"მე მიშას ისტერიკული ტირილი ვნახე"
font-large font-small
"მე მიშას ისტერიკული ტირილი ვნახე"
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება

ჟურნალ "გზის" წინა ნომერში შემოგთავაზეთ ინტერვიუ პარლამენტის სამი მოწვევის ყოფილ დეპუტატთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ უფროსთან, ქალბატონ ელენე თევდორაძესთან. ამ ნომერში ვაგრძელებთ მასთან საინტერესო საუბარს. ჩვენი მკითხველი ბევრ გაუხმაურებელ ფაქტს და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიტყობს მისი მონათხრობიდან.


- ბევრი უსამართლობა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს?
- ძალიან ბევრი, ერთი საქმე მახსოვს კარგად. ერთ-ერთი ბანკის მფლობელი გაიქცა და მისი ბუღალტერი ქალი დააკავეს, რომელსაც 36 წელი მიუსაჯეს. ერთი ბიზნესმენის დედა მოვიდა. ამ ბიჭისთვის ბიზნესის წართმევა უნდოდათ. უარი თქვა, საქმე შეუკერეს და 9 წელი მიუსაჯეს. საპროცესო გადავიხადეთ და 4-ნახევარი უნდა მოიხადოსო, - ამბობდა დედამისი, მაგრამ მისი მეორე შვილიც დააკავეს, რაღაც ძვირად ღირებული ჯიპი ჰქონდათ, ის მოგვეცი, თუ არადა, შენც დაგიჭერთო. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. ზოგიერთი მიყვებოდა, ჩვენს შვილებს ციხეში რომ ვხვდებით, ვხედავთ, ფსიქიკური პრობლემები აქვთო. სასჯელის მისჯის შემდეგ ადამიანი ციხეში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ მაინც იზოლატორში ჰყავდათ გამოკეტილი - სულ ვრეკავდი ამ დარღვევის გამო და მათ ციხეში გადაყვანას ვითხოვდი. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან გამუდმებით ვაპროტესტებდი, მაგრამ იყო პასუხი, - პროკურატურამ თქვა ცუდი ბიჭიაო. ასე ირღვეოდა ადამიანების უფლება, რადგან პატიმარი თანამშრომლობაზე ამბობდა უარს. მათ რაღაც წამლებს უკეთებდნენ, ასეთი ფაქტებიც იყო. სამწუხაროდ როცა უკვე აღარ ვიყავი დეპუტატი, სააკაშვილი კატეგორიულად ამბობდა, რომ მე ციხეში არ უნდა შევსულიყავი.
GzaPress
- შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ციხეში არ გიშვებდნენ? ამაზე სააკაშვილთან არ გისაუბრიათ?
- რა თქმა უნდა, ბევრჯერ გამიპროტესტებია. ამბობდა, ყველაფერი კეთდება ისე, როგორც საჭიროა, თქვენი დახმარება აღარ მინდა. შეწყალება გაქვს და მიხედე ამ საკითხსო. ასე ვიყავი 2008-დან 2013 წლამდე, ერთხელაც არ შევსულვარ ციხეში. მეტსაც გეტყვით, როცა მიშა უკვე ამთავრებდა პრეზიდენტობას, მან მოიარა ყველა კაბინეტი და ყველა თანამშრომელს რაღაც სუვენირი აჩუქა, ასევე ყველას გამოუწერა ბონუსი, პრემიის სახით. ჩემთან არც შემოსულა, არც სუვენირი მოუტანია, არც პრემია მოუცია და არც მადლობა უთქვამს...
მე რომ მარგველაშვილმა გამათავისუფლა, ეს ტელევიზიით უნდა გამეგო? ელემენტარული ეთიკა არსებობს. 19 წელი ვიყავი ამ კომისიაში და აქედან 9 წელი - თავმჯდომარე. ხომ შეეძლოთ აპარატის თანამშრომელს მაინც დაერეკა და ეთქვა, გიშვებთო. მარგველაშვილს კარგად ვიცნობდი, რადგან ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყო და ხშირად ვხვდებოდით. მაშინაც ვხვდებოდი, როცა რეინტეგრაციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი, რადგან მინისტრ თემურ იაკობაშვილის მეგობარიც იყო. ჩემი მოულოდნელი გათავისუფლებიდან ერთი წელი იყო გასული, ზურაბ ჟვანიას სასაფლაოზე რომ შევხვდი. თქვენ გინდათ იყოთ სამართლიანი ადამიანი, მაგრამ ყველას მიმართ არ ხართ-მეთქი, პასუხი არ გამცა.
- ქალბატონო ელენე, მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული არაერთი პატიმარი შეიწყალა, ეს საქმეები თქვენ კარგად გემახსოვრებათ, რა რეაქცია გქონდათ ამაზე და ხმამაღლა რატომ არ აპროტესტებდით?
- შეგნებულად არ ვტოვებდი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, რადგან ვფიქრობდი, რომ ის პატიმრები, რომლებიც ნამდვილად შესაწყალებლები იყვნენ, ჩემ გარეშე არ მოხვდებოდნენ პროკურატურის სიაში. ამიტომ ვიმუშავე იქ კიდევ იმ ფონზე, რაც ხდებოდა.
- სიას ზურაბ ადეიშვილი ადგენდა?
- ადეიშვილის გარეშე არაფერი ხდებოდა. კონკრეტულად ვინ ადგენდა სიას, არ ვიცი. სანამ ვიყავი დეპუტატი, მიშას ჩემ მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. არავის აძლევდა უფლებას ვინმეს გავეკრიტიკებინე. მახსოვს, შალვა რამიშვილი რომ დააკავეს, ის დავიცავი და სიტყვით გამოვედი. მაშინ გიგა ბოკერიამ თქვა, მხოლოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს შეუძლია ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ლაპარაკობსო. მიშამ საყვედური უთხრა ბოკერიას, - ყველანი ხართ ცალკე და ელენე ცალკეა, მას აქვს თავისი მისიაო. მიშას მაშინ აწყობდა, რომ მე იქ ვყოფილიყავი, სადაც ვიყავი, ეს რაღაც იმიჯს უქმნიდა. ვფიქრობ, მიშა აირია ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ, მას მერე მასთან არც დავდიოდი. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ინგა გრიგოლიას ეთერში ვთქვი, პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ-მეთქი. ეს ვთქვი იმიტომ, რომ ვეღარ ვხედავდი ჩემი შრომის შედეგს, ბევრი უსამართლობა ხდებოდა და უშედეგოდ ყოფნა პარლამენტსა და პოლიტიკაში ჩემთვის მიუღებელი იყო. ჩემი განცხადების შემდეგ გახლდათ საპარლამენტო არჩევნები და მე იმ სიაში აღარ აღმოვჩნდი. ესეც სიურპრიზი იყო ჩემთვის. საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა, მიშამ დამიძახა და მითხრა, ყველა დიდ ქალაქში ჩვენ წავაგეთ არჩევნები. ძალიან გთხოვთ, იქნებ ყველა ქალაქში ჩახვიდეთო. მე წავედი და მიშამ ყველა ქალაქში მოიგო. ორ ქალაქზე მეუბნებოდნენ, - კი ჩახვალთ, მაგრამ იქ არჩევნებს მაინც წავაგებთო, მაგრამ ის ორი ქალაქიც მოიგეს. ეს ხდებოდა მას მერე, რაც სიაში არ ჩამსვეს. მიშამ მითხრა, თუ გინდა ელჩად გაგიშვებო, გამეცინა და უარი ვუთხარი. მაშინ რომელ სამინისტროში გინდა მუშაობაო, მე დავასახელე რეინტეგრაციის სამინისტრო და ვუთხარი, იქ უმცირესობების უფლებებზე ვიზრუნებ-მეთქი. წამოხტა, იქ მინისტრი უკვე მყავსო, - მინისტრის პოსტი არ მინდა-მეთქი, მოადგილედ იმ დღესვე დამნიშნა. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე, სანამ მინისტრად ეკა ტყეშელაშვილს არ დანიშნავდნენ, მან გამათავისუფლა. მითხრა, რომ თავისი კადრი მოჰყავდა მოადგილედ. იმ საღამოსვე დამირეკა მიშამ და მითხრა, - გტოვებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და ამ პოსტზე ხელფასს გინიშნავო. მანამდე ამდენი წელი ისე ვიმუშავე, ხელფასი არ მქონია, უხელფასო შტატი იყო. ეს თანამდებობა ფასიანი გახლდათ მარგველაშვილის დროსაც.
GzaPress
- როცა უმუშევარი დარჩით, ალბათ გაგიჭირდათ, არა?
- ძალიან მძიმე იყო ჩემთვის უმუშევრად დარჩენა, დეპრესია დამრია ხელი გარკვეული პერიოდი. მაშინ მომაგონდა შევარდნაძის ნათქვამი, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო: მთელი ცხოვრება აქტიურად ვმუშაობ და როცა საქმე არ მექნება, იმ დღიდან ძალიან მალე მოვკვდებიო. იცოდა თქმა, - თქვენ რომ მიკროფონთან დადგებით, მე უკვე გული მიმდის, რადგან ვიცი გამაკრიტიკებთ, მაგრამ საზღვარგარეთ თვლიან, რომ მაგარი დემოკრატი ვარ, რადგან ასეთი კრიტიკოსი მყავს გუნდშიო.
- შევარდნაძესთან ურთიერთობა გიადვილდებოდათ?
- მასთან მივდიოდი მხოლოდ მაშინ, როცა ვხვდებოდი, რომ მის გარეშე საკითხს ვერ გადავწყვეტდი. ადამიანი თუ მართალი იყო და ვერ ვეხმარებოდი, მივდიოდი ედუარდთან და იქიდან სულ გამარჯვებული გამოვდიოდი, საქმე დადებითად წყდებოდა. მეტყოდა, შეგიძლიათ ჩემთან უფრო ხშირად იაროთო, მაგრამ ხშირად არ ვაწუხებდი.
- რომელი პრეზიდენტის დროს იყო უფრო შედეგიანი თქვენი მუშაობა?
- ჩემი მუშაობა შედეგიანი შევარდნაძის დროს იყო და სააკაშვილის დროსაც მანამ, ვიდრე ზურაბ ჟვანია ცოცხალი გახლდათ. ბევრი რამ შეიცვალა ზურას სიკვდილის შემდეგ. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ზურა მიშასთვის ავტორიტეტი იყო, რაც მიშას გარემოცვას ძალიან აღიზიანებდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ზურა მოკლეს. დღემდე ეს პოზიცია მაქვს, მოაშორეს მიშას ზურა. ზურა მეტყოდა, - დამირეკავს მიშა, ავალ, იწყებს წივილ-კივილს და ველოდები როდის დაწყნარდება, მერე ვიწყებთ ლაპარაკს და საბოლოოდ, ყოველთვის ისე აკეთებს, როგორც მე ვეუბნებიო. არ ვიცი, ოდესმე გაიხსნება თუ არა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. მგონია, რომ მიშაც ფაქტის წინაშე დააყენეს, რადგან მისი ისტერიკული ტირილი ვნახე; არა მგონია, ასე მოჩვენებით იტიროს ადამიანმა, ჩამეხუტა და ტიროდა.
- ციხის უმძიმესი კადრები ყველამ ნახა, ეს ვითარება არ გინახავთ?
- 2008 წლიდან არ შევსულვარ ციხეში. მე ვნახე ის საშინელი პერიოდი, როცა გადატენილი იყო ციხეები. წინასწარი დაკავების საკნებში რომ შევდიოდი, იმდენი იყვნენ, კარს ვერ ვხურავდი. შევარდნაძის დროს თუ მორიგებით ეძინათ საწოლზე, მიშას დროს უკვე სკამზე ჯდებოდნენ მორიგეობით. მერე სწრაფად დაიწყო ახალი ციხეების აშენება და ბაჩო ახალაია რომ მოვიდა მინისტრად, მე მგონი აღარ ვიყავი დეპუტატი. მხოლოდ ციხის ბუნტი მახსოვს ბაჩოს დროს. პოლიტიკიდან წასვლაზე სწორედ იმიტომ განვაცხადე, რომ შევდიოდი და ვხედავდი უსამართლობას, მერე გამოვდიოდი და ვეღარ ვეხმარებოდი მათ. ამან მაიძულა მეთქვა, აღარ მინდა პოლიტიკაში-მეთქი. ბოკერიას და ადეიშვილის დროს ვეღარაფერს ვაკეთებდი.
- ყველაფერს ადეიშვილი და ბოკერია წყვეტდა?
- მიშასგან არაერთხელ მსმენია, - მე არავის ვენდობი, ორი კაცის გარდაო, მერაბიშვილს და ადეიშვილს ასახელებდა ჩემთან. ადეიშვილს დიდი გავლენა ჰქონდა. როცა შედეგს ვერ ვხედავდი, ადეიშვილთან შევწყვიტე სიარული. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მასთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებოდა.
- თქვენ ამბობთ, რომ ბევრი იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის, ასეთი ხალხი შეუწყალებიათ?
- ეს არ მახსოვს. სამწუხაროდ, 80-კაციან სიას რომ გადავცემდით, ამ სიას გზავნიდნენ პროკურატურაში, ადეიშვილთან იცხრილებოდა, 30-ს თუ დატოვებდნენ, იქ ამატებდნენ თავიანთ სიას და მერე მიდიოდა მიშასთან. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ის 30 კაციც ვერ დატოვებდა ციხეს. მკვლელობაში ბრალდებულებს არ ვაძლევდით რეკომენდაციას, თუმცა კონსტიტუცია აძლევდა სააკაშვილს უფლებას, ვინც უნდოდა, შეეწყალებინა. რა უნდა გვექნა, კანონით შეცდომას არ უშვებდა, მორალურად სჩადიოდა შეცდომას. შეიძლებოდა გირგვლიანის მკვლელები შეეწყალებინა? მე მათ პირადად შევხვდი ავჭალის კოლონიაში. ვუთხარი, - თქვენ სასჯელს მოიხდით ბოლომდე-მეთქი, მაგრამ ისინი მალევე შეიწყალეს, რასაც მერე განვიცდიდი. ამ დროს ისეთი ადამიანები იხდიდნენ სასჯელს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული და ამოყარეს სიიდან. რა სია მიდიოდა რეალურად მიშასთან, ეს არასოდეს მინახავს...
შევარდნაძის დროს საშინელი კორუფცია იყო. ციხის პირობებიც საშინელი, "ობშიაკიც" რომ იკრიბებოდა ყველამ იცის. ერთი ადამიანი ამდენ პრობლემას ვერც მაშინ ვუმკლავდებოდი. მომაკვდავიც რომ ყოფილიყავი, ციხიდან ციხის საავადმყოფოში სამკურნალოდ არ გადაგიყვანდნენ. ამიტომ ყველა ჩემთან მოდიოდა და დახმარებას მთხოვდნენ. ერთი აზერბაიჯანელი მოვიდა, ძმა მყავს ძალიან ცუდად და არ გადაჰყავთ საავადმყოფოშიო. ექიმმა დამიდასტურა, რომ ძალიან ცუდად იყო, მაგრამ იქვე მომიბოდიშა, ხომ იცით, ჩვენზე არ არის დამოკიდებული მისი საავადმყოფოში გადაყვანაო. დავრეკე გივი ყვარელაშვილთან და გადაიყვანეს. რამდენიმე საათში პარლამენტის მისაღებიდან მირეკავს მამაკაცი და მეუბნება, - ქალბატონო ელენე, თქვენთვის ბატკანი მოვიყვანე, აქ ვდგავარ და საშვს არ მაძლევენო. - დიდი მადლობა, ახლა ეს ბატკანი წაიყვანეთ და ეკლესიას შესწირეთ-მეთქი.
უცნაური შინაარსის განცხადებებიც მომდიოდა. მწერდა მამაკაცი, რომ მეზობელს ჰყავს მამალი, რომელიც ყოველდღე 5 საათზე აღვიძებს და ჩემი უფლება ირღვევაო. აუცილებლად ყველა განცხადებაზე ვწერდი პასუხს. მასაც მივწერე, - ეს ისეთი საკითხია, რომელშიც პარლამენტი ვერ ჩაერევა, თქვენ რაღაცნაირად უნდა მორიგდეთ-მეთქი. მოდის ისევ მისი წერილი, - ხომ ხართ ადამიანის უფლებების დამცველი, გთხოვთ ამ მამალს სიკვდილით დასჯა გამოუტანოთო. განსაკუთრებით გული მტკიოდა, როცა ბავშვები მწერდნენ პატიმრობაში მყოფ დედაზე ან მამაზე და მათ შეწყალებას ითხოვდნენ. ქალ პატიმრებთან უმრავლეს შემთხვევაში, მეუღლეები არ დადიოდნენ - ესეც სულ მიკვირდა. ქალებთან შესვლა ყოველთვის მიმძიმდა. ძალიან შურიანები იყვნენ, ერთს თუ შეიწყალებდი, სხვები ბრაზდებოდნენ, რატომ შეიწყალეთ ის და არა მეო. ზოგიერთი ძალიან მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2 პატიმარი ქალი: 80 წლის ქალი იხდიდა სასჯელს მკვლელობაზე. როგორც კი შევიდოდი მატროსოვის ციხეში, ის პირველი მხვდებოდა და მეხვეწებოდა შემეწყალებინა. ერთხელ ნასამართლევი იყო ქმრის მკვლელობისთვის, მეორე ქმარი მოუკვდა და გერი დარჩა, იმ გერს ირაკლი ერქვა. ეს ქალი სულ სვამდა. გერი ღამით მარანს კეტავდა, რომ არ დაელია და ბალიშის ქვეშ იდებდა გასაღებს. ერთხელ მოუნდა დალევა, აიღო ნაჯახი და 19 წლის გერი ნაჯახით მოკლა - ამიხსენით, ასეთი ადამიანი უნდა შემეწყალებინა? ამას ხელს ვერ მოვაწერდი. იმ პერიოდში ქალებს 10 წელზე მეტს არ უსჯიდნენ. ყველაზე მეტად ის მიკვირდა, რომ ეკლესია ითხოვდა მის შეწყალებას. ის ციხეში გარდაიცვალა.
კიდევ ერთი მძიმე ფაქტი მახსოვს, თავად მომიყვა და შემძრა ამ ამბავმა: ახალგაზრდა ქალს ჰყავდა საყვარელი, საყვარელს კი - ოჯახი. ეუბნებოდა, შვილის გამო ოჯახს ვერ დავანგრევ, ძალიან მიყვარსო. ბავშვი პირველ კლასში წავიდა, ეს ქალი ჩაუსაფრდა სკოლასთან და შესვენებაზე რომ გამოირბინა ბავშვმა, მოკლა - ეს მოხდა თბილისში. წარმოიდგინეთ, ამბობდა, ასე ხომ გადავუხადე სამაგიეროო. მასაც 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ვერც მას შევიწყალებდი.
- როგორია თქვენი დღის რეჟიმი დღეს და თუ გიკავშირდებიან ძველი ნაცნობები?
- ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ყველას აქვს საკუთარი პრობლემები. ზოგიერთ დეპუტატთან მაქვს სატელეფონო კავშირი, ვუკავშირდები ჩემი სკოლის მეგობრებს. ძირითადი დრო მაინც შვილთაშვილებთან ურთიერთობაში მიდის და მათ აღზრდაში ვარ ჩართული. შვილიშვილებს ვერ გავუწიე ბებიობა, რადგან სულ დატვირთული ვიყავი. მახსოვს ჩემს შვილიშვილს, პატარა სოფიკოს ჰქონდა დაბადების დღე, გაიღვიძა და მეუბნება, ბებო, დღეს ჩემი დაბადების დღეა და შენ სად მიდიხარო? ვუთხარი, - შევარდნაძესთან-მეთქი. თუ ფული აქვს შევარდნაძეს, დაპატიჟე ჩემს დაბადების დღეზეო. ძალიან გვიჭირდა იმ პერიოდში, დეპუტატის ხელფასი 120 ლარი იყო, არც შვილი მუშაობდა და არც რძალი... ერთი შვილი მყავს, 3 შვილიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ახლა მათით ვხარობ. დღეს წავიდნენ სკოლაში და მინდა მივაკითხო. იშვიათად გავდივარ ქუჩაში, რადგან სუნთქვის პრობლემა მაქვს, აქვე მაღაზიებში ჩავდივარ, ეზოში და ერთადერთი ჩემი მარშრუტი შვილთაშვილებთან წასვლაა.
- დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
- პოლიტიკაზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე ვიჯექი მიშას აპარატში, ხმა მივეცი "ოცნებას", რადგან ბევრ უსამართლობას ვხედავდი და მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. არ მომწონს დღეს არსებული ვითარება, ხალხს ძალიან უჭირს. ქუჩაში ყოველი მეორე ადამიანი ან მიღიმის, ან მაჩერებს და მელაპარაკება. მე მიჭირს მატერიალურად, მაგრამ ეს დამოკიდებულება მახარებს. ვცხოვრობ როგორც პენსიონერი, მაქვს დეპუტატის 560 ლარი. განვიცდი, რომ ამ ფულით ვერ ვეხმარები პატარებს, რადგან ძალიან ბევრი თანხა მეხარჯება წამლებში, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ჟანგბადის გარეშე ვერ ვცხოვრობ. 7 წელია მოვიდა ეს ხელისუფლება და არასოდეს შემიწუხებია, მხოლოდ ერთხელ დავწერე განცხადება, რადგან დამჭირდა ჟანგბადის სასუნთქი აპარატი, მივმართე სახელმწიფოს რომ დავეფინანსებინე - სამწუხაროდ მშრალი უარი მივიღე. არადა, ფორმაში ეწერა, რომ ეს არის სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მერე მსოფლიო ქართველ ქალთა და ქართველ ებრაელთა ასოციაციამ მაჩუქა ეს აპარატი, რომლის წყალობითაც მე დღეს ვსუნთქავ.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დროშა ვერ დაკიდენ" ანუ როგორ ხუმრობენ ქუთაისში
"შეირყა პარტიის მიმართ ნდობა და იქ დარჩენის მიზეზი არ მქონდა"
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი