სოციალური ქსელები - დიდი საფრთხე მოზარდებისთვის - გზაპრესი

სოციალური ქსელები - დიდი საფრთხე მოზარდებისთვის

ქვეყანაში სუიციდის სტატისტიკა შემაშფოთებელია. გასულ წელს საქართველოში სუიციდის 389, ხოლო სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, 2019 წლის 6 თვის მონაცემებით კი 207-მა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო 219-მა თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანია. ბოლო დროს მედიით მოზარდების თვითმკვლელობის არაერთი ფაქტი გაშუქდა. ხშირად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უჭირთ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი, თუმცა სპეციალისტები ასეთი ტრაგედიების ერთ-ერთ მიზეზად მოზარდების სოციალური ქსელებით შანტაჟსა და ბულინგს ასახელებენ.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სოციალურ ქსელებში ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებენ გარკვეული ჯგუფები და ამდენს ვეღარ უძლებს ბავშვის ფსიქიკა. მომხდარი ტრაგედია არაერთხელ ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" დაუკავშირეს, თუმცა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ თამაშის არც ერთი შემთხვევა საქართველოში ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ისიც ფაქტია, არც ერთი სუიციდის საქმე ძალოვანებს ბოლომდე გამოძიებული არა აქვთ და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ამ დრომდე ელოდებიან უწყებისგან მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ მოიკლა მათმა შვილმა თავი.

საზოგადოება კი ამდენი ტრაგედიის გამო წუხს.

გამუდმებით ისმის კითხვა, თუ რა უბიძგებს მოზარდებს ასეთი უმძიმესი ნაბიჯისკენ და როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას. მშობლებს რომ შვილების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, ესეც ფაქტია.

მოზარდების კიბერუსაფრთხოებაზე რომ სერიოზული პრობლემები და გამოწვევები არსებობს, ამაზე ღიად საუბრობენ სპეციალისტები. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის (CASE) დამფუძნებელი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ლაშა პატარაია აცხადებს, რომ საშიში თამაში "ლურჯი ვეშაპი" რეალურად არსებობს.

- ლაშა, რამდენად მიიჩნევა სერიოზულ საფრთხედ თამაში "ლურჯი ვეშაპი"?

- ეს რეალობაა და მართლაც სერიოზული საფრთხეა როგორც სხვაგან, ასევე - საქართველოში. სამწუხაროდ, ამ თამაშს რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება საფრთხეებს, მარტო ამ თამაშით არ შემოიფარგლება, არანაკლებ პრობლემურია ონლაინკაზინოები და კიდევ ბევრი სხვა თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ ბავშვები, მათი გაკონტროლება კი შეუძლებელია. თან თამაშობენ სხვისი ექაუნთით. თავად სოციალური ქსელებია დიდი საფრთხის შემცველი. რადარებზე ძალიან ცოტა რამე ჩანს, მაგრამ რეალურად საფრთხე ბევრად მეტია. შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით ის არ იყოს თამაში, მაგრამ იყოს ფსიქოლოგიური ზეგავლენა სხვა ფორმით. მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, რთულია, მაგრამ ყველაზე მთავარია, მშობელმა პირველ რიგში თავისი ცნობიერება აიმაღლოს. ბავშვების შემთხვევაში მეტი საფრთხეა, უამრავი რამ არსებობს. მაგალითად, პედოფილია. შეიძლება ადამიანის გატაცებაც კი მოხდეს ასეთი გზით. თუ კონკრეტული პიროვნების შვილის გატაცება სურთ, შეუძლიათ, კომპიუტერით ელემენტარულად ბავშვის მარშრუტი გამოითვალონ და გაიტაცონ. პირველ რიგში, როცა "აიპადებს", "აიფონებსა" და ამ ლამაზ სათამაშოებს ყიდულობს მშობელი, უნდა იცოდეს, რომ მას გვერდითი მოვლენები აქვს და შეიძლება ფატალურიც. ბავშვის უსაფრთხოებას თავი რომ დავანებოთ, მისი ფსიქიკაც შეცვლილია. ბავშვები თავიანთ თავში იკეტებიან. ხშირად მშობლები აფრთხილებენ შვილებს, რომ უცხოს არ დაელაპარაკოს, მანქანაში არ ჩაუჯდეს, მაგრამ მშობლების ამ დამოკიდებულებას ვერ ვხედავ ინტერნეტსივრცეში. მათ ჰგონიათ, რომ ეს არ არის საშიში, რადგან ვირტუალურია. არადა, რეალური საფრთხეა. ასეთი ნიჰილისტური ტრენდები ბავშვებს უყალიბებს სუიციდუალურ ჩანასახებს. ამიტომ ჯობია, ბავშვებს შევთავაზოთ ალტერნატიული აქტივობები, მისთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად და რაც ყველაზე მთავარია, მშობელმა გააკონტროლოს, რას აკეთებს კომპიუტერში მისი შვილი. მონიტორინგი აუცილებელია. არის სპეციალური აიპედი და ის უნდა უყიდო ან მეტი დახარჯო და დააყენო ფილტრები, რომ ყველგან ვერ შევიდეს მოზარდი. კიდევ ვამბობ, ზოგადად არასრულწლოვნების ინტერნეტაქტივობა, ამ ყველაფრის კონტროლი და პრევენცია დიდი გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის. ერთი მხრივ მშობელს არ უნდა, რომ ბავშვი შეზღუდოს, აძლევს ახალ ტექნოლოგიებს, პლანშეტს, ტელეფონს, კომპიუტერს. თითქოს ეს გზა უფრო იოლია მშობლისთვის. ბავშვი ერთობა, ამ გზით კი თვითონ ნაკლებად დაიხარჯება შვილთან ურთიერთობაში, თითქოს კომფორტულია, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მას ნეგატიური შედეგი ახლავს. არა მარტო თამაში "ლურჯი ვეშაპი", ზოგადად სოციალური ქსელების მოხმარებამ შეიძლება პრობლემა წარმოშვას მოზარდის შემდგომი ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.

GzaPress

- "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი თამაშები ბევრია? - ბევრი არ მსმენია, მაგრამ როცა ასეთი აქტუალურია რაღაც, მიმბაძველებიც ჩნდებიან. არ არის გამორიცხული, იმავე სცენარით სხვა პლატფორმაზე ააწყოს ასეთი თამაში იმ ხალხმა, ვინც ამის უკან დგას.

- სუიციდის რამდენიმე შემთხვევა დაუკავშირეს ამ თამაშს, თუმცა გამოძიება დაზარალებულებს ეუბნება, რომ კომპიუტერში ვერანაირ ხელჩასაჭიდს ვერ პოულობს. წაშლილი ინფორმაციის აღდგენა რამდენად ადვილია და რა უნდა გააკეთოს შს სამინისტრომ?

- იმ საფრთხეებს, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, არ გააჩნია შეზღუდვა, ეს თანაბარია ყველასთვის. განვითარებულ ქვეყნებში ამ საფრთხეებს რეალურ დროში აკონტროლებენ, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სტრუქტურა უპირისპირდება და ცდილობენ, საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯონ ამ ყველაფრის პრევენციისთვის. საქართველოში პრევენცია არ ხდება, ინციდენტი მოხდება და მერე იწყებენ მოკვლევას. როგორც წესი, ეს უკვე დაგვიანებულია, ფატალური შედეგი სახეზეა. კიბერსივრციდან მომდინარე თუნდაც ტრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობები კი საქართველოში ძალიან მწირია, რადგან კადრების პრობლემაცაა. ამ ნაწილში საკადრო დეფიციტი უზარმაზარია, ამას გარდა, საკმაოდ წამგებიან სიტუაციაშია სამართალდამცავი სამსახურები, რადგან იქ ანაზღაურება დაბალია, ვიდრე კერძო სექტორში და კარგი სპეციალისტი მიდის კერძო სექტორში. უნდა გადახედონ შესაბამისმა სამსახურებმა სახელფასო პოლიტიკას და გააცნობიერონ ამ საქმის რეალური ღირებულება. დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზრო ღირებულება რეიტინგებში ყველაზე მაღალია სხვა პროფესიებთან შედარებით. დიდი ბრძოლა მიდის კერძო კომპანიებს შორის, რომ ერთმანეთს წაართვან კარგი სპეციალისტები. მე არ ვაყენებ შს სამინისტროს თანამშრომლების კომპეტენციას ეჭვქვეშ, ალბათ ყველა სტრუქტურაში არიან კარგი სპეციალისტები, მაგრამ ამ სპეციალისტების რაოდენობა ძალიან მცირეა და მათ არ სცალიათ პრევენციისთვის. ხდება ინციდენტი, მერე ხდება გამოვლენა, ეს უკვე ცუდია, პრევენცია უნდა ხდებოდეს.

- რას ეტყოდით მათ, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ასეთი საშიში თამაშების არსებობას?

- საქართველოში არ ვიცი ორგანიზაცია ან ჯგუფი, რომელიც თუნდაც "ლურჯი ვეშაპის" საკითხების შესწავლაზე მუშაობს, კონკრეტული მაგალითები კი არსებობს. მშობლებს ვურჩევ, ეს დაიჯერონ. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ საფრთხეებს ეჯახება არასრულწლოვანი, რომელიც არ არის მომზადებული იმ გამოწვევებისთვის, რაც მას ინტერნეტში ხვდება, ის იღებს ისეთ ინფორმაციას, რაც არ უნდა მიიღოს და თქვენ ვერანაირ ფილტრებს ვერ დაადებთ მას. ეს ინფორმაცია კი შემდგომ განაპირობებს ადამიანების სხვადასხვა კუთხით ფორმირებას. ფსიქოლოგიურად ნეგატიური გავლენის ქვეშაა ადამიანი, რომელიც მერე უფრო მწვავე პრობლემებში გადადის, როგორიც არის ნიჰილიზმი, ჩაკეტილობა, სოციალური უნარების დაქვეითება, პერსონალური უნარების არასაკმარისად განვითარება და ეს ყველაფერი ადამიანს ხელს უშლის კარიერულ წარმატებასა და სოციალურ ინტეგრაციაში. ბუნებრივია, საბოლოოდ ეს დაგროვილი პრობლემები არა მარტო ბავშვს, არამედ მის მშობლებსაც გაცილებით ძვირი უჯდება. ხშირად ამბობენ მშობლები, რომ ვერ ართმევენ შვილს ტელეფონს, პლანშეტს, ბავშვი თვითმკვლელობით იმუქრება და ა.შ. ეს არ არის პასუხი. არიან საქართველოში ბავშვთა კარგი ფსიქოლოგები, რომლებსაც ასეთ დროს შეუძლიათ დახმარება. როცა საქმე ეხება ბავშვების ფსიქიკას, პირველი რჩევაა, მიიყვანონ ფსიქოლოგთან და ის შესთავაზებს გეგმას, როგორ იმუშაონ ბავშვთან და მოგვარდება პრობლემა. მთავარია, აქამდე არ მივიდეს საქმე. მთავარია, ეს ტექნოლოგიური ბენეფიტები არ გახდეს მისთვის დამაზიანებელი. საქართველოში მოქალაქეების ცნობიერების დონე ინტერნეტსივრცეში დაცულობის კუთხით, ძალიან დაბალია. ეს უკავშირდება გარკვეულწილად ენობრივ ბარიერსაც, ნაკლებია საინფორმაციო მასალებიც კიბერსივრცეში და ამ რეალობაში ძალიან ცოტა ადამიანია მზად, უპასუხოს იმ საფრთხეებს, რაც კიბერსივრციდან მოდის.

- თუ არსებობს რაიმე მექანიზმი ბავშვების დასაცავად?

- დღეს არსებობს უამრავი ტექნოლოგია, რომელიც იმისთვისაა, რომ მშობლის მიერ ბავშვის აქტივობა გაკონტროლებული და შეზღუდული იყოს. არის პროგრამები და ამის დახმარებით შეძლებენ, თავიდან აიცილონ უამრავი საფრთხე. აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მშობელს სჭირდება ელემენტარული უსაფრთხოების ბაზისებში გარკვევა, პრობლემა რომ არ შეექმნას. ბევრმა რამემ შეიძლება ბავშვი მიიყვანოს სუიციდამდე. თავად არასრულწლოვნებს ვურჩევდი, ისწავლონ პროგრამირება და ინგლისური. ინტერნეტში მანიაკალურ თამაშებს ჯობია, რეალურ ცხოვრებაში შეხვდნენ მეგობრებს. მშობელმა ვირტუალური რეალურით უნდა ჩაუნაცვლოს შვილს. თუ ვერ ერევა შვილს თვითონ, მაშინ ფსიქოლოგებს მიმართოს. მთავარია, უხეშად არ ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში. ზემოთ უკვე აღვნიშნე, სერიოზული საფრთხეა ასევე ონლაინაზარტულ თამაშებში მოზარდების ჩართვა, ამანაც შეიძლება მოზარდი სუიციდამდე მიიყვანოს.

საგანგაშო სტატისტიკას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა. "სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცება და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით", - ამბობს სახალხო დამცველი და იგი გახშირებული სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად ფსიქოტროპულ საშუალებებსაც ასახელებს. "ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით, სახელმწიფოში კი არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დროული გამოვლენა, მკურნალობა და რეაბილიტაცია თანაბრად პრობლემურია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზეც კი, როდესაც ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები, არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები მათი პრევენციისთვის".

სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, მათ შორის სუიციდის პრევენციის მიმართულებით ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

თეა ხურცილავა