რატომ შეხედა "ქუთაისურად" გია გოგიშვილმა ანა კარენინას - გზაპრესი

რატომ შეხედა "ქუთაისურად" გია გოგიშვილმა ანა კარენინას

ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ მსახიობ გია გოგიშვილს ვესაუბრეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, "ჩემი ცოლის დაქალებში" მისი პერსონაჟის - ბონდოს ბედითაც დავინტერესდით...

- ბატონო გია, როგორ ხართ, ახალი რა არის თქვენს საქმიანობაში?

- ახლა ლევან თუთბერიძე ფილმის გადაღებას იწყებს, რომელშიც ვმონაწილეობ. ასევე, სოხუმის და მოზარდ მაყურებელთა თეატრში სეზონი გაიხსნა და დაკავებული ვარ. სოხუმის თეატრში სცენის მთავარი ინჟინერი ვარ. სპექტაკლებშიც ვთამაშობ. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" რაც შეეხება, შემოქმედებითი ჯგუფი 20 სექტემბერს უნდა შეკრებილიყო. დამირეკეს, მაგრამ მაშინ წინანდალში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე (ტექნიკური მიმართულებით დახმარება სჭირდებოდათ) გახლდით. ვუთხარი, - არა მგონია, გადაღებები ბონდოთი დაიწყოთ, მე ვერ წამოვალ-მეთქი (იღიმის)...

- ჩვენი რუბრიკის თემას დავუბრუნდეთ: ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა როდის დაიწყეთ?

- ალბათ, მეხუთე კლასიდან: დეტექტიური ჟანრის წიგნები მოდაში "შემოვარდა" და მათი კითხვა მეც კონან დოილით, აგათა კრისტით დავიწყე... შემდეგ "მონანიება" წავიკითხე, რომელიც მაშინ აკრძალული იყო. მერე, რატომღაც, უცბად ტეტრალოგიაზე "გადავხტი" - კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" წავიკითხე. თავისთავად, გამსახურდიას ნაწარმოები - "დიდოსტატის მარჯვენა" სასკოლო პროგრამაშიც იყო. მერე მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებით დავინტერესდი და ნელ-ნელა "გავყევი". მაღალ კლასებში უფრო ლევ ტოლსტოის ნაწარმოებებს ვკითხულობდი. ჩემი ასაკის გამო, თავდაპირველად "ანა კარენინამ" დამაინტერესა, შემდეგ - "ომი და მშვიდობა" წავიკითხე. რემარკის, თომას მანის შემოქმედებასაც გავეცანი... მერე უკვე წიგნებს პიესაზე მუშაობის დაწყებისას ვეცნობოდი. მაგალითად, როცა "მარიო და ჯადოქარზე" ვმუშაობდი, მსახიობი მხოლოდ 1 წიგნის წაკითხვით ხომ არ შემოვიფარგლებოდი? თომას მანის სხვა ნაწარმოებებსაც ვეცნობოდი... ჩემთვის საყვარელი მწერალი მაინც ვაჟა-ფშაველაა. მის ნაწარმოებებს ბევრი "შრე" აქვს. თითქმის ყველა პერსონაჟი მომწონს. "ქუჩსაც" ვკითხულობ ხოლმე. ვაჟას შემოქმედების ყოველი წაკითხვისას ვხვდები, რა პატარაა ადამიანი და როგორი დიდია ბუნება...

- ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურა თუ წაგიკითხავთ?

- "ანა კარენინა" პირველად რომ წავიკითხე, მთავარ პერსონაჟს ძალიან "ქუთაისურად" შევხედე - ცუდი ქალია. კარგია, რომ მოკვდა-მეთქი. უარყოფითი პერსონაჟი მეგონა. მაშინ დაახლოებით, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი. მაინ რიდის სათავგადასავლო ნაწარმოებების შემდეგ, უცებ კლასიკური ნაწარმოების კითხვა რომ დავიწყე, ალბათ, ვერ გავუგე. მაინცდამაინც ბევრი რამ ვერც "წითელ და შავს" გავუგე. რამდენიმე წლის მერე, როცა ეს წიგნები ხელმეორედ გადავიკითხე, ცხადია, სხვაგვარად აღვიქვი. ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი შვილი 14 წლისაა და ვურჩევ, რა წაიკითხოს. მინდა, კითხვა დეტექტივით დაიწყოს (არც ვაძალებ). ვეუბნები, - ბუნების აღწერა თუ იქნება, "გადაახტი"-მეთქი, რომ წიგნის სიუჟეტს მაინც მიჰყვეს, თორემ ისე, ნაწარმოები ვერ დააინტერესებს. ფაბულას რომ გაჰყვება, წიგნი თვითონ "ჩაითრევს". პირადად მე, სამწუხაროდ, ბოლო დროს წიგნის კითხვისთვის მართლა ვერ ვიცლი.

- უმცროს ასაკში წაკითხული ნაწარმოებების გადაკითხვის გარდა, საერთოდ, წიგნის ხელმეორედ წაკითხვა გჩვევიათ?

- როგორ არა? ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ. შემიძლია, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" გიჟივით ვიკითხო, ოღონდ - რამდენიმე ეპიზოდი მაქვს, რომლის კითხვის დროსაც ვისვენებ. ისე, ნოდარ დუმბაძე პიროვნულად მიყვარს - კარგი ადამიანი იყო... საერთოდ, ბევრჯერ მაქვს წაკითხული ის წიგნები, რომლებსაც შიგადაშიგ კიდევ ვკითხულობ.

- საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ?

- სამწუხაროდ, ასეთი პერსონაჟი არ მყავს. საერთოდ, არც საოცნებო როლი მქონია. ვერც საყვარელ მსახიობს დაგისახელებთ. მთლიანობაში, ვიღაც მსახიობები მომწონს, ასევე - პერსონაჟებიც. საკუთარ თავს რომელ პერსონაჟს ვამსგავსებ, ვერ გეტყვით.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თუ მოგწონთ?

- ისე, რა. მაგალითად, "ჰარი პოტერის" ეკრანიზაცია ლიტერატურულ ნაწარმოებზე ნაკლები არაა. ფილმში - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" კარგი მსახიობები თამაშობენ, თორემ ეკრანიზაციას წიგნი ბევრად ჯობს.

GzaPress

- საბავშვო ლიტერატურას ხშირად ეცნობით? - ახლა - ნაკლებად. მოზარდ მაყურებელთა თეატრში უფრო საბავშვო პიესების წაკითხვა მიწევდა. სხვათა შორის, ქართული ზღაპრებიც ძალიან მიყვარს. მახსოვს, ერთხელ ჩემი პედაგოგი - გივი სარჩიმელიძე ჩემს მეგობარს მეორე კურსიდან იმის გამო აგდებდა, რომ ჩემმა მეგობარმა თქვა, - ქართულ ხალხურ ზღაპარში - "ჩიტი და მელია" ჩიტი ჩიორა ცუდი დედააო. პატონმა გივიმ უთხრა: - ცუდი სტუდენტი ხარ. ზღაპარს ასე პირდაპირ ნუ კითხულობ! მაგალითად, კომბლე მეცხვარე კი არა, პატრონია. როცა ადამიანს პატრონი ჰყავს, მისი ეშინიათ. თუ კარგი პრეზიდენტი გყავს, არც ერთ ქვეყანაში ცუდად არ შეგეხებიან, რადგან ყველამ იცის, შენი პრეზიდენტი კომბალს გამოიღებს და შენთვის ცუდის მსურველს თავში ჩაარტყამს. ასეა ჩიტი ჩიორაც: ბარტყები მისი შვილები კი არა, საქართველოს დაშლილი კუთხეებია, მტერს ხან აჭარას გადაუგდებს, ხან - კახეთს, რადგან მელიამ ხე თუ მოუჭრა, დაიღუპება - ხე სამშობლოა. მერე, ჩიტი ჩიორა მონადირეს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განმათავისუფლებელი - დავით აღმაშენებელი ან გორგასალი მოვა და საქართველოს ყველა კუთხეს დაუბრუნებს. ეს ზღაპარი ამის შესახებ არის დაწერილი და არა - ცუდ დედაზეო (იცინის)... ქართული ზღაპრები ძალიან "ღრმაა"... ახლახან მთაში ვიყავი და წასაკითხად ისეთი წიგნი ავიღე, ჩემმა მეუღლემ რომ მითხრა, - მთლად "გააფრინეო". რაღაც ქართულ დეტექტივს მივაგენი - სისულელე იყო. როცა დაღლილი ვარ, მსუბუქი წიგნის წაკითხვა მირჩევნია - ვისვენებ ხოლმე. ასევე, მსუბუქი ფილმის ნახვას ვამჯობინებ, ვიდრე ფსიქოლოგიური დრამის.

- "ჰარი პოტერი" მოდურობის გამო წაიკითხეთ?

- ჰო, უფრო ამის გამო. ხომ გახსოვთ, დიდი აჟიოტაჟი რომ ატყდა - ფილმი ისეთი კარგი არ არის, წიგნი უნდა წაიკითხოო? თან, ამას უფროსი ასაკის ადამიანები ამბობდნენ. ჩემი შვილი "ჰარი პოტერს" რომ კითხულობდა, არც დავინტერესებულვარ. - წაიკითხე. არ იცი, რას კარგავო! - ჯერ ერთმა მითხრა, მერე - მეორემ, მესამემ... წავიკითხე. მოგატყუებ, რომ ვთქვა, არ დამაინტერესა-მეთქი - ბოლომდე "გავყევი".

- მოდურობის გამო ხშირად გიყიდიათ წიგნი?

- არა. წიგნებს ჩემი მეუღლე უფრო ყიდულობს, მე უკვე ისე ვკითხულობ, რომ ჩემს პროფესიას გამოადგეს. მაგალითად, ახლა კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაში" თამაშმა მომიწია. ნაწარმოები მთლიანად გადავიკითხე. რა თქმა უნდა, წინათაც მქონდა წაკითხული, მაგრამ სპექტაკლზე მუშაობისას ნაწარმოებს სხვაგვარად ვკითხულობ. ხანდახან ფილმის ყურებაც მიჭირს: რომ ვუყურებ, ვხედავ მსახიობი რა კარგად მუშაობს ან რა შეცდომას უშვებს და ზოგჯერ ფილმად ვეღარ აღვიქვამ.

- წიგნი, რომელმაც თქვენს მსოფლმხედველობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა...

- ჰერმან ჰესეს შემოქმედება ძალიან მიყვარდა. ჰესეს "დამსვენებელმა" ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა კონკრეტულად ვერ ვიტყვი, როგორ შემცვალა. ეტყობა, ისეთ ასაკში წავიკითხე, რომ ამ ჩაფიქრებისთვის უკვე მომწიფებული ვიყავი... მერე ზიუსკინდის "კონტრაბასში" ვითამაშე. მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ცხოვრება უფრო მეხმარება, ვიდრე ნაწარმოებები. უცებ არც ერთ ნაწარმოებს არ შევუცვლივარ - ტყუილს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

- შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- უფრო - გაფანტული: წიგნების ნაწილი ქუთაისში მაქვს, ნაწილი - აქ, ნაწილი - სტუდენტობისას "გამებნა", როცა ქირით ვცხოვრობდი და ბინიდან ბინაში გადავდიოდი ანუ წიგნების ნაწილი ნაქირავებ ბინაში დამრჩა. ახლაც ნორმალური ბიბლიოთეკა მაქვს: ისეთი არაა, რომ ვინმე მოვიდეს და დაჯდეს, მაგრამ წიგნებს ვანათხოვრებ.

- სამაგიდო წიგნი გაქვთ?

- ადრე "გრაფი მონტე-კრისტო" მიყვარდა. "დათა თუთაშხიაში" საყვარელი ეპიზოდები მქონდა და ვკითხულობდი ხოლმე. ახლა ეს წიგნი საერთოდ, სად დევს, არც ვიცი.

- ცხოვრების რთულ სიტუაციაში წიგნი დაგხმარებიათ?

- შეიძლება, უნებურად ასეც მომხდარა, მაგრამ კონკრეტულად, ვერ ვიხსენებ. შესაძლოა, არ დავაკვირდი, მაგრამ როცა მიჭირდა, რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟი ფსიქოლოგიურად "გვერდით დამიდგა" და რთული სიტუაციიდან "გამომაძვრინა". იცი, რა? წიგნი ისეთი ძლიერია, რომ შანსი არ არის, მკითხველზე ზეგავლენა არ მოახდინოს. ლიტერატურულ ნაწარმოებებს კომპიუტერში ვერ ვკითხულობ. წიგნი რომ წავიკითხო, აუცილებლად მარტო უნდა ვიყო და ვიჯდე. ასეთ დროს ნაწარმოებში ბოლომდე "შევდივარ", კომპიუტერით სარგებლობისას კი ამის განცდა მიჭირს. თან, როცა ნაწარმოებს პირველად ვკითხულობ, გაცილებით შთამბეჭდავია - ამ დროს ზუსტ ემოციიას ვიღებ, ამიტომ ვცდილობ, განმარტოებული ვიყო, როცა რომელიმე წიგნს პირველად ვკითხულობ: ნაწარმოებში აღწერილ ეპოქაში დავბოდიალებ, პერსონაჟებს ვხედავ... მაგალითად, დიუმას "სამ მუშკეტერში" დ"არტანიანს მართლა ვხედავდი, როგორ დახტოდა. ამ ბიჭმა ფარიკაობა არ იცის - კალიასავით არის. წიგნში ეს ზუსტადაა გადმოცემული, ფილმებში - არა: ფილმებში დ"არტანიანი დახვეწილი მეომარია, რაც სიმართლე არაა... რამდენად დიდია ავტორი, მკითხველი იმის მიხედვით ხედავ ლიტერატურულ პერსონაჟებს, ნაწარმოებში აღწერილ მოვლენებს. მაგალითად, შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" წაკითხვისას ხედავ, პერსონაჟები ბავშვები არიან და ხვდები, რატომ უყვართ ერთმანეთი ასე თავგამეტებით, რატომ სჩადიან შეცდომას. 25 წლის ადამიანმა შეიძლება, ეს ემოცია ვერც განიცადოს, რასაც რომეო და ჯულიეტა განიცდიან...

ეთო ყორღანაშვილი