გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გუდამაყრის ხეობის კულტურის კერად იქცევა - გზაპრესი

გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გუდამაყრის ხეობის კულტურის კერად იქცევა

ოქტომბრის იმ დღეს მანქანების კოლონა მიემართებოდა გუდამაყრისკენ. ჩოხი ერთი მართალი კაცის დაბადების დღესა და მის ახალმოსახლეობას დღესასწაულობდა. სოფელში ახალი სახლი აშენდა, ორსართულიანი და თანაც ყველასგან გამორჩეული იერით, არემარითა და სულით. სახლი ჯერ ცარიელია, მხოლოდ ოთახები აქვს. როგორც გავარკვიე, ორი საგამოფენოდ უნდა იყოს, ერთი იმ მართალი კაცის კაბინეტად, ერთი ბიბლიოთეკისთვის და ერთიც ადმინისტრაციისთვის. სახლს დიდი ეზო აქვს, თუმცა ჯერ ხეები და ყვავილები აკლია. ამბობენ, სახლიც მალე შეივსება და ეზოც გალამაზდებაო. თუმცა იმ დღესაც შეივსო სახლი: ფოტოებით, მზითა და ადამიანებით. მერე იმ ადამიანებმა ეზოც აავსეს ღიმილით, თბილი სიტყვებით, სიხარულისა და სევდის ცრემლებით, ხალხური სიმღერებით, ერბოიანი ქადებით, იქვე მოხვეულ-მოხარშული ხინკლით...

ამ მართალ კაცს მშობლიურ სოფელში პირველად ეღირსა სახლი, 65 წელიწადს ელოდა, ეღირსა და მას დღეს გოდერძი ჩოხელის მუზეუმი ჰქვია.

ჩემმა საყვარელმა პოეტმა და ადამიანმა ტარიელ ხარხელაურმა ბრძანა, - მუზეუმი გოდერძი ჩოხელს არ სჭირდებოდა, ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას, როგორც საყრდენი, წუთისოფლის სივრციდან რომ არ წაიშალოს. როგორც ვაჟა-ფშაველა არის ჩარგლის სასიცოცხლო არტერია, გუდამაყრის ხეობის სასიცოცხლო არტერია გოდერძი ჩოხელი უნდა იყოსო.

თემურ ბაბლუანი, კინორეჟისორი:

- გოდერძის მუზეუმის გახსნა ჩემთვის ისეთი ამბავია, გულზე რომ მოედება კაცს და თან კიდევ - სევდიანიცაა; კარგი საქმეა, რაღაც სიჯანმრთელეა ქვეყნისთვის. გოდერძი ამ მთიდან ჩამოსული კაცი იყო, მე სვანეთის მთებიდან ჩამოსული ვიყავი. ჩვენ მთებიდან ჩამოსული ადამიანების თანაგრძნობა და ერთობა გვაახლოებდა. პრინციპში, ძმები ვიყავით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მაღლა, ამ მოვლენას - მუზეუმის გახსნას კი ყველას ვულოცავ - გუდამაყრელებს, მთიულებს, სვანებს, მოხევეებს... ყველას, ვინც ქართველია, ქართული აწუხებს და სტკივა, რადგან აქ მხოლოდ მუზეუმი კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის კერა შეიქმნა.

GzaPress შალვა კერესელიძე სახელმწიფო მოხელეა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, კიდევ ის ადამიანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის გოდერძის მუზეუმის აშენებაში და ვინც გოდერძისთან, ახალ სახლში, განსაკუთრებულად ხელდამშვენებული მივიდა - ახალმოსახლეობაზე მისი "თევზის წერილების" ხელნაწერის დედანი მიუტანა საჩუქრად: - გოდერძი ჩოხელი მამაჩემთან მეგობრობდა. ეს ხელნაწერი 1984 წელს თავად აჩუქა მამას და მას შემდეგ ის ჩემი ოჯახის რელიკვია იქცა. ბატონი გოდერძის გარდაცვალების შემდეგ მამამ მითხრა, გოდერძის ეს ორიგინალი საქართველოს და ქართველი ერის საკუთრებაა, მას უნდა გადავცეთო. სამწუხაროდ, მამა ამ დღეს ვეღარ მოესწრო, ამიტომ მე შევუსრულე სურვილი და დღეიდან ეს შედევრი, ხატ-ქმნილება სამუდამოდ დაიდებს ბინას გოდერძი ჩოხელის მუზეუმში. ამ სახლის აშენებით, ერთი მხრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ბატონი გოდერძის ხსოვნას, საქართველოს წინაშე მისი ღვაწლი დავაფასეთ, მეორე მხრივ კი, ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გუდამაყრის ხეობის გაცოცხლებაში. აქ ივლიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, ქართველი თუ უცხოელი ტურისტები, გარდა ამისა, ხეობაში უკვე ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტიც გაუშვეს, ასე რომ, აქაურობა ნამდვილად ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ამბავში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის.

GzaPress ნინო მელაშვილი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე: - არ მჯეროდა, რომ ასეთი მუზეუმი აშენდებოდა და კულტურის ცენტრიც გაკეთდებოდა გუდამაყარში. ეს იდეა გოდერძის გარდაცვალების შემდეგ გაგვიჩნდა ოჯახს და ჩვენს ახლობლებს - საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, ირმა სანაძეს, მაია ჭინჭარაულს, ნინო ზედელაშვილს და კიდევ რამდენიმეს, მაგრამ აქამდე მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. არც გოდერძის უყვარდა ხელისუფლებისთვის მადლობების გადახდა და არც მე შემიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები, გუბერნატორი შალვა კერესელიძე რომ მოვიდა და თქვა, ამ ადგილას გოდერძის მუზეუმი უნდა ავაშენოთო. მახსოვს, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი, რადგან ვერაფრით წარმომედგინა, რომ ერთ წელიწადში მუზეუმს მართლა ააშენებდნენ. გულწრფელად მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, რომ გუდამაყრისა და რეგიონის ხელისუფლების თხოვნა გაიზიარა და დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ასე უჭირს, გამოყო თანხა ქართველი მწერლისა და რეჟისორის მუზეუმის ასაშენებლად. რა სიმბოლური იყო, როდესაც ბატონმა შალვამ სცენაზე გადმომცა გოდერძის "თევზის წერილების" მის ოჯახში შენახული ხელნაწერი. დავხედე თუ არა, თვალში გოდერძის ხელით ნაწერი დასაწყისი მომხვდა: "სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, - მითხრა გუშინწინ გამიხარდამ და გამცდა"... წარმოგიდგენიათ? გოდერძიმ ამით ყველას, აქ მყოფებს გვითხრა, რომ ამ წუთშიც ჩვენთან არის, აქ არის, რადგან სულს მართლა არ აქვს დასასრული!

გოდერძის აქ არ ჰქონდა სახლი. იგი ბიძის სახლში ცხოვრობდა, ქვემო ჩოხში. ახლა კი უკვე იქნება ასეთი ადგილი და ჩვენც - მისი ოჯახი და მეგობრები ყველანაირად ვეცდებით, რომ გოდერძის სახლში ადამიანებმა თავი კარგად იგრძნონ.

ირმა ხარშილაძე