გოგონა, რომელმაც გათხოვებას სწავლა არჩია
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, 19 წლის ჩინარა კოჯაევა დასახული მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს. ის ახლა სტუდენტობისთვის ემზადება. უნდა თავის მშობლებს, ახლობლებსა და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ არასრულწლოვანმა გოგონამ თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ოჯახს დაუპირისპირდა და უარი თქვა ნაადრევ ქორწინებაზე.
ჩინარა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მაშინ მან პოლიციის დახმარებით დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას. სამაგიეროდ, ციხეში აღმოჩნდა მამამისი, რომელიც სამართალდამცავების გაფრთხილების მიუხედავად, ქალიშვილს ქორწინებას მაინც აიძულებდა.
გოგონა თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა. 15 წლის იყო, როცა თანასოფლელ ბიჭზე დაინიშნა. ქორწილის დღეც გადაწყდა, ოჯახს სტუმრებიც დაპატიჟებული ჰყავდა, გოგონას მამამ მზითევისთვის 6.000 ლარი სესხიც აიღო, ჩინარას ოთახში უკვე ეკიდა საქორწინო კაბა. თანატოლი გოგონების მსგავსად, ისიც მშობლების მოთხოვნას უნდა დამორჩილებოდა და უსიყვარულოდ გათხოვილიყო, მაგრამ უცებ ამ წესების წინააღმდეგ გაილაშქრა.
ჩინარა: - სოფელ ქოსალარში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. 15 წლის დამნიშნეს, ის ბიჭი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო, ჩემი ძმის ძმაკაცი. ისიც ჩვენს სოფელში ცხოვრობდა. მასთან ურთიერთობა არ მქონია. მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი. - შეხედე, შენი თანატოლები თხოვდებიან, შენ რატომ არ გინდა? ეს არის შენი ბედი, გათხოვებაშია ბედნიერებაო. არადა, ვხედავდი, ჩემი თანატოლები ბედნიერები ნამდვილად არ იყვნენ. მათ ქორწილებში დავდიოდი და ისეთი მოწყენილები იყვნენ, აშკარად ეტყობოდათ, არ უნდოდათ გათხოვება. ბევრი მინახავს, ქორწილში რომ ტიროდა... როცა სკოლის დირექტორს ვუთხარი, არ მინდა გათხოვება-მეთქი, მიპასუხა, თუ მამაშენს არ უნდა, რომ ისწავლო, მე ვერ დაგეხმარებიო. არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. მახსოვს, რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული ხარ, ეს აღარ შეგშვენისო. მხოლოდ ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, ყოველთვის მხარში მედგა, მაგრამ ოჯახის უფროსი მამა იყო. ის ამბობდა, სირცხვილია, სახელი გაგიტყდება, მერე აღარავინ გითხოვს, დანიშნული ხარ და თუ უარს იტყვი, ე.ი. არ ხარ კარგი გოგო, რაღაცას თავს არიდებო. მაშინ მეც არ ვიცოდი, რომ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობდა და მათ შეეძლოთ ჩემი დახმარება. ერთხელ ვიკითხე, ნეტავ თუ არის ვინმე, ვინც დამიცავს-მეთქი? მითხრეს, ასეთი რამ არ არსებობსო...
მხოლოდ ქართულის მასწავლებელი მამხნევებდა და მეუბნებოდა, ასე გააგრძელე ჩინარა სწავლა, ჯერ შენი გათხოვების დრო არ არისო. ჩემს სოფელში სწავლას არც ერთი გოგო არ აგრძელებდა, ყველა თხოვდებოდა. ჩემი დაქალებიც, რამდენიმე გოგო ძალით გაათხოვეს. ვუყურებდი, როგორ ტიროდნენ ისინიც. ესეც ძალიან მოქმედებდა ჩემზე. მათგან განსხვავებით, მე ძალზე აქტიური ვიყავი. დანიშნული სკოლაში რომ დავდიოდი, მრცხვენოდა. ბოლოს ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით და კიდევ ვთქვი, არ მინდა გათხოვება-მეთქი. მიმეორებდნენ, ბედნიერი იქნები, რომ გათხოვდებიო. მე არ ვეთანხმებოდი, ჩემი ბედნიერება ის არის, რასაც ახლა ვაკეთებ - ვსწავლობ, ვმუშაობ, დამოუკიდებელი ვარ, ხელფასი მაქვს, ბევრი ადამიანი გავიცანი.
- იმ ბიჭს არ უთხარით, რომ არ გინდოდათ მასზე დაქორწინება? - ის მე არ დამლაპარაკებია. ერთხელ მითხრა, ქორწილი იქნება მალე და მერე ვნახოთ, რას იზამო. ბავშვობიდან პოლიციელობა მსურდა. ბევრჯერ მიფიქრია, ახლა პოლიციელი რომ ვიყო, თავს ხომ დავიცავდი-მეთქი?! ქართულის მასწავლებელს ვუთხარი ყველაფერი, მან პოლიციას დაურეკა. მამაჩემთან ერთად დამიბარეს განყოფილებაში. მამას ხელწერილი დააწერინეს, რომ 18 წლამდე არ გამათხოვებდა. მან არ იცოდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა დარეკა პოლიციაში. უკვირდა, საიდან გაიგეს, ყველა ასე ათხოვებს შვილს და მე რა დავაშავეო? ამ ხელწერილის მიუხედავად, ცოტა ხანში ისევ ჩემს ქორწინებაზე დაიწყეს ლაპარაკი. თავიდან ხმა არ ამომიღია, რადგან ვიცოდი, ჩემს სურვილს არავინ გაითვალისწინებდა. ყოველღამე ვტიროდი. ისიც ვიცოდი, ჩემს ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ სწავლა უმაღლესში გამეგრძელებინა. მერე ქორწილის თარიღიც დათქვეს - 9 სექტემბერი. მამამ 6 ათასი ლარი სესხად აიღო, ჩემთვის სამზითვო ნივთები რომ გაემზადებინა. ამ ყველაფერს ვუყურებდი და ისევ ვჩუმდებოდი, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. ქორწილის დრო რომ ახლოვდებოდა, საშინლად ვნერვიულობდი. საზღვარგარეთიდან, სხვადასხვა ქალაქიდან სტუმრები უკვე დაპატიჟებული იყვნენ. საქორწილო კაბაც მომიტანეს. ვხედავდი, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ვიფიქრე, წავალ სახლიდან და მერე რაღაც იქნება-მეთქი. ქორწილამდე ორი დღით ადრე მეჩეთში ერთი ჟურნალისტი გავიცანი, მისი ტელეფონის ნომერი მქონდა. მას დავურეკე, - მათხოვებენ და არ მინდა-მეთქი. იმან სახალხო დამცველთან დარეკა, მე კი ცხელი ხაზის ნომერი მომწერა და პოლიციაში დავრეკე. მამა დაიჭირეს, რადგან ხელწერილისთვის ჰქონდა მოწერილი ხელი და მაინც მათხოვებდა. ამის შემდეგ სოფელში თითით საჩვენებელი გოგო გავხდი, ეს რა ქნა, საკუთარი მამა დააჭერინაო. დედაც მეწინააღმდეგებოდა. პოლიციის შენობაში ვიყავი და მესმოდა ქუჩაში დედის ყვირილი და ტირილი. ძალიან ცუდად გავხდი, არადა, ორი არჩევანი მქონდა: ან მშობლებთან დავბრუნდებოდი და გამათხოვებდნენ, ან მამას დაიჭერდნენ. გავრისკე, რაც იქნება, იქნება-მეთქი, არ მინდოდა იმ ბიჭზე გათხოვება, სწავლა მსურდა და არც ახლა ვნანობ ამ ნაბიჯს.
- ის ბიჭი რომ შეგყვარებოდა, გათხოვდებოდი?
- მაინც არ გავთხოვდებოდი პატარა ასაკში. 15 წლის დამნიშნა, მე კი მასთან ლაპარაკი და შეხვედრა არ მინდოდა.
- შენი თანაკლასელი გოგონები დადიოდნენ სკოლაში?
- 9 კლასის განათლება ჩვენთან აუცილებელია, მერე თხოვდებიან, ბევრი უფრო ადრეც გაათხოვეს. ეს არ არის ტრადიცია, უბრალოდ, ხალხი თვლის, რომ ასეა საჭირო და დღესაც შემორჩენილია რამდენიმე სოფელში, თორემ აზერბაიჯანის უნივერსიტეტში უამრავი გოგო სწავლობს.
- მამის დაჭერის შემდეგ თავშესაფარში გადაგიყვანეს?
- თბილისში, "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის" თავშესაფარში გადამიყვანეს. იქ კარგად მოვეწყვე. 9 თვე ვიყავი, ქართული და ინგლისური ენის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული. ქართული საერთოდ არ ვიცოდი და მასწავლეს. ვიზაჟიც შევისწავლე. ახლა უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროექტში "მრავალფეროვანი საქართველო" ვთანამშრომლობ, ასევე "ინოვაციების და რეფორმების ცენტრის" ერთ-ერთ პროექტშიც დამასაქმეს. პროფესიულ კოლეჯში დავდივარ და ოფისის მენეჯერობას ვსწავლობ. ახლა ვემზადები, უმაღლესში, სამართალმცოდნეობაზე ჩასაბარებლად. პარალელურად, პოლიციის აკადემიაშიც მინდა ჩაბარება. ბევრი გეგმა მაქვს და იმედია, ყველა მიზანს მივაღწევ. ვცხოვრობ ქირით, სტუდენტებთან ერთად. "პირველ არხზე" ვმუშაობ, როგორც ჟურნალისტი. კვირაში სამი დღე პირდაპირ ეთერში ვარ და მოსახლეობას ინფორმაციას აზერბაიჯანულად ვაწვდი. ძალიან მომწონს ეს საქმე, მადლობა იმ ხალხს, ვინც გვერდში დამიდგა და შანსი მომცა. მაგრამ ჩემი ოცნებაა, სამართალდამცველი გამოვიდე და აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას უნივერსიტეტში. იურისტობა სულ მინდოდა, ძალიან სამართლიანი ვარ. ჩემი ოცნებები აუცილებლად უნდა ავისრულო.
- ჩინარა, უკვე ყველამ იცის შენი ამბავი, ხომ არ გიკავშირდებიან გოგონები ამ პრობლემით?
- გოგონები სოციალური ქსელით ხშირად მიკავშირდებიან და მთხოვენ დახმარებას. მათ ვურჩევ, 112-ში დარეკონ ან სკოლაში მიმართონ ქართულის მასწავლებელს და ის აუცილებლად დაეხმარება. ერთ გოგონას დავეხმარე და ისიც არ გათხოვდა, მერე მშობლები შეურიგდნენ და ახლა არანაირი პრობლემა არა აქვს.
- შენ შეგირიგდნენ მშობლები? მამასთან გაქვს ურთიერთობა? - ახლა მამაჩემთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მეუბნება, წარმატებებს გისურვებ და შენი იმედი მაქვსო. მამის ძმაკაცებმაც მითხრეს, - რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგი, უნდა ისწავლო, რომ ჩვენი შვილებისთვის სამაგალითო იყოო. ახლა ყველა კარგადაა ჩემთან და მიხარია, რომ ყველაფერი დალაგდა. მამა ციხეში რომ იყო, მაშინ ჩუმად მიმიყვანეს სოფელში, რათა არავის გაეგო. მამამ ციხეში ერთი წელი გაატარა. ის უკვე ჩემ მხარესაა. უნდა ვისწავლო და წარმატებული გავხდე. ციხიდან გამოსვლის მერე, ჩვენი შეხვედრა ძალზე ემოციური იყო, მე ჩავედი მასთან სოფელში. ვიცოდი, ცუდი არაფერი მოხდებოდა. გულში ჩამიხუტა. შეიგნო, რომ სწორად არ მომექცა. ჩემი ძმა მაშინაც და ახლაც ჩემს მხარესაა. ის ამბობს, მე ვამაყობ ჩინარათი და ვიცი, კარგი მომავალი ექნებაო. პირველად არც დედამ დამიჭირა მხარი, მაგრამ მერე არ მეჩხუბებოდა, პირიქით, მეუბნებოდა, - იყოჩაღე ჩინარა, ხომ იცი, მამაშენი ციხეშია, ამდენი რამე გადავიტანეთო. თავშესაფარში 9 თვე ვიყავი, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ ჩემ გვერდით, ფსიქოლოგიც დამეხმარა. ბევრი ვინმე მიჭერდა მხარს, ახლაც მეხმარებიან. თავიდან ძალიან მიჭირდა, ცუდად ვიყავი, ყოველდღე ვტიროდი. ყველაფერი უკან დარჩა. ახლა 19 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ძალიან ბევრი მწერს. მწერენ ჩემი სოფლიდან, სხვა სოფლებიდან, ჩემი კლასელებიც მწერენ: ვერავინ გააგრძელა სწავლა ჩვენი კლასიდან და შენ მოახერხე ყველაფერიო. ამას წინათ მარნეულში ვნახე ერთი ქალი, 28 წლისაა. იმდენი იტირა ჩემთან, - რა მოხდებოდა, მეც გამებედა, ასე ადრიანად არ გავთხოვილიყავი და მესწავლა, წინააღმდეგობა გამეწიაო. ერთმა გოგომ ჩემნაირად, ნიშნობის ნივთები იმ ბიჭს უკან დაუბრუნა, კიდევ ერთ გოგოს ჰქონდა პრობლემა: სხვა უყვარდა და დეიდაშვილზე ათხოვებდნენ. იმანაც გარისკა და თავის შეყვარებულთან წავიდა. დახმარებას რომ მთხოვდა, ვურჩიე, პოლიციაში დაერეკა, მაგრამ ვერ გაბედა, შეეშინდა, მამაჩემს დაიჭერენო. ამიტომ გაიპარა და შეყვარებულთან ცხოვრობს. როგორც ვიცი, ახლა ოჯახიც შეურიგდა. დღეს ბედნიერი ვარ, ჩემი თემისა და ოჯახი წინააღმდეგ რომ გავილაშქრე, მე გავიმარჯვე და დავანგრიე მითი! ახლა მინდა სხვებიც გადავარჩინო, როგორც მე გადავრჩი. ყველა ვერ ბედავს, იბრძოლოს. თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, სხვა არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად.
- ახლა რა ხდება სოფლებში, ისევ ათხოვებენ გოგონებს ძალით?
- მაინც არის რამდენიმე სოფელი, სადაც ისევ არ სწავლობენ გოგონები, მათ ათხოვებენ. 15-16 წლის ასაკში გათხოვება არ არის კარგი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ჰგონია, ეს არის ცხოვრება. არ იციან, რომ გარეთ სხვა რეალობაა და სხვა მომავალი ელოდებათ, თუკი ისწავლიან.
- ახლა ხომ არ გყავს შეყვარებული?
- არ მყავს. მინდა, ჯერ ფეხზე დავდგე, ცხოვრება ავიწყო, დამოუკიდებელი ვიყო. შეყვარებულის ყოლასაც თავისი დრო აქვს. თავისით მოვა ყველაფერი, არ ვჩქარობ დაქორწინებას. კარგად რომ ვისწავლი, კარგი სამსახურიც მექნება, კარგი განათლებაც და ალბათ, ჩემი მეუღლეც განათლებული იქნება. არ მინდა ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც მეტყვის, შენ გამო მამაშენი დაიჭირესო. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ღირსეული იქნება. დარწმუნებული ვარ, მაგარი მომავალი მექნება, რადგან ადამიანს რაც გულით უნდა, იმას მიაღწევს. მე ეს შევძელი და ალბათ, სხვებიც შეძლებენ ამას. მთავარია, არ შეშინდეთ და უკან არ დაიხიოთ, - იბრძოლეთ თქვენი მომავლისთვის.
თეა ხურცილავა