ხეთელი ბიჭი კოლხური ბზის გადასარჩენად - გზაპრესი

ხეთელი ბიჭი კოლხური ბზის გადასარჩენად

ალექსანდრე ნარსია სოფელ ხეთას მკვიდრია. 17 წლის იყო, როდესაც "წითელ წიგნში" შეტანილი კოლხური ბზის გადასარჩენად სანერგე მეურნეობა მოაწყო. წუხს, რომ კოლხური ბზის არეალი უფრო და უფრო მცირდება და გადაშენების პირასაა. არადა, კოლხური ბზა ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქნე მცენარედ ითვლება.

- სკოლა შარშან დავამთავრე, სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე გავაგრძელე, სპეციალობად სატყეო საქმე ავირჩიე. ასე რომ, მომავალი მეტყევე ვარ. პატარაობისას უფროსებთან ერთად საკარმიდამო ნაკვეთში მცენარეებს მეც ვუვლიდი, მეც მქონდა ჩემი პატარა ბოსტანი, ბებიას ვეხმარებოდი. ეს კი არა, ხბოებსაც ვპატრონობდი, კურდღლებიც მყავდა. მერე ვეღარ შევძელი მათი მოვლა. როდესაც ზაფხულობით დასასვენებლად მივდიოდი, დედა უვლიდა ყველაფერს და მსაყვედურობდა, ჩემს იმედად ტოვებო (იცინის). სკოლაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული სამოქალაქო პროექტებში. მინდოდა, რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა, რაც გარემოს უკეთესობისკენ შეცვლიდა. სკოლის თვითმმართველობის წევრიც ვიყავი და თავმჯდომარეც, ორგანიზატორული უნარი მაქვს და შემიძლია გარშემო მყოფები დავარწმუნო, ამა თუ იმ ქმედებას რა სიკეთე შეიძლება მოჰყვეს.

- კოლხური ბზით რატომ დაინტერესდი ან როგორ მოახერხე სანერგე მეურნეობის გაკეთება 17 წლის ბიჭმა?

- საერთოდ, ადამიანი მაშინ იწყებს ფიქრს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაზე, როდესაც სხვები ირიდებენ პასუხისმგებლობას. 2015 წელს ქალბატონ მაია კოდუასთან ერთად (ის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის რეგიონული კოორდინატორი გახლავთ) ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ და მასწავლებელმა სოფელ პირველ მაისში შევაგროვეთ ბზის თესლი. კონსერვაციისთვის ბუნებრივი გავრცელების არეალიდან ავიღეთ თესლი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თესლის ბანკშია შენახული. ჩემთვის ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა. სკოლაში ბზა რომ დაგვეკალმებინა, ჯანსაღი ტოტები გვჭირდებოდა და სახლიდან მივიტანე. ისე მოხდა, რომ მე ვუვლიდი, ვრწყავდი. მერე გადავწყვიტე, მეცადა და სახლშიც გამეკეთებინა სანერგე მეურნეობა. როგორც იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებდი. ვუვლიდი და დღესაც სიყვარულით ვუვლი. ეგ არის მთავარი, სხვა არაფერი - თუ სიყვარული არ გაქვს, ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებ.

GzaPress

- ინფორმაცია მისი მოვლის შესახებ ინტერნეტით მოიძიე? - ბავშვობისას ბოსტანში ფუსფუსის შედეგად გარკვეული ინფორმაცია დამიგროვდა, მოვიძიე კიდეც, ქალბატონი მაიაც დამეხმარა და დანარჩენი უკვე პრაქტიკამ მიჩვენა. ამ საქმეში მთავარი მეგზური მაინც ბუნების სიყვარულია. კომერციული თვალსაზრისით რომ მივდგომოდი ამ ყველაფერს, ასე მგონია, არ გამოვიდოდა. მცენარეს ეფერები და იმან იცის, რომ გიყვარს, ისიც იცის, ტოტს იმისთვის აჭრი, რომ გაახარო და მოუარო და არა იმიტომ, რომ ბზობას გაყიდო და გაახმო. ყველა მცენარე ცოცხალია და ჩვენზე უფრო მეტი ხშირად მათ ესმით. ისინი გვიფრთხილდებიან, ჟანგბადს გვაძლევენ, მაგრამ ჩვენ არა - ვჭრით და ვწვავთ ხეებს.

- ესე იგი, ბზა 2 ხერხით მრავლდება - დაკალმებითაა და თესლით?

- კოლხური ბზა მრავლდება როგორც დაკალმებით, ისე ნაბარტყით, ისე გადაწვენით და თესლით. ყველაზე მარტივი და შედეგიანი დაკალმების მეთოდია. პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა. თავიდან 200 ტოტამდე ინსტრუქციის მიხედვით დავაკალმე - პატარა ზომის ტოტები დავჭერი, მაგრამ არ გაამართლა. მეგონა, გახმა და გადავყარე, მხოლოდ რამდენიმე მიწაში ჩავრგე. მერე პირდაპირ ღია გრუნტში დავაკალმე. წელს შემთხვევით შევამჩნიე, რომ ბალახებში რაღაც ამოსულიყო, სარეველას არ ჰგავდა. მე როცა თბილისში ვარ, ბებია უვლის ხოლმე ჩემს ბზებს და ვიფიქრე, ალბათ მან ჩარგო-მეთქი რაღაც. აღმოჩნდა, მე რომ გამხმარი მეგონა, იმ ბზებს ფესვები გაუდგამს. მცენარემ მითხრა, შენ ჩემი იმედი არ გქონდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, მე მაინც უნდა გარგოო. ესაა ბუნების კანონი, ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ. ბზობის წინა პერიოდი აიღოთ თუნდაც, რა ხდება. წელს ბზობამდე რამდენიმე დღით ადრე დავიწყე ქალაქის ქუჩებში სიარული. სატყეო სამსახური, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საკმაოდ რთულია კანონდარღვევების აღკვეთა. დღესასწაულამდე 3 დღით ადრე თბილისში ეკლესიების შემოგარენი დამტვრეული ბზის ტოტებით გაივსო. ხომ შეიძლება, რომ ვინმემ საბუთი მოსთხოვოთ? გასაგებია, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ ეს ვერ ამართლებს ბზების განადგურებას. ეკლესიაში რომ ათასობით ტოტი იწვება, კანონი ხომ მაშინაც ირღვევა? რაც არ იყიდება, იმას იქვე ყრიან. წელს ვერ მოვითმინე და ჩემს ორ მეგობართან ერთად ამ ტოტების შეგროვება დავიწყე. 2 ტომრიდან ნახევარი ტომარა გამოსადეგი იყო. ერთი კვირის მერე სამეგრელოში წავიღე, ნიადაგი გამზადებული დამახვედრა ბებიამ, დასაფესვიანებელი ხსნარიც გამოვიყენე და დავაკალმე. 50%-მა გაიხარა, ეს ნამდვილი სასწაული იყოს. წარმოიდგინეთ, რამდენი გადაიყარა ნაგავსაყრელზე მაშინ, როცა შეიძლებოდა ვინმეს სახლში წაეღო და ეხარებინა. მეეზოვემ გვითხრა, ისე შეაგროვეთ, რომ არ შეგამჩნიონ, თორემ იფიქრებენ, რომ ტოტები მოგყიდეთ და სამსახურიდან გამიშვებენო. ბოლოს და ბოლოს, მოეგროვებინათ და რომელიმე სანერგესთვის მაინც გადაეცათ. მოსახლეობა ტყეში ბზის პატარა ნერგებს ძირკვავს და ყიდის, ამისთვის არავინ ისჯება. მერე ვწუწუნებთ, რომ ბევრი სახეობა გადაშენების პირასაა, ტყეები იჩეხება, წყაროები შრება და ა.შ... იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია. დასანანია, რომ ასეთ რამეებს ყურადღება არ ექცევა. კოლხური ბზის მასობრივი ხმობა რომ დაიწყო, გასაპიარებლად ერთი-ორგან შეწამლეს, ინტერნეტში ატვირთეს და მორჩა. არ შეწამლულა ისეთ მასშტაბებში, როგორიც საჭირო იყო. ხან ტექნიკის არქონას იმიზეზებენ, ხან - თანხებისას. კარგია, რომ რეგენერაციის პროცესი შეინიშება, მაგრამ დასანანია, რომ ჩემი თანატოლები სატყეო სფეროთი ნაკლებად ინტერესდებიან. არადა, საქართველოს 40% ტყითაა დაფარული. ვინც რჩევას მეკითხება, როგორ ახარონ, არავის ვზარდები. ზოგს თვითონაც დავუკალმე და ისე უვლიან, როგორც შვილს. ბევრი გავაჩუქე კიდეც, მაგრამ მოუვლელობით გაუხმათ და გული დამწყდა - წარმოიდგენთ, რომ მცენარეს ადამიანივით ველაპარაკები? ისინიც, შესაბამისად, უკან მიბრუნებენ ამ ზრუნვას და ხარობენ.

ნინო ჯავახიშვილი