"წლებია, საპატრიარქო ცეცხლითა და მახვილით დევნის ჯანსაღ კრიტიკასაც კი" - გზაპრესი

"წლებია, საპატრიარქო ცეცხლითა და მახვილით დევნის ჯანსაღ კრიტიკასაც კი"

პოლიტიკის მკვლევარი და ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ იმ მარაზმზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხმის ჩაწყვეტა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე განკითხვა. რამდენად რეალურია საფრთხე იმისა, რომ ინსტიტუტი, რომელზედაც ქვეყნის ერთიანობა დგას, ამ პროცესების შედეგად ჩამოიშლება? ვინ უმაგრებს მეუფე პეტრეს ზურგს და ვის იმედად წავიდა ის "ვაბანკზე", მოახლოებულ არჩევნებში მნიშვნელოვან როლს რომელი ხუთი აქტორი შეასრულებს და ამ ხუთიდან რომელია სამი უმსხვილესი მოთამაშე? - ეს არის თემები, რომლებზედაც ლევან ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

- სოციალური ქსელისა თუ მედიის საშუალებით ყოველთვის აქტიურად გამოთქვამთ თქვენს შეხედულებებს და ხელისუფლების კრიტიკასაც არ ერიდებით. "სრულიად სამარცხვინო სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება", "რა სამარცხვინო პარლამენტი გვყავს" - ეს თქვენი ბოლოდროინდელი პოსტებია. ყველაზე მეტად რა გესირცხვილებათ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს?

- სამწუხაროდ, ადამიანს ხშირად სძლევს ხოლმე ემოცია და მკვეთრად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. ამასთანავე, არცთუ ისე იშვიათად მნიშვნელოვან გამოწვევაზე ყურადღების მიპყრობა დაა პრობლემაზე აქცენტირება რადიკალური გამონათქვამების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მეც მიწევს ხოლმე ჩემთვის ნაკლებად სასურველი გზით სიარული. ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებაში გამეფებული სიყალბე მესირცხვილება. საზოგადოებამ დაკარგა უნარი, რომ მოვლენებს შესაფერისი სახელი დაარქვას. მაგალითად, როდესაც მილიარდერის ნებიერა შვილი მისი სახლიდან ათ კილომეტრში მდებარე ჭიათურის სოფლებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ვერ ამჩნევს და ცხრა მთას იქით დამწვარ ტყეზე ზრუნავს; როდესაც მშიერი და მაღაროში მუშაობის დროს დაღუპული ხალხის ქვეყანაში "მძიმე შრომით გამომუშავებულ დანაზოგზე საუბრობს", თვალში ნაცრის შეყრის საშინელი გრძნობა მეუფლება. მაღიზიანებს, რომ დღევანდელ საქართველოში ნიკა გვარამიას თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი კაცის მანტია აქვს მოსხმული. თითქოს ის არ ყოფილიყოს 2007 წელს ტელევიზიებისა და ოპოზიციური მიტინგების დარბევის მთავარი ინიციატორი. მოკლედ, მრცხვენია, რომ თანამედროვე საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი თეთრს შავად ასაღებს და პირუკუ.

- დღეს ყველაზე აქტუალური საპატრიარქოსთან დაკავშირებული ამბებია. თქვენი აზრით, მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრეს მიერ ნათქვამი მხოლოდ თეორიებია, რომელთაც გარკვეული მიზნები აქვს თუ მართლაც გაჩნდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ინსტიტუტი, რომელზედაც ქვეყნის ერთიანობა დგას, ჩამოიშალოს?

- საშიშროება რეალურია, ქვეყნის ერთიანობის გამომხატველი ერთადერთი ინსტიტუტი შეიძლება ჩამოიშალოს. ჩამოშლის მიზეზი კი არაერთი გარემოება შეიძლება გახდეს. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ დატანჯა ეკლესია მათდამი ლოიალურად განწყობილი პირების ჩანერგვით. ჩვენს ეკლესიაში შეხვდებით მაღალ იერარქებს, რომელთა დაწინაურებაც კომუნისტურ, ნაციონალურ ან "ოცნების" ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არის განპირობებული. ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ და ძალაუფლებისთვის მუდმივ კონფლიქტში არიან. ისინი მზად არიან იმისთვისაც, რომ საკუთარ ინტერესებს ერთიანობა გადააყოლონ. ეკლესიის ერთიანობას საფრთხეს უქმნიან ეკლესიაში შემთხვევით აღმოჩენილი პირებიც. 90-იან წლებში საბჭოთა ეპოქასთან შედარებით მრევლი ათჯერ, ოცჯერ გაიზარდა. გაზრდილ მრევლს ბევრი სასულიერო პირი სჭირდებოდა. ახალი მღვდლების მომზადება შეუძლებელი იყო, ამიტომ პატრიარქი იძულებული გახდა, მღვდლის სტატუსისკენ მიმავალი კარი ბევრისთვის გაეღო. ობიექტური გარემოებით ბევრმა ავაზაკმა ისარგებლა. მათი მართვა, დაყოფა, ასეთი კონტიგენტით მანიპულირება ადვილია, მათ შორის რუსეთისთვისაც. ეკლესიის ერთიანობას საფრთხეს უქმნის კრიტიკის არარსებობაც. საუბედუროდ, წლებია, საპატრიარქო ცეცხლითა და მახვილით დევნის ჯანსაღ კრიტიკასაც კი. კრიტიკის გარეშე პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. კრიტიკის არარსებობა მხოლოდ სიბინძურის დაგროვებასა და ერთბაშად ამოხეთქვას უწყობს ხელს.

- საინტერესოა, მეუფეების საქციელის მიზეზი ან მიზანი რა იყო? ამბობენ, რომ მეუფე იაკობს "ოცნებაში"ლობი ჰყავდა და მას პატრიარქის თანამოსაყდრედ მოიაზრებდნენ, მაგრამ რაკი ასე არ მოხდა, განაწყენებულმა შურისძიება დაისახა მიზნად. მეუფე პეტრეს დამოკიდებულება წინა მთავრობის მიმართ ყველამ იცის...

- მეუფე პეტრეც და მეუფე იაკობიც არიან სიმბოლოები ძალიან მანკიერი პრაქტიკისა - ხელისუფლების საეკლესიო საქმეებში ჩარევის პოლიტიკისა. უბრალოდ, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკს წარმოადგენენ. მეუფე იაკობი ოსტატურად გამოიყენეს მთავრობის წევრებმა და შემდეგ დაპირებულის გარეშე დატოვეს, ეს იწვევს მის გაწიწმატებასა და აღგზნებულობას. მეუფე პეტრე კი ჩემთვის ყველაფერი ბიწიერის სიმბოლოა. ის ახალაიების ბრალდებულებითა და დამნაშავეებით სავსე ოჯახს საქართველოსთვის მზრუნველ და მოამაგე ოჯახად აცხადებს, მას არ ერიდება, რომ საკუთარ სულიერ მამას, მის აღმზრდელსა და გზაზე დამყენებელს, უკიდურესად ასაკოვან და ავადმყოფ კაცს ქრისტიანული თვალსაზრისით მომაკვდინებელი ცოდვა დააბრალოს. თან ამ ყველაფერს აკეთებს მაშინ, როდესაც მიტროპოლიტის მიტრას კარგავს... შეუძლებელია, რომ პეტრეს დიდი ლობი არ უმაგრებდეს ზურგს. ის "ვაბანკზე" ყველაზე გარყვნილი ძალების კოალიციის იმედად წავიდა. ეს კოალიცია ჯერ არ ჩანს, მაგრამ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გამჟღავნდება.

- გახარია აცხადებს, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. ამბობენ, რომ რესურსებისა და გავლენების გადანაწილებისთვის მიდის ბრძოლა და საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ამაზე. თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ 2 ვეშაპი - მიშაც და ბიძინაც ახლა ბედნიერია, რადგან მესამე ძალა - ეკლესია, რომელიც ყოველთვის სჯობნიდათ ძალაუფლებაში, დასუსტებულია. რეალურად, ვინ მოითბო ხელი ამ მდგომარეობით?

- ყველას ფიქრი მიმართულია ილია II-ის შემდგომი ეპოქისკენ. ყველა პოლიტიკურ აქტორს სურს, რომ მომავალში საპატრიარქო ტახტზე მისდამი ლოიალური პირი ავიდეს. თუ საკუთარ კანდიდატს ვერ გაიყვანენ, ურჩევნიათ, რომ ქვა ქვაზეც არ დარჩეს. როგორც ჩანს, შიოს მომხრეებმა თავისი გაიტანეს, დანარჩენებმა, ხელმოცარულებმა კი ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს, ცუდი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს.

GzaPress

- სამწუხაროდ, ეკლესიის მიმართ გარკვეულწილად შეირყა ხალხის ნდობა, მანამდეც უკვე ბზარი იყო მასა და საზოგადოებას შორის, რადგან, ვფიქრობ, ეკლესიას დაავიწყდა თავისი ძირითადი პრინციპები. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალი რა არის? - გამოსავალი იქნებოდა ის, რომ ეკლესია დისტანცირდეს ვანო ჩხარტიშვილის კლასისგან და თავის მთავარ საზოგადოებრივ ფუნქციად ღარიბების, ობლების, ავადმყოფების შემწეობა მიიჩნიოს, მთელი რესურსები სოციალური სამართლიანობის აღსრულებისკენ მიმართოს; გამოსავალი იქნებოდა, სახარებისეულ ტექსტთან დაბრუნება. დღეს საქართველოს ეკლესიას დიდძალი მრევლი ჰყავს, მაგრამ არავინ კითხულობს მთავარ წიგნს - ბიბლიას. მრევლს მინიმალური, თითქმის ნულოვანი კავშირი აქვს ღვთის სიტყვასთან; გამოსავალი იქნებოდა ეკლესიის საფინანსო-ადმინისტრაციული საკითხების სახელმწიფო და სახალხო კონტროლი. ეკლესიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ქონებას ქრისტიანული სათნოებით განკარგავს და არა კაპიტალისტური სიხარბითა და მტაცებლობით.

- ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ნათელი გამოხატულებაა ჩვენი რეალური მდგომარეობისა და სახისა. თუ ხედავთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სწორი გზით წაიყვანს სახელმწიფოს განვითარებას?

- სამწუხაროდ, ნამდვილ პოლიტიკურ პარტიებს ვერ ვხედავ. ჩვენ ირგვლივ ძირითადად ფანკლუბები და პოლიტიკური სექტები ოპერირებენ.

- მოახლოებულ არჩევნებზე როგორია თქვენი მოლოდინი და პროგნოზი?

- მოახლოებულ არჩევნებში მნიშვნელოვანი როლის თამაში ხუთ აქტორს შეუძლია. ხუთიდან სამი უმსხვილესი მოთამაშეა. ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დასები ფინანსური თუ ადამიანური რესურსებით, საკუთარი ტელევიზიებით კარგად აღჭურვილი ძალები არიან. ისინი მთავარ ამინდს შექმნიან. მათ მიღმა იბრძოლებენ კონსერვატიული და ლიბერალური ფლანგის მცირე აქტორები. კონსერვატორთა მთავარი სიმძლავრე, სავარაუდოდ, საქართველოს "პატრიოტთა ალიანსი" იქნება. ლიბერალურ ალიანსს კი გიგა ბოკერია ჩაუდგება სათავეში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნები და უბარიერო სისტემა შესაძლებლობას მისცემს უმცირეს აქტორებსაც. იმედი მაქვს, რომ ანა დოლიძის მსგავსი მცირე და დამოუკიდებელი მოთამაშეებიც მოახერხებენ თავისი წონის შეძენას. თუმცა, წინ დიდი დროა, ჩვენ არასტაბილურ სისტემაში ვცხოვრობთ, შეიძლება ყველაფერი თავზე დაგვემხოს და შეიცვალოს.

- ესე იგი, ახალშექმნილ "ლელოსა" და მამუკა ხაზარაძესაც მოიაზრებთ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად?

- ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, იდეები, ღირებულებები, თანმიმდევრულობა არ ფასობს. დღეს მთავარი ფული და მედია გავლენებია. შესაბამისად, "ლელო" ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. თუმცა, მე ხალხის შეურაცხყოფად მიმაჩნია, რომ ლამის 50%-იანი კრედიტების გამცემ მევახშეს ქვეყნის კეთილდღეობის შექმნაზე აქვს პრეტენზია. მინდა დამარცხება ვუსურვო ამ პოლიტიკურ ჯგუფს.

- საინტერესოა, თქვენი, როგორც პოლიტოლოგისა და ანალიტიკოსის აზრი - რა გვჭირდება, რომ რუსეთისგან უფრო დამოუკიდებლები გავხდეთ მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა, ფაქტობრივად, მასზეა დამოკიდებული? როგორ უნდა მოვაგვაროთ მათთან ურთიერთობები ისე, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი?

- რუსეთთან საქართველოს პოლიტიკას სამი სვეტი უნდა ამაგრებდეს: მუდმივი და მრავალმხრივი დიალოგი რუსეთთან, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით; რუსეთისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევისთვის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და რუსეთის კვლევების, რუსეთის შესწავლის უმაღლესი დონის ცენტრების ჩამოყალიბება. ეს მოკლედ, ისე თემა ძალიან სერიოზული და მრავალწახნაგოვანია.

- დაბოლოს, ამერიკელმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ლუკ კოფიმ განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს "ჰორიზონტს მიღმა" ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს "ისლამურ სახელმწიფოს" იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ გაძლიერდება". სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივამ ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. რეალურად რას მოუტანს ეს ქვეყანას?

- ვფიქრობ, არასერიოზულია მეორეხარისხოვანი, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში აღმოჩენაზე ორიენტირებული მკვლევრის დაუსაბუთებელი ინიციატივის დეტალურად განხილვა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ პრეზიდენტ ტრამპისა და სხვა გავლენიანი პირების "ტვიტებზე", კოფის "ტვიტები" არაფერს ნიშნავს.

ნინო ჯავახიშვილი