"ცხოვრება ისეთ რამეებს გამოგატარებს, შეიძლება იფიქრო, ვეღარ გავუძლებო"
font-large font-small
"ცხოვრება ისეთ რამეებს გამოგატარებს, შეიძლება იფიქრო, ვეღარ გავუძლებო"
სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ

აფხაზეთის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ არაფერი ემუქრებოდა, ქალაქის დატოვებამ 27 სექტემბერს, ტყვიების ზუზუნში მოუწია. იძულებული გახდნენ, სამშვიდობოს კოდორის უღელტეხილით გასულიყვნენ... ბევრი მათგანი ფიზიკურად ვერ გადარჩა. სოხუმელი ეკა ჯოჯუა, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, ოჯახის წევრებთან ერთად, 13 დღე მოდიოდა უღელტეხილზე და თავისი ცხოვრების იმ მონაკვეთს "გოლგოთის გზას" უწოდებს.


- ომის დღეებს არ გავიხსენებ, რადგან ყველამ იცის, რა ხდებოდა. ვისაც როგორც უხერხდებოდა, ისე გვძარცვავდა: აფხაზიც, სომეხიც, ჩრდილოკავკასიელიც და ქართველიც, მხედრიონელები... გოგონების იქ გაჩერებას ყველა ერიდებოდა და ინტენსიური ბრძოლებისას, თბილისში წამოგვიყვანეს. ე.წ. შერიგების პროცესის დროს, სოხუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, სკოლა იწყებოდა და ქალაქი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდნენ. რამდენიმე დღე სიმშვიდე იყო, შემდეგ აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია, ისევ სროლები დაიწყო, რასაც დაბომბვები მოჰყვა, დენი გაითიშა და სრულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ერთადერთი საკონტაქტო საშუალება ქალაქის ტელეფონი იყო, რომელიც ლამის სოხუმის დაცემამდე არ გათიშულა. მაჭარის დასახლებაში, სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობდით და ვხედავდით, როგორ რკალისებურად აწითლებდა აფეთქებების სინათლე ცას...
მახსოვს, ახლობელმა დარეკა, რა ხდება თქვენთან? ამბობენ, - გულრიფში უკვე აფხაზებმა აიღესო... არადა, ჩვენ გვეგონა, სოხუმი აიღეს. ის ღამე თეთრად გავათენეთ, არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. როგორც კი გათენდა, წებელდის რაიონში მცხოვრებ ნათესავებთან წავედით. ის არის შემაღლებული ადგილი, საიდანაც სოხუმი ხელისგულივით მოჩანს. მამაჩემი იბრძოდა, თუმცა მანაც არ იცოდა, რა შეიძლებოდა ხვალ მომხდარიყო. წებელდაში იმიტომ წავედით, რომ გვეგონა, ვითარება ჩაწყნარდებოდა და მერე ისევ სოხუმში დავბრუნდებოდით. თუმცა, იმავე საღამოს მამა მანქანით ამოვიდა, - სანაპიროს გემები მოადგნენ და სასწრაფოდ გაემზადეთო. 26 სექტემბერი იყო... როგორც კი ქალაქში ჩავედით, ნაპირს მომდგარი უზარმაზარი გემი დავინახეთ, რომლისკენაც ზღვა ხალხი დაძრულიყო, რომლის გარღვევაც უბრალოდ არ შეგვეძლო. ბავშვებს ძალიან შეგვეშინდა და კივილი ავტეხეთ, გემში არ ჩავსხდებითო. ტრაპი ისედაც უკვე დაკეტილი გახლდათ და ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ვეღარ ჩავსხდებოდით. ერთი სიტყვით, სოხუმში დავბრუნდით. მამამ და ბიძამ, რომლებიც "სოხუმის ბატალიონის" წევრები იყვნენ, გვითხრეს, - ჩვენ ბიჭებს ვერ მივატოვებთ და თქვენ სვანეთის გზით წადითო... სახლში იმ ნივთების შეგროვება დავიწყეთ, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ბებია ავტოფარეხში ჩავიდა. ამ დროს მეზობელი შემოეფეთა, ეროვნებას არ დავასახელებ. ბებიამ შესჩივლა, - ხედავ, რა დაგვემართა, სახლის მიტოვება გვიწევსო და ამ ქალმა, სრულიად მოულოდნელად, - ასეც მოგიხდებათო, - უპასუხა და სადარბაზოს კარი ცხვირწინ მიუხურა. ბებია სახტად დარჩა.
მახსოვს, მისაღებ ოთახში დედა იდგა და ათვალიერებდა, რისი წაღება შეიძლებაო. მერე ჭურჭლის კარადასთან ნათესავის ერთი წლის ბავშვი მიიყვანა, - მიდი, გამოიტანე, რისი დამტვრევაც გინდაო...
ისევ წებელდისკენ წავედით. საღამოვდებოდა. გზა, რომელიც დილას თავისუფალი იყო, ათასობით ადამიანისა და უამრავი მანქანისგან გადაჭედილი დაგვხვდა. ჩვენი ნათესავის ეზოც სავსე იყო. იატაკზე ქვეშაგები ჰქონდათ გაშლილი. მასპინძლებმა, თუკი რაიმე საკვები ებადათ, ყველაფერი გამოგვიტანეს... ასე გვმასპინძლობდა წებელდაში ყველა სახლი. იმ ღამეს არ გვიძინია, რადგან გარშემო ბათქაბუთქი ისმოდა. გამთენიას, სოხუმისკენ მთელი ცა განათდა...
ჩემს ერთ-ერთ მეზობელს დიდი წითელი "იკარუსი" ჰყავდა, იმაში ჩავსხედით და კოდორის ხეობისკენ დავიძარით. სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. მაინც ყველას გვეგონა, რომ რამდენიმე დღეში ვითარება ჩაწყნარდებოდა და ისევ უკან დავბრუნდებოდით. ქართული სამხედრო შენაერთებიც მიდიოდნენ, მძიმე ტექნიკაც გაჰყავდათ. გაგვიმართლა, რადგან ჩვენს ავტობუსში სვანი კაცი იჯდა, რომელმაც გზაც იცოდა და ამინდის გამოცნობაც შეეძლო. გვაკვალიანებდა, როდის და საიდან უნდა გვევლო უღელტეხილზე, სად დაგვესვენა, რა გვეჭამა.
GzaPress
- რამდენ ხანს მოდიოდით?
- 13 დღე... ეს იყო ჩემი და ბევრი ადამიანის ცხოვრების გოლგოთა... რაღაც მონაკვეთი, მთელი 24 საათი არ მახსოვს, რადგან აკლიმატიზაციის გამო, სიცხე მომცა და მამამ, ბიძებმა ხელით მატარეს. ტანზე 5-10 ტანსაცმელი გვეცვა, რომ არ გავყინულიყავით, ანუ რაც წამოვიღეთ, ყველაფერი ჩავიცვით, თუმცა, არც ეს გვიშველიდა, ავტობუსში დაძინების საშუალება რომ არ გვქონოდა. დღე სასტიკად აჭერდა მზე, ღამე კი მინუს რამდენიმე გრადუსი იყო. დასახლებულ პუნქტებში, ადგილობრივ სვანებს, ყველას ღია ჰქონდა კარი, მათი სახლით რომ გვესარგებლა. თუმცა, იყო დაყაჩაღება და მაროდიორობა, მაგრამ ეს მხოლოდ სვანებს არ გაუკეთებიათ, ვიღაცები სპეციალურად ავიდნენ იმ გზაზე, რომ იქიდან წამოსული დევნილების ნაკადს დახვედროდნენ... მახსოვს ერთხელ სვანურ ოჯახში შევედით, აკვანში ტყუპი იწვა. ლამპის შუქზე გვაჭამეს და გაგვათბეს. იმ სახლში კიდევ ერთხელ რომ შევიდე, იქაურობას საჭმლის სუნით ვიგრძნობ. პატარა ვიყავი და ემოციების დალაგება მიჭირდა, მაგრამ მახსოვს, რომ წინა დღეებში უამრავ უბედურება ნანახ ბავშვს, იმ ოჯახის მზრუნველობასა და თანაგრძნობაზე გული ამიჩუყდა, ცრემლები მომადგა. რამდენიმე დღის შემდეგ, უღელტეხილისკენ მიმავალ გზას გავუდექით. უფროსებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გზაზე ნისლი ჩამოწოლილიყო, ღამით თოვდა. უამრავი ადამიანი იყო უკვე დაღუპული, გაყინული, ხრამში გადავარდნილი. ჩვენ რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ ავტობუსით ვაპირებდით გზის გაგრძელებას.
- საწვავი საიდან გქონდათ?
- არ ვიცი, მაგრამ ჰქონდათ... მახსოვს, მწყემსების სადგომამდე მივაღწიეთ. საკვები გამოლეული გვქონდა. ვერტმფრენებიდან პურსა და კონსერვს გვიყრიდნენ. ზოგჯერ მხოლოდ პურს ვჭამდით, რადგან კონსერვს ვერ ვპოულობდით. შვეულმფრენი დაჯდომას ვერ ახერხებდა და გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს ხერხდებოდა, რათა ჩვილბავშვიანი დედები, ფეხმძიმე ქალები და ღრმად მოხუცები გადაეყვანათ, სამხედროები გარშემო რკალს ავლებდნენ, ხალხი შიგნით რომ არ შეცვენილიყო - გაწამებული ადამიანები ცდილობდნენ ფრთებზე ჩამოკონწიალებულიყვნენ, როგორც ქალაქში ტროლეიბუსს ეკიდებოდნენ კარზე.
მახსოვს, ერთხელ ვერტმფრენი რომ დაჯდა, მიაწყდა ხალხი. მერე ადამიანებით სავსე როგორღაც აფრინდა, მაგრამ მალევე კლდეს შეეჯახა, მიწას დაასკდა და აფეთქდა... ყველანი შოკში ვიყავით. ახლა ვფიქრობ, როგორ დავრჩი საღი ფსიქიკის, ამდენი სიკვდილის ხილვის შემდეგ... იმ უბედურების მიუხედავად, ერთ საათში, სხვა ვერტმფრენი რომ დაინახეს, ქანცგაწყვეტილმა ხალხმა მაინც გარისკა და ჩასხდნენ. ვიდრე ვერტმფრენი ხეობიდან აფრინდებოდა, გულის კანკალით, გატრუნულები ცას შევყურებდით და ის რამდენიმე წუთი საუკუნედ მოგვეჩვენა. როცა თავი სამშვიდობოს დავიგულეთ, ბედნიერების შეძახილები აღმოგვხვდა...
GzaPress
ბოლო სოფლამდე ავტობუსით მივედით, მერე უღელტეხილი ფეხით უნდა გაგვევლო. ყველაზე რთული ალპური ზონა იყო, სიკვდილ-სიცოცხლის გზა. ჩვენი საკვები პური და წყალი გახლდათ, რომელმაც გვაწყინა. ერთხელ ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ, მთიდან ჩამოვარდნილი ძროხა დაინახა, რომელიც ჩვენ თვალწინ ჩაიჩეხა ხრამში. კაცები ჩავიდნენ, ამოათრიეს, გაატყავეს, შეწვეს ისე, როგორც ამას ველურები აკეთებდნენ საუკუნეების წინ. ღამე კარვის მსგავს თავშესაფარს ვაკეთებდით დასაძინებლად... მოკლედ, დიდი ცეცხლი დაანთეს და ხორცი შეწვეს. ახლაც მახსოვს, როგორ მშიოდა. ხორცის სუნზე გული მიმდიოდა, შიმშილისგან თვალებში მიბნელდებოდა, სისუსტისგან მეძინებოდა, მაგრამ უმარილო ხორცი ისეთი საშინელი საჭმელი იყო, ვტიროდი. არადა, უნდა მეჭამა, ძალა რომ მქონოდა და მევლო. ის ჯოჯოხეთის გზა უნდა გამევლო, რომ გადავრჩენილიყავი... გზადაგზა უამრავი ნაცნობი გარდაცვლილი ვიპოვეთ. თავიდან ძალიან განვიცდიდით, ბებია თვალებზე ხელს გვაფარებდა ბავშვებს, მერე ამასაც შევეჩვიეთ. მამამ და ბიძამ უამრავი ადამიანი მიაბარეს მიწას... ერთ ქალს, ჩვენს ნაცნობს, ოჯახი დიდხანს ელოდა. შემდეგ მამა უთხრა, რომ ის კოდორის უღელტეხილზე იპოვა გაყინული და საკუთარი ხელით დამარხა.
ერთხელ ხრამში გადავარდნილი მანქანა, ტანსაცმელი და ძვირად ღირებული ნივთები შევამჩნიეთ. ჩემმა ნათესავმა თქვა, - აი, სწორედ ეს არის ბიბლიაში ნათქვამი, თქვენ წინ ოქრო-ვერცხლი ეყრება, რომელსაც გადააბიჯებთ, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა მოგიწევთო...
- ის მომენტი თუ გახსოვს, როცა მიხვდი, რომ ტანჯვა დასრულდა?
- კი, იმ 13 დღის განმავლობაში 12 კილოგრამი დავიკელი და რაც მთავარია, რობოტად ვიქეცი. ქუთაისიდან სოფელ სვირში წავედით, ნათესავებთან, სადაც ამდენდღიანი წამების შემდეგ, მიწაზე ძილის შემდეგ, ლოგინში პირველად დავიძინე და 24 საათი გადაბმულად მეძინა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა გამაღვიძეს, რა გჭირსო? მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ჯოჯოხეთი დასრულდა.
- შემდეგ როგორ გააგრძელე ცხოვრება?
- ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება. ყოველთვის, როდესაც ძალიან გამიჭირდებოდა, იმ 13 დღეს ვიხსენებდი... ბევრჯერ გზის ფული არ მქონია და წყნეთიდან თბილისამდე ფეხით ავსულვარ და ჩამოვსულვარ, გავუძლებ-მეთქი... ასე გამოვზარდე სამი შვილი.
- მათგან ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელია.
- დიახ, შუათანა მეკარეა, "დინამო" თბილისის აღსაზრდელია და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს. ყინვასა და სიცხეში მივდიოდი მის საგულშემატკივროდ, რადგან ეს მისთვის სტიმული იყო და არასდროს დამზარებია. სულ ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია. ცხოვრება ისეთ რამეებს გამოგატარებს, შეიძლება იფიქრო, ვეღარ გავუძლებო, მაგრამ უნდა გაუძლო-მეთქ ი. იმედია, გაუძლებს...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"უსაფრთხოებას თავი რომ დავანებოთ, მისი ფსიქიკაც შეცვლილია"
ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკასა და პირად თემებზე
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება
რას ურჩევს ელენე თევდორაძე სალომე ზურაბიშვილს
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
986 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი