რა არის წარმატებული ქვეყნების საფუძველთა საფუძველი - გზაპრესი

რა არის წარმატებული ქვეყნების საფუძველთა საფუძველი

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პარტიის გეგმებზე, სამართლიანობა-უსამართლობის განცდაზე, "ოცნების" "კრახით შეხვედრილ" 7 წელსა და პირად თემებზე გვიყვება.

- არჩევნების ბოლო წელი დაიწყო, როგორ ემზადება თქვენი პარტია 2020 წლისთვის?

- უკვე ვამზადებთ პარტიის პროგრამას, რომლითაც გვინდა, რომ მოსახლეობის წინაშე წარვდგეთ. ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი განათლება უნდა გახდეს. სხვადასხვა დარგისა და სფეროს წარმომადგენლებს ვხვდებით და აქტიურად ვმუშაობთ რეგიონებშიც.

- ერთ-ერთ არჩევნებში თქვენი მთავარი სლოგანი იყო - "სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის", დღეს რაში ხედავთ ყველაზე მეტ უსამართლობას?

- ვფიქრობ, სამართლიანობაა ყველაფრის საფუძველი. პირველ ოქტომბერს 7 წელი გავიდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ქვეყანა უსამართლობაში რომ იხრჩობოდა, სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო მათი მხარდაჭერის მთავარი მოტივაცია, მაგრამ სამწუხაროდ, უსამართლობა დღეს კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სამართლიანი ქვეყნის შექმნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ყველაფრის საფუძველია. ადამიანმა იცის, რომ თუ ის კანონს არ დაარღვევს, დაცული იქნება, მიუხედავად იმისა, ვის დაუპირისპირდება და როგორი ძლიერი იქნება მისი მტერი. ის ყოველთვის შეეცდება, რომ კანონმორჩილი იყოს. თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა იცის, რომ დაკავებული მაღალი თანამდებობის მიუხედავად, უსამართლობის ჩადენისას აუცილებლად დასჯიან, ის ათასჯერ დაფიქრდება, ვიდრე კანონს დაარღვევს. ამიტომ, სამართლიანობაა ყველაფრის საფუძველი, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების, რადგან ბიზნესს თავისუფალი გარემო სჭირდება. სამართლიანობა იქნებოდა გარანტი იმისა, რომ ქვეყანა ნორმალურად განვითარებულიყო. "ოცნებამ" მოლოდინები ვერ გაამართლა ვერც საშინაო პოლიტიკაში და ვერც საგარეოში. ლამის ყოველდღე ვხედავთ, როგორ ვკარგავთ ტერიტორიებს. "ოცნებას" დასაკვეხნი არაფერი აქვს და ის კრახით შეხვდა ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლისთავს.

GzaPress

- დემოკრატიაზე რას იტყვით? რა დონეზეა ჩვენთან? - როგორც უინსტონ ჩერჩილი იტყოდა, დემოკრატიული მმართველობა უხინჯო და იდეალური არ არის, მაგრამ ეს არის საუკეთესო, რაც კი ადამიანს მოუგონია. ჩვენთან იმდენად არასწორად წარიმართა პროცესები, რომ სიტყვა "დემოკრატია" ლამის სალანძღავ სიტყვად იქცა, რადგან დემოკრატიის დროშით სააკაშვილის ხელისუფლებაც სერიოზულად არღვევდა ადამიანთა უფლებებს და ასევეა დღევანდელი ხელისუფლებაც - მუდმივად იმ მოსამართლეებს გვინიშნავს, რომლებიც პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებდნენ და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში უშვებდნენ. ამიტომ, სიტყვა "დემოკრატია" გაცვდა და მიმზიდველობა დაკარგა. არადა, დემოკრატია, რეალურად, თავისუფალი არჩევნები, ყველას თანასწორობაა კანონის წინაშე; ადამიანი, რომელიც შრომობს, შრომის შესაბამის გასამრჯელოს უნდა იღებდეს, არ უნდა ეშინოდეს თავისი მოსაზრებების გამოთქმის. ეს არის საფუძველთა საფუძველი იმ წარმატებული ქვეყნებისა, რომლებსაც დღეს ჩვენ ასე ვესწრაფვით. ჩვენ გვინდა დემოკრატიის შედეგები, კარგად ცხოვრება, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა იშრომოს და სირთულეები შეიქმნას ამ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების გზაზე. ეს შეუთავსებელია.

- მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არ ესმის სწორად დემოკრატია.

- იმიტომ, რომ ადამიანებამდე ის სრულიად არასწორად მიიტანეს, ე.წ. პროდასავლურმა ელიტამ დასავლური ღირებულებების აბსოლუტური დისკრედიტაცია მოახდინა. როცა ადამიანს ეუბნები, რომ დასავლური ფასეულობა მაინცდამაინც ჰომოსექსუალიზმის წახალისება და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა, რა თქმა უნდა, ის მიუღებელია აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ საკითხზე თავად ევროპაშიც აზრთა სხვადასხვაობაა, საფრანგეთში მილიონიანი მიტინგი გაიმართა, გახსოვთ, ალბათ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ვაიევროპელები ცდილობენ თავიანთი განსაკუთრებულობის გამოკვეთას ამ პრინციპებით და ამან დააზარალა ბევრი სწორი ფასეულობა.

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე თქვენი პოზიცია, ზოგადად, კარგადაა ცნობილი, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებზე რას ფიქრობთ?

- მაგალითად, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ნიმუშია იმისა, თუ როგორ არ უნდა დაგეგმო და წარმართო მოლაპარაკება. ჩვენი ხელისუფლება, შეშინებული ბოკერიასა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არიქა და პრორუსი არ დაგვერქვასო, ერთი მხრივ, ხედავს იმის აუცილებლობას, რომ წინასაარჩევნო წელია და რუსეთთან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან ბევრი ადამიანი ელოდება ამას და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ზარალდება ფრენების შეწყვეტის გამო. ხელისუფლება, რომელიც გარკვეულწილად, კუთხეშია მიმწყვდეული, დიალოგის გამართვის აუცილებლობას კი ხედავს, მაგრამ იმდენად შეშინებულები და არაკომპეტენტურები არიან, რომ ვერ დაგეგმეს, როგორ წარმოეჩინათ რეალობა. იმის თქმისაც შეეშინდათ, რომ ლავროვთან შეხვედრა მათი ინიციატივა იყო, რაც მათ უხერხემლობაზე მეტყველებს. პირდაპირ უნდა ეთქვათ. მოკლედ, ბევრი ილაპარაკეს შეცდომებით და ესეც იმ კომპლექსების შედეგია, რომელიც ხელისუფლებას აქვს პროდასავლური ტრენდის მიმართ. ამან განაპირობა სრული გაუგებრობა რუსულ და ქართულ დელეგაციებს შორის, ბატონი ლავროვის მხრიდან ირონიული განცხადებები კი, აბსოლუტურად ბუნებრივი - არ დაგვამადლა ირონიული ღიმილი და დაცინვა.

- მაგალითად, აბაშიძე-კარასინის შეხვედრები უფრო ნაყოფიერი იყო?

- ვერ შევადარებთ, რადგან განსაზღვრული ფორმატის მქონე ამ შეხვედრებს, რომელიც რამდენიმე წელია მუშაობს, პატარა, მაგრამ გარკვეული შედეგები, ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაინც აქვს. ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას შესაძლოა ერთადერთი შედეგი - ფრენების აღდგენა მოჰყოლოდა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, თუ ობიექტურად შევხედავთ, სხვა შედეგი ამ შეხვედრას ვერც მოჰყვებოდა. ბევრი და მძიმე თემაა დაგროვილი, რომელთა მოგვარება პირველივე შეხვედრაზე შეუძლებელი იყო. მათ თანამიმდევრული და გეგმაზომიერი მუშაობა სჭირდება. პირადად მე, იმედი არ მაქვს, რომ ეს ფორმატი გაგრძელდება.

- პირად თემებსაც შევეხოთ მოკლედ. როგორია ნინო ბურჯანაძის ერთი ჩვეულებრივი დღე? როგორი დიასახლისი ხართ?

- არის პერიოდები, როდესაც ძალიან დაძაბული გრაფიკი მაქვს, დილის 8 საათიდან ღამის ორ საათამდეც კი. პარლამენტის თავმჯდომარეობისა და ოპოზიციაში ყოფნისას ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი დატვირთული არჩევნების ან მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს. ამ რეჟიმში, ცხადია, სახლში ნაკლებად ახერხებ რაიმეს გაკეთებას. როცა მეტი დრო მაქვს, ვფიქრობ, ვარ კარგი დედა, მეუღლე, შვილი, დიასახლისი, რადგან, წესრიგი მიყვარს და რაც უნდა დაღლილი ვიყო, თუ სადმე რამე ზედმეტი ნივთი შემხვდება, აუცილებლად თავის ადგილს მივუჩენ. თუმცა, დედა იმდენად მოწესრიგებულია, რომ ასეთი რამ იშვიათად ხდება. საერთოდ, სახლი, ოჯახთან ყოფნა მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ სულ გასული ვიყავი და შინ ყოფნა მენატრებოდა.

GzaPress

- ყოველთვის მოწესრიგებული ხართ, რა დროს უთმობთ საკუთარი თავის მოვლას? - მიმაჩნია, რომ მოწესრიგებაც ქალისთვის ვალდებულებაა. ჩემს ოჯახში ყველა ასეა. მაგალითად, ბებია, მამას დედა, ძალიან ლამაზი ქალი იყო, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. საერთოდ, ჩემს ოჯახში ყველა იმდენად ლამაზი იყო, რომ მათთან შანსიც არ მქონდა, რამენაირად ლამაზი გამოვჩენილიყავი. მახსოვს, როცა ბებო მძიმედ გახდა ავად, საწოლიდან იშვიათად დგებოდა და ერთხელ, სანახავად რომ მივედით, ხალათი ეცვა. მამას ძალიან გაუკვირდა და აღნიშნა, დედაჩემი ხალათით პირველად ვნახეო. წარმოგიდგენიათ? ოთხი შვილის დედა ყველაფერს ასწრებდა, იმდენად მოწესრიგებული იყო, რომ საკუთარმა შვილმა ხალათით პირველად ნახა. პირველ რიგში, დილით თავს იწესრიგებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიოდა ოთახიდან.

იგივე შემიძლია გითხრათ დედაჩემზე. არ მახსოვს, მანიკიურისა და დავარცხნილი თმის გარეშე, "კოსმეტიკას", ფაქტობრივად, არ იყენებს, ჩემგან განსხვავებით. არ სჭირდება, ყოველთვის იმდენად ლამაზი იყო. ახლა დედა 84 წლის არის და იგივე შემიძლია გითხრათ - მოუწესრიგებელი არ მინახავს. ალბათ, ეს ტრადიციაა ჩემს ოჯახში და მეც ვცდილობ, ამას მივყვე, ოღონდ, ზედმეტი, თვალში საცემი ელემენტების გარეშე. როდესაც პედაგოგი ვიყავი, ცხადია, ჩაცმულობაც და ვარცხნილობაც სხვანაირი იყო საჭირო, ოფიციალურ ვიზიტებზე - სხვანაირი. მიმაჩნია, რომ სტუდენტმა იმას უნდა მიაქციოს ყურადღება, შენ რას ლაპარაკობ და არა იმას - რა გაცვია, რა სიგრძის და ა.შ. ასევე ვთვლი პოლიტიკაშიც. პოლიტიკოსმა ქალმა გამომწვევად არ უნდა ჩაიცვას. როცა საუბრობ, უნდა გისმინონ და არა - ამა თუ იმ დეტალს უყურონ შენს სხეულსა და ჩაცმულობაზე.

მოწესრიგებულობას, თავის მოვლას ნამდვილად სჭირდება დრო და ამას ძილის ხარჯზე ვაკეთებ. არ მიყვარს დიდხანს ძილი, ამაზე დროის დაკარგვა მენანება. სულ მგონია, რომ ძილში ძვირფასი დრო იკარგება. მესმის, რომ არ არის მარტივი, კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ აუცილებელი არ არის, ძვირფასი სამოსი გეცვას და ძვირფასი სამკაული გეკეთოს. ძვირადღირებულობა არასდროს განსაზღვრავს მისი პატრონის გარეგნულ მიმზიდველობას, სადა და გემოვნებიანი ჩაცმულობა პატრონის შინაგან კულტურაზე ნამდვილად მეტყველებს.

- ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რა მიგიღიათ?

- შარშან ზაფხულს მომართვეს ჩემმა შვილებმა, ფანტასტიკური ფიგურაა - დიდი თეთრი დათვი წევს და ერთი ბელი ზურგზე ჰყავს შებობღებული, მეორე - გვერდზეა მიხუტებული. ეს ისეთი სიმბოლური და ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის, რომ სუნთქვა შემეკრა. სადღაც წააწყდნენ ჩემი ბიჭები და გადაწყვიტეს ჩემთვის ეჩუქებინათ. ძალიან სიმბოლური იყო და გამახარეს.

თამთა დადეშელი