რატომ აუმხედრდნენ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს - გზაპრესი

რატომ აუმხედრდნენ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ზვიად ძიძიგურმა, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, გიგა ბუკიამ, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

გიგა ბუკია, დეპუტატი:

GzaPress - მოდი, ნუ ვეძებთ ყველაფერში სკანდალს, უბრალოდ, ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატო და ამაში თანაგუნდელებიც თუ აგიბამენ მხარს, ბევრად პირნათელი ხარ საკუთარი ხალხის წინაშე... ასე რომ, ბევრი მიზეზი მქონდა არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ადამიანს უმრავლესობა დამეტოვებინა. უკვე ვეღარ ვხედავდი რესურსს, იმ გუნდში დავრჩენილიყავი. - კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის გარდა, სხვა რა მიზეზები გქონდათ?

- იმედგაცრუება. ბიზნესმენ კახა ოქრიაშვილს, რომელიც თავის თავს სამაგალითო მაჟორიტარად მიიჩნევს და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვანამუსებს, თურმე ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა ჰქონია... კი ბატონო, განაგრძონ მუშაობა, თუ ასეთი ადამიანების ყოფნით ხელი არ შეეშლებათ. იმ რეალობას ვგულისხმობ, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა... ცოტა არ იყოს, დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ 40-მდე დეპუტატმა, თავის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა... ვიღაცებისგან განსხვავებით, ჩემთვის და ჩემი პარტიის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის პატივისცემა და მიცემული პირობის შესრულება. პირადი თუ პოლიტიკური ინტერესის გამო, ჩვენს ნათქვამზე უარის თქმას არ ვაპირებ.

- თუმცა, ბევრმა თქვენი გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებულად მიიჩნია და ვერ დაიჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს აუმხედრდით.

- არ მიკვირს, ყველაფერი შეიძლება დაგვაბრალონ. საზოგადოების ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ ყველა სიტყვასა და ნებისმიერ გეგმას ბიძინა ივანიშვილი გვიდგენს, მაგრამ ილაპარაკონ, - ენას ძვალი არა აქვს. უმრავლესობა დავტოვეთ, მაგრამ "კონსერვატორები" ვრჩებით პარლამენტში და საქმიანობასაც განვაგრძობთ ჩვენი პოლიტიკური გეგმის მიხედვით. მიხარია, რომ ჩემი პარტიის წევრებმა, ერთი-ორის გამოკლებით, იდეის გარშემო კონსოლიდირება შევძელით, - ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში წარდგენილმა ყველა "კონსერვატორმა" დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას.

- ამ კანონპროექტის ჩავარდნას მოჰყვა აქციები, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება, რაც სპეცრაზმმა დაშალა, თუმცა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, თავადაც ხომ არ აპირებთ მათ შეუერთდეთ?

- რევოლუციური სცენარების მომხრე არ ვარ. ქვეყანაში ხელისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. შესაბამისად, არ ვაპირებ რომელიმე აქციაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას... ჩვენს ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა ლეგიტიმური უფლებაა, თუმცა, აუცილებელია ეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მოხდეს... რევოლუციურ სცენარებს ჩვენ, "კონსერვატორები" მხარს არ დავუჭერთ. დღეს ბევრი რამ გავიარეთ და საბედნიეროდ, იქამდე მივედით, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. თუმცა, უდავოა, რომ ოპოზიციას ახლა მორალური უპირატესობა აქვს, რადგან ხელისუფლებამ საზოგადოება, თავისი ამომრჩეველი და ოპოზიციაც მოატყუა, ამიტომ მათი აღშფოთება სრულიად სამართლიანია. თუმცა, რაც შეეხება პიკეტირებასა და აქციას, შესაძლოა, ამ მხრივაც გვქონდა კანონთან აცდენა, თუმცა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც კეთილი ინებონ და ისე იმოქმედონ, რომ ისედაც მძიმე ვითარება უფრო მეტად არ გაამწვავონ.

მარიამ ჯაში, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე: GzaPress - ჩავარდნილი პროექტის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა იმ გუნდის ავტორიტეტი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. მის მიმართ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნდობა დაკარგა და ასეთ გუნდში დარჩენის აზრს ვეღარ ვხედავ. უამრავმა ადამიანმა, თქვენმა კოლეგამ თუ უბრალოდ, საზოგადოების წარმომადგენელმა მკითხა, - დავბრუნდები თუ არა უმრავლესობაში?.. არა! ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება და უმრავლესობაში არ დავბრუნდები. შესაბამისად - უმრავლესობის დატოვება პარტია "ქართული ოცნების" პარტიის დატოვებას ნიშნავს.

- როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება დაიკავოს თქვენი თანამდებობა?

- არ ვიცი, "ქართულ ოცნებაში" არაერთი ღირსეული კადრია, შესაფერის კანდიდატურას იპოვიან... ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენაა და ასეც მოვიქცევი.

- პარლამენტში შეიკრიბნენ ის ადამიანები, ვინც უმრავლესობის რიგები დატოვა, თუმცა თქვენ არ მონაწილეობდით, რატომ?

- არავინ დამკავშირებია, თუმცა, შემდგომში თუ შეიკრიბებიან, - კი ბატონო, მზად ვარ, მივალ თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან 7 წელი ვიმუშავე და მათ პატივს ვცემ, თუმცა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა დაგვანახვა, რომ აუცილებელია პოლიტიკური კულტურის შეცვლა. შეუძლებელია, ამომრჩეველს დაპირება მისცე და შემდეგ სრულიად აბსურდული მიზეზით კანონპროექტი ჩააგდო. ამიტომაც შეირყა პარტიის მიმართ ნდობა და იქ დარჩენის მიზეზი არ მქონდა.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში?

- ამ ეტაპზე მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მაშინ ფაქტობრივად, სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება, რასაც საერთოდ არ ვნანობ, - ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე არსებობს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა.

- ქვეყანაში კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ განვითარებულ პროცესებზეც გკითხავთ, - რამდენად ადეკვატურად იქცევა ხელისუფლება?

- სრულიად მესმის საზოგადოების პროტესტის, თუმცა, ვფიქრობ, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლის ხანა.

ლალი პაპასკირი