როგორ შეხვდებოდნენ ფილმების პერსონაჟები 2020 წელს - გზაპრესი

როგორ შეხვდებოდნენ ფილმების პერსონაჟები 2020 წელს

ქრისტეშობის ღამე უნიკალურია - უდიდესი სასწაულის შემდეგ, რაც მაცხოვრის შობით ამ ღამეს მოხდა, ჩვეულებრივი ადამიანებიც კი მისგან თავისი ოჯახისა თუ ახლობლებისთვის ჩათქმული სურვილებისა და ნატვრების ახდენას ელიან. თითქოს, ახალ წელსაც გადაედო საშობაო უჩვეულობა და ამბობენ, თუკი სურვილს ჩაუთქვამ, თანაც ელვისუსწრაფესად, ვიდრე საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, აუცილებლად შეგისრულდებათო. თუ ახლით ახალ წელს ვერ მოასწარით, შეგიძლიათ, ძველით ახალ წელს დააწიოთ, ოღონდ ნატვრა ძალიან პირადული უნდა იყოს, სასურველია - სიყვარულზე და სასურველია, ახალი წლის გარდა, არავის გაანდო. ახალ წელს ჩვენში მეკვლეობაც იციან - ისეთი ადამიანი უნდა გეწვიოთ, კეთილი ფეხით რომ შემოვა თქვენს ოჯახში და ღვთის წყალობას მოგიტანთ. ხანდახან შეიძლება ძაღლმაც მოგიფხაჭუნოთ კარზე. თქვენ მაინც სიხარულით შეიპატიჟეთ - ეგებ, მასაც კარგი ფეხი აქვს. ერთი ფაქტია, სიყვარული ყველას უნდა და ამის გარკვევას ახალი წელი სულაც არ სჭირდება. ჩვენებური საახალწლო-საშობაო და სასიყვარულო ამბებიც შეგვიძლია დაწვრილებით გამოვიკითხოთ. ვნახოთ ერთი, ჩვენი კარგად ნაცნობი ან სრულიად უცნობი, ან სულაც - ერთდროულად ნაცნობიც და უცნობი ადამიანები როგორ ახალ წელს გაითენებდნენ...

პირველად ერთი პატარა გოგონას ამბავი მოვიკითხეთ, თინია რომ ჰქვია და მასავით პატარა გივიას ეპრანჭება, თან მწარე-მწარე სიტყვებს რომ არ აკლებს. უეჭველად გემახსოვრებათ ეს გოგონა ყველაზე კახური ფილმიდან - "სიყვარული ყველას უნდა". მისი ეკრანზე გამცოცხლებელი თსუ-ის გერმანული ენის ლექტორი, იმავდროულად, რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი მზექალა აჭაიძე გახლავთ.

GzaPress

- მზექალა, როგორ შეხვდებოდა თინია 2020 წელსა და შობას? - თინია ყოველთვის აქტიური გოგო იყო, მთელი ქვეყნის ამბები იცოდა, ყველას ცხოვრებით ცხოვრობდა და საახალწლოდაც "სოფლის აშენებით" იქნებოდა დაკავებული. კახეთის სოფლებში აქტუალურია ალილოს ცერემონია. თბილისში ეს მსვლელობა 7 იანვარს, ეკლესიის წინამძღოლობით ეწყობა, სოფლებში კი ძველი ტრადიციაა შემორჩენილი. ჩემს მშობლიურ სოფელში ანუ ახალსოფელში (თინიაც იმ სოფლიდანაა) 24 დეკემბრის საღამოს ბავშვები - მეგობრები ან თანაკლასელები კარდაკარ დადიან, მღერიან ალილოს სიმღერას - "ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაოს" და გაჭირვებულებისთვის აგროვებენ ათას რამეს - ვინ ფულს აძლევს მათ, ვინ - კვერცხებს, ნუგბარს. მეგობრებთან ერთად თინიაც აუცილებლად წავიდოდა ალილოზე, ოღონდ თავად იქნებოდა ორგანიზატორი.

GzaPress

- გივიაც გვერდით ეყოლებოდა? - ასე მგონია, პირველ რიგში, სწორედ გივიას ოჯახში მივიდოდნენ ალილოზე. ამით შეამოწმებდნენ, გივიას ოჯახის წევრები როგორები იყვნენ - მაგალითად, შინ შეუშვებდნენ თუ არა, რადგან ალილოს მონაწილეებს ზოგი მართლაც არ უშვებდა შინ. მივიდოდა თინია სიმღერით და იმედია, მასაც გამოუტანდნენ ფულს, კვერცხს და ნუგბარს.

მახსოვს, ახალსკოლადამთავრებულები ვიყავით მე და ჩემი 3 დაქალი, მამაკაცის ტანსაცმელი ჩავიცვით, ულვაშები გავიკეთეთ და წავედით ალილოზე - თითოეული საკუთარი თაყვანისმცემლის სახლში. უნდა შეგვემოწმებინა, როგორ მიგვიღებდნენ. ზოგიერთი გოგო ულვაშებით მამამისს ჰგავდა და მასპინძლებმა იოლად ამოიცნეს, ამიტომ ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდით. საახალწლოდ კი ყოველთვის დეიდების და ჩვენი ახლობელი ექიმის ოჯახების მეკვლე ვიყავი - დედა დილაადრიან გამაღვიძებდა, დავრბოდი ხონჩებით (მარტო ვერ ვზიდავდი და მამა მეხმარებოდა). ვამბობდი მეკვლის ტექსტს, იქ ტკბილეულით მიმასპინძლდებოდნენ და... "ვათხოვებდი" კიდეც გოგონებს. ისე, დღემდე კარგი ფეხი მაქვს... თინიაც ალბათ ჩემსავით იქნებოდა, ოღონდ გივიას ოჯახში მეკვლედ არაფრით მივიდოდა. ხომ გახსოვს, მის დედას დიდად რომ ვერ ეწყობოდა?!

საინტერესოა, სად იქნებოდა "სიყვარული ყველას უნდას" კიდევ ერთი "რომანტიკული" გმირი - ხირხალა. ეს ამბავი მის ეკრანულ მამაზე - მსახიობ ამირან ქადეიშვილზე უკეთ, აბა, ვის ეცოდინებოდა?!

- ხირხალა აუცილებლად თავის ბაბულიასთან ერთად შეხვდებოდა ახალ წელს. ფული თუ ექნებოდა, აუცილებლად რესტორანში წავიდოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ერთად მოაგროვებდნენ რესტორნის თანხას. თუნდაც, თავის ოქროს ბეჭედს გაყიდდა. თავის ბაბულიას არც უსაჩუქროდ დატოვებდა - ლამაზ წინდას ან სუნამო "კრასნაია მოსკვას" მიართმევდა (მაშინ ეგ იყო საუკეთესო). რაც მთავარია, სადაც უნდა ყოფილიყო, ხირხალა მაინც კახური ღვინით დაილოცებოდა. გაუმხელელი სიყვარულის დრო წავიდა, ამიტომ ალალად, გახსნილად მიულოცავდა ახალ წელს, ჯერ ბაბულიას ადღეგრძელებდა, მერე თავის ოჯახს დალოცავდა, მერე საქართველოს და თავის კუთხეს. ცხადია, საქართველოს, უპირველესად, მშვიდობას უსურვებდა, ქართველებს - დამშვიდებას, დაწყნარებას, სიყვარულითა და მოფერებით ცხოვრებას!

ყველაზე ჭიათურული ფილმის - "განგაშის" ერთ-ერთი გმირი, თავის ყარამანზე უზომოდ შეყვარებული ექთანი ფოთოლა მისი ეკრანზე გამცოცხლებლის, ფრანგული ენის სპეციალისტ ღუღუნი კანდელაკის თქმით, ახალ წელს ერთობ ორიგინალურად აღნიშნავდა:

- ფოთოლა ვირთხის წელშია დაბადებული, ჰოდა, ახლა სწორედ ვირთხის წელიწადი მოდის. ამბობენ, ეს წელი "ვირთხებისთვის" განსაკუთრებით წარმატებული იქნებაო, ამიტომ გარისკავდა და ახალ წელს ჩაიცვამდა თავის თეთრ ხალათს, თავზე მაღაროს ქუდს დაიხურავდა, ერთ ხელში პატარა ნაძვის ხეს დაიკავებდა, მეორეში - ჭიათურაში დაწურულ-დაყენებული უგემრიელესი ღვინით სავსე ბოთლს, ჯიბეებში თოვლის ბაბუის ქუდსა და ორ ჭიქას ჩაიდებდა და მარგანეცის ვაგონებით სიამოვნებით გაქანდებოდა მაღაროში, თანაც - სიღრმეში.

GzaPress

- მარტო? - მარტო, რადგან იმედი ექნებოდა, რომ იქ თავისი შეყვარებული ყარამანი დახვდებოდა. თოვლის ბაბუის ქუდი ხომ მისთვის წაიღო? ზოგადად, ცოტათი დაბნეული კი იყო ის ბიჭი და შეიძლება, შამპანურის ნაცვლად დიდი ხერხი სჭეროდა ხელში (სულ ეგრე არ დადიოდა?), მაგრამ ფოთოლას დანახვა ნამდვილად ძალიან გაუხარდებოდა. იქვე ჩამოისხამდნენ ჭიქებში ღვინოს, ერთმანეთს მიუჭახუნებდნენ, ახალ წელს მიულოცავდნენ, მერე ფოთოლა, რომელიც ყარამანზე მაღალი იყო, გადახვევდა მას ხელს და კვლავ ვაგონებისკენ გაეშურებოდნენ, ამჯერად - სიმღერ-სიმღერით, ოღონდ თავის ცნობილ სიმღერას - "ჩემი გული, შენი გული, ჭირიმეს" კი აღარ იმღერებდნენ, არამედ - ორი გულმხიარული და გულალალი ჯუჯის სიმღერას. ასე, სიმღერ-სიმღერით მოკალათდებოდნენ მარგანეცის ვაგონში და ერთმანეთს მოკრძალებულად მიხუტებულები წამოჩაქჩაქდებოდნენ მაღაროს სიღრმიდან საახალწლოდ მორთული ჭიათურისკენ.

ხომ ამბობენ, "სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადიო", ალბათ ამიტომაცაა, ყველას თავისებურად რომ უყვარს. მაგალითად, "არაჩვეულებრივი გამოფენის" უცელქეს, აუტანელ და უჯიუტეს პატარა აკიმს ძალიან უყვარს ბაბუამისი - პიპინია, მაგრამ მუდამ სიცოცხლეს უმწარებს. ვთქვათ, ათჯერ თუ უნდა ჩაარტყას თავში, ოცჯერ ურტყამს და საწყალი პიპინიაც განწირულად და ამაოდ ითხოვს, "მომაშორეთ ეს უბედური აკიმი"! ხომ წარმოგიდგენიათ, ახალი წლის ღამეს აკიმი რა ამბებს დაატრიალებდა! ეს ყველაზე უკეთ ალბათ მისმა ეკრანულმა მამამ იცის, ჯაბა წულაძემ:

- თქვენი აზრით, რა უნდა ექნა? - რა თქმა უნდა, "ის და მამა ისევ იმუშავებდნენ"... ისე, აკიმი ხომ მე ვარ, დღემდე ასე მეძახიან, რადგან ახლაც აკიმის სიჯიუტით გამოვირჩევი. იმჟამინდელი ახალი წელი კარგად დამამახსოვრდა: შინ საფრანგეთიდან ჩამოტანილი უამრავი სათამაშო გვქონდა - სათამაშოებს ახალი წლის დილას გვახვედრებდნენ. კანფეტები "მიშკა" და "კოწახური" ხომ გახსოვთ? განსაკუთრებით მიყვარდა და ბლომად მაძლევდნენ; ნაირ-ნაირი ბუშტები მოჰქონდათ და ჩემნაირი ტყავის ბურთიც უბანში არავის ჰქონდა. დედაჩემი ფრანგულ კერძს ამზადებდა - ინდაურს კომშით. ძალიან გემრიელია. კიდევ, ოჯახში, ტრადიციულად, ჟიგოს - ცხვრის შემწვარ ბარკალს ნიორითა და ვაშლით ამზადებდნენ. მე ყველაფერი მიყვარდა. ჭამა დღესაც ძალიან მიყვარს... დღეს რომ ბავშვებს ასაფეთქებლები აქვთ, მაშინ მასეთები არ გვქონდა, თორემ ალბათ სახლს გადავწვავდი. გაფუჭებით კი... ჩემი შვილი გაცილებით მავნე აღმოჩნდა - ის ყველაფერს შლიდა და მერე მე ვაწყობდი. ეგ კი არა, ძალიან პატარა რომ იყო, კუს ტბაზე ვიღაცამ უთხრა, გოგო ხარო. ეს გაბრაზდა და ჩაიხადა: აი, გოგო თუ ვარო! მოკლედ, ჩემი შვილი მართლაც, "აკიმი ნომერ დვა" იყო.

GzaPress ჩვენს პატარა ვირტუალურ რეპორტაჟს საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნიდან, ფილმ "აკაკის აკვნის" პატარა აკაკის (ეკრანული მამა ჟურნალისტი და მომღერალი ომარ ჩიტაია) ძიძასთან საახალწლო მოლხენით დავასრულებ - აკაკიმ და მისმა თანატოლმა ამბაკომ ძიძის სახლში საახალწლო ჩიჩილაკი გააკეთეს, ჩამოჰკიდეს ხილი, ჩურჩხელები და დახუნძლული ჩიჩილაკით გავიდნენ გარეთ. შუაღამეს შინიდან დაუძახეს, აბა, რა მოგაქვთო? ბავშვებმა უპასუხეს: ბედნიერება და სიხარულიო. - კიდევ რა მოგაქვთო? - სიმდიდრე და კარგი ამბავიო. - კიდევ რა მოგაქვთო? - დიდხანს სიცოცხლე და სიყვარულიო. მესამე შეძახილის შემდეგ კარიც გაუღეს და შინ შეიყვანეს! აკაკისა და ამბაკოს მოტანილი სურვილები არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოსა და მის თითოეულ ოჯახს მრავალ წელიწადს! შობა-ახალ წელიწადს გილოცავთ ყველას!

ირმა ხარშილაძე