ქართველი ექიმი ტყვეობაში რჩება - გზაპრესი

ქართველი ექიმი ტყვეობაში რჩება

თვეზე მეტი გავიდა, რაც ქართველი ექიმი ცხინვალის ციხეშია. ოჯახისა და ქართველი საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, მის გათავისუფლებას რუსეთი და ოსური მხარე არ ჩქარობს... 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა, მოთხოვნით - "თავისუფლება ვაჟა ექიმს" სოფელ ოძისში მხარდამჭერებთან ერთად, აქცია გამართა, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა ოს ექიმებსა და საზოგადოებას მიმართა და ავადმყოფებზე ზრუნვისკენ მოუწოდა...

საქმე ის არის, რომ ოსებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რისთვის მიდიოდა სინამდვილეში ქართველი ექიმი ცხინვალის რეგიონში. მათ არ სჯერათ იმ ვერსიის, რომ გაფრინდაშვილი ახალგორში, ფაქტობრივად, ექიმის გარეშე დარჩენილი პაციენტების მოსანახულებლად მიდიოდა, რადგან ადგილი, სადაც ქართველი ექიმი დააკავეს, ახალგორიდან ძალიან შორსაა.

ირინა კოკოევა:

- რადგან ასე საგულდაგულოდ მალავენ ქართველი ექიმის ახალგორში შემოსვლის ნამდვილ მიზეზს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ცხინვალში მის საქმიანობაში ჩვენი ხელისუფლებაც იყო ჩართული ან მართლა უმიზეზოდ დააკავეს და ახლა უბრალოდ, რაღაც მიზეზს ეძებენ, რომ გამოძვრნენ... რაღაც რიგზე ვერ არის, თორემ აქამდე უამრავი ვერსია გავრცელდებოდა, ისედაც თავის მართლების რეჟიმში არიან - საზღვარს არ აღიარებს, პატივს არ გვცემსო, ვითომ არ იცოდნენ, რომ ასეა...

თენგილა ბაკლანოვა, ცხინვალის მკვიდრი: - ის, რომ აქამდე რაიმე, უფრო დამაჯერებელი ბრალი არ წარუდგინეს, ნიშნავს, რომ ქართველი ექიმი აბსურდული ბრალდებით დააკავეს. სხვა საკითხია, რისთვის გადმოვიდა ქართველი ექიმი ჩვენს ტერიტორიაზე. იმდენად უცნაურ ადგილას დააკავეს, კითხვები ჩნდება. დიდი ალბათობით, ის მართლა ავადმყოფთან მოდიოდა, ოღონდ არა - გიგაურებთან, დიდი ალბათობით, რომელიმე მაღალჩინოსან ოსთან, რომელიც ადგილობრივ ექიმებს არ ენდობა და არც რუსეთში წასვლით იკლავს თავს... ახლა მთავარია, ექიმი დროულად გაუშვან და ამდენ სირცხვილს კიდევ სირცხვილი არ დაემატოს. ფაქტია, რომ რუსეთი ხელებს იბანს, ჩვენ კი აბსურდული მიზეზით, - ჩვენს საზღვარს არ აღიარებსო, პატიმრობაში ვტოვებთ კაცს, რომელსაც ათეულობით ოსის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაურჩენია, თითქოს სხვები, ვინც ფული გადაიხადა, - აღიარებენ...

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, მხურვალე მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძემ, პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახი მწვავედ გააკრიტიკა და მის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.

მოგვიანებით, კუხიანიძემ ერთ-ერთ ტელეეთერში, "გაღიზიანების გამო" ოჯახს ბოდიში მოუხადა, თუმცა, პოზიცია არ შეუცვლია. თავისი მოსაზრების გამო, საზოგადოებისგან ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა, რაც უსამართლობაა.

"რას სთხოვენ სამშობლოს - ომის დაწყებას? თუ "ტრაურის" გამოცხადებას და დროშების ჩამოშვებას?" - კითხულობდა კუხიანიძე.

თბილისის საკრებულოს წევრის ამ შეურაცხმყოფელ და მადისკრედიტებელ პოსტს წინ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადება უძღოდა, სადაც ისინი ხელისუფლების არაეფექტიან მოქმედებაზე საუბრობდნენ, რის გამოც, მათი აზრით, ექიმი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებით, - სახელმწიფო სტრუქტურები არაკოორდინირებულად მოქმედებდნენ, ერთმანეთში ინფორმაციას ეფექტიანად ვერ ცვლიდნენ, რის გამოც, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. გიორგი გახარიას პასუხი ჯერჯერობთ უცნობია.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

- საზოგადოების თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის... თუმცა, ამ ყველაფერმა პროვოკაციების გარეშე ვერ ჩაიარა, - ჩვენი მხრიდან შეგნებული პროვოკაციის ან ვინმესთან დაპირისპირების სურვილი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს არ დავიცდიდით... რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა. ამიტომ მოვითხოვეთ პრემიერთან შეხვედრა და უწყებათშორისი საბჭოს შექმნა, რათა ამ მოქმედებების კოორდინაცია მოხდეს... ამაზრზენია ცალკეული თანამდებობის პირისა და "ბოტების" ცილისწამებებიც, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

GzaPress პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი: - ამდენი წელია, რეგიონზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ ასეთი მძიმე სიტუაცია არ მახსოვს. რაც ყველაზე უარესია, კონფლიქტურ რეგიონებში ვითარება ყოველდღიურად უარესდება... რამდენიმე დღის წინ, დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა და დარწმუნებული ვარ, რაღაც საკითხებზე ისაუბრებდნენ, თუმცა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრის შემდეგაც არაფერი შეცვლილა, - კონფლიქტის ესკალაცია გრძელდება...

2008 წლის შემდეგ, ჩვენი ექიმები ოპერაციებს ატარებდნენ გალში და პრობლემები არასდროს შექმნილა - ვრეკავდით და გარკვეულ პირებთან ყველაფერს ვათანხმებდით, გრძელვადიანი ურთიერთობები არსებობდა და ახლა ვხედავ, რომ ყველა ხიდი ჩატეხილია. ეს კი პოლიტიკაზე არანაკლებად უბრალო ადამიანებზე აისახება, რომლებიც იქ ცხოვრობენ, იმ მძიმე რეჟიმს უძლებენ...

- რა მოლოდინი გაქვთ ქართველი ექიმის საქმესთან დაკავშირებით?

- ის, რაც ახლა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება... მართლაც ძალზე საინტერესოა, რატომ დასჭირდა მას ცხინვალის რეგიონში მალულად გადასვლა, მიმართა თუ არა ჩვენი ხელისუფლებიდან ვინმეს, ეცადა თუ არა მიეღო დახმარება გადასვლაზე ან იყო თუ არა მეორე მხარე საქმის კურსში.

ადრე, ერთმანეთს გარკვეულ საკითხებში ანგარიშს ვუწევდით, - აფხაზებს, ოსებს შეძლებისდაგვარად ხელს ვუმართავდით და ისინიც ერთგვარ ვალდებულებებს გრძნობდნენ. ახლა უშიშროების დონეზე მხოლოდ ტექნიკური შეხვედრები ტარდება. ეს არ არის პოლიტიკა, მისი ფორმატიც შეზღუდულია და ასეთ რამეებს ვერ მოაგვარებს, განსხვავებით იმ პოლიტიკური შეხვედრებისგან, რომელსაც პროცესების მართვა შეუძლია. სინამდვილეში, პოლიტიკა და პოლიტიკოსები ვითარებას მართავენ, უშიშროების სამსახური კი მათ ეხმარება. 30 წელია, კონფლიქტების თემაზე ვმუშაობ და ასეთი ყრუ ჩაკეტილობა, კავშირის არარსებობა არ მახსოვს.

- რა გახდა ამის მიზეზი?

- სავარაუდოდ, ახალი თაობაა პოლიტიკაში, რომელსაც მეორე მხარესთან ურთიერთობების გამოცდილება არა აქვს... ქართული მხრიდან, ერთადერთმა ადამიანმა იცის კონფლიქტების მიმართულებით მუშაობა, ეს არის გიორგი ვოლსკი, რომელიც ახლა "ქართული ოცნების" მთავარი სპიკერია. ისედაც გაღატაკებულია გუნდი და შესაბამისად, ვოლსკი ცხინვალისა და აფხაზეთისთვის ვერ იცლის. ანუ როდესაც კრიზისზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრობლემები მხოლოდ ოსური მხრიდან არ მოდის, ჩვენც გვაქვს ხარვეზები.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ვაჟა ექიმს, რომელიც მოიქცა ისე, როგორც ექიმს და ქართულად მოაზროვნე ადამიანს ეკადრება. უბრალოდ, ის მაინტერესებს, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რა ზომები მიიღო. არსებობს გარკვეული პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელია და რახან ეს მალულად გააკეთა, ისმის კითხვა: რატომ? იმედი არ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების?

- მათი მთავარი არგუმენტი ასეთია: გაფრინდაშვილი არ აღიარებს ე.წ. ცხინვალის რეგიონის საზღვრებს და ჩვენებას არ ცვლის.

- დიახ, რადგან მან ერთხელ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური სიტყვები, რომ საქართველოს საზღვარს მხოლოდ როკის გვირაბთან და ფსოუზე აღიარებდა და ამ სიტყვებს, ეს წონიანი, ავტორიტეტული ადამიანი უკან არ წაიღებდა, რადგან მის უკან ოჯახი და ქვეყანა დგას. გარდა იმისა, რომ პროფესიონალია, თამამია, ამაყია და არც ქედის მოხრასაა შეჩვეული, ამიტომაც გაუწია სავარაუდოდ, წინააღმდეგობა. ვარაუდებს გამოვთქვამ, მაგრამ მჯერა, რომ ასე იქნებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რას ველი, დარწმუნებული ვარ, ქართველ ექიმს გაათავისუფლებენ და მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, თუმცა, ოსური მხარის დამოკიდებულებამ გვაჩვენა, რომ პირდაპირი კონტაქტების ინსტრუმენტი დაიკარგა. ეს კი ნიშნავს, რომ ხვალ თუ ზეგ, ყოველ მორიგ დაკავებაზე გართულებები გვექნება. არადა, "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც კი არ შეუშლიათ ხელი ამ ბერკეტის გამოყენებაში.

- ახალგორის მოსახლეობა სამ თვეზე მეტია, იზოლაციაშია და საშველი არ ჩანს... ფიქრობთ, რომ ეს "წნელისის კრიზისის" გაგრძელებაა?

- აქამდე გზა ყველაზე დიდხანს ორი თვით იყო დაკეტილი, ანუ ეს შემთხვევაც უპრეცედენტოა... ქართული მხარე ამტკიცებს, რომ წნელისთან საგუშაგოს გახსნის უფლება ჰქონდა, მაგრამ შედეგად რა მიიღეს? როდესაც ნაბიჯს დგამ, ხომ უნდა იფიქრო, იქ მყოფი მოსახლეობა რა დღეში ჩავარდება... არადა, პოლიტიკოსმა უნდა განჭვრიტო მომავალი. ეს სტრატეგიულად არცთუ ისე მნიშვნელოვანი საგუშაგო რატომ დადგეს, ვერ ამოვხსენი.

- ოსები ამბობენ, რომ ამით ქართულმა მხარემ 103-ზე მეტი სტრატეგიული სიმაღლე მოიპოვა.

- ოსები აბა რას იტყვიან, ფაქტია, რომ "წნელისის კრიზისი" წარმოიქმნა და მის მოგვარებაში რუსეთი არ ერევა... ქართულ მხარეს კი მოსკოვთან ურთიერთობაზე აქვს აქცენტი, - თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი ამოაგდეს. რუსეთი კი ამ თემით წარმატებით მანიპულირებს. შედეგად, ამით როგორც ოსური, ასევე აფხაზური მხარე გვშორდება. ჩვენ კი, მათ რუსეთზე დამოკიდებულებას ვაძლიერებთ. ისინი კი თავის მხრივ, ჩვენს მოქალაქეებზე, მათზე, ვინც აქეთ მხარეს სამკურნალოდ გადმოდიან, ზეწოლას აძლიერებენ.

ლალი პაპასკირი