სიტყვის გატეხით იმედგაცრუებული საზოგადოება და ილუზია, რომელსაც ოპოზიცია ქმნის - გზაპრესი

სიტყვის გატეხით იმედგაცრუებული საზოგადოება და ილუზია, რომელსაც ოპოზიცია ქმნის

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ძალიან ძვირი დაუჯდა. ამ ამბის პოლიტიკური ფასი ასეთია: საპროტესტო აქციები, საკუთარი მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობის დაკარგვა და მინუს 12 დეპუტატი. "ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაზე", ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებსა და პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი, ზაზა ხუციშვილი გვესაუბრება:

- პარლამენტის შენობის პიკეტირება იყო კანონდარღვევა, პოლიციელები ისე მოიქცნენ, როგორც მათ კანონი ავალდებულებდათ. რაც შეეხება გადაკეტილი გზის გახსნას, გაწმენდას, თუ აქციაზე იმდენი ხალხია, რომ პროცესი გზის გადაკეტვას თავისთავად მოითხოვს, ეს ქმედება ლეგიტიმურია, მაგრამ იმ საპროტესტო აქციაზე, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ბევრი ხალხი არ იყო და გზა ხელოვნურად ჰქონდათ ჩაკეტილი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ აქცია კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად დაშალა.

- გასაგებია. რას იტყვით საპროტესტო აქციის შინაარსზე, რამდენად სამართლიანი იყო საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნა?

- ამ საკითხზე ჩემი პოზიცია მაქვს. მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ და თავს მოვალედ მივიჩნევ, ნებისმიერ სიტუაციაში, დროსა და ვითარებაში შევასრულო ჩემი დანაპირები, თავიდანვე ვიყავი და დღემდე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვარ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს თემა არ არის ხალხის ინტერესის საგანი. ერთი საგულისხმო რამ უნდა გითხრათ: როდესაც ჩვენ საყოველთაო განხილვებში გავიტანეთ ახალი კონსტიტუციის პროექტი, აღმოჩნდა, რომ ხალხს აინტერესებდა ქორწინებისა და მიწის საკითხი. არ მახსოვს არც ერთი კაცი, რომელსაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა ჰქონდა. ეს არის პოლიტიკოსების მიერ წინ წამოწეული საკითხი. ხალხი ხელისუფლებაზე ძირითადად ნაწყენია იმის გამო, რომ პირობა არ შესრულდა. მე მგონია, ახლა გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ხალხის უმეტესი ნაწილი მაჟორიტარულ სისტემას დაუჭერს მხარს. მართალია, მოსახლეობა ნაწყენია მაჟორიტარებზე, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ მათ მაინც მოსწონთ, დეპუტატებს რომ პირადად ეკონტაქტებიან, ესაუბრებიან. ერთი დღე არ გამიცდენია და დანიშნულ დღეს ყოველთვის ვხვდები ამომრჩეველს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბევრი პრობლემის გადაჭრა ფიზიკურად არ შემიძლია, ისინი საუბრით, კონტაქტითაც კმაყოფილები არიან. ასე რომ, ეს საპროტესტო მუხტი საარჩევნო სისტემის თემა არ არის. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებს არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ვის ვხედავთ საპროტესტო აქციაზე? ადამიანებს, რომლებიც თავად არ არიან პოპულარულები და მთელი 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ბლოკებითა თუ ალიანსებით ახერხებენ პოლიტიკაში ყოფნას. თანაც, პირველ დღეს ჩართეს "მიშა მაგარია" და მიკროფონი მისცეს "ნაციონალებს". მართალია, "ქართულმა ოცნებამ" ბევრი პრობლემა ვერ მოაგვარა, ხალხი სიღატაკისა და შიმშილისგან ვერ იხსნა, მაგრამ "ნაციონალებს" მაინც ათით ნულს უგებენ. "ნაციონალების" პირიდან "ოცნების" კრიტიკა უცნაურია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მგონია, ეს საპროტესტო მუხტი მალე მინავლდება.

GzaPress

- ამ რეალობის გათვალისწინებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირება იყო შეცდომა? - ნახეთ, რა გამოვიდა რეალურად: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის გარშემო 2012 წელს ამდენი ხალხი გაერთიანდა. ამ გაერთიანების ყველაზე მთავარი განმსაზღვრელი მისი პირადი რეიტინგი და ნდობა იყო. ვინც უნდა ყოფილიყვნენ მაჟორიტარობის კანდიდატი დეპუტატები, ისინი ბიძინა ივანიშვილის სახელით მაინც გაიმარჯვებდნენ. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა გააცნო "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პარლამენტარებს, ელჩებს, ქართველ საზოგადოებას. პრეზიდენტმაც კი ისაუბრა საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ ფაქტობრივად გადასულები ვართ პროპორციულ მოდელზეო. ახლა რა გამოდის? ჩვენი ხელისუფლება რასაც იტყვის, თუნდაც საერთაშორისო მასშტაბით, მერე ან შესრულდება, ან - არა?

- გჯერათ იმის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები აჯანყდნენ და გუნდის ლიდერის თხოვნა არ გაითვალისწინეს?

- ამ ამბის დეტალურ განხილვას არ დავიწყებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ორი ვარიანტია: ან მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს გუნდის ლიდერის თხოვნა და ქვეყნის ინტერესები, ან რაღაც ფარულ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი. ჩემთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც.

- თქვენ თუ იყავით საქმის კურსში, 40 მაჟორიტარი დეპუტატი კანონისთვის ხმის მიცემას რომ არ აპირებდა?

- მე საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის დროს მივხვდი, რომ ამ დეპუტატების ნაწილი კანონპროექტს მხარს არ უჭერდა. მერე მეგონა, რომ ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ კანონს პირველივე მოსმენით მიიღებდნენ... ჩააგდეს. არც ვიცი, რა ვთქვა, გაოცებული ვარ.

- კონსულტაციების დროსაც საგულისხმო ვერაფერი შენიშნეთ?

- ვერაფერი, რა ვიცი... ივანიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, ხალხისთვის მიცემული პირობა შევასრულოთო. დეპუტატები საწინააღმდეგო აზრზე იყვნენ, მაგრამ მე მეგონა, რომ მათი რიცხვი დიდი არ იქნებოდა. კენჭისყრა რომ გადაიდო, იმ დღეს დარბაზში 133 დეპუტატი ვიყავით. მეგონა, რომ სავარაუდოდ, ოცი კაცი არ აპირებდა ამ კანონისთვის ხმის მიცემას. ბოლოს გაირკვა, რომ გაცილებით მეტნი ყოფილან. ნამდვილად მოულოდნელობა იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.

- თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ მოვლენებზე, რაც კანონის ჩაგდებას მოჰყვა?

- ჩვენ ვსაუბრობდით პროპორციული არჩევნების რისკებზე, რომელიც ნამდვილად აქვს ამ სისტემას. როდესაც მე მხარი დავუჭირე პროპორციული არჩევნების სისტემას, სწორედ ის რისკები გავითვალისწინე, რაც კანონის ჩავარდნას შეიძლება მოჰყოლოდა. ახლა რაც მოხდება რეალურად, ძალიან მალე ვნახავთ და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ. როდესაც გუნდის წევრი ხარ, რა თქმა უნდა, გიწევს გუნდური პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამ რეალობამ გვიბიძგა გუნდის დატოვებისკენ.

- ამ მოცემულობაში მესამე ძალის გაძლიერების შანსს თუ ხედავთ?

- რატომაც არა. რაოდენობრივად ახლა მეტი ხალხის გამოყვანა შეუძლია დიდი ხნით არადისკრედიტირებულ ძალას, რომელსაც ეყოლება რამდენიმე ახალი გამოკვეთილი ლიდერი, რომელთა წარმოდგენა შესაძლებელი იქნება პარლამენტსა და ხელისუფლებაში.

- ასეთ პოტენციალს რომელ ძალაში ხედავთ?

- ასეთი პოტენციალი ნამდვილად აქვს "ლელოს", თუმცა ის ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად, დრო კი ცოტაა დარჩენილი. მით უფრო, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ვერაფერს მოასწრებენ. ვადამდელი არჩევნები ახლა ყველაზე მეტად "ლელოს" არ აწყობს.

ხათუნა ბახტურიძე