გზა "გასაწვრთნელიდან" ჯარისკაცობამდე - გზაპრესი

გზა "გასაწვრთნელიდან" ჯარისკაცობამდე

ის ძალიან ჰგავს რეჟისორ რიდლი სკოტის თრეილერის - "ჯარისკაცი ჯეინის" მთავარ პერსონაჟს, სადაც მთავარი გმირი დემი მურია, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამერიკის სპეცდანაყოფში მოსახვედრად, უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნებს არ უშინდება... გავიდა დრო და ლეიტენანტი ჯორდან ონილის გზის გავლა ქართველმა გოგონამ, ქეთი ოთარაშვილმაც მოისურვა.

ამერიკის არმიის პირველი ქართველი კონტრაქტორი, 26 წლის ქართველი, ქეთა ოთარაშვილი სამხედრო ფორმის ჩაცმაზე ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა, სამშობლოში ეს ვერ შეძლო... ერთხელაც, სრულიად მარტო ამერიკაში წავიდა და სამშობლოდან გაყოლილი ოცნებაც იქ აიხდინა.

საწყისი საბრძოლო მომზადების 70-დღიანი კურსის გავლის შემდეგ, ამერიკაში დავუკავშირდით.

- პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ასევე ძლიერ არმიაში უნდა იმსახუროს. ყოველთვის მინდოდა, ჯარში მემსახურა. აქ რომ ჩამოვედი, ეს ინტერესი გამიღრმავდა და დავიწყე ფიქრი, როგორ მოვხვედრილიყავი ამერიკის არმიაში. ეს ჩემი ოცნების ქვეყანაა. თუმცა, საქართველოში ძალიან კარგად მქონდა ყველაფერი აწყობილი.

ერთი სიტყვით, აქ ყველა შტატში არსებობს სპეციალური რეკრუტერი, რომელიც პროცედურების გავლაში გეხმარება ანუ გაკვალიანებს, გასწავლის და გიხსნის ყველა ეტაპს. ჩემს ახლოს, ნიუ-იორკში მდებარე შტაბს მივაშურე, სადაც ამიხსნეს, თუ რა სახის მომზადება უნდა გამევლო. არმიაში სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარებამაც მომიწია, რაც არცთუ ისე იოლი იყო.

იმავდროულად, სირბილშიც მოგვამზადეს, რაც ფიზიკური მომზადების ნაწილში ძალზე მნიშვნელოვანია. გოგონებს ცოტა შეღავათი გვაქვს - სრული ეკიპირებით, დაახლოებით 17 წუთში 3,4 კმ უნდა დაგვეფარა. ეს ყოველდღიური ვარჯიშია, რომელსაც ხან ეკიპირებით, ხანაც ისე ვაბარებთ - ამას უკვე უშუალოდ ბაზაზე ინსტრუქტორი წყვეტს. ასევე, მოწმდება ფიზიკური ძალა, შესაძლებლობები, გამძლეობა და კარდიო-რესპირატორული სისტემის ფუნქციონირება. ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყავი, ქალებისთვის არატრადიციული სპორტის სახეობები ბავშვობიდან მომწონდა, როგორიც იყო - კარატე და კრივი.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, სხვა საგნებში მომზადებაც დამჭირდა. 10 საგნისგან (ინგლისური, მათემატიკა, ქიმია და სხვა ტექნიკური საგნები) შედგენილი სპეციალური ტესტი ჩავაბარე. აუცილებელი იყო წაკითხულის გააზრებაც... ტერმინოლოგია ინგლისურად არის და ლამის ადგილობრივებსაც უჭირთ. უნარები ცალკე საგნად არის მიიჩნეული და ათივე საგანში მისი ელემენტებია შეტანილი. ერთი სიტყვით, გამსვლელ 31 ქულას თუ აიღებ, ჩაბარებული გაქვს.

GzaPress

- ალბათ მკაცრი სამედიცინო შემოწმება გაიარეთ. - დიახ, ორივეჯერ ნიუ-იორკში. ძალიან მკაცრი შემოწმება იყო. თხემიდან ტერფამდე დეტალურად შეგვამოწმეს, ყველა მალა დაგვითვალიერეს, მოტეხილობა ხომ არ გვქონდა, ასევე ქირურგიულმა ჩარევამ ხომ არ მოგვიწია... შეგვამოწმეს ტატუზეც. ისეთ ადგილას არ უნდა გქონდეს, რომ ფორმიდან გამოჩნდეს.

- კონტრაქტი რამდენხნიანია?

- 3-წლიანი და 20-კვირიანი... შეერთებული შტატების არმიაში 150-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ტიპის სამსახურია. მე პირველი კონტრაქტით ლოჯისტიკის სფერო ანუ ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალობა ვარჩიე. საქართველოში მაგისტრატურა მქონდა დამთავრებული, დიპლომი აქ გადავათარგმნინე, დამიმოწმეს და სპეციალისტის რანგი E-4 (სულ 9 რანგია) მომანიჭეს, რაც საკმაოდ მაღალ ხარისხად მიიჩნევა... შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის - ცხელ წერტილებში აღმოვჩნდე, ყველგან, სადაც ამერიკის ჯარი დგას. ამას კონტრაქტი ითვალისწინებს და მზად ვარ. სარისკოა, მაგრამ ძალიან საინტერესო... ამერიკა მხოლოდ ჩემი ოცნების ქვეყანა კი არა, უკვე ჩემი მეორე სამშობლო გახდა.

- საწყისი მომზადების კურსზეც გვიამბეთ. რთული იყო?

- რთული და ხანგრძლივი 70 დღე გვქონდა "კარანტინი". გახსენებაც მიჭირს. განსაკუთრებით რთული იყო პირველი კვირა, რომელსაც "წითელ ფაზას" ვეძახდით. ტელეფონები ჩამოგვართვეს და გარე სამყაროსთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ, რაც ძალიან რთული იყო. დღის განმავლობაში ოთახში თითქმის არ შევდიოდით, 16 საათი გარეთ ვიყავით და ამ დროის განმავლობაში გვიწევდა ფიზიკური და მენტალური ვარჯიშები... ერთს თუ შეეშლებოდა, იმას კი არა, მთელ გუნდს გვსჯიდნენ. მაგალითად, ეს ეხებოდა მოწყობაზე თუნდაც რამდენიმე წამით დაგვიანებას, არასწორად დგომას ან სხვა დავალებებს... ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს შეუძლებელიც არაფერი იყო, უბრალოდ მიუჩვევლები ვიყავით და ვცდილობდით, იოლად გამოვსულიყავით, რაც არასწორი მიდგომა იყო, მაგრამ თავიდან ვერ ვხვდებოდით... არადა, ყველაფერს გვიხსნიდნენ, რათა შემდეგ ყველაფერი პრაქტიკაში გადაგვეტანა. ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიური სტრესი გვქონდა. "ჯარისკაცის ფიცში" გვიწერია კიდეც, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ერთნაირად ძლიერები უნდა ვიყოთ. ანუ თუ მენტალურად ძლიერი ხარ, ფიზიკურ სისუსტეს გადალახავ...

ძალიან მძიმე იყო ბოლო ორი კვირაც. ფიზიკურ ვარჯიშებს უკვე შეჩვეულები ვიყავით, მაგრამ ფსიქოლოგიური დატვირთვა სულ უფრო რთულდებოდა, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დასრულდებოდა...

- ალბათ ვიღაცებმა ვერ გაუძლეს, ხომ?

- ბევრმა ვერ გაუძლო... უმეტესად, გოგონები წავიდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც რაღაც სახის ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ზოგმა მენტალურად ვერ გაუძლო. ზოგს შვილი ენატრებოდა, ზოგს ოჯახის წევრები, ახლობლები. ამას ემატებოდა უთენია, ყვირილითა და ჩხუბით გაღვიძება, რადგან დისკომფორტს, დასჯას გაჩვევენ... თავდასხმას, თავდაცვას, ალყის გაკეთებასა და მოხსნას ვსწავლობდით. საერთოდ, საბრძოლო ხელოვნების ყველა სტადია გავიარეთ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ერთ კვირაში წავიდნენ. ამ დროს ჯარისკაცები ასე ვამბობთ, - არ დანებდე!.. ვინც დანებდა, მათ არც ვამტყუნებ. ყველას არ შეუძლია იმ ჯოჯოხეთის გამოვლა. რაღაცები ფრაგმენტულად მახსოვს. თუ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას არ ჩავთვლით, ძალიან კარგი პირობები გვქონდა, სამჯერადი კვებით, ყველანაირი აუცილებელი ნივთიერებით გაჯერებული პროდუქტებით, ხილით, დესერტით... მეთაურები სათითაოდ ამოწმებდნენ, ჩვენი ულუფა სრულად მივირთვით თუ არა. მადლიერების დღის წინადღეს ფიცი დავდეთ და როდესაც მეთაურობამ მოგვმართა, - "ჯარისკაცო!" - მივხვდი, რომ ამ ერთი სიტყვისთვის ღირდა ის 70-დღიანი ტანჯვა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი უკან მოვიტოვე და ახალი ფურცელი გადავშალე... მანამდე "გასაწვრთნელებს" გვეძახდნენ და ეს რაღაცნაირად, მეხამუშებოდა.

- ახლა რა ეტაპზე ხართ?

- უკვე სამსახურის ტრენინგს გავდივართ ანუ მოსამზადებელი პერიოდი დაგვეწყო, თუმცა ვარჯიში იგივეა. დილით ისევ ადრე ვიღვიძებთ, მოწყობაზე ვდგებით და შემდეგ ვვარჯიშობთ. კვების შემდეგ, მივდივართ კოლეჯში და ვმეცადინეობთ, შემდეგ ისევ ვარჯიში... საღამოს 9 საათზე ყველაფერი დამთავრებულია და ყაზარმაში შუქი ქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძილის დროა... საქართველოსთან დროის 9-საათიან განსხვავებას კარგად ვიყენებ, ამ დროს ოჯახის წევრებს ვეკონტაქტები. სხვა რამისთვის - გართობისთვის, კითხვისთვის დრო ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა, ბევრი ადამიანი გავიცანი, სხვა ჯარისკაცებსაც დავუმეგობრდი, ზოგს წინასწარი საბრძოლო მომზადებიდან, ბევრსაც შემდეგ დავუახლოვდი და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადგილებში გაგვანაწილეს, ერთმანეთთან კონტაქტს არ ვწყვეტთ.

GzaPress

- თქვენ გარდა, ბევრი უცხოელია? - ჩემს ბაზაზე მხოლოდ მე ვიყავი ევროპელი. ჩემს გვარს თითქმის ვერავინ გამოთქვამს. არაერთხელ უკითხავს კაპიტანს ხუმრობით, - თავად როგორ წარმოთქვამ შენს გვარსო? - რომ გითხრათ, მაინც ვერ გაიმეორებთ-მეთქი, ვეუბნები... თავიდან რომ ვეტყოდი, ჯორჯიიდან ვარ-მეთქი, ჯორჯიის შტატი ეგონათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მდებარეობას ავუხსნიდი, - ადრე ხომ რუსეთის ნაწილი იყავითო? - მკითხავდა ზოგი, - ეგ მეტჯერ არასდროს მაკადრო, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ-მეთქი, ვეუბნებოდი.

თუმცა, ჩვენდა საამაყოდ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც საქართველოს შესახებ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჰქონდა მოსმენილი, - ქართველ ბიჭებს იქიდან იცნობდა. ძალიან კარგად მომზადებული ჯარი გყავთ, მოტივირებული, მიზანსწრაფული და მამაცი ბიჭებით, რომლებსაც საქმისა და მეგობრისთვის თავის გაწირვა შეუძლიათო, - ჯარისკაცურად დამკრავდნენ მხარზე ხელს... ჩემ მიმართაც პატივისცემით იყვნენ განწყობილი - თუ ქართველი ხარ, ცუდ ჯარისკაცად ყოფნის უფლება მორალურად არ გაქვსო... ამ დროს ემოციისგან სიტყვები ყელში ბურთად მეჩხირებოდა. ამერიკის რამდენიმემილიონიან ჯარში, ქართველი სამხედროების ქების, მათი დამსახურების მოსმენა ის სიხარულია, რომლის ახსნა ძალიან მიჭირს.

- რა არის ის, რითაც ამერიკული ჯარია გამორჩეული?

- წესრიგი და დისციპლინა. შეიძლება ადამიანს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემები არ ჰქონდეს ძლიერი, სიმაღლიდან ვერ გადმოხტე, ამტანი არ იყო, მაგრამ მის გამომუშავებაში გეხმარებიან, გასწავლიან, თუმცა, თუ არ გაქვს შინაგანი დისციპლინა, ამერიკულ ჯარში ვერ მოხვდები. ამბობენ კიდეც - ჩვენი არმია წესრიგსა და დისციპლინაზეა დაფუძნებულიო. მეთაურობა მუდმივად გვეუბნება, - მსოფლიოში საუკეთესო არმიის წევრი ხარ და ეს უნდა შეინარჩუნოო.

- ვიცი, რომ ოჯახის წევრები გგულშემატკივრობდნენ. ახლა როგორია მათი ემოცია?

- ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდათ, ამიტომ სანამ ყველა მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით არ გავიარე და კონტრაქტი არ გამიფორმეს, არავისთვის მითქვამს, რას ვაპირებდი. შემდეგ, სახლში რომ დავრეკე და ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე, შოკი ჰქონდათ... განსაკუთრებით მამამ ინერვიულა, - რა გინდა ჯარში გოგოს, თან ამერიკის ჯარშიო? მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, ძალიან რთული გზის ერთი ეტაპიც გავლილი და ბოლოს შეეგუვნენ... ე.წ. კარანტინში ყოფნისას წერილებს მწერდნენ, რასაც მეთაურობა ოპერატიულად გვაწვდიდა. დედა ხშირად მწერდა. ერთხელ მამამაც მომწერა. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. მივხვდი, რომ უკან დახევისა და დანებების უფლება არ მქონდა. მწერდა, რომ მგულშემატკივრობს, ვეიმედები... მის წერილს თილისმასავით ვინახავ. მთხოვა, არავის აჩვენოო, მაგრამ ვერ ვითმენ, არ გაგიმხილოთ. მამის გულშემატკივრობა ათასობით კილომეტრის მიღმა მყოფი ქალიშვილისთვის, რომელიც სრულიად უცხო გარემოში თავის დამკვიდრებას ცდილობს, ყველაფრის ძალას გაძლევს.

- რა გევალებათ?

- ლოჯისტიკაში ვარ, თუმცა, დეტალების გამხელის უფლება არა მაქვს. ჯერჯერობით სამხედრო ბაზაზე ვცხოვრობთ. შემდეგ უკვე სხვა ბაზებზე გადავნაწილდებით. ვაპირებთ, კონტრაქტით მსახურების კვალდაკვალ სწავლის გაგრძელებას. სწავლის გადასახადს მთლიანად შეიარაღებული ძალები ფარავს... ზოგადად, აქ სამხედრო სამსახური ძალიან პრივილეგირებულია. როდესაც ქუჩაში ფორმით გადიხარ, საზოგადოებისგან უდიდეს პატივისცემას გრძნობ და მაშინ ვფიქრობ, ამისთვის ღირდა იმ ტანჯვის გამოვლა და ფორმის ჩაცმა. დიახ, მე ჩემი ქვეყნის სტრატეგიული და ყველაზე საიმედო მეგობარი სახელმწიფოს, ამერიკის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ვარ და ბედნიერი გახლავართ, რომ ეს შევძელი!..

ლალი პაპასკირი