გოდერძის კონკურსი - გზაპრესი

გოდერძის კონკურსი

"მადლობა გოდერძის და ყველას, ვინც ამ კონკურსს ასულდგმულებს, უპირველესად - ქალბატონ ირმა სანაძეს. ვულოცავ გამარჯვებულებს... სანამ საქართველო იქნება, და მუდამ იქნება, გოდერძიც იქნება", - ეს ნაწყვეტია იმ ემოციური პოსტიდან გოდერძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - "ერთგულების" 2019 წლის მონაწილემ, მესამე პრემიის მფლობელმა ლევან ლორიამ რომ გამოაქვეყნა. ძნელია, ახალგაზრდა მწერალს არ დაეთანხმო - საქართველოსა და გოდერძი ჩოხელს შორის გაბმული მარადიულობის სულიერი ჯაჭვი რომ არასდროს გაწყდეს, გოდერძი არ უნდა დავავიწყოთ თაობებს, ეს კონკურსი კი მისი, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და ადამიანობის არდავიწყების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რაც შეეხება თავად კონკურსს, გოდერძის სახელობის მინიატიურების კონკურსი "ერთგულება" ქართულ კულტურასა და გოდერძი ჩოხელზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა - ირმა სანაძემ ორგანიზაციის - "კულტურათა დიალოგის" ეგიდით 2014 წელს დააარსა. მინიატიურის ჟანრში კონკურსი მანამდე საქართველოში არც არსებობდა. წელს მეექვსედ ჩატარდა და პატრონაჟს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უწევდა.

ირმა სანაძე: - საკონკურსო ნამუშევრები ყოველთვის დაშიფრულია და ჟიურის წევრებს დანომრილს ვუგზავნით, შესაბამისად, გამარჯვებულების ვინაობას ავტორებთან ერთად, ჟიურის წევრებიც იქვე, დაჯილდოების დღეს იგებენ. ყოველ წელიწადს ძალიან საინტერესო ნამუშევრები შემოდის. თუკი დაფინანსება მოვიპოვე, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, საუკეთესო მინიატიურები შევკრიბო და წიგნად გამოვცე.

ლელა ცუცქირიძე, I პრემიის მფლობელი:

- გოდერძის სახელობის მინიატიურების კონკურსში რამდენჯერმე ვცადე ბედი - ერთხელ ათეულშიც ვერ მოვხვდი, მეორედ მესამე პრემია ავიღე, ხოლო პირველი პრემიის მფლობელი უკვე მეორედ გავხდი.

- მამისა და შვილის ურთიერთობის, მოხუცთა თავშესაფრის ამბავი იდეად მიტრიალებდა თავში, მაგრამ წელს ლუდომანიაზე მართლაც შეგნებულად დავწერე და ამის ბიძგი ტელეოპერატორი სანდრო ბერაძე გახდა. ვიფიქრე, ეგებ ამ მინიატიურის წაკითხვამ დააფიქროს ვინმე და ოდნავ მაინც დაეხმაროს-მეთქი.

აქვე გთავაზობთ გამარჯვებულ მინიატიურას - "დღეს ჩემმა ბიჭმა":

"- გამარჯობა, ქალბატონო მზია, შეიძლება?

- გამარჯობა, - ქალმა კომპიუტერს თვალი მოაშორა, ოთახის კართან ატუზულ ახალგაზრდა კაცს დააკვირდა, - გიო?

- მითხრეს, რომ ჯერ თქვენთან მოვსულიყავი, - უხერხულად გაუღიმა გიომ.

ქალი წამოდგა, მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა:

- როგორც იქნა, გამოჩნდი. წვერი მოგიშვია, ძლივს გიცანი. როგორ ხარ?

- რავი. აი, მამაჩემთან მოვედი, - მხრები აიწურა გიომ.

- რამდენი გეძებეთ, მაგრამ ვერაფრით გიპოვეთ. ტელეფონი გათიშული გაქვთ... რა მისამართიც გვქონდა, იქ მსგავსი არავინ ცხოვრობსო...

- ჰო, რავი, ასე მიეწყო მოკლედ, - ისევ უხერხულად გაიღიმა გიომ, - და ისე, რატომ მეძებდით?

- რატომ და... გარდაიცვალა მამაშენი. ერთი თვის წინ. დედაშენის გვერდით დავკრძალეთ. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო, ძალიან თავდაჭერილი. აცხონოს ღმერთმა, - დანანებით თქვა ქალმა, - არ მახსოვს, ამ ხუთი წლის მანძილზე, რაც ჩვენს თავშესაფარში ცხოვრობდა, ოდესმე დაეწუწუნოს ან საყვედური ეთქვას. ვიზიარებ...

გიო ცოტა ხნით გაშეშებული იდგა, უცებ დაუდგა თვალწინ მამა, რომელსაც არასდროს უთქვამს მისთვის საყვედური, დედა, რომელიც მასზე დარდს გადაჰყვა, ვალების გამო წართმეული სახლი, ვალების გამო მომდურებული ნათესავები, მეზობლები, ახლობლები...

გიო უხმოდ გავიდა ოთახიდან, მერე უცებ მიტრიალდა:

- ქალბატონო მზია... 50 ლარს ხომ ვერ მასესხებთ? აუცილებლად გადაგიხდით.

- ეეჰ, გიო, გიო... - ქალმა თავი გადააქნია, - ისევ თამაშობ, ბიჭო?

- არა, რა ვთამაშობ, რამდენი ხანია, თავი დავანებე... - ყელში მოაწვა ბრაზი გიოს.

- ბატონი გიზოს ნივთებს მოგცემ, ბევრი არაფერია, მაგრამ... - ცივად უთხრა ქალმა, ოთახიდან გავიდა, მალევე დაბრუნდა და გიოს პატარა, გაქუცული ჩემოდანი გადასცა. გიომ უხმოდ გამოართვა და შენობა დატოვა.

- გიო! - მოესმა ქალის ხმა უკვე ქუჩაში გასულს.

"ფული უნდა მასესხოს!" - გაიფიქრა, სწრაფად შეტრიალდა.

- ძალიან უყვარდი მამაშენს, - ქალი ეზოს ჭიშკართან იდგა.

გიომ არაფერი უპასუხა. გზას გაუყვა, მერე თავშესაფრიდან მოშორებით, სკვერში ჩამოჯდა, მიიხედ-მოიხედა, ჩემოდანი სწრაფად გახსნა, სწრაფადვე ამოქექა მამის ნივთები, საფულე, რომელშიც მხოლოდ მისი და დედის ფოტოები იდო. ქუდი, ქურთუკი, შარვალი, ორიოდე პერანგი და მოულოდნელად ჩემოდნის ფსკერზე თიხის პატარა ყულაბას მოჰკრა თვალი.

- აუ, ჯიგარი ხარ, მა, ჯიგარი! - ოფლმა დაასხა სიხარულისგან, ყულაბა შეანჯღრია, ყრუ შრიალი მოესმა.

- აუ, როგორ მიშველე, მართლა შე ჯიგარო! აი, ნახავ, თუ არ მოვიგებ დღეს! მაგარი სასაფლაო უნდა გაგიკეთოთ შენ და დედას"...

გიომ ყულაბა სწრაფად დაახეთქა ბეტონის ფილებს, მერე ნამსხვრევებს შორის გამალებით დაუწყო ძებნა ფულს.

არც ერთი კუპიურა, მხოლოდ რვეულის ათიოდე დაკეცილი ფურცელი, მამის ერთი და იმავე ჩანაწერით, სხვადასხვა თარიღით:

"დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2015 წ. 20 დეკემბერი".

"დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2016 წ. 1 აპრილი".

"დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2016 წ. 15 ნოემბერი".

"დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2018 წ. 1 ივლისი"...

"დღეს ჩემმა ბიჭმა...

ჩემმა ბიჭმა...

მნახა".

ირმა ხარშილაძე