როგორ აფასებენ ცნობილი ადამიანები ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას
font-large font-small
როგორ აფასებენ ცნობილი ადამიანები ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას
"ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის. ძირითადად, ორი ჯგუფი გამოიყოფა: ერთი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს მას, ხოლო მეორე - "ქვეყნის მხსნელს" უწოდებს. აქციაზე, რომელიც ათიოდე დღის წინ, მოძრაობა "20/30-იანელებმა" ჩაატარეს, მოითხოვდნენ, რომ ივანიშვილი "100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით უნდა დაიკრძალოს..." ამ ორი ჯგუფის პარალელურად, ქვეყანაში არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა პოლიტიკოსი ერთნაირია და ხალხი მათგან სიკეთეს არ უნდა ელოდეს. მსგავსი განწყობები ცნობილი ქართველების ინტერვიუებშიც იგრძნობა. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და ვკითხეთ, ემხრობოდნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს თავიდან და ახლა როგორ აფასებენ მის საქმიანობას:


თეა დარჩია, მოცეკვავე:
- ძალიან იმედგაცრუებული ვარ - ერთი რამ მაინც დამისახელეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა "ოცნებამ" შეასრულა! მერვე წელია სათავეში არიან და ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი გაუკეთებიათ. ყველას ეგონა, მდიდარია, კიდევ გამდიდრება აღარ მოუნდება და ხალხს უშველისო, მაგრამ პირიქით მოხდა: რით უნდა აიხსნას, რომ "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ათასობით ადამიანს სოციალური დახმარება მოუხსნეს?! ძალიან მჯეროდა, რომ ქვეყანას უშველიდნენ, ძალიან დიდი იმედი მქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვტყუვდი! ჯერ "ნაციონალების" მომხრე ვიყავი და მეგონა, რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ, მერე კი, ძალიან "გახურდნენ" და ხიბლში ჩაცვივდნენ, სამწუხაროა, მაგრამ "ოცნებასაც" იგივე დაემართა. ეს მთავრობა მარტო იმ ხალხს აკმაყოფილებს, ვისაც კარგი სამსახური და მაღალი ხელფასი აქვს, ჩვეულებრივი ადამიანები კი, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. იმის ნაცვლად, რომ ემიგრანტები საქართველოში ჩამოეყვანა, ივანიშვილი ყველას უცხოეთში გვიშვებს და გვეუბნება - აქ სამუშაო ადგილები კარგა ხანს არ იქნება და წადით, თავს უშველეთო. მე ოთხი შვილის დედა ვარ და საქართველო ქართველების გარეშე ნამდვილად არ მჭირდება. მრავალშვილიან დედებს სტატუსიც კი არა გვაქვს. როგორც ვმუშაობდი თავდაუზოგავად, ისე ვიმუშავებ, სანამ პირში სული მიდგას, მაგრამ რაღაც ხომ შეიძლება ჩვეულებრივი ხალხისთვისაც გაკეთდეს? მერვე წელია გაიძახიან, "ნაციონალები" გირჩევნიათო? - გავიგეთ, არ გვირჩევნია და იმიტომაც შევცვალეთ, მაგრამ ესენიც რომ არაფერს აკეთებენ?! სააკაშვილიც ჩვენ გავაფეტიშეთ და ივანიშვილიც. ადამიანებისგან კულტს ვქმნით, მერე ისინი ხიბლში ვარდებიან და გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ.
GzaPressვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი:
- მე სიმართლის მხარეზე ვარ და ახლაც პირდაპირ გეტყვით: დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილის კონკურენტსა და შემცვლელს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" კიდევ აქვს რესურსი, რომ ქვეყანა მართოს და ფეხზე დააყენოს. სხვა ღირსეულ ძალას ვერ ვხედავ, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს - რატომ ვართ ქართველები ასეთი უმადურები? ივანიშვილმა ქუთაისში რამხელა თანხა ჩადო, ახლა წყალტუბოს განახლებას აპირებს, რამდენი რამ აღადგინა, ააშენა, გააკეთა - ეს რატომ ავიწყდებათ? კი ბატონო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, იდეალური ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც კარგიც დავინახოთ? რაღაც-რაღაცები მეც არ მომწონს, მაგრამ ადრეც ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი მხარს და ახლაც ასეა. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ისინი აქ ფულს გზავნიან და ოჯახებს ინახავენ. თუ რუსები ასე უთავბოლოდ ვაგინეთ, შეიძლება ეს ფულიც დავკარგოთ. ამიტომ, გონებას უნდა მოვუხმოთ, ლანძღვა-გინებით საქმე არ კეთდება! ქართველები ამბიციური ხალხია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. თუ ქართველები საერთო ენას გამონახავენ და გაერთიანდებიან, კიდევ რაღაცას მივაღწევთ, ისე კი, არაფერი გვეშველება!
GzaPressლევან ბერძენიშვილი, პროფესორი, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
- ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი ინტერესები ერთმანეთთან მაშინ გადაიკვეთა, როდესაც საფრთხე გაჩნდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ შეიცვლებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ივანიშვილი და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ამიტომ, 2012 წლის არჩევნებამდე ძალიან ბევრი ძალა გაერთიანდა, ივანიშვილს სერიოზული რესურსი აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ კოალიცია შეექმნა და ეს ხალხი გაეერთიანებინა. მიმაჩნია, რომ კოალიციის საქმიანობის პირველი წლები ნაყოფიერი იყო, მაგრამ მერე ივანიშვილს და მის გუნდს მოეჩვენა, რომ სხვები საჭირონი არ არიან. მათ ნელ-ნელა დაიწყეს ამ "სხვების" შევიწროება და საბოლოოდ მარტონი დარჩნენ. ასე შეიქმნა ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. მართალი არ არის მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრის გაკეთებას არ აპირებდა და ბავშვობიდან იმაზე ფიქრობდა, ქართველი ხალხი როგორ "გადაეგდო". არა, მან სცადა და გაირკვა, რომ შეუძლია რაღაცები არ შეასრულოს და ამით არაფერი დაშავდება. სწორედ ასე მოხდა პროპორციული არჩევნების შემთხვევაშიც: ჯერ დაგვპირდა, რომ ასეთ არჩევნებს ჩავატარებდით, მერე კი, გადათქვა - "ვა-ბანკზე წავიდა", როგორც თვითონ ამბობს და გვითხრა, რომ ხალხი აღარ აინტერესებს. ივანიშვილმა ხალხის არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა და ამ მოთხოვნას რატომ შეასრულებდა? - მიხვდნენ, რომ ამ გზით არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და გადაწყვიტეს, არ მისცენ ხალხს არჩევანის უფლება. ასე თანდათან ჩამოყალიბდა ივანიშვილი არალეგიტიმურ მმართველად, რომელსაც მოსახლეობა საერთოდ აღარ აინტერესებს, მისი მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ივანიშვილს გვერდით ჰყავს ხალხი, რომელსაც მოსახლეობასთან ლაპარაკი არ შეუძლია: კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი... - ამ ხალხის იმედად არის დარჩენილი ოლიგარქი, რომელსაც მთელი მსოფლიო დასცინის. დედამიწის ზურგზე აღარ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, ის რომ მოსწონდეს. როგორც ვიცი, ივანიშვილს ევროსაბჭოსა და ევროპის პარლამენტშიც ძალზე აგდებულად მოიხსენიებენ. ასეთები როგორ ამთავრებენ თავიანთ კარიერას, ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ, კარგი იქნება, თუ პოლიტიკას მშვიდობიანად, ყოველგვარი შფოთისა და არეულობის გარეშე ჩამოშორდება. თუ დავაკვირდებით, მას უკვე აღარ ჰყავს მომხრეები, - ვინც ემხრობა, ყველა მისი დაქირავებული ხალხია. შესაბამისად, "ოცნებას" ჰყავს მხოლოდ თანამშრომლები, რომლებსაც სოლიდურ ხელფასს უხდიან. აბა, ამდენმა ბნელმა და წერა-კითხვის უცოდინარმა როგორ მოიყარა თავი მის ირგვლივ?
ქეთი დოლიძე, კინორეჟისორი:
- მე "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია, რომ იმის მეოთხედსაც არ ამბობენ, რაც გაკეთებული აქვთ. ოდესმე ჩაგიხედავთ სოფლის მეურნეობაში ან ქვეყნის ინფრასტრუქტურაში რა გაკეთდა? - არ იხედებიან და ზეპირად ლაპარაკობენ. რაც მთავარია, თავად ბიძინა ივანიშვილი არ არის მოწადინებული, რომ პიარი გაიკეთოს და ვინმეს რაიმე გააგებინოს. მე თავიდანვე მისი მხარდამჭერი ვიყავი და ახლაც ასე ვარ განწყობილი, რადგან დავით სარაჯიშვილის მერე ასეთი ქველმოქმედი საქართველოს აღარ ჰყოლია. თავის დროზე იმასაც კარგად მოხვდა და ივანიშვილსაც არ აკლებენ ხელს, რადგან საქართველო უმადურების ქვეყანაა. რასაც ბიძინა ივანიშვილი ითმენს და იტანს, ვერავინ აიტანდა, ძალიან დიდი ადამიანი უნდა იყო, რომ ამდენი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა აიტანო! მე გეკითხებით - რისთვის სჭირდება მას ეს ყველაფერი? - ფული არა აქვს, წყნარად რომ იცხოვროს, თუ - წასასვლელი? "ნაციონალების" მიერ გათელილ ქვეყანაში მოვიდა, ჯალალ-ედ-დინს არ უქნია ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს დამართა და რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ხან ამერიკა აფარებს ხელს, ხან - ევროპა. ეს მათი ორმაგი სტანდარტია. სწორედ მათ დაადგინეს, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა საქართველოში "ნაციონალური მოძრაობა" უნდა ყოფილიყო, ამიტომ მე არც ამერიკული სტრუქტურებისა მჯერა და არც - ევროპულის. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ეს ქვეყანა კარგა ხნის წინ დაინგრეოდა. ერთ შეკითხვას დაგისვამთ და არ წაშალოთ: საიდან იყიდეს და როგორ ინახავენ სააკაშვილი და მისი ბიძა მაიამიში 2,5 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს? საიდან მოიტანა მან ეს ფული? - ჟურნალისტები რატომ არ სვამთ მსგავს შეკითხვებს?! დავუშვათ "ქართული ოცნება" უნდა შეიცვალოს, ვინ უნდა შეცვალოს? - ბურჯანაძემ, რომელმაც სააკაშვილს 7 ნოემბერი "გაუპრავა" თუ "რესპუბლიკელებმა", ბიძინას ქებაში რომ ხდებოდათ სული და სააკაშვილს ლანძღავდნენ? თუ იმ ვაიოპოზიციონერებმა, სულ რომ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ახლა, რუსთაველზე ხელიხელჩაკიდებულებმა დაიწყეს სიარული? ჩემი ნება რომ იყოს, ოპოზიციაში ყველას ორიანს დავუწერდი, თანაც - მინუსით. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებასაც" აქვს შეცდომები, მაგრამ ეს ოპოზიციის შეცდომებთან შედარებით არაფერია.
GzaPress
მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი:
- პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: როდის დამთავრდება ეს კინკლაობა, ცემა-ტყეპა და ერთმანეთის დამცირება? ოდესმე თუ ვეღირსებით, რომ ქართველი ქართველს აღარ მტრობდეს? მეცოდებიან ეს ახალგაზრდები, ქუჩაში რომ დგანან! ყველა ის დედა მეცოდება, რომელმაც არ იცის, მისი შვილი სახლში როგორ დაბრუნდება. ხომ არ შეიძლება ეს ქვეყანა პოლიტიკოსების კინკლაობას გადავაყოლოთ? ძალიან ცუდია, რომ ქართველები ერთმანეთს არ უსმენენ და არ ინდობენ. ტელევიზორში დებატების დროსაც არ აცლიან ერთმანეთს - კივიან, წივიან და ვერ გაიგებ, რა უნდათ. ტელევიზორის ყურება შემაძულეს, ისეთი სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს, არც ერთი ოჯახში გაზრდილი არ გეგონება. ასე კინკლაობით არაფერი გამოვა! რა გახდა ასეთი, ყველა სკამისთვის როგორ იბრძვის? ვეღარ გავიგე, ვინ მოსკოვში გარბის, ვინ ამერიკაში, ვინ - გერმანიაში და ვინ - საფრანგეთში. ძალიან დავიღალეთ: ტელევიზორში - ჩხუბი, ქუჩაში - ჩხუბი. ამ პოლიტიკოსებისაც ვერაფერი გავიგე! ოღონდ, ქართველები მორიგდნენ ერთმანეთში, ოღონდ ამ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთონ და მე სხვას არაფერს ვნატრობ, დედიკო!
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი