"როგორ აღარ ცდილობენ ჩვენს გადაჯიშებას და მაინც ვერ გადაგვარჯულეს!"
font-large font-small
"როგორ აღარ ცდილობენ ჩვენს გადაჯიშებას და მაინც ვერ გადაგვარჯულეს!"
ჰბაძავს თუ არა სინამდვილეში სტალინს ემოციური და იმპულსური ერმილე

"ქართული მარშის" წევრი, ყოფილი სამხედრო ერმილე ნემსაძე სკანდალური ვიდეომიმართვებით გამოირჩევა. ემზარ კვიციანი შემთხვევით "ლაივში" რომ ჩაერთო და - ერმილე, ერმილეო, რომ იძახდა, ეს ვიდეო ალბათ ბევრს გახსოვთ. ერმილე საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდა კაცია, უყვარს კითხვა, იმპულსურია და ძალზე ემოციურად საუბრობს. გასახსენებელი კი მართლაც ბევრი აქვს, რადგან ერაყის მისიის, კოდორის ბრძოლისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.


- საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე დაფასებულ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას მიიჩნევს, ხოლო ედუარდ შევარდნაძეს, მსოფლიო დონის პოლიტიკოსს, ყველაზე დაბალი რეიტინგი რომ აქვს, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. ისე არ უნდა იცხოვრო, რომ გარდაცვალების მერე ხალხს ეზიზღებოდე. რატომღაც, ქვეყნის სათავეში მყოფებს, პოლიტიკოსებს ეს არ ესმით... გვაძალებენ ისეთ ღირებულებებს, რომლებსაც ერი არ ითვისებს. ზუსტად არ მახსოვს, ვისი სიტყვებია, - მარტო "მონანიების" ერთი მონაკვეთი ღირდა იმისთვის, მსოფლიოს კინოს რომ ეარსებაო და ახლა როგორ ფილმებს უკრავენ ტაშს, თვითონაც ხედავთ. ეს ყველაფერი სიბინძურეა. 30 წელია, ცდილობენ, მატერიალისტი ერი გავხდეთ და ისეთი გრძნობები, როგორიცაა რწმენა, პატრიოტიზმი, სამშობლო - სხვა რამით ჩაანაცვლონ.
- "და ჩვენ ვიცეკვეთ" - ალბათ ამ ფილმს გულისხმობთ. თვითონ თუ ნახეთ?
- ნაწყვეტები ვნახე და ესეც საკმარისი იყო... ვინც ტოლერანტობაზე მიგვითითებს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა: ჩვენ ვართ ერი, ვისთვისაც უცხოა ანტისემიტიზმი მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ახლაც მძვინვარებს; ჩვენ ვართ ერი, რომელსაც არ შეხებია ინკვიზიცია, ფაშიზმი, არასდროს ვყოფილვართ სხვა ერების მტრები. თამარისა და დავითის პერიოდში უცხო ქვეყნის მემატიანეები ქართველებს ახასიათებდნენ, როგორც ყველაზე კეთილ დამპყრობლებს. მე თვითონ მისიის მონაწილე ვარ, ერაყში ვმსახურობდი. რადიკალური ისლამის ქვეყანაში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, შიიტები სუნიტებს არ ინდობდნენ. მახსოვს, როცა შიიტი ქალი სუნიტზე გათხოვდა, სოფელში დაბრუნების შემდეგ, ამის გამო ჩაქოლეს. რამდენ ასეთ ამბავს ვიგებდით იქ ყოფნისას, რომ იცოდეთ... ისლამურ ქვეყანაში, სადაც ხუთჯვრიანი დროშაც კი აგრესიას იწვევს, იმდენად ვეიმედებოდით, რომ გვეუბნებოდნენ, ქართველების თავი ალაჰმა გამოგვიგზავნაო. რატომ? იმიტომ რომ ჰუმანური ერი ვართ, იქაურებს ვაძლევდით წყალს, საჭმელს, დაავადებულებსა და დაჭრილებს ვეხმარებოდით, დანარჩენები მკაცრი სამხედრო დოქტრინით მოქმედებდნენ. ქართველის გენეტიკაში სიკეთე დევს. ამ დროს ინგლისელი შემწყნარებლობისკენ მოგიწოდებს. პირველი საკონცენტრაციო ბანაკები მათ არ ჰქონდათ? ან ამერიკელები, ამერიკის შექმნას რამდენი უბედურება მოჰყვა, არ ვიცით? გინდაც რუსები, რაც მათ კავკასიაში გააკეთეს, მუჰაჯირობის პერიოდს ვგულისხმობ... გერმანელი როგორ უნდა მესაუბროს ტოლერანტობაზე ან ბელგიელი - ლეოპოლდ მეორის მმართველობის პერიოდში კონგოში 20 მილიონი ამოწყდა ალმასების მოპოვებისას, შრომითი გენოციდი მოუწყვეს კონგოელებს და ახლა ლეოპოლდის ძეგლი უდგათ ევროკავშირის დედაქალაქში. ჯერ თვითონ იყვნენ ტოლერანტულები და მერე გვასწავლონ რაღაცები. სირცხვილია, რომ ქართველს ჰუმანიზმსა და შემწყნარებლობაზე ესაუბრებიან. ჰომოსექსუალები ადრეც იყვნენ ქართველ საზოგადოებაში, მაგრამ მათ არავინ ჩაგრავდა და განვითარების საშუალება ჰქონდათ. თუ ევროპა გვინდა, უნდა გვინდოდეს ჰიუგოს, დიუმას ევროპა და არა კონჩიტასი. ერთხელ გერმანელ და ავსტრიელ ჟურნალისტებს ვკითხე, თუ ამას ნორმად მიიჩნევთ, ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალებს სისხლის ჩაბარებას რატომ უკრძალავენ-მეთქი? ვერ მიპასუხეს. ჰომოსექსუალიზმის ნორმად დამკვიდრება ავტომატურად კლავს საზოგადოებაში რწმენას, მორალს, ტრადიციას, ეროვნულ ცნობიერებას და ქმნის ახალ საზოგადოებას. როდესაც ამერიკელებთან ერთად ვმსახურობდი, დაუწერელი კანონი მოქმედებდა - არ მკითხო ჩემი ორიენტაცია და არ შეგეკითხები, რა ორიენტაციის ხარ. სიმართლე გითხრათ, ბევრი ჰომოსექსუალიც იყო მათ შორის, მაგრამ ლგბტ დროშებს კი არ აფრიალებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელებისთვის აღვირახსნილობა მიღებულია. ოჯახის ინსტიტუტს პატივს სცემენ, ღალატი მეძაობაზე მეტი დანაშაულია. დევიდ პეტრეუსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა (საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალებისა და ავღანეთში ამერიკის სამხედრო ძალების მეთაური იყო, ასევე ერაყის მრავალეროვნული ჯარების გენერალ-მეთაური 2007-2008 წლებში) საკუთარ ბიოგრაფთან უღალატა ცოლს, რის გამოც თანამდებობიდან მოხსნეს და 2 წელი პირობითი მისცეს. ადამიანი, რომელიც ოჯახს უღალატებს, ის სამშობლოსაც უღალატებს, ასე ესმით მათ. იცით, რა მიზანი ჰქონდა ამ ფილმის გადაღებას? უნდოდათ დაეკნინებინათ რწმენა, მენტალიტეტი, ცეკვა. ე.წ. ინტელიგენციამ ფილმი მოიწონა. სახელებისა და გვარების დასახელებას არ მოვერიდები. მაგალითად, ქეთი დოლიძემ, ლანა ღოღობერიძემ... გამოდის, რომ "წითელი ინტელიგენცია" გახდა ცისფერი ინტელიგენცია, არადა, ისინი, პირველ რიგში, ქვეყანასა და ტრადიციებს უნდა სცემდნენ პატივს. ხვალ ჩალმასაც მოიხვევენ თავზე და თუ დასჭირდათ, წითელ დროშასაც გამოფენენ. ნამდვილი ინტელიგენცია კი ამ დროს არ ჩანს, გაჩუმებულია.
GzaPress
- ვიდრე უფრო მეტს გკითხავთ თქვენ შესახებ, მანამდე მითხარით, სტალინს ხომ არ ჰბაძავთ, ჩიბუხს რომ აბოლებთ?
- (იცინის) სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან ამას. ვპასუხობ, სტალინის კი არა, ოტიას სიყვარულის გამო ვიყენებ-მეთქი ჩიბუხს. უბრალოდ, მომწონს. ბავშვობისას ყველასთვის საყვარელ მწერალს, ოტია იოსელიანს ბევრჯერ შევხვედრივარ. ის და ბაბუაჩემი მეგობრები იყვნენ, მერე მათი შვილებიც მეგობრობდნენ. 1990-იან წლებში დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა, წყალტუბოში. ამ ბიბლიოთეკასთან ახლოს იყო ოტიას მეორე სახლი, ხშირად მოდიოდა ბიბლიოთეკაში და დიდხანს რჩებოდა. ერთხელ გვიან მოვიდა. მე, ჩემი ძმა და დედა ვიყავით, უკვე წასვლას ვაპირებდით. ჩემი ძმის ნახატები დაათვალიერა, მე "ვეფხისტყაოსნიდან" რამდენიმე სტროფი წამაკითხა, დაახლოებით 300 სტროფი ვიცოდი ზეპირად და ბოლოს მკითხა, როგორ სწავლობ ამასო? მამა მიკითხავს, მე ვუსმენ, თან ვთამაშობ და თან ვსწავლობ-მეთქი. მეორე კლასში ვიყავი მაშინ. რა დროს თამაშიაო, მითხრა, შენ ახლა ცალ ხელში წიგნი უნდა გეჭიროს და მეორეში თოხი, ამ დაბნელებულ საქართველოს მხოლოდ ასე თუ გადაარჩენთო. ეს სიტყვები კარგად მახსოვს.
- ჩვენ რომ არც ერთის დაჭერა გვინდა ხელში და არც მეორის?
- რატომ, მთლად ასეც არ არის. ზარმაცები არ ვართ, ჩვენი ემიგრანტები მძიმე სამუშაოს ასრულებენ. როგორ, განა თავიანთ ქვეყანაში დაეზარებათ მუშაობა? მაგრამ შრომასაც ფასი უნდა ჰქონდეს. ქართველს ბედნიერებისთვის ბევრი ფული და მილიონი არ სჭირდება, კაცს არ უნდა უჭირდეს ოჯახის შენახვა. საქართველოში უცებ ხდებიან მილიონერები მაშინ, როცა მოსახლეობა ღატაკია. ეს არის უცნაური...
- პროფესიით ვინ ხართ, რას საქმიანობთ?
- იტალიურ ეზოში ვცხოვრობ ქირით და სახლის პატრონი რატომღაც, სულ გიორგის მეძახის, გინდა თუ არა, გიხდებაო. ამას წინათ მეზობელმა უთხრა, ემზარ კვიციანის "ლაივის" მერე ერმილე ისეთი პოპულარული გახდა, მაგის სახელს შვილებს არქმევენ და გიორგი რას მიქვიაო? რა გითხრათ, 34 წლის ვარ, ქუთაისში დავიბადე, დედა იმერელი მყავს, მამა - სვანი, ლენტეხის რაიონიდან. ამიტომაც, ხან ქუთაისში ვიყავი, ხან - წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბიში, ხანაც - სვანეთში. მამა იურისტი იყო და უნდოდა, მეც იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი გავხდი. ერთხანს ამ განხრით ვმუშაობდი კიდეც. მაშინდელი პოლიტიკური პროცესები ჩემს ოჯახზე ერთგვარ გავლენას ახდენდა. მამა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან მეგობრობდა, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო წერილებს წერდა. დაიბარა უშიშროებამ და უთხრა, შენი მეგობრები ჩაუშვი, თორემ სამსახურს დაკარგავო. მოკლედ, დაიჭირეს. ბაბუას ნერვიულობით გული გაუსკდა, მამიდაც ამ ამბავს გადაჰყვა. რთული პერიოდი გავიარეთ. მინდოდა ქვეყნის სამსახურში ვყოფილიყავი, რამით გამოვდგომოდი სამშობლოს. ამიტომაც სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე. 18 წლისა, სოხუმის დაცემის დღეს, ჯვართამაღლებას, შეიარაღებულ ძალებში ჩავირიცხე, სწავლა კი დაუსწრებელზე გავაგრძელე. ერაყის მისიაში, კოდორის ბრძოლაში, 2008 წლის ომში ვმონაწილეობდი. კარგად მახსოვს, 12 აგვისტოს, ჯვრის მონასტერთან რამდენი ვიდექით, ვის არ გაუგდია იარაღი ხელიდან, როდესაც რუსები ჯერ კიდევ მოიწევდნენ წინ, თბილისისკენ. მოღალატეებმა გაყიდეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ჩააბარეს სამშობლო. იგოეთთან რუსი სამხედროები მიზანში გვყავდა ამოღებული და ბრძანებას არ გვაძლევდნენ ისევე, როგორც ახალგორში, ლომისის სალოცავზე, როდესაც რუსული დესანტი ჩამოსხეს, ალყაში გვყავდა და გაგვაშვებინეს, ეს არ იყო ღალატი?
- მეგობრების დაკარგვა ძალიან მტკივნეული იქნებოდა თქვენთვის. ვიცი, ბევრს პირადად იცნობდით.
- ალეკო ონიანი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძალიან პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყო, ერთად ვიზრდებოდით. ჩემს სოფლამდეა მისი სოფელი. თავი აიფეთქა ნათლულთან ჩახუტებულმა. მიხეილ დვალიშვილი მამაჩემის სტუდენტი იყო, თამაზ ნიკიტინიანიც - დაბომბვის დროს გარდაიცვალა, ფეხმძიმე ცოლი დარჩა. ზვიად კაცაძე, რომელსაც 11 აგვისტოს დაჭრილები გამოჰყავდა სამშვიდობოს, არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ომის შემდეგ გაუტეხლობისა და გმირობის მაგალითად იქცა. ბევრს ვიცნობდი, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაცაა და დიდი ტკივილიც.
- თქვენი არჩევანი, მდგარიყავით "ქართული მარშის" გვერდით, რამ განაპირობა?
- არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიტიკოსობის. მირჩევნია, მშვიდად ვიყო, მივხედო ჩემს ცხოვრებასა და ჩემს ოჯახს, მაგრამ არც უმოქმედობა შემიძლია. ერთადერთი "ქართული მარში" იყო, რომელმაც ხანგრძლივი დროის შემდეგ ეროვნული სული გამოაღვიძა. ამიტომაც დავდექი მათ გვერდით. მანამდე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. გვაქვს სურვილი, პოლიტიკურ ძალად ჩამოვყალიბდეთ და პოლიტიკურ ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა.
- თავის დროზე სააკაშვილის მეხოტბე არ იყავით, არც ეს მთავრობა მოგწონთ.
- სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მოღალატეები არიან და პასუხი უნდა ეგოთ. მე და ჩემი მეგობრები მათ წინააღმდეგ ვიბრძოდით. სვანეთისთვის არც ერთ დამპყრობელს არ დაუშავებია იმდენი, რაც მათ დაუშავეს. სააკაშვილმა სოფელი დაბომბა, ხალხი ამოხოცა, მიცვალებულები საფლავებიდან ამოყარა, კოდორის ხეობა კი მოღალატეობრივად ჩააბარა... რატომ ჰგონიათ, რომ რამე დაგვავიწყდება? მათი "წყალობით" რუსეთის იმპერიამ საქართველოში ბაზებიც დაიბრუნა, ტერიტორიებიც წაგვართვა, სტრატეგიული ობიექტებიც შეიძინა. ახლა კი ვიღაცები ხან მიშისტობას მაბრალებენ, ხან - ბიძინისტობას. ესენი სამართლიანობის აღდგენას თუ იმას ეძახიან, რომ სააკაშვილი გაქცეულია, ხოლო ახალაია და მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს, ძალიან ცდებიან. ივანიშვილმა, 3 მილიონს ვერ დავასაქმებ და სხვა ქვეყნებში წადით სამუშაოდო, ხომ? ასეთი გამონათქვამების გამო ბოლომდე ვეღარ შევძელი მისი მოსმენა. დაანებოს პოლიტიკას თავი, ხომ ხედავს, მანამდე ყველას უყვარდა, ახლა ყველამ შეიძულა და რისთვის, უღირს კი?
- ბოლოს ისიც მითხარით, დაოჯახებული ხართ თუ არა?
- ამ ეტაპზე პირადულზე ნაკლებად ვფიქრობ. ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ასე ადვილად ვერ გადავწყვეტ. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ, შესაბამისად, ჩემი მეორე ნახევარიც პატივს უნდა სცემდეს ტრადიციებს. სულელ ადამიანთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, მოკლედ, განათლებულიც უნდა იყოს. ყველას უკვირს, უცოლო ხარ და არც არასდროს გყოლიაო? დღეს ხომ უცებ იქმნება ოჯახები და უცებვე, მარტივად ინგრევა. ამის შედეგს გვიან მოვიმკით, წინ რთული პერიოდი გველოდება, მაგრამ ამასაც მოვერევით - ხომ ატყობთ, ვინ და როგორ აღარ ცდილობენ ჩვენს გადაჯიშებას და მაინც ვერ გადაგვარჯულეს!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი