სად იკრიბებიან ქართველი, ოსი და აფხაზი ქალები - გზაპრესი

სად იკრიბებიან ქართველი, ოსი და აფხაზი ქალები

ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ლალი ბუთბაიამ, იზოლდა კვიციანმა და ნინო უბილავამ დიასპორული ორგანიზაცია ჭორლდ ოფ Dიასპორა დააფუძნეს.

ლალი ბუთბაია ამჟამად ნიდერლანდების სამეფოში (ამსტერდამის მერიაში 4-წლიანი მუშაობის შემდეგ) ექვსი გაერთიანებული მერიის (Dრეცჰტსტედენ) იურიდიული მრჩეველი და საგადასახადო სამსახურის მთავარი სპეციალისტია. პარალელურად, წლების განმავლობაში ის აქტიურად ჩართული იყო რამდენიმე ქართულ პროექტში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში განხორციელდა.

იზოლდა კვიციანი ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართული რესტორნის - "სოხუმი" მფლობელია, რომელიც ამავდროულად ჰოლანდიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენს.

"სოხუმში" უცხოელები უამრავ ინფორმაციას იღებენ საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ასევე, ეცნობიან ქართულ კულინარიასა და წეს-ჩვეულებებს.

ფონდის დამფუძნებელთა შორის ყველაზე უმცროსი 25 წლის ნინო უბილავაა, რომელიც მარკეტინგული კომპანია თჰე Bრანდინგ Pლუგ მფლობელია. სამივეს მთავარი - სამშობლო აერთიანებთ. ისინი აფხაზეთიდან არიან. მათი ტკივილი და საფიქრალი სამშობლოა. მათი განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა ხშირად გამხდარა პოლიტიკური სპეკულაციების, პოლიტიკური თამაშებისა და მავანთა მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებების საფუძველი.

ლალის, იზოლდასა და ნინოს არ უყვართ ტერმინი "დევნილი" და "ლტოლვილი". ისინი თვლიან, რომ აფხაზეთიდან არიან წამოსულები და მოვა დრო, დაბრუნდებიან. დაბრუნდებიან არა ომითა და კონფლიქტით, როგორც მათ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება, არამედ მშვიდობითა და სიხარულით და გულგაშლილები დახვდებიან მოძმე აფხაზები და ოსები.

როგორც ლალი ბუთბაია ამბობს, ამის რესურსი არსებობს. თუმცა არა პოლიტიკური რაკურსითა და პოლიტიკოსების გზით, არამედ სახალხო დიპლომატიის საშუალებით.

GzaPress ლალი ბუთბაია: - ჩვენი ძირითადი მიმართულება და პროექტების თემები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხები იქნება. ემიგრაციაში ჩვენთან ერთად იმყოფებიან ეთნიკური აფხაზები და ოსები. პრობლემებიც და გამოწვევებიც ყველას ერთი გვაქვს. რაც დიდმა პოლიტიკამ გააფუჭა, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა გამოვასწოროთ და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ყველა იმ ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობაა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში კონფლიქტური პროცესების მოგვარებაზე მუშაობენ, მათი გამოცდილების გათვალისწინება და ერთობლივი ძალებით სასურველი შედეგების მიღწევა უფრო მარტივი იქნება. სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ მე, ჩემმა შვილმა ნინო უბილავამ და ქალბატონმა იზოლდა კვიციანმა ფონდი World of Diaspora. 27 წელია, წინ არ გადადგმულა სასიკეთოდ ნაბიჯი. ჩვენ და ემიგრაციაში მყოფი ეთნიკური აფხაზები და ოსები შევეცდებით, სახალხო დიპლომატიის გზით საქმე დავძრათ. ამისთვის დიდი შრომა, მონდომება, ენთუზიაზმი და მოთმინებაა საჭირო. ამ ფონდის შექმნამდე ვაკვირდებოდი ემიგრაციაში მყოფი აფხაზებისა და ოსების დამოკიდებულებას ქართველების მიმართ. ალბათ, დადგა დრო ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯი. ერთ ნაბიჯს მეორე მოჰყვება და ასე მივალთ ერთმანეთთან. ჩვენი ფონდი თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან ნიდერლანდების სამეფოში, ერეკლე კოპლატაძესთან. სწორედ ერეკლეს ინიციატივით, 4 ოქტომბერს ქალაქ ჰააგის ცენტრში მდებარე წმინდა იაკობის სახელობის სამრეკლოს ზარებმა "სულიკო", კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად "ყვითელი ფოთლები", რევაზ ლაღიძის "თბილისო" და დავით არჩვაძის "მონატრებიხარ ფიქრებს" დაუკრეს. სწორედ ამ თანამშრომლობით და აქციით დავიწყეთ ჩვენი ფონდის საპრეზენტაციო ღონისძიებები.

ყველამ იცის, რომ სიმღერა "მონატრებიხარ ფიქრებს" დავით არჩვაძემ სპეციალურად მომღერალ ლაშა ღლონტისთვის დაწერა. სწორედ, ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით - "მონატრებიხარ ფიქრებს" იყო ჩვენი ფონდის საპრეზენტაციო პროექტი. 5 ოქტომბერს თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა ბატონმა ლაშამ შემოქმედებითი საღამო ამსტერდამთან მდებარე ქალაქში გამართა, რომელსაც ქართველი ემიგრანტების გარდა ჰოლანდიელებიც დაესწრნენ. მადლობა ბატონ ლაშას ასეთი თანადგომისთვის. მისი მხარდაჭერა ფასდაუდებელია ჩვენთვის.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ დამფუძნებლებისგან ფონდის გეგმებისა და სტრატეგიის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ამ საღამოს ჯგუფ "ძმანოს" წევრები და მომღერალი მამა-შვილი სამყურაშვილები დაესწრნენ. მომღერლებმა ფონდ World of Diaspora-ს გზა "მრავალჟამიერით" დაულოცეს. საპრეზენტაციო ტორტიც გაჭრეს, რომელიც ასევე, ამ დღისთვის აფხაზეთიდან წამოსულმა და ამსტერდამში მცხოვრებმა ნანი გერგაიამ მოამზადა.

ფონდის პრეზენტაციას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

მეუფე დოსითეოსი:

- "ღმერთმა დალოცოს World of Diaspora. აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი მუდმივი ტკივილია. ძმებმა და ნათესავებმა ერთმანეთი დავკარგეთ. საბჭოეთის ნგრევა ყველას ძვირად დაგვიჯდა აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს. მისასალმებელია ლალი ბუთბაიას, იზოლდა კვიციანისა და ნინო უბილავას ჩანაფიქრი. ისინი აფხაზეთიდან არიან და უკეთ ესმით, უკეთესი რა შეიძლება მოიმოქმედო, მცირედით მაინც რომ შეეწიო ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. ემიგრაციას კიდევ სხვა საფიქრალიც აქვს. განსაკუთრებით აქტუალურია დაქსაქსული დიასპორის გაერთიანება, საქართველოს ქომაგობისა და ემიგრაციაში გაზრდილი მომავალი თაობისთვის მდგრადი კულტურული საფუძვლის შექმნა, რომ ჩვენი შვილები არ მოსწყდნენ სამშობლოს.

GzaPress იზოლდა კვიციანი, World of Diaspora-ს თანადამფუძნებელი: - არსებული რეალობა აზარალებს ყველას. ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაქვს გასაყოფი. რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ომით გაფუჭდა, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ამ ორგანიზაციის არსებობით შევეცდებით, გავაერთიანოთ მსოფლიო დიასპორა და კონფლიქტური საკითხების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. შეგნებულად დავარქვი რესტორანს "სოხუმი", აქ მოვაწყვე ის ოაზისი, რომელიც ყოველდღიურად მახსენებს აფხაზეთს, არსებულ პრობლემას და იმედს მისახავს ნამდვილ სოხუმში დასაბრუნებლად. ხშირად მოდიან რესტორანში არა მარტო ჰოლანდიელები, ასევე რუსები, აფხაზები, ოსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აქ მხოლოდ ქართული მუსიკა ჟღერს. ვესაუბრები საქართველოს ისტორიაზე. ბევრი რადიკალური აზრის მქონე სტუმარი საპირისპირო აზრზე დამიყენებია და მიმიხვედრებია, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი რომ არის. ოკუპაცია გარეშე ძალების მიერ მოხდა და ამ ტრაგედიით არა მარტო ქართველები, არამედ ოსები და აფხაზებიც დაზარალდნენ. უკვე ხვდებიან, რომ იკარგება მათი ეთნოსი და ტრადიციები. ისევ ჩვენ - ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შეგვიძლია ერთმანეთის გადარჩენა. ერთმანეთის თანადგომით უკეთესი მომავლის შექმნა. ისევ ჩვენ უნდა გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი და მეგობრულად ჩამოვართვათ ხელი. სხვა გზა არ გვაქვს. მოვა დრო, ამას ყველა მიხვდება. ამ პროცესების განსავითარებლად თანამოაზრეებმა შევქმენით ფონდი ჭორლდ ოფ Dიასპორა. ჩვენი ფონდის პრეზენტაციისთვის თბილისიდან ჩამოვიდა მომღერალი ლაშა ღლონტი, მადლობა მას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

ნინო უბილავა: - 25 წლის ვარ. მთელი ცხოვრება საქართველოსა თუ ჰოლანდიაში სულ თან მდევს საუბრები აფხაზეთზე. მონატრება, ტკივილი, დაკარგული ტერიტორიები და დროში გაყინული კონფლიქტი. გასაგებია, რომ ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანები ცდილობენ, რამე გააკეთონ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუმცა, აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობაც. ჩვენი სურვილია, ყველა სამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო სტრუქტურასთან ერთად შევქმნათ ძლიერი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია მსოფლიოში მიგრანტებისა და ემიგრანტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენ ამის მიზანი და რესურსი გაგვაჩნია. მადლობა ლაშა ღლონტს ჩვენი თანადგომისთვის.

ფონდ World of Diaspora-ს პრეზენტაციას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში:

- მივესალმები ახალი დიასპორული ორგანიზაციის World of Diaspora დაარსებას, მადლიერებას გამოვხატავ მისი დამფუძნებლების მიმართ და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ნებისმიერ საინტერესო წამოწყებას, რომელიც საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სასიხარულო და იმედისმომცემია World of Diaspora-ს მესვეურთა დიდი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ.

გურამ ოდიშარია, მწერალი: - ჩემთვის პატივია მათთან თანამშრომლობა და მინდა წარმატებები ვუსურვო. ლალი ბუთბაია, იზო კვიციანი და ნინო უბილავა ჩემთვისაც და ყველასთვის სამაგალითონი არიან. გავეცანი მათ, ამ წარმატებული ადამიანების პროექტებს. როგორც ზღვისპირეთელმა კაცმა, მინდა, ზურგის ქარი და ახალი წარმატებები ვუსურვო. გფარავდეთ ღმერთი, ჩემო ძვირფასებო!

ფონდ World of Diaspora-ს მიერ ორგანიზებული ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო მეორე დღეს, 6 ოქტომბერს უკვე ქალაქ ჰააგაში მდებარე რესტორან "სოხუმში" გაიმართა, სადაც ჰოლანდიელების გარდა, ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მოიყარეს თავი. ისინიც აქტიურად აპირებენ ფონდის მხარდაჭერასა და პროექტებში მონაწილეობას.

არჩილ ჯავახაძე, მწერალი, მთარგმნელი: - როგორც შვილი მოგლიჯო დედას გულიდან, ასევეა ყველა ქართველისთვის აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. რასაც უკვე ათწლეულებია, პოლიტიკა ვერ აკეთებს, სახალხო პოლიტიკამ უნდა გადაწყვიტოს. ხალხის აზრს ყველგან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, ჩვენი სულისა და ხორცის ნაწილს უნდა გავაგებინოთ, რომ მტრები არა ვართ, მეგობრები ვართ და ერთნი ვართ. ამიტომ, მე გვერდში დავუდგები ამ ფონდს. იმედია, საქმეს რეალურად წარმოაჩენს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ფერიდე კეშელავა, ემიგრანტი საფრანგეთიდან: - ამ ახალდაფუძნებულ ფონდს ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას თავის გუნდთან ერთად. ლალი ბუთბაია, იზოლდა კვიციანი და ნინო უბილავა პოზიტიური და ღირსეული ადამიანები არიან. მათი გადადგმული თითოეული ნაბიჯი ყოფილიყოს სანდო, საიმედო და მნიშვნელოვანი ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

GzaPressმედეა ჟორჟოლიანი, ბელგიის "ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებელი: - დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის. ისინი ჩემი მეგობრები არიან. დარწმუნებული ვარ, საქმეს ღირსეულად წარმართავენ.

ჰოლანდიაში ჩატარებული შემოქმედებითი საღამოებითა და ემიგრანტებთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა მომღერალი ლაშა ღლონტიც.

- არაჩვეულებრივი საზოგადოება და ადამიანები დამხვდნენ ჰოლანდიაში. გულანთებული ქართველები არიან, რომელთაც არ დავიწყებიათ თავისი სამშობლო და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი პატრიოტიზმია აქ, ვიდრე საქართველოში. მადლობა ფონდ World of Diaspora-ს დამფუძნებლებს ლალი ბუთბაიას, იზოლდა კვიციანს, ნინო უბილავასა და გიორგი ბერიძეს, ასეთი მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარებისთვის. მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდა და დაესწრო ამ საღამოებს. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა და მომავალი. ფონდ World of Diaspora-ს საქართველოშიც ექნება წარმომადგენლობა, რომლის კოორდინატორი ჟურნალისტი გიორგი ბერიძე იქნება. მას საკმაო გამოცდილება დაუგროვდა დიასპორულ საქმიანობასა და ემიგრანტებთან მუშაობის დროს.

გიორგი ბერიძე: - უცხოეთში არაერთ ქართველს, ოსს, აფხაზსა და სხვა ეროვნების ემიგრანტს ვიცნობ. ისინი ევროპული სისტემის ე.წ. ქოლგის ქვეშ არიან მოქცეულნი. მათთვის საერთოა არსებული ვითარება და გამოწვევები. ვფიქრობ, მომწიფებულია სიტუაცია, დიალოგის დასაწყებად. ეს უნდა მოხდეს ფრთხილად. პირველ რიგში აღსადგენია ნდობა და ის ურთიერთობები, რაც ომმა და კონფლიქტურმა სიტუაციებმა გაანადგურა. ეს ქვეყანა ჩვენი გასაერთიანებელი და ასაშენებელია.

რესტორან "სოხუმის" მფლობელმა, იზოლდა კვიციანმა არც წელს დაარღვია ტრადიცია და თბილისობის დღესასწაული აღნიშნა.

ამ დღეს რესტორანში თავი მოიყარეს ქართველმა ემიგრანტებმა, სტუმრებმა ჰოლანდიიდან და ისრაელიდან. ქართული სუფრაც გაიშალა. ერთად ადღეგრძელეს და უმღერეს თბილისს მამა-შვილმა სამყურაშვილებმა, ჯგუფმა "ძმანომ" და ლაშა ღლონტმა. ამოავლეს ჩურჩხელები და ერთად მოილხინეს.

თბილისობას აფხაზი და ოსი ქალბატონებიც დაესწრნენ. ცალსახად გამოხატეს მზაობა ურთიერთთანადგომისა და პატივისცემისა. აღნიშნეს, რომ დადგა დრო, წლების განმავლობაში გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორების. საერთო აზრის გამონახვითა და ნდობის დაბრუნებით აღდგეს ის სიყვარული, რაც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდათ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს.

ფონდ World of Diaspora-ს პირველი პროექტი ჰოლანდიაში დაიწყო და ბელგიაში დასრულდა. ფონდის წევრებსა და მომღერალ ლაშა ღლონტს ქალაქ ანტვერპენში ბელგიის "ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებელი, მედეა ჟორჟოლიანი დახვდა. მათ ანტვერპენში, გია ყანჩელის სახლთან ყვავილები მიიტანეს და დიდი მუსიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფონდი World of Diaspora საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას მალე წარუდგენს არაერთ პროექტს, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფლიქტის მოგვარებას.

მარი ჯაფარიძე