"ბიჯბალა" ბავშვები და "რაგგაცა მადრე" - კავკასიაში - გზაპრესი

"ბიჯბალა" ბავშვები და "რაგგაცა მადრე" - კავკასიაში

"ჩემი შვილი უკვე 12 წლისაა. უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემი ახალგაზრდული შეცდომის ნაყოფია. ნინო ახლა საქართველოში ცხოვრობს და ბებია ზრდის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა, ჩემს შვილს მამა გვარს არ მისცემდა და მარტოხელა დედა დამერქმეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა მთელ სამყაროს მირჩევნია, მაინც არ მავიწყდება, მის გამო როგორ გამრიყა ამ სამყარომ, როგორ ამიმხედრა მამა, ძმა და როგორ გავხდი იძულებული, სამშობლო დამეტოვებინა. რვა წლის წინ იტალიაში წამოვედი და ღმერთს მადლობას ვწირავ, მართალია, მძიმე შრომის ფასად, მაგრამ მაინც ვახერხებ შვილი ვარჩინო, ვასწავლო და ღირსეული მომავალი შევუქმნა. როგორ ცხოვრობენ მარტოხელა დედები იტალიაში? - გაცილებით უკეთესად, ვიდრე საქართველოში, სადაც მათ სახელმწიფოც გულგრილად ეკიდება და ხშირად, საკუთარი ოჯახიც არ უჭერს მხარს. ქალს, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა და მარტო ზრდის, იტალიელები "რაგგაცა მადრეს" ეძახიან. სახელმწიფო მაქსიმალურად უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ამ ქალებს, რომ შვილი აღზარდონ და თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ". - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც საქართველოში მცირე ხნით არის ჩამოსული და სულ მალე იტალიაში დაბრუნდება.

შევეცადეთ, გაგვერკვია, რა უფლებები აქვთ მარტოხელა დედებს საქართველოსა და უცხოეთში:

ვის ენიჭება საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი?

ირაკლი უტიაშვილი, იურისტი: GzaPress- ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მარტოხელა დედა არის ის, ვისაც ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს, ოღონდ, ამ ბავშვის დაბადების მოწმობაში არ უნდა იყოს ჩანაწერი მამის შესახებ. ასევე, მარტოხელა დედად მიიჩნევა პირი, რომელმაც შვილად აიყვანა 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება. თუ ადამიანი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქმარს დაშორდა და შვილს დამოუკიდებლად ზრდის, მარტოხელა დედად არ ჩაითვლება. ასე რომ იყოს, ყველა განქორწინებულ ქალს მარტოხელა დედის სტატუსი ექნებოდა. მარტოხელა დედებს საქართველოში ოფიციალური პენსია ან დახმარება არა აქვთ, თუმცა შესაძლოა, მათ დაუნიშნონ მერიის ან მუნიციპალიტეტის პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის დახმარება. დახმარების მიღების მსურველმა "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" უნდა მიმართოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს. რა საბუთებია ეს? - პირველ ყოვლისა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა - ეს ის ძირითადი დოკუმენტებია, რომლებიც მარტოხელა დედას ხელთ უნდა ჰქონდეს. თუ სააგენტო სხვა საბუთების დამატებას მოსთხოვს, მაშინ სხვა დოკუმენტაციაც უნდა დაურთოს. მარტოხელა მშობლები საქართველოში კიდევ ერთი პრივილეგიით სარგებლობენ: თუ მათი წლიური შემოსავალი 3 ათას ლარს არ აღემატება, მაშინ სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს. თუ დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა იქნება მითითებული, ქალს მარტოხელა დედის სტატუსს აღარ ანიჭებენ.

უუფლებო და დაუცველიმარტოხელა დედები

მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოლოგი: GzaPress- იყო დრო, როცა საქართველოში მარტოხელა დედის ცნება საერთოდ არ არსებობდა. სახელმწიფომ ეს სტატუსი 2006 წელს გააუქმა და კიდევ კარგი, რომ 2015 წელს აღადგინეს. ახლა პარლამენტში უკვე მარტოხელა მშობლის სტატუსზე კამათობენ, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ მარტოხელა დედების რაოდენობა უფრო დიდია, ვიდრე მამების. ისიც ვიცით, რომ მარტოხელა დედა, რომელსაც მცირეწლოვანი, უსუსური შვილი ჰყავს, უამრავი პრობლემის წინაშე რჩება. მათი მთავარი ამოცანაა, ფიზიკურად გადარჩნენ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის შემწყნარებელი მარტოხელა დედების მიმართ. საუკეთესო შემთხვევაში მას მხოლოდ ოჯახის წევრები უჭერენ მხარს მორალურად და მატერიალურად. უმეტესწილად, მარტოხელა დედა სერიოზულ წნეხს განიცდის საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპის გამო. თუ ქალმა ეს გზა აირჩია, ყველა პრობლემა უნდა გადალახოს მან და შვილი ისე გაზარდოს. როგორც იტყვიან, ქალიც უნდა იყოს და კაციც. ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის თვითონ ბავშვს, რადგან მარტოხელა დედის ფსიქოლოგიური პრობლემები შვილზეც აისახება. ბერკეტები, რომ მათ მხარში დაუდგნენ, ძალზე მწირია. მხოლოდ ბოლო წლებში დადგა საკითხი, რომ მარტოხელა ქალებმა რაღაც პრივილეგიებით ისარგებლონ. თუ ბავშვი არ არის ჯანმრთელი ან დედა სოციალურად დაუცველია, მხოლოდ მაშინ შეიძლება რაღაც პროგრამებში ჩართონ, თუმცა, ეს დახმარება უფრო ერთჯერადი ხასიათისაა. მხოლოდ თავშესაფრები იფარებენ მარტოხელა დედებს, რომლებიც მუშაობასა და ბავშვის აღზრდას ერთდროულად ვერ ახერხებენ და ესეც დროებითია. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ მამის გრაფა თუ შეივსება, ქალს ეს სტატუსი ავტომატურად უუქმდება, მაშინაც კი, თუ მამაკაცი ბავშვს მხოლოდ გვარს მისცემს და მეტს - არაფერს. ჩემი აზრით, არანაირი მორალური და მატერიალური მხარდაჭერა ამ ქალებისადმი ჩვენს ქვეყანაში არ იგრძნობა. ზოგჯერ მათ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ იღებენ და ე.წ. უკანონო ბავშვსაც არ აღიარებენ. მართალია, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა, მაგრამ მარტოხელა დედა ჩვენში მაინც უუფლებო და დაუცველია. განსაკუთრებით საცოდავია ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ხდება. ყველამ ვიცით, რომ ქართული ტრადიციის მიხედვით, მთელი ქონება ავტომატურად ვაჟის სახელზე გადადის და ეს ქალები ხშირად ქუჩაში რჩებიან. მათ დასახმარებლად ერთობლივად უნდა იმუშაონ ფსიქოლოგებმა, სოციალურმა მუშაკებმა და იურისტებმა, რომ ქვეყანაში მარტოხელა დედების უფლებები ისე იყოს დაცული, როგორც მოწინავე ქვეყნებშია.

GzaPressელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი: - სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედები სიღარიბის მაღალ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან და ცხადია, მათი სოციალური მდგომარეობაც რთულია. ხშირ შემთხვევაში, მარტოხელა დედებს არა აქვთ შემოსავალი, თავშესაფარი და ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან გარიყულები არიან. საინტერესოა, რამდენი მარტოხელა დედაა საქართველოში: 2000-2012 წლებში მათი რიცხვი 31 000-ს აღწევდა. "საქსტატის" მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში 2 794 ბავშვი დაიბადა, რომელთა დაბადების მოწმობაშიც მამის ვინაობა მითითებული არ ყოფილა. "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2017 წლის მონაცემებით კი, მარტოხელა მშობლის სტატუსი 2 320 ქალს მიენიჭა. მათი უმეტესობა რეგიონებში ცხოვრობს. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ამ სტატუსის მქონე მშობლებს მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ. მარტოხელა მშობლის სტატუსი საქართველოში ოფიციალურად 2015 წლის 15 ივნისიდან არსებობს. კანონი ამ სტატუსის მიღების შესაძლებლობას ანიჭებს როგორც მარტოხელა დედას, ასევე მარტოხელა მამას, რომელიც შვილს დამოუკიდებლად ზრდის. საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებისთვის დახმარების სპეციალური პროგრამა მხოლოდ მესამედს აქვს. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე, როგორც ცალკე აღებულ კატეგორიაზე, სოციალური დახმარება ან შეღავათი არ არის გათვალისწინებული, თუმცა თუ მარტოხელა მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის კვებას და მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, მისთვის გამოიყოფა კვებითი ვაუჩერი. ხოლო, როცა ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არის შშმ პირი და ამის შესახებ დედა აკეთებს განაცხადს, ბავშვი ერთვება სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის, რეაბილიტაციის პროგრამაში. სხვათა შორის, ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედებისთვის არსებობს სხვადასხვაგვარი დახმარება: თავშესაფარი, კვებითი უზრუნველყოფა, ფსიქოლოგი და ა.შ... - ამ პროცესს ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი კურირებს. ჩვენს ორგანიზაციას ხშირად მომართავენ ქალები, რომლებზეც მეუღლე, ან პარტნიორი ძალადობს. იყო შემთხვევები, როცა ასეთი ქალები პატარა შვილებით, ყველანაირი დახმარების გარეშე რჩებოდნენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მარტოხელა დედებს საქართველოში ჯერ კიდევ კიცხავენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილია.

როგორ ცხოვრობენ მარტოხელა დედები საზღვარგარეთ? იტალიაში მარტოხელა დედებს სერიოზული პრივილეგიები აქვთ: იქ სახელმწიფო ავალდებულებს მამაკაცს, რომ შვილად ცნოს ე.წ. უკანონო ბავშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქალმა სასამართლოში უჩივლოს. სახელმწიფო ასეთ მამაკაცს ალიმენტს ახდევინებს ხელფასის ოდენობის მიხედვით. უმუშევარიც რომ იყოს, ბიოლოგიურმა მამამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ბავშვს ალიმენტის თანხა გადაუხადოს - მინიმუმ, 300 ევრო. გარდა ამისა, იტალიაში მარტოხელა ქალს დამატებით ბონუსსაც აძლევენ: თუ მისი წლიური შემოსავალი 7 ათას ევროზე მეტი არ არის, ბავშვს 5 წლის ასაკამდე 320 ევროს უნიშნავენ, ხოლო თუ დედის წლიური შემოსავალი 7 ათასიდან 25 ათასამდე მერყეობს, დახმარება მცირდება და ყოველთვიურად 160 ევროს შეადგენს. კიდევ უფრო დიდი პრივილეგიები აქვთ განქორწინებულ დედებს, რის გამოც, იტალიელი კაცები უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ ოფიციალურ განქორწინებას.

გერმანიაში მარტოხელა დედა სახელმწიფოსგან საკმაოდ დიდ ფინანსურ დახმარებას იღებს, რომელიც დამოკიდებულია მშობლის სტატუსზე და იმაზე, თუ რა შემოსავალი აქვს მას. ამ დახმარებით მარტოხელა მშობელს აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ბინის, კვებისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯები. სახელმწიფო მარტოხელა დედას მანამ ეხმარება ფინანსურად, ვიდრე ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება.

ამერიკაში მარტოხელა დედის სტატუსის მისაღებად სულაც არ არის საჭირო გართულებული პროცედურები: ამ სტატუსით სარგებლობს ყველა, ვინც ბავშვს მარტო ზრდის. საკმარისია დადასტურდეს, რომ მშობელი მარტო ზრუნავს შვილზე. თუ დედის შემოსავალი დაბალია, ამუშავდება სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დედისა და ბავშვის დაცვის გარანტი ხდება. შტატების მიხედვით ეს პროგრამები განსხვავებულია. ამ მხრივ ყველაზე კარგი ადგილი ნიუ-იორკის შტატია, სადაც სახელმწიფო მარტოხელა დედებს უხდის ბინის ქირას, უფინანსებს განათლებას, აძლევს სასურსათო ვაუჩერს, ფულად დახმარებას, უფასო დაზღვევას და ა.შ... ასეთ დედებს ეხმარებიან სამსახურის მოძიებაში, სახელმწიფო მათ საბავშვო ბაღის ვაუჩერსაც კი აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი მარტოხელა დედებისთვის საუკეთესო ადგილია.

ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა ჩვენს რეგიონში მცხოვრები მარტოხელა დედების ბედი. მაგალითად: ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მარტოხელა დედის სტატუსი საერთოდ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს, აზერბაიჯანში, ქორწინების გარეშე, 26 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, იქ მცხოვრები მარტოხელა დედები დახმარებას არ იღებენ. ოჯახში ასეთი ბავშვის დაბადება პატრიარქალური საზოგადოებისთვის არასასურველი და მიუღებელია. მარტოხელა დედა მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდის წნეხს და უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან, ხოლო ბავშვს შეურაცხმყოფელ მეტსახელს - "ბიჯბალას" ანუ "ნაბიჭვარს" არქმევენ.

ხათუნა ჩიგოგიძე