"ჯანდაცვის ახალი ტარიფები პაციენტის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება" - გზაპრესი

"ჯანდაცვის ახალი ტარიფები პაციენტის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება"

საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფებში ცვლილებებია. ახალი ცვლილებით იმ სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. ანუ კლინიკის ნაცვლად, თვითონ ადგენს ფასს სახელმწიფო და უკვე განსაზღვრა კიდეც რა ეღირება ესა თუ ის ოპერაცია. თუ ადრე შესაძლებელი იყო პაციენტს ჯანდაცვის მიერ გადარიცხული თანხა შეევსო თავად კლინიკის დაწესებულ ტარიფამდე, ასეთი მოქმედება აეკრძალათ კლინიკებს და თუ პაციენტს სახელმწიფო დააფინანსებს, კლინიკას უფლება აღარ ექნება დამატებით სამედიცინო მომსახურებაში მას თანხა გადაახდევინოს.

"კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების დადგენა საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად მოხდა. ფინანსურ გათვლებს საფუძვლად დაედო კლინიკების მიერ ხარჯების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია. ივნისის თვიდან დაიწყო კომუნიკაცია მომწოდებელ კლინიკებთან, ფინანსური დანახარჯების ობიექტური და ზუსტი სურათი რომ მიგვეღო. ეს მონაცემები შეიკრიბა, დამუშავდა, გაანალიზდა და გამოყვანილია ახალი ტარიფი, რომელიც სრულიად ემყარება არსებულ პრაქტიკას. სახარჯი მასალა, სამედიცინო პერსონალი, მოწყობილობები და სხვა დანარჩენი, რაც სჭირდება ამა თუ იმ ინტერვენციის განხორციელებას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩამონათვალში, - ამბობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დასძენს: - კლინიკებიდან მოწოდებული ინფორმაციით, ერთი და იმავე ინტერვენციაზე ფასი რიგ კლინიკებში იყო 17, 18, 19 ათასი ლარი, სხვაგან 34.000 ლარზე მეტი. ეს უთანაბრობა, რომელიც ძალიან რთული ასახსნელია, გაანალიზდა და გამოყვანილია შესაბამისი ღირებულება... დიდი ინტერესი და მღელვარება იყო, რომ კონკრეტული დეფიბრილატორი ძალიან მაღალი ფასის მქონეა და ეს არ არის ტარიფებში გათვალისწინებული. კონკრეტული დეფიბრილატორისთვის განსაზღვრული თანხა ჩვენი მხრიდან 9.000-ია. აქ თუ ვინმე მეტყვის, რომ კურსის ცვლილებამ გამოიწვია ამხელა სხვაობა, ვერ დაგეთანხმებით, რადგან კურსის ცვლილება ფასს ასე დრამატულად ვერ შეცვლიდა. ეს არის ერთ-ერთი მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ჩვენთვის ვალიდური საფუძველია. ბაზარზე შემოდის სხვადასხვა წარმოების პროდუქტი, მაღალი ფასი იმის გარანტია არ არის, რომ მას აქვს იმაზე ბევრად უკეთესი ხარისხი, ვიდრე შედარებით დაბალი ფასის მოწყობილობას".

იმასაც ამბობს, თუ ვინმეს ეს ტარიფები არ მოსწონს, შეუძლია დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს და ეს ცვლილება არც გადავადდებაო.

ცნობილია, რომ ახალი ტარიფები 20 ნოემბრიდან უკვე ამოქმედდა. განსაკუთრებით აისახა ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია, რეანიმაცია. ბუნებრივია, ამ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და 20-ზე მეტმა კლინიკამ პრემიერსა და ბიზნესომბუდსმენს წერილითაც მიმართა. ისინი პირველ რიგში, ცვლილების მინიმუმ ექვსი თვით გადავადებას ითხოვენ. "სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური მომსახურებისთვის, როგორიც არის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია, იმპორტირებულია საზღვარგარეთის მწარმოებელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, მათი ფასები უცხოურ ვალუტასთანაა მიბმული. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ლარის გაუფასურების პირობებში, ამ პროდუქციის ღირებულებამ ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მოიმატა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, რა გათვლებს ეფუძნება სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები", - ნათქვამია მათ წერილში.

ექიმთა ნაწილი ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მათ შესთავაზა. ექიმები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ჯანდაცვის ხარისხზე ცალსახად აისახება. მათი თქმით, სამინისტროს შეთავაზებული ტარიფების უმრავლესობა იმდენად დაბალია, რომ რეალურ ფასებს ვერ ასახავს. ეს კი უდავოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეების სამედიცინო სერვისს გააუარესებს. ამასთან, შემცირდება მედპერსონალის ისედაც მწირი ხელფასი. სამედიცინო დაწესებულებები ითხოვენ, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და ამ ჯგუფმა უკვე დადგენილი ტარიფების გადახედვაზე იმუშაოს, რადგან ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, შეუძლებელია სამინისტროს ყველა კლინიკისთვის მისაღები ფასი შეეთავაზებინა. "ის, რომ ჩვენ 200-ზე მეტ მიმწოდებელთან ანუ საავადმყოფოსთან დავსხდეთ და რომელიმე ფასზე შევთანხმდეთ, ტექნიკურად შეუძლებელია... თუ კლინიკა წარმოადგენს ობიექტურ საფუძველს იმისთვის, რომ ხარისხში განსხვავება დასაბუთებულია და ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ", - ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე. მისი თქმით, დღეს მთავრობა "ხელების გადაგრეხით" ცდილობს ჯანდაცვის სექტორში ამ ცვლილებების გატანას. "მსგავსი ტიპის რეფორმად წოდებული გეგმის წარმოდგენა უნდა ხდებოდეს არა პირდაპირ ძალაში შესვლით, არამედ იმ კლინიკებთან კომუნიკაციით, ვინც უნდა განახორციელოს ცვლილება. ტარიფების შემოტანის წინ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა კლინიკებსა და მთავრობას შორის, რაც პრობლემაა. ამას კლინიკებიც ადასტურებენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ღია წერილით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერს. ცალსახაა, ტარიფები არ ყოფილა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გავლილი, რადგან ტექნიკური თვალსაზრისითაც კი აცდენილია რეალობას მათ მიერ დაწესებული ფასები. ხოლო ამ არარეალური ტარიფების გამო, შეუძლებელი გახდება კლინიკებმა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად გასწიონ... ხელისუფლება ცდილობს კლინიკები მოსახლეობას უარყოფითი კუთხით დაანახვოს, თითქოსდა მათი ჯანმრთელობის ხარჯზე სამედიცინო სფერო მდიდრდება. არადა, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შავი პიარით ცდილობენ ის ხარვეზები დაფარონ, რაც სხვა მიმართულებით აქვთ. არ ვიცი, ეს მილიონები საიდან მოიტანეს, რასაც აქვეყნებენ, რეალობა არა მგონია და თუ რეალობაა და ვინმე არაკანონიერად შოულობს თანხებს, თავის დროზე რატომ არ გააკონტროლეს? შესაბამისი უწყებები ხომ ჰყავს სახელმწიფოს და მათი პრეროგატივაა დროულად იმოქმედონ. რაც ახლა ხდება, გამოიწვევს იმას, რომ დაიხურება წარმატებული კლინიკები, ბაზარზე დარჩებიან ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სარდაფებშია გახსნილი და რომელსაც ხელისუფლება მფარველობს. ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს მთავარი, ხარისხის სტანდარტი, ჯერ ამით უნდა დაიწყონ, რომ დაიხუროს ე.წ. ჯიბის კლინიკები, მაგრამ ამით დიდ სარგებელს თავად პოულობენ და ალბათ არ აწყობთ. ჯერ უნდა დაეწყოთ ხარისხის სტანდარტის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს კლინიკების ხარისხთან შესაბამისობას, ანუ აქვთ თუ არა მათ საშუალება, ადამიანური კაპიტალი და სხვა, რომ შემდეგში სელექტიური კონტრაქტირების ფორმატში იყვნენ ჩართული. ის კლინიკები, რომლებიც ამას ვერ დააკმაყოფილებენ ან უნდა დაიხურონ, ან მინიმუმ, ამ სელექტიურ კონტრაქტირებაში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღონ... სწორედ ამის შემდეგ უნდა გაათანაბრონ ტარიფები - ეს მეორე ნაბიჯი უნდა იყოს", - აცხადებს დეპუტატი ლევან კობერიძე.

"ეს ტარიფები ჩემს დარგში არათუ განვითარების საშუალებას იძლევა, არამედ საერთოდ კლავს დარგს. გადავდივართ იმაზე, რომ მინიმალური ერთკამერიანი სტიმულატორების დონეზე ვიყოთ... საერთოდ გაუგებარია, რა საფუძველი აქვს ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს "გულის რიტმის" ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ ეცაბაშვილი.

GzaPress კრიტიკულად აფასებს ამ ცვლილებებს ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე: - უარყოფითად შევაფასებ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით, თანხების პრობლემა აქვს დღეს ქვეყანას და ასე დაიწყეს ეკონომია, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება. ამას რეფორმას ვერ დავარქმევ. ასეთ ძირეულ გარდაქმნებს რომ აკეთებ, არ შეიძლება კლინიკები ფაქტის წინაშე დააყენო. 5 ნოემბერს გაცხადდა ეს ამბავი და 20 ნოემბრიდან ვიწყებთ ცვლილებებსო. ელემენტარულად, კლინიკებმა ხომ უნდა დათვალონ თავიანთი ბიუჯეტი და ხომ უნდა გაარკვიონ, რეალურად შეუძლიათ თუ არა ასე მუშაობა. მინიმუმ 6-9-თვიანი პერიოდი მაინც უნდა მიეცეს კლინიკებს, თავიანთ კალკულაციებს რომ გადახედონ. აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. საქართველოში ერთადერთი დარგია კარდიოქირურგია, რომელიც ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს პაციენტს. რაც მოხდა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და დამღუპველია. ბევრი კვალიფიციური ექიმი წავა საქართველოდან. გადავხედე ფასებს და ძალიან მაინტერესებს, ვინ დათვალა. ასეთი რამე "ნაცმოძრაობის" დროს არც ერთ მინისტრს არ გაუკეთებია, არც სერგეენკოს. ფასები დასწიეს და წარმოიდგინეთ, პაციენტს აუკრძალეს, რომ დამატებით თანხა გადაუხადოს კლინიკას, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს, თუნდაც ინპლანტი, სარქველი და ა.შ.

- თქვენი აზრით, რატომ აეკრძალათ კლინიკებს დამატებით თანხის მოთხოვნა?

- 28 კლინიკაა, ვინც კარდიოქირურგიაში მუშაობს, მართლა საოცარ ოპერაციებს აკეთებენ. ჰოდა, ახლა მიიღებენ ძალიან ცუდ შედეგს მედიცინაში. ჯანდაცვაში სიტყვა დაბალი და მაღალი ხარისხი არ უნდა არსებობდეს. სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, როცა ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ... თუ ამ ცვლილებას დათანხმდნენ კლინიკები, უნდა ვიცოდეთ, რომ მივიღებთ ძალიან დაბალ ხარისხს, რაც თავისთავად, პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახება.

- ექიმების პროტესტს თუ ელოდებით?

- ყველანი ერთად უნდა დადგნენ და გეგმურ ოპერაციებზე უარი თქვან. არ ვსაუბრობ სასწრაფო გადაუდებელზე, ამას ისედაც არც ერთი ექიმი არ გააკეთებს, მაგრამ თუკი გეგმურზე უარს იტყვიან და ყველა ერთად გაიფიცება, უკან დაიხევს ჯანდაცვის სამინისტრო. წესით, ასე მოხდება, თუ ისევ არ მოახდენენ ზეწოლას კლინიკების ხელმძღვანელებზე და არ დაიწყება მათი დაშინება. გაუგებარი ბოტები თუ ტროლები უკვე შეიქმნა და ისედაც მიდის ექიმების დისკრედიტაცია. თუ რამე ხდება, პირდაპირ ექიმზე ხდება თავდასხმა - არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგან პაციენტს რწმენა ეკარგება. როცა კლინიკაში სამკურნალოდ მიდიხარ, დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას. თუ კარგად ხარ განწყობილი, ყველაფერი კარგად აისახება. ვფიქრობთ, თუ ერთიანი იქნება სამედიცინო სფერო, უკან დახევა მოუწევთ, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც, რომ დასხდნენ და ყველამ ერთად იმსჯელოს, რა არის კარგი ფასი და რა - ცუდი.

- მინისტრის მოადგილემ პირდაპირ თქვა, რომ ფასის გადახედვა არ მოხდება...

- მინისტრის პირველ მოადგილეს კარგად ვიცნობ და არ მოველოდი მისგან ასეთ დამოკიდებულებას, რადგან მას ესმის საგანი და იცის, რომ ეს არ არის ადეკვატური ფასები... ვითომ უნდათ თქვან, არაფერი დასამატებელი არ გექნებათო, ეს სრული პოპულისტური ნაბიჯია. სამაგიეროდ, იმას არ ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ხარისხი იქნება ძალიან დაბალი და ყველამ იცის, იაფფასიან მედიკამენტებსა და იმპლანტებს რა შედეგიც აქვს.

- ამბობს მინისტრის მოადგილე, რომ კატასტროფულად გაზრდილი ჰქონდა ფასები ზოგიერთი კლინიკას...

- თუკი ვინმე იპარავს რამეს და არაკეთილსინდისიერია, მაშინ მიდი და გააკონტროლე, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა. გამოავლინე და გადაეცი პროკურატურას, პოლიციას მასალები და პასუხი აგებინე. წარმოიდგინეთ, თვითონ აქვთ 6-თვიანი დაგვიანება, მაისისა და ივნისის ფულს ახლა იღებენ კლინიკები, ეს ნორმალურია?!

- როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება ხომ არ არის გათვლილი იმ კლინიკების გასაძლიერებლად, რომელთა მეპატრონეებსაც პარალელურად აქვთ სააფთიაქო ბიზნესი?

- უაზრო მონოპოლია რომ არსებობს, ფაქტია. კლინიკაც აქვს, ფარმაცევტული წარმოებაც და მომწოდებელიც არიან - ეს კიდევ ერთი ლაფსუსია ჩვენი ჯანდაცვის, შეიძლება ამ პროგრამაში დარჩნენ ისინი, რომელთა უკან ბანკები, აფთიაქები დგას, მაგრამ სამედიცინო საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და მყარად უნდა დადგეს.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას საარჩევნოდ რატომ დასჭირდა ამის გაკეთება?

- სიმართლე გითხრათ, ვერ ვპოულობ ლოგიკას. ეტყობა, არ აქვთ ფული და გადახედეს, რომელი სფეროა ყველაზე ხარჯიანიო და მერე მიადგნენ ჯანდაცვას. ისიც ცნობილია, ბევრ კლინიკებში პაციენტებს ახალი კალკულაციით ხარჯთაღიცხვას არ უკეთებენ. ამიტომ პაციენტები იძულებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკების დავას უყურონ. იმედია, ამ ჭიდილში არ დაზარალდებიან პაციენტები.

თეა ხურცილავა