავისგან და სხვადასხვა ქვისგან ვამზადებ. ჩემთვის ადრეც გამიკეთებია სამკაულები, მაგრამ გამოფენისთვის პირველად მაშინ გავაკეთე, როდესაც ახლობელმა მითხრა, რომ ესპანეთში ერთ გამოფენა-გაყიდვაზე გზავნიდნენ ხელნაკეთ ნივთებს, ორგანიზატორებს დაუკავშირდი და შენი თოჯინებიც გამოფინეო. თოჯინებზე უარი მითხრეს, აქსესუარები გამოგვიგზავნეთო.

- თქვენი ნამუშევრების პირველი შემფასებელი ვინ არის?

- პირველ რიგში, ჩემი მეუღლე. ის პროფესიით იურისტი გახლავთ, მაგრამ კარგი ხედვა აქვს და ჭკვიანურ შენიშვნებს მაძლევს, ამიტომაც მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

ნინო ჯავახიშვილი