ერთი პოლიტოლოგის რამდენიმე პროფესია და სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლის ცხოვრების უცნობი დეტალები - გზაპრესი

ერთი პოლიტოლოგის რამდენიმე პროფესია და სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლის ცხოვრების უცნობი დეტალები

უდედმამოდ გაიზარდა, გახდა სამართალმცოდნეობის, ფილოლოგიისა და თეატრმცოდნეობის მაგისტრი, თსუ-ის დოქტორანტი. 1993 წლიდან მუშაობს უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში, წერს სადოქტოროს, პირობითი სათაურით: "საინფორმაციო უსაფრთხოება - დინამიკა, სტრუქტურები, პროგრამები და პროექტები 1998-2018 წლებში". არის პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი "სახელმწიფო მართვის თეორიის საკითხები"; თსუ-ის სოციოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობს საგანს - "საქართველოს სახელმწიფო მართვისა და საარჩევნო სისტემა"; არის სამი შპს-ს დამფუძნებელი და ერთის დირექტორი - ტურიზმისა და ღვინის ექსპორტის სფეროში; არის სერტიფიცირებული ბუღალტერი; ჰყავს მეუღლე და 11 წლის შვილი, რომელიც უკვე შეხვდა მადლენ ოლბრაიტს, იყო ბრიტანეთის თემთა პალატის სხდომაზე, იცის რამდენიმე ენა, სწავლობს რობოტექნიკას, ჯირითობს, ცურავს, ციგურებსა და თხილამურებზე დგას, ცეკვავს ბალეტს და მღერის ჯაზს... და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ხათუნა ლაგაზიძის შესახებ შეიძლება ითქვას.

ჟურნალი "გზა" შეეცადა, მკითხველისთვის პოლიტოლოგი ქალბატონის საინტერესო ცხოვრება უფრო ახლოდან გაეცნო.

- პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ბებიამ და დეიდებმა გამზარდეს. მამას სხვა ოჯახი არ შეუქმნია, მაგრამ ისე გავიზარდე, ერთხელაც არ ვუნახავვარ. არ ვიცი, ასე რატომ მოიქცა. 1991 წლიდან ინტენსიურად მიწევდა ტელევიზიით გამოსვლა, როგორც უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს. სულ მქონდა იმედი, მოლოდინი, რომ მამა მნახავდა, შემეხმიანებოდა... 31 წლის ვიყავი, როდესაც თავად გადავწყვიტე მისი მოძიება და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. მისი საფლავი 3 წლის წინ ვნახე. ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მიცვალებულსაც კი ვერ ვაპატიე...

- მამის ნათესავების ნახვა აღარ გიცდიათ?

- არა! სხვათა შორის, არც მათ გამოუჩენიათ ინიციატივა. უბრალოდ მიკვირს, როგორ შეუძლიათ, საკუთარი სისხლი და ხორცი არ მოიკითხონ. ასეთ ადამიანებს ცხოველებსაც ვერ შევადარებ. არ ვიცი, შესაძლოა ძალიან სასტიკი ვარ, ასე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთი მშობლების გამო ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება ინგრევა.

- თქვენი წარმატებული მომავალი იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ მამისთვის დაგენახვებინათ, თუ როგორი კარგი შვილი დაგკარგათ?

- არა, 16 წლამდე არც კი ვიცოდი, ცოცხალი რომ იყო. მამის ნამდვილი სახელი და გვარი მაშინ გავიგე, როდესაც სრულწლოვანი გავხდი და ბავშვთა პოლიკლინიკიდან საბუთების წამოღება დავაპირე.

- ლაგაზიძე დედის გვარია?

- დიახ.

- მე ვიცოდი, რომ თუში იყავით წარმოშობით...

- დიახ, ეს ასეა. დედითა და მამით თუში ვარ. ბებია მყავდა გურული. თუ ვინმესთვის რამე მქონდა დასამტკიცებელი, ეს ჩემი გურული ბებია და დეიდები იყვნენ. დეიდები ჩემ გამო არ გათხოვდნენ, პირადი ცხოვრებაც კი მე დამითმეს. სწორედ მათ გამო მივიჩნევდი თავს ვალდებულად, რომ ძლიერი ვყოფილიყავი. დედა ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ხშირად მიფიქრია, ალბათ, დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, სხვანაირი ვიქნებოდი-მეთქი. ახლა ვცდილობ, ჩემი შვილი დამოუკიდებელი გავზარდო, არ მინდა ჩემს იმედად იყოს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოიყენოს.

- განათლების მიღებაში დეიდების როლი როგორი იყო?

- ჩემი ბებია ძალიან დარდობდა იმის გამო, რომ წიგნებიდან თავს არ ვიღებდი. განათლების მიღება სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ისიც მინდოდა, სკოლაში ყველაზე მაგარი ვყოფილიყავი. შესაბამისად, განათლების მიღებაში შინაურების წაშველება არ მჭირდებოდა. ჩემი მოწაფეობა ოთხმოციან წლებს დაემთხვა. დეიდები ყველაფერს აკეთებდნენ, სრულფასოვანი განათლება რომ მიმეღო და სიცივე და შიმშილი არ მეგრძნო. 1989 წელს დავამთავრე სკოლა და იმ წელსვე ჩავაბარე პირველ უმაღლესში. მანამდე რამდენიმე საგანში ვემზადებოდი. ქალაქში ტრანსპორტი აღარ იყო და დეიდაჩემი გაყინული, ხელში ბუტერბროდით მელოდებოდა, ქუჩაში რომ მესადილა და ფეხით ერთი მასწავლებლიდან მეორესთან წავსულიყავი. მოკლედ, თუშების სიჯიუტემ და გურულების ამბიციამ ძალიან ბევრი რამე გადამალახვინა.

GzaPress

- სამართალმცოდნეობა, თეატრმცოდნეობა, ბუღალტერია... რა თანხვედრა დაინახეთ ამ დარგებს შორის? - პირველად ივანე ჯავახიშვილის ფილოლოგიის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და იმავე წელს ასპირანტურაში ჩავაბარე. ამ პერიოდში დაიწყო კუპონიზაცია. 4,5 მილიონი დღევანდელი 5 ლარის ეკვივალენტი იყო. ოჯახისთვის შაქრიანი ჩაი და შემწვარი კარტოფილი კი - ფუფუნება. უნდა მემუშავა, რომ ოჯახის შემოსავლებში ჩემი წვლილი შემეტანა. ერთი დეიდა სტუდენტობისას გარდამეცვალა... დავიწყე მუშაობა გაზეთში "თავისუფალი". დეიდის დამსახურებით ხელოვნება ძალიან მიყვარდა, ამიტომ თეატრზე რეცენზიების წერა დავიწყე. ამ ჩემმა რეცენზიებმა კი ის განაპირობა, რომ ასპირანტურაში სწავლისა და მუშაობის პარალელურად თეატრალურზე ჩავაბარე. ეთერ გუგუშვილის ჯგუფში მოვხვდი, საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მიშა თუმანიშვილს მოვესწარი, მის ლექციებზე დასწრების ბედნიერება მქონდა. საბოლოოდ გურულმა გენებმა იმძლავრა და პოლიტიკაზეც დავიწყე წერა, ასე გავიცანი რამაზ საყვარელიძე. ამასობაში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და ბატონი რამაზი მისი პრესმდივანი გახდა, ბატონმა რამაზმა კი მე წამიყვანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 24 წლისა პრეზიდენტის წამყვანი მრჩეველი გავხდი. ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ადმინისტრაციაში. იქიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავედი, ერთ დღეს დავინიშნეთ თანამდებობებზე მე და სულხან მოლაშვილი. ჩვენთვის ეს იყო ქართული სახელმწიფოს რომანტიზმის ეპოქა. ჩვენ, ყველანი, რომანტიკოსები ვიყავით, გულწრფელად ვცდილობდით ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა.

- შევარდნაძის მიმართ, რომელიც ხელისუფლებაში კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად მოვიდა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

- ჩემი აზრით, სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, სამეგრელოში მომხდარი ამბები და ზვიად გამსახურდიას დამხობაც თავიდან უნდა შეფასდეს. ეს ძალიან მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება და აუცილებელიცაა, ერთმანეთის პატიება შევძლოთ. საქართველოს ყველა პრეზიდენტს ქვეყნის განვითარებაში განუმეორებელი წვლილი, ამასთანავე, ბევრი შეცდომა თუ დანაშაული ჰქონდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე უცოდველი ზვიად გამსახურდიაა. შევარდნაძის წვლილი გამსახურდიას წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალებაში, სამოქალაქო ომსა თუ სოხუმის დაკარგვაში გამოსაკვლევია. ერთი რამ უდავოა: შევარდნაძემ მსოფლიოს დაანახვა თანამედროვე საქართველოს მიმზიდველობა, როგორც გეოსტრატეგიული, ასევე ეკონომიკური, თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით.

- რას გულისხმობთ?

- ტერაქტები, რომლებიც მას მოუწყვეს, არ იყო შემთხვევითი. ეს რუსეთის მიერ დაკვეთილი ტერაქტები იყო. შევარდნაძემ ამით ბევრი ცოდვა გამოისყიდა საქართველოს წინაშე.

- შევარდნაძესთან პირადი ურთიერთობა გქონდათ?

- კი, რა თქმა უნდა. ჩვენი პირველი შეხვედრაც მახსოვს მის კაბინეტში. აფხაზეთის ომის პერიოდი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი ზარი შემოვიდა და მისთვის ეს ინფორმაცია უნდა მიმეწოდებინა. არ ვიცი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იმიტომ მოახდინა ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება, თუ მართლა ასეთი ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანი იყო... ყოველ შემთხვევაში, მომეჩვენა, რომ მისი კაბინეტი, ეს უზარმაზარი სივრცე სავსე იყო მისი ენერგიით.

- სამართალმცოდნეობით ამ პერიოდიდან დაინტერესდით?

- კი, მაგისტრის დიპლომი მაქვს. ახლა დოქტორანტი ვარ და ძალიან საინტერესო თემაზე ვმუშაობ. საკითხი ეხება საინფორმაციო ომს, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ელემენტია. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მთელი რიგი საინფორმაციო თავდაცვისა თუ თავდასხმის ქვედანაყოფები შეიქმნა. ჩვენ სრულად ვიმართებით სოციალური ქსელების მეშვეობით. ამერიკას აქვს პროექტები, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების საშუალებით ხვდებიან, სად გროვდება უარყოფითი განწყობა და სად შეიძლება ამან იფეთქოს...

- თუ ასეთი პროექტები აქვთ, რატომ ვერ ხვდებიან, რომ საქართველოში ანტიამერიკული განწყობები და რუსული გავლენები ძლიერდება?

- როგორ ვერ ხვდებიან. 2, 3 წლის წინ სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრე აშშ-ის ერთ-ერთ გავლენიან პირს. ვუთხარი, თაობებს ვკარგავთ-მეთქი. ამბობენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. ალბათ ფიქრობენ, რომ საქართველომ შეიძლება მოიცადოს. არადა, საქართველოს საინფორმაციო ველს სულ უფრო იკავებს რუსეთი.

- "ვარდების რევოლუციის" დროს სად იყავით?

- სახელმწიფო სამსახურიდან 2001 წელს წამოვედი და არასამთავრობო სექტორში გადავედი, რადგან როდესაც დავინახე, ჩემ მიერ დამუშავებულ ინფორმაციაზე, ანალიზსა და პროგნოზებზე შევარდნაძე აღარ რეაგირებდა, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ იყო.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ რეაგირებდა თქვენს პროგნოზებზე?

- შევარდნაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას თავის გამოჩენის საშუალება მისცა. საბოლოოდ, ვინც ყველაზე ქმედუნარიანი აღმოჩნდა, გზაც იმას მისცა. იმ პერიოდში სააკაშვილის, ჟვანიას, ბურჯანაძის ტრიუმვირატის გარდა ფხა ვერავინ გამოიჩინა. საგარეო ფაქტორებმაც თავისი როლი ითამაშა. შევარდნაძემ ხომ გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ ვხედავდით?! მგონია, რომ "ვარდების რევოლუციის" შედეგი რუსეთ-ამერიკის ერთობლივი გადაწყვეტილებით დადგა.

- თქვენთვის რა შეცვალა "ვარდების რევოლუციამ"?

- არასამთავრობო სექტორში გადავედი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის თეორიას ვასწავლიდი. პროფესიული თვალსაზრისით არ იყო ცუდი პერიოდი, თუმცა სხვა მხრივ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა, უკვე ტელევიზორის ჩართვისაც მეშინოდა: ხან ჩემს ერთ მეგობარს იჭერდნენ, ხან - მეორეს. სულხან მოლაშვილი დღემდე დიდი ტკივილია ჩემთვის. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობდით, მისი მეუღლე, თათია ბახტურიძე ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.

- ის ამბობდა, რომ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. როგორ გგონიათ, რატომ ამოიჩემა სააკაშვილმა?

- მე ვფიქრობ, რომ ის ბევრს გადაეღობა გზაზე, თავისი პრინციპულობის გამო. სულხანს შეეძლო რაღაცებზე თვალი დაეხუჭა და დღეს მხოლოდ ცოცხალი კი არა, ბევრ სხვაზე უკეთ იქნებოდა.

- გჯერათ გავრცელებული მოსაზრება, რომ მის წამებაში გიგა ბოკერია პირადად მონაწილეობდა?

- ვერ გეტყვით, ეს ნარატივი საიდან მოდის. მე და გიგა ერთ კურსზე ვსწავლობდით, მე ფილოლოგიურზე, ის - ისტორიულზე. მერე გაზეთებში ერთად ვმუშაობდით. ის თაობის ერთ-ერთი ძალიან "ძლიერი თავი" იყო...

- "ნაციონალებთან" თქვენი თანამშრომლობა ვერ შედგა?

- "ნაციონალებისთვის" მიუღებელი და აკრძალული ვიყავი. ძალიან რთული პერიოდი, შეიძლება ითქვას ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა ჩემმა ოჯახმა "ნაციონალური" მთავრობის პერიოდში. ჩემი ოჯახისთვის გაუსაძლისი პერიოდი 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ურეკში ჩვენს საოჯახო სასტუმროს დაადგა თვალი. წარმოუდგენლად რთული დღეები გამოგვატარეს, საგადასახადოს შემოვარდნებითა და სხვა ტიპის ზეწოლებით. რომ არა ხელისუფლების ცვლილება, ჩვენ ახლა ან ბომჟებივით ქუჩაში ვიცხოვრებდით, ან უბრალოდ ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.

- მეუღლის შესახებ რას გვეტყვით? მსმენია, რომ ძალიან საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალი გქონდათ.

- ჩემი მეუღლე შემთხვევით გავიცანი, ის ჩემზე 22 წლით უფროსია. ვარ გურმანი და მიყვარს ზღვა. ერთხელაც, მარტში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, აწ უკვე მეჯვარემ და ჩემი ანას ნათლიამ და ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა ქალმა, ლელა თავართქილაძემ, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობს, მითხრა, ჩამოდი ჩემთან, გემრიელ რამეებსაც გაჭმევ და ზღვაზეც გაგასეირნებო. წავედით მანქანით ოზურგეთიდან ფოთისკენ, მაშინ სამანქანო გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, სოფლის ორღობის მსგავსი გზა იყო. დაგვიღამდა გზაში. ლელამ შემომთავაზა, ფოთში ჩასვლამდე ურეკში, ჩემი მეგობრის სასტუმროში შევიაროთო. შევედით და... ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, მისი მხრიდან. გზაში ჩემმა მეგობარმა კი მითხრა, მგონი ამირანს მოეწონეო, მაგრამ მე ეს ვერც დავუშვი, წარმოუდგენლად მომეჩვენა, მას ხომ ჩემზე ხუთი წლით უმცროსი შვილი ჰყავდა?! რამდენიმე წუთში რეკავს ტელეფონი და ამირანი ლელას ეკითხება, შენი მეგობარი რამდენი წლის არისო? პასუხი რომ მიიღო, ძალიან დამწუხრებულმა თქვა, იმედი მქონდა, ახლა მაინც გამიმართლებდა, მაგრამ უიღბლო ვყოფილვარო.

- ქვრივი იყო?

- დიახ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთმანეთი გავიცანით მარტის თვეში და 6 ოქტომბერს უკვე დავქორწინდით. ახლა გვყავს ქალიშვილი ანა. ორივეს ძალიან რთული ხასიათი გვაქვს, ჩვენთვის კამათი უცხო არ არის.

- თქვენც შეგიყვარდათ, თუ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეთ?

- 35 წლისა გავთხოვდი. პრაგმატული გათვლა ყველაზე ნაკლები იყო, წავედი რეგიონში და არ ვიცოდი, როგორი ურთიერთობა მექნებოდა მის შვილებთან. თუმცა იმდენად ყოვლისმომცველი იყო მისი გრძნობა, ისეთ აურაში გამხვია, რომ იქიდან თავის დახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა. მერე, როგორც უკვე გიამბეთ, ძალიან რთული წლები გამოვიარეთ და გარდა მეუღლეებისა, "ფრონტის მეგობრებიც" გავხდით. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი დღემდე მხარდამხარ მოვიტანეთ. გვყავს ღვთის საჩუქარი, ერთადერთი ქალიშვილი, 11 წლის ანა, რომელიც თანაბრად საუბრობს ქართულად, რუსულად და ინგლისურად, სწავლობს ჩინურს. შარშან კემბრიჯი და ოქსფორდი მოიარა, ბრიტანეთის პარლამენტის სხდომასაც დაესწრო.

- მომავალ პოლიტიკოსს ზრდით?

- თავად ძალიან არ უნდა, თუმცა 9 წლის იყო, როდესაც მადლენ ოლბრაიტს შეხვედა ვაშინგტონში, ჩვენს საელჩოში. მაშინ მან უთხრა, შენს ასაკში მე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, აეროპორტში ყვავილებს ვყიდდი, შენ კი რამხელა სტარტაპი გაქვსო. მე ჩემს ქალიშვილს ნამდვილად კარგ სასტარტო პირობებს ვუქმნი, თუმცა თავად მე ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად არ მქონია. მე ვარ კარგი მაგალითი მომავალი თაობისთვის, რომ წარმატება ყველა დროსა და ქვეყანაში შესაძლებელია მაშინაც კი, როცა დედ-მამა თავზე არ გადგას, ხშირად გშია და სხვის გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდები. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის, არასდროს დანებდეთ და არ შეგეშინდეთ.

ხათუნა ბახტურიძე