"ადამიანებად ყოფნა დაგვაცადე, მთავრობავ" - გზაპრესი

"ადამიანებად ყოფნა დაგვაცადე, მთავრობავ"

ელენე, ემიგრანტი გერმანიიდან:

"მე რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა. შემრცხვებოდა პრემია-დანამატების აღება იმ ადამიანების გამო, რომლებიც დღეს შიმშილობენ, ქუჩაში ხელგაწვდილი დადიან, ღამეს ქუჩაში ათევენ, მიუხედავად იმისა, ყინვა ძვლებამდე ატანს თუ სიცხისგან იგუდები. მე რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა იმ გუნდის წევრობის, რომლის წარმომადგენლებიც პრემიას პრემიაზე იღებენ და იმის ნაცვლად, რომ ამომრჩეველზე იზრუნონ და ქვეყანა ფეხზე წამოაყენონ (ან რაც ჰქონდათ, ის სტაბილურობა მაინც შეენარჩუნებინათ), ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავთ. ერთადერთი ჯანდაცვაში იყო თითქოს გამონათებები და სერგეენკო ჩამოაშორეს კიდეც ამ სფეროს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. ეტყობა არ მოსწონდათ, ვიღაცას მათზე მეტად რომ აქებდნენ. ჰოდა, სახლში ვერ დააჯენდნენ ასეთ კადრს და გამოძებნეს საქმე, სადაც ის ვერ გამოჩნდება...

მართალია ამ სფეროში იყო მიღწევები და ხალხმაც ექიმთან სიარული დაიწყო, მაგრამ ფულის შოვნის უკეთესი მეთოდი ჰქონდათ გვერდზე შემონახული, თუნდაც ჯანდაცვის სფეროში - წამლების გაყიდვას ვგულისხმობ. ისეთი ფასები ჰქონდა პრეპარატებს, რომ ხალხი წუხდა და რა მოხდა მერე? რა თქმა უნდა, ფასები კიდევ უფრო გაძვირდა და თანდათან კიდევ უფრო "ეკიდება ცეცხლი". ასეთ სიტუაციაში ღირს კი მიხვიდე ექიმთან და გაიგო, რა გჭირს? თუ სამკურნალო ფული არ გაქვს, თუნდაც უფასოდ დასმულ დიაგნოზს რა მარილი აქვს?

ემიგრანტი ვარ. ცხადია, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ინფორმაციებს ვეცნობი, ინტერნეტტელევიზიების, ინტერნეტპორტალებისა და სოციალური ქსელების საშუალებით. გული მიკვდება და სულ ჯიბეზე ვიყურები, გასწვდება კი ქველმოქმედებას ჩემი ხელფასი, რომელიც წესით, არც ისე ცოტაა, მაგრამ მთლიანად ქველმოქმედებაშიც ვერ დავხარჯავ თანხას, მე ხომ ჩემი ოჯახის გადასარჩენად, შვილების გამო გავხდი იძულებული, ქვეყნიდან წამოვსულიყავი...

არადა, ყოველი "ფეხის ნაბიჯზე" მხვდება თხოვნა, რომელზეც მიმაგრებულია ბავშვების ფოტოები: ესა და ეს დაავადება სჭირს, გთხოვთ დაეხმაროთო. ჰოდა, გეკითხებით, როგორ ავუარო ამ პოსტებს გვერდი? ან თუ ჯანდაცვის მხრივ პრობლემები არ გვაქვს, თუ ადამიანებს ვეხმარებით ყველანაირად და არავინ საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას, რატომ ითხოვს ამდენი ადამიანი დახმარებას? ამას წინათ გერმანელებმა უთხრეს სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანს, თურმე თქვენთან ჯანდაცვის სფერო კარგ სიმაღლეზეა, ხალხს ეხმარებიან და მაშინ, რა მოგარბენინებთ აქო? თვითონ ხომ არ იღებთ პასუხისმგებლობას გაჭირვებული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე და უცხოელებთანაც აფუჭებთ საქმეს. აბა დაითვალეთ, რამდენი ადამიანი გამოუშვეს სხვადასხვა ქვეყნიდან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ხატოვნად დაუხატეთ უცხო ქვეყნის მმართველებს და საკუთარი მოსახლეობა იდიოტებად გამოიყვანეთ: თითქოს კარგ ცხოვრებას ურჩევნიათ ბანაკებში ყოფნა, პატარა ბავშვებიანად საკუთარი სამშობლოდან გადასახლება და ა.შ.

გონს მოეგე ხელისუფლებავ! ნუ დაგავიწყდება, რომ საქართველოა უპირატესი და მისი ხალხი უნდა იყოს თქვენი საფიქრალი. ყველა ასე ერთნაირად შეთანხმებულად როგორ მოქმედებთ ხალხის საწინააღმდეგოდ? გული ლამის გამისკდეს, ისეთები მესმის. თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვინაა, არა? არც სახელოვანი ხალხი გადარდებთ, არც მოხუცები და ბავშვები. აბა, რაც ავთო შარვაძის ქვრივს გაუკეთეს, ესეც მოგონილია? რატომ არ ზრუნავთ საკუთარ მოქალაქეებზე? ეს ხალხიც მართლა ბრბო ვართ, თორემ თქვენი კანდიდატები კი არ უნდა იგებდნენ არჩევნებში, სასტიკად უნდა მარცხდებოდნენ. ვთხოვ ახალგაზრდებს, გამოდით, იაქტიურეთ, შექმენით საკუთარი პოლიტიკური პარტიები, იყარეთ კენჭი და იზრუნეთ იმ სამშობლოზე, რომელიც ჩვენზე მეტად იმ უცხოელებს უყვართ, რომლებიც მხოლოდ ერთხელ არიან მანდ ნამყოფი და ოცნებობენ საქართველოში მიწის, სახლის ყიდვაზე.

მადლიანი მიწა გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ. მთავარია გამოჩნდეთ, ხალხის ნდობა სათქვენოდ არ გამოიყენოთ და აუცილებლად შევა თქვენი სახელი ისტორიაში, ღირსეული ადამიანების გვერდით. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, თუ საქართველოსთვის გიძგერთ გული, გამოჩნდით ასპარეზზე, დაგვანახვეთ თქვენი სუფთა ხელები, სუფთა გული და გამოგყვებით თუნდაც ჯოჯოხეთის კარამდე, ოღონდ ეშველოს ამ ჩვენს გასაცოდავებულ ქვეყანასა და ხალხს; ოღონდ საქართველოს სოფლებში ისევ გაისმას სიცილ-ხარხარი და მზად ვარ, თბილისში დაბადებულმა, რომელიმე მთიან სოფელში მოვხნა მიწა - ყველაფერს ვისწავლი და არაფერს ვიუკადრისებ, თუ საჭირო გახდა ან რა უკადრისობაზეა ლაპარაკი, როცა აქ, ვიღაც ჩემთვის უცხო ადამიანებს ვევლები თავს. სხვის ბებია-ბაბუას ვუცვლი პამპერსებს და ვასმევ წამლებს, როცა საკუთარი სხვების იმედად მყავს მიტოვებული. ემიგრანტობა სვეტობა და კარგი ცხოვრება არ არის, ეს არავის დაგავიწყდეთ. აქ ცხოვრება არავის გვიხარია, ყველას გვინდა ჩვენიანების გვერდით ვიყოთ, თუ დაგვაცდიან...

ადამიანებად ყოფნა დაგვაცადე, მთავრობავ".

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com