თბილისური ურთიერთობები, წარსულიდან გამოყოლილი სითბო და შემოპარული დაუნდობლობა - გზაპრესი

თბილისური ურთიერთობები, წარსულიდან გამოყოლილი სითბო და შემოპარული დაუნდობლობა

"თბილისელობისთვის ორჯერ დაბადებაა საჭირო", - ამბობს ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე და ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი. ის ყოველთვის საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტია. რას ნიშნავს "ორჯერ დაბადება", რა ხიბლი აქვს ამ ქალაქს, რა ენატრება თბილისური ურთიერთობებიდან, როგორ იხსენებს საკუთარი მმართველობის პერიოდს და რას ურჩევს დღევანდელ მერს? - ამ ყველაფერს, ბევრ მოგონებასთან ერთად, ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- ბატონო ნიკო, საპატიო თბილისელად დასახელებას გილოცავთ! ეს რა შეგრძნებაა?

- რა თქმა უნდა, მესიამოვნა. ეს ამბავი არ ვიცოდი, ჩუმად გააკეთეს, ჩემი წარდგენის მცდელობა წარსულშიც ბევრჯერ იყო და წინააღმდეგი ვიყავი. პირველად 50 წლის რომ გავხდი, კატეგორიული უარი ვთქვი, როგორ შეიძლება თანამდებობაზე მყოფი ადამიანი ასეთი ფორმით დაჯილდოვდეს-მეთქი. მეორედ პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა წარმადგინა და მაშინაც უარი ვთქვი. ახლა კახიმ ისე გააკეთა, არავის არაფერი უკითხავს. ახლა უკვე აღარ მაქვს თანამდებობა, პოლიტიკას ჩამოშორებული ვარ და სასიამოვნოა, რომ გამიხსენეს. იმ დღეს ჩემი მეგობარი, გია ყანჩელი დავკრძალეთ. ტრაპეზზე ვიყავი, რომ დამირეკეს, თქვენი ბიოგრაფია და ფოტო გვინდაო. მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე, რამდენჯერმე გამიმეორეს, 8 საათზე ხომ მოხვალო? ჩემი მერობის შემდეგ 24 წელი გავიდა. თბილისელი რომ ხარ, უკვე დიდი ბედნიერებაა და საკმარისი მიზეზია, თავი ბედნიერად რომ იგრძნო.

GzaPress

- სოციალურ ქსელში დაწერეთ, ახლა თავჩაქინდრულმა უნდა ვიაროო. რატომ? - იმიტომ რომ 3000-ზე მეტი მოლოცვა მივიღე. ისეთი სიტყვები მითხრეს, ლექსები დამიწერეს, შემრცხვა. ავტორთა უმრავლესობას საერთოდ რომ არ ვიცნობდი. ბევრს ეგონა, ეს წოდება აქამდეც მქონდა.

- თბილისელობა რას ნიშნავს, ამ ქალაქს ასეთი რა ხიბლი აქვს?

- ოთარ ლითანიშვილის დაბადების დღე იყო. თემიკო ჩირგაძე თამადობდა, თბილისის სადღეგრძელო დალია და დააყოლა, ბორჯომში ვარ დაბადებული და თბილისელი არა ვარო? სიცილი დაიწყეს, - არ ხარ, აბა, ხარო? მერე ჯანსულ კახიძემ დაიჩივლა, თბილისელი მეც არ ვარ, ობჩაში დავიბადეო. თამადა ალავერდს ჩემთან გადმოვიდა. თემიკოს მივმართე, - თბილისელობისთვის ორჯერ დაბადებაა საჭირო. ერთხელ სადმე ადამიანად უნდა დაიბადო, ან - ობჩაში, ან - ბორჯომში, ან - პარიზში და მეორედ თბილისელად უნდა დაიბადო. ასე რომ, შენ მეორედ თბილისელად უკვე დაიბადე და თბილისელი ხარ-მეთქი. გაგიჟდა, გადაირია, ეს რა კარგი რაღაც მითხარიო. თბილისელობას სხვა რაღაც სჭირდება.

- ეს "რაღაც" რა არის?

- როდესაც იგრძნობ, რომ ამ ქალაქს სჭირდები, როდესაც გაქვს განცდა, რომ პატრონი ხარ, რაღაც გაფუჭდა, ვიღაცამ დაანაგვიანა, ვიღაც ცუდად იქცევა და ეს გაღიზიანებს. შენს მეგობრებთან ურთიერთობაში წაგებული უნდა იყო. მეგობრის გამო, ნაკლები უნდა გეძინოს, ფული ჯიბეში ნაკლები უნდა გქონდეს, ის რომ ცუდადაა ღამეები უნდა ათენო, - ესაა თბილისელობა, ესაა ქუთაისელობაც, სხვა ფილოსოფია კი არ არის. გეტყვით, თბილისელად თავი პირველად როდის ვიგრძენი. 12 წლისა ზღვაზე დასასვენებლად ვიყავი. თბილისში დილის 6 საათზე დავბრუნდი, მატარებელი ამ დროს ჩამოდიოდა. ჩემი სადარბაზოს კედლებზე ულამაზესი ორნამენტები იყო და რომ შევედი, გული გამისკდა. ის დამხვდა, რაც ახლა თქვენ ნახეთ. კედლები ლურჯად და ჭერი თეთრად შეეღებათ. ძალიან განვიცადე. 28 აგვისტო იყო. მეორე დღესვე აღმასკომში გავიქეცი. მივედი, ვიკითხე, ასე დამხვდა, ვინ და რატომ გააკეთა-მეთქი? იმ ადამიანთან მიმაგზავნეს, რომელიც ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო. სხვათა შორის, მე რომ აღმასკომის ხელმძღვანელი გავხდი, იმ კაცს ეგონა, მოვხსნიდი. ის რა შუაში იყო, სულელური გეგმა ჰქონდათ. მაშინ კი მთელი ამბავი ავტეხე, მივხვდი, ჩემთვის სულ ერთი არ იყო, ჩემს ქალაქში, ჩემს სოფელში, ჩემს სადარბაზოში რა ხდებოდა...თბილისური ურთიერთობები სხვა იყო. ერთი ეზო ერთი ოჯახივით ცხოვრობდა.

GzaPress

- იმდროინდელი ამბებიდან რას გაიხსენებთ? - ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენს ეზოში არაჩვეულებრივი ოჯახები ცხოვრობდნენ, ახლა მათი შთამომავლები არიან, ზოგიერთი გადავიდა. სტუმრები ხშირად გვყავდნენ, სულ სუფრები იშლებოდა. პირველ სართულზე ლეწვერიძეები ცხოვრობდნენ, ქალბატონს პარასკევა ერქვა. როგორც კი გაიგებდა, ჩვენთან სუფრა იშლებოდა, არ არსებობდა, რაიმე კერძი არ ამოეტანა, არაჩვეულებრივ ღომს ამზადებდა. მამა რაჭიდან რომ ჩამოდიოდა, ხვანჭკარა ჩამოჰქონდა და ყველა მეზობელს მოუკითხავდა. ეს ქუჩა დიდი ეზოსავით იყო, ჭირში, ლხინში ხალხი სულ ერთად იყო. დედაჩემი სამსახურში რომ გადიოდა, მე ეზოში ვიყავი და რომელი მეზობელიც სახლში იყო, 5-6 ბავშვს ერთად შეგვიყვანდა, გვასადილებდა. სხვა დროს ასე აკეთებდა დედაჩემიც. ახლა საზოგადოება ჩაიკეტა. ეს ვინმეს ბრალი კი არ არის, ცივილიზაციამ მოიტანა. მას შემდეგ, რაც ტელეფონი შემოვიდა, მისვლა-მოსვლა დაიკარგა. მერე ინტერნეტი შემოვიდა და... ტრაგედიას იცით, რაში ვხედავ? გარდა იმისა, რომ ურთიერთობები გაცივდა, ადამიანი ულმობელი, დაუნდობელი გახდა. სტუდენტები რომ ვიყავით, ბიჭები ხშირად რესტორანში შევდიოდით. ზოგჯერ ისე ხდებოდა, 3 მივიდოდით და 10 ვხდებოდით. თანხა თუ დაგვაკლდებოდა, ოფიციანტს ვეტყოდით, ფული გვაკლდება და ხვალ მოგიტანთო. ამის გამო პრობლემა არასდროს შეგვქმნია. ახლა რა ხდება? მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, ასეთი ბევრი მინახავს ერთ-ერთ ცნობილ კაფეში ჩემი შვილიშვილი შევიყვანე. ჩვენთან შორიახლო მაგიდასთან 2 ბიჭი და 2 გოგო იჯდა. ბოლოს 1 დარჩა, უნდა გადაიხადოს, მაგრამ ვხედავ, მიმტანთან დიალოგი დაეძაბა. გამოიძახეს მენეჯერი, მენეჯერმა დაცვას უხმო და ვხედავ, ამ ბიჭს დაჭერას უპირებენ, პოლიციის გამოძახება უნდათ. ჩავერიე, მიმატანს დავუძახე, მოდი, მითხარი, რა ხდება-მეთქი? 120 ლარი აქვს გადასახდელი, 80 ლარს იხდის, პირადობას გვიტოვებს, გვეუბნება, ხვალ მოგიტანთო. ვუთხარი, ჩემი ნაცნობის შვილია და გაუშვით, მაგ თანხას მე გადავიხდი-მეთქი. 40 ლარის გამო ადამიანს ხომ არ დავაჭერინებდი? უწესიერესი ბიჭი ჩანდა. მეორე დღეს სახლში მომაკითხა, ძალიან გთხოვთ, ახლა შეურაცხყოფა არ მომაყენოთო და თანხა დამიტოვა. ვილაპარაკეთ, ამიხსნა, კინოდან გამოვედით, ყავის დასალევად შევედით, მერე მეგობარი შემოგვიერთდა, შამპანური ავიღეთ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ იმდენი არ მქონდა, რაც მომთხოვესო.

გეკითხებით, ამის გამო ახალგაზრდა ბიჭი დასაჭერად უნდა გაიმეტო? პირადობას ხომ უტოვებდა? ეს სირცხვილი არ არის? იმ კაფეს მესვეურები თუ წაიკითხავენ, თავს ამოიცნობენ, რცხვენოდეთ! ჩვენს ახალგაზრდობაში ასეთი რაღაც 10 დღეში ერთხელ გვემართებოდა. იმ დღემ ჩემზე ძალიან იმოქმედა, ამიტომ გიამბეთ. ადრე დაბადების დღეებს, ძეობებს სახლებში იხდიდნენ, ახლა ცხოვრება გაიოლდა და ურთიერთობები ჩაიკეტა. ჩემი ქორწილი ამ სახლში გადავიხადეთ, სამზადისში მთელი სამეზობლო იყო ჩართული, ზოგი რას აკეთებდა, ზოგი - რას და იყო დიდი მხიარულება. ისეთი დრო მოდის, შესაძლოა, დაბადების დღეც ინტერნეტით გადაიხადონ.

- "დღეს რანაირი მეგობარო, დროა, ხომ იცი?!/ დრო არ გეგონოს, პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის!../ მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით, / გავლა-გამოვლა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის / და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის".../ ამ ადამიანებმა ეპოქა შექმნეს. როგორ ფიქრობთ, მათი მსგავსნი დღესაც არიან?

- ეს მუხრანის ლექსია, ძალიან მიყვარს. არც ერთი თბილისში არ იყო დაბადებული, მაგრამ ყველაზე დიდი თბილისელები იყვნენ. ბევრი თბილისელი ვიცი, ამ ქალაქში რომ დაიბადა და თბილისელი ვერ გახდა. სიმონიკა სხირტლაძე არ იყო თბილისელი? სიმონიკა მამასთან მეგობრობდა, ჩემი დის ქორწილში და ჩვენს არაერთ სუფრაზე თამადა იყო, ერთმანეთს რაჭაშიც ხშირად ვხვდებოდით. სიმონიკა მწერალთა კავშირის სუფრების თამადაც იყო ხშირად. მორიგ ასეთ შეკრებას ერთი მწერალი ესწრებოდა, მას თანამდებობა ჰქონდა, სიმონიკას დიდად არ უყვარდა. "კრუშონს" სვამდნენ. სიმონიკას იმ ადამიანზე უთხრეს, ადღეგრძელეო. ვადღეგრძელებო, თქვა, მაგრამ მისი სადღეგრძელო განზრახ დააგვიანა. ბოლოს კრუშონი გათავდა, მხოლოდ ატამი დარჩა. სიმონიკამ სუფრის წევრებს სთხოვა, დარჩენილი ატამი ჭიქებში ჩავყაროთო. ყველა ასე მოიქცა. სიმონიკა წამოდგა, მოდი, ამ კაცის სადღეგრძელო ატმით შევჭამოთო. ღვინით დღეგრძელობა არ აღირსა.

ჩემი ძმა ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. რომ წამოვიზარდე, სულ მის გვერდით ვიყავი. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა. გია ყანჩელი, ჩემი ძმა და გეპეის კვარტეტის ბიჭები კლასელები იყვნენ. ვაჟა აზარაშვილი, გურამ ბზვანელი, გურამ ბაკურაძე, ჯანო კახიძე, ვანიკო მაჭავარიანი, რეზო სოხაძე, ვაჟა გვეტაძე, ვაჟა მამაგეიშვილი, ზურა კეკელიძე... ამ სახლში მთელი ამბები იყო. ჩემმა ძმამ დიდი რადიო იყიდა. მას ბაბინები ჰქონდა, დიდი ჩასაწერი მიკროფონით. გეპეის კვარტეტის ბიჭები მოდიოდნენ, მღეროდნენ, იწერდნენ, მერე უსმენდნენ. საღამოს სუფრა იშლებოდა.

ერთ დღეს ვაჟა მამაგეიშვილმა დაბადების დღეზე დამპატიჟა. ამ დღის შემდეგ, სულ მაგათთან ვიყავი. მათი უმრავლესობა ამქვეყნად უკვე აღარ არის. ერთ ამბავს გავიხსენებ: აქვე "გოფილექტში" კონცერტი იყო. რომელსაც ჩემი ნათესავი და ძალიან ახლობელი ადამიანი, სოლოლაკელი ნუგზარ თალაკვაძე ესწრებოდა. მითხრა, აქ ბიჭები არიან მოსულები, რომლებთანაც დიდი კონფლიქტი მაქვს და რაღაც უნდა იღონოო. თურმე ისინი ამის გარეთ გამოსვლას ელოდებოდნენ. დირექტორის კაბინეტში შევედი და ჩემს კლასელ გოგონებს დავურეკე. ისინი უკვე სტუდენტები იყვნენ. ორივე კონცერტზე შევიყვანე. დასრულდა კონცერტი და ნუგზარი ამ გოგონებთან ერთად გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. რადგან გოგონებთან ერთად იყო, ხმა არავის გაუცია. მაშინ თბილისში ასეთი წესი იყო. არ ვიცი, მსგავსი რამ დღეს კიდევ ხდება? იმ ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ. როგორც ვიცი, მერე ჰქონდათ შეხვედრები და შერიგდნენ, მაგრამ იმ დღეს, გოგონები რომ არ მოსულიყვნენ, შეიძლებოდა, ცუდად დამთავრებულიყო. 10 ბიჭი მაინც იყო მოსული. ჩვენს დროს უბნებში ბირჟები იყო. ზოგს ეს ძალიან ცუდად წარმოუდგენია. უნდა გენახათ, იქ რა ხალხი იდგა. ყველას რომ თავი დავანებოთ, ბირჟაზე გია ყანჩელი, კუკური ჭოხონელიძე იდგნენ და ესენი რა, ცუდი ხალხი იყვნენ?

GzaPress

- ეს ურთიერთობის ადგილი იყო. - რა თქმა უნდა. პურმარილიც იშლებოდა. ე.წ. წყაროს ბირჟის ხალხი ყოველ შაბათს იკრიბებოდნენ, მერე რესტორანში მიდიოდნენ, ამ ცერემონიას შაბათობას ეძახდნენ.

- წყაროს ბირჟა სად იყო, ახლა რა ადგილია?

- ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაა. ადამიანებისთვის ასეთი ურთიერთობები აუცილებელია. ხრუშჩოვი რომ მოხსნეს, ხმას არავინ იღებდა. ეს ამბავი ბირჟაზე გავიგე, სახლში მამას რომ ვუთხარი, - შენ საიდან იციო? ასეთი ბირჟები სოფლებშიც იყო და დღესაც არის. ჩემს სოფელში, ერთი დიდი ხის ქვეშ, სკამები მოვაწყვე, საღამოობით გამოდიან უბნელები და ერთმანეთთან ურთიერთობენ. აბა, ცხოვრება სხვა რა არის? ახლა პლეხანოვზე არაფერი აღარ ხდება. აქაურობას ირანელები შემოესივნენ. მთელი ჩემი ცხოვრება საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი. მარჯანიშვილის მეტრომდე ფეხით მივდიოდი, შემდეგ მეტროში ჩავდიოდი, რუსთაველზე ამოვდიოდი და გზას მერიამდე ფეხით ვაგრძელებდი. ახლა ჩინოვნიკები არჩევნების წინ, მეტროში 2-ჯერ ჩავლენ და სულ ეგაა. შენ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხარ, კამერა რად გინდა?

- თქვენ დაცვაც არ გყავდათ.

- დაცვა არ მყავდა, თან რა დრო იყო, ქუჩაში ავტომატებით დადიოდნენ. შევარდნაძეს რომ ტერაქტი მოუწყვეს, დაცვა მეც დამინიშნეს. კარგი ადამიანი იყო, მაგრამ იარაღი სამჯერ მოვპარე, ვერ გაიგო. ერთხელ რაჭაში ჰამაკში ჩაეძინა, ყველაფერი შემოვხსენი, განვაიარაღე, სამი დღე არ მივეცი, ლამის გამიგიჟდა.

დაცვა სულ რამდენიმე თანამდებობის პირისთვის არის საჭირო, მაგრამ ტრიპაჩობად გადაიქცა. ბევრი ბარიერს ქმნის, ხალხმა რომ არ შეაწუხოს. ეს ტრიპაჩობა უნდა მოისპოს, მაგაზე ხალხის ფული არ უნდა იხარჯებოდეს.

- თქვენი მერობის წლებში (1993-1995), ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო.

- ჩემი მერობის პერიოდში, კუპონი იყო, არ არსებობდა საგადასახადო სისტემა და საგადასახადო კოდექსი. რუსთაველის თეატრის წინ, უნივერსიტეტის წინ, ელბაქიძის დაღმართზე ავტომატიანი კაცები იდგნენ, ბენზინს მანქანებიდან ყიდდნენ. ვუთხარი, აქედან უნდა გახვიდეთ, ამისთვის ერთ თვეს გაძლევთ-მეთქი. სხვა ადგილით ჩანაცვლებას ვთავაზობდი. 1-ლი მარტი იყო, თავისუფლების მოედანზე ათასი კაცი მაინც იდგა, არ გავალთ, თქვენ ვინ გეკითხებათო. ჯაბა იოსელიანმა დამირეკა, ნიკუშ, ბიჭები არიან მოსულები და სექტემბრამდე იქნებ გააჩეროო. - ახლა ყურმილს დავკიდებ და სახლში წავალ, მოდი და ქალაქის მერი შენ იყავი-მეთქი. - კარგი, კარგი, არ გინდაო. ხალხთან ჩავედი, მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჩამყვა, ბევრი დაიმალა. არ გავალთო! ვუმეორებდი, გახვალთ-მეთქი, შემაგინეს, მეც შევაგინე, ვითარება ძალიან დაიძაბა. ბოლოს სამი კაცი კაბინეტში ავიყვანე, ველაპარაკე. ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ ჯგუფთან შეთანხმებას მივაღწიე. სადგურის მოედანზე 12 000 "ბუტკა" იყო. ქალაქში სულ - 50 000. ეს რეფორმაც უმტკივნეულოდ ჩავატარე.

ეს ფაქტი კი არასდროს დამავიწყდება: მელიქიშვილზე სასტუმროსთან სროლა იყო. რაციაში მესმოდა, ვიღაც მოკლესო. მივედი, ორი მანქანიდან ერთმანეთს ტყვიამფრქვევებიდან ესროდნენ. მეგაფონი ავიღე, მივმართე - ბიჭებო, გაჩერდით! თბილისის მერი ნიკო ლეკიშვილი ვარ, თქვენ შორის ვდგები, გაჩერდით! გაჩერდით! და გაჩერდნენ. 2 დაჭრილი და 2 გარდაცვლილი იყო. დაჭრილები საავადმყოფოში მიიყვანეს, მე და დემურ მიქაძეც (თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი) იქ მივედით, ოპერაცია დაიწყეს და ამ დროს საავადმყოფოში 2 შეიარაღებული პირი შემოვარდა, შეცვივდნენ საოპერაციოში და დაჭრილები მაგიდაზე დააკლეს. რა უნდა მექნა? ასეთი მძიმე წლები გამოვიარეთ. ფული არ მქონდა. ერთხელ ალიევმა საწვავი გამომატანა. ვაგონები საქართველოში შემოვიდა თუ არა, შეიარაღებული ხალხი თავს დაესხა და ნახევარი გაიტაცეს.

მაშინ 20 000 პოლიციელი იყო და იარაღი მხოლოდ 6 000-ს ჰქონდა. ტროლეიბუსის ხაზებს ხსნიდნენ, მორიგეს იარაღით ადგებოდნენ და "ფიდერს" ათიშვინებდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსთაველი დანგრეული იყო და აღვადგინეთ, აბანოთუბანიც აღვადგინეთ, ფასადების მოწესრიგება დავიწყეთ...

თბილისი ყველაზე მეტად მიყვარს. მიყვარს აქაური ხალხი, კარგი ახალგაზრდობა წამოვიდა.

- ქალაქის მერს რას ურჩევთ?

- მმართველი მკაცრი უნდა იყო. თბილისის პრობლემები ხელისუფლებაზე კარგად არავინ იცის.

- მოსახლეობამ?

- მოსახლეობამ იცის და მმართველმა სწორედ მათი აზრი უნდა იცოდეს. კალაძეს ვურჩევ, პირველი ვადის ამოწურვის მერე არ წავიდეს. მე შეცდომა დავუშვი, რომ წამოვედი. დღევანდელი მერი სწორ აქცენტებს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მისი მმართველობის პერიოდს კარგად გაიხსენებენ.

თამუნა კვინიკაძე