"საშობაო ზღაპრიდან გადმოსულ კეთილ გმირებს ჰგავდნენ" - გზაპრესი

"საშობაო ზღაპრიდან გადმოსულ კეთილ გმირებს ჰგავდნენ"

მაშინ, როდესაც თბილ და მყუდრო სახლებში, ტკბილეულით სავსე სუფრასთან წამებს ვითვლით და ახალი წლის დადგომას ველოდებით, ისინი ოჯახისგან შორს პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ... როგორც თავად ამბობენ, გაცნობიერებული აქვთ, რომ დღესასწაული და გამონაკლისი არ არსებობს, რადგან საქმეს ასე სჭირდება.

ჩვენ მათი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები ამოვკრიბეთ, რათა ეს ადამიანები მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო...

გიორგი გელაშვილი, მეხანძრე-მაშველი:

- მეოთხე წელია სამაშველო სამსახურში ვმუშაობ. ჩემი გამოცდილება ასეთია - პირველის 15 წუთზე, პიროტექნიკის სროლის პარალელურად, გამოძახებებიც იწყება და რამდენიმე საათის განმავლობაში არ სრულდება. ახალი წლის დღეებში უამრავი სახლი დაკეტილია, რადგან ხალხი რაიონებში მიდის. მათ მეზობლად მცხოვრებნი კი აივანზე გამოდიან და ისვრიან პიროტექნიკას, ყურადღებას არ აქცევენ, ნაპერწკლები სად და როგორ გაიფანტება. ბავშვებს ვერც მოსთხოვ ყურადღებით იყვნენ და აივანზე ხანძრის გაჩენის საფრთხეზე იფიქრონ, თუმცა არც უფროსები გამოირჩევიან დიდი გულისხმიერებით... ასეთ დროს თოკებით ჩავდივართ ზედა სართულიდან იმ ბინაში, რომლის აივანზეც ცეცხლია, მაგრამ თუ ისიც ჩაკეტილია, კიბეს ვიყენებთ. ყველაფერი ოპერატიულად უნდა მოხდეს, რადგან ცეცხლი სწრაფად ვრცელდება...

ერთ ახალ წელს დოლიძის ქუჩაზე მოგვიწია გასვლამ. იქ ქუჩები ძალიან ვიწროა და ადგილზე მისვლა გვიჭირს. ვიდრე მანქანა მიუდგებოდა, დრო რომ არ დაგვეკარგა, 200 მეტრზე მეტი ფეხით გავიარეთ. მეშვიდე თუ მერვე სართული იყო და როგორც ზედა, ასევე ქვედა სახლი ჩაკეტილი გახლდათ. თოკები და წყლის მილები გადავაბით - ასე უნდა გვემუშავა. ერთი წყლის მილი დაახლოებით 20 მეტრია და ერთ მანქანაში 14 ცალი გვაქვს. ამასობაში მანქანაც ამოვიდა. ჩვენ კი მზად დავხვდით, პირდაპირ წყლის ამოქაჩვა რომ დაგვეწყო... ბინაში გვერდიდან შევედით. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გამოძახება. საბედნიეროდ, ხანძარი სწრაფად ჩავაქრეთ... ამ გაწამაწიაში ახალი წელი როდის შემოვიდა, არც მახსოვს. როცა გავაცნობიერეთ, რომ საფრთხე აღარ არსებობდა, შვებით ამოვისუნთქეთ...

GzaPress "ჩვენს მისვლამდე ახალგაზრდები პანიკაში ჩაცვივდნენ..."

ბექა მეშველაშვილი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი: - ერთ-ერთ ახალ წელს სტუდენტებს კერძო სახლის ქირაობა გადაუწყვეტიათ, რათა დღესასწაულს ერთად შეხვედროდნენ. ორსართულიანი სახლი იყო. მისაღები მეორე სართულზე ჰქონდათ მოწყობილი. ბუხარი ენთო, ქვემოთ სუფრა გაეშალათ, საქეიფოდ ემზადებოდნენ... ბუხრის გარშემო ერთ ფენად მეტლახი იყო დაგებული, დანარჩენი კი პარკეტი გახლდათ. ეტყობა, ბუხრიდან ნაკვერჩხალი გამოვარდა. პირველ და არც მეორე სართულზე ხანძარი არ ჩანდა, თუმცა კვამლი იყო. თურმე, შუაში, პირველ და მეორე სართულებს შორის, მტვერი სადაც გროვდება, იქ მიდიოდა შიდაწვა, იქიდან ფიცრებზე გადავიდა, ამიტომ იყო კვამლიც და დამწვრის სუნიც... ძალიან მალე, ალაგ-ალაგ, პარკეტზე ცეცხლის ენები ამოვარდა. 112-ზე კი დარეკეს, მაგრამ ჩვენს მისვლამდე ახალგაზრდები პანიკაში ჩაცვივდნენ...

ბინის მეპატრონემაც სწორედ მაშინ დააპირა თურმე მათი მონახულება; უფიქრია, სტუმრებს მივაკითხავო, შამპანურითა და ტკბილეულით მიადგა თურმე... მოკლედ, სახლის მეპატრონე მშვიდად მიდიოდა მანქანით, სახლამდე მისასვლელ ძალიან ვიწრო ქუჩაზე, ჩვენ უკან მივყვებოდით და ვთხოვდით, გავეტარებინეთ, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა... არადა, ბორდიურზე ასვლა შეეძლო. ასე ვდიეთ უკან და როდესაც მოსახვევში შეუხვია, მხოლოდ მაშინ გადავასწარით. თავადაც რამდენიმე წუთში ამოვიდა...

სახლი გადარჩა. სტრუქტურა არ დარღვეულა, მხოლოდ იატაკი ამოვჭერით, რადგან შიდაწვა გრძელდებოდა. იატაკი ამოვყარეთ, თან წყალს ვასხამდით, რომ კერა არ დარჩენილიყო... ახალგაზრდებს ახალი წელი ჩაეშალათ. პატრონმაც თავში ირტყა ხელი, - რა ვიცოდი, ჩემი სახლი თუ იწვოდა და მის ჩასაქრობად მოდიოდით. გზა არ დაგითმეთ, აწი კი ვისწავლი ჭკუასო...

კიდევ ერთი ამბავი მახსოვს, ოღონდ სახალისო: პირველი იანვრის ღამის 2 საათზე, ერთ-ერთი კორპუსში კარი ჩაკეტილა. ადგილზე მისულებს დედა-შვილები მანქანაში დაგვხვდნენ. ქალმა გვითხრა, მეუღლე ავიდა სახლში და დარეკა, გასაღები დავკარგე, კარს ვერ ვაღებო... იქ ასულებს ასეთი სურათი დაგვხვდა - კაცი ისეთი მთვრალი იყო, გასაღები გაუყარა კარს და თურმე, იქვე ჩაეძინა. რადგან ჩვენ კარის გაღების უფლება არ გვაქვს, მანქანაში მჯდომ მის მეუღლეს დავურეკეთ და ამოვიდა. მამაკაცი სახლში "შევიტანეთ" და ლოგინზე "დავდეთ..."

ახალი წლის დღეებში ჩურჩხელები და ტკბილეული გვიგროვდება. საერთოდ, არაფრის გამორთმევის უფლება არ მაქვს, მაგრამ ჩურჩხელაზე უარს ვერ ვეუბნებით...

"ჩუმად მივეპარე და წიხლები, იარაღის კონდახი დავუშინე..."

გიორგი დაუდოშვილი, შეიარაღებული ძალების სერჟანტი: - ჩემი დაუვიწყარი ახალი წელი იყო 2012-ში, რადგან იმ წელს პირველად შევხვდი ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში... იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩემთვის პირველი მისია გახლდათ და ახალ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ვხვდებოდი... ამ დროს ოჯახთან ყოფნის სურვილი გამძაფრებული იყო, ძალიან მინდოდა იმ წუთებში სახლში ყოფნა, მაგრამ ეს განცდა მეგობრების წრეში ადვილად დავძლიე. კარგი საახალწლო სუფრა გვქონდა, გოზინაყით, ხაჭაპურით და ყველა საახალწლო "ატრიბუტიკით".

ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც არასდროს დამავიწყდება: ჰილმენდის პროვინციაში, შუკვანის ბაზაზე, საკმაოდ მყარ და უსაფრთხო კარვებში ვცხოვრობდით. კარი კოდით იღებოდა. ერთადერთი ადგილი, საიდანაც შემოძრომა შეიძლებოდა, კონდიციონერის მილი იყო, იქიდან კარავში ცივი ან თბილი ჰაერი შემოდიოდა... დაახლოებით ღამის 3 საათისთვის ხმაური შემომესმა. მივხვდი, მილში ვიღაც ან რაღაც მოძვრებოდა... წამოვხტი, ჩუმად მივეპარე და წიხლები, იარაღის კონდახი დავუშინე... ჯერ გაიტრუნა, მაგრამ კარავში ბნელოდა და რომ აღარ გავჩერდი, აყვირდა, - კარგი ბიჭოო, სანტა ვარ, სანტაა!.. თურმე, პირველი ქართველი მოძვრებოდა, უკან კი ამერიკელი მოჰყვებოდა...

GzaPress "ძმას პირობა ვერ შევუსრულე..."

გიორგი ირემაძე, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს (ბათუმი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სასაზღვრო პოლიციის მაიორი: - დიდი ხანია სახელმწიფო საზღვარზე ვმუშაობ და უამრავი რამის გახსენება შემიძლია... ჩვენთვის ამინდი, სეზონი და დღესასწაული არ არსებობს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ძალიან მკაცრ პირობებში გვიწევს. თუმცა, ნებისმიერ ჩვენგანს, როდესაც ფორმას იცვამს, ეს სირთულეები გაცნობიერებული გვაქვს.

თუ სწორად მახსოვს, 2014 წელი შემოდიოდა. ოჯახში საახალწლო ფუსფუსი იყო. 12 საათის შესრულებას წუთები აკლდა, როდესაც ხელმძღვანელმა დამირეკა, სარფის სასაზღვრო სექტორზე დარღვევაა, ძებნის ოპერაციაში დახმარება გვჭირდებაო. იმ პერიოდში სარფის სასაზღვრო სექტორის უფროსი ჩემი ძმა, სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ირემაძე იყო. თავად სამსახურში გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალ წელს ოჯახში ვერ შეხვდებოდა. დავურეკე, - ვეცდები, შენმა ოჯახმა უშენობა ვერ იგრძნოს, შენს ცოლ-შვილს ჩვენთან წამოვიყვან-მეთქი, მაგრამ ვერ შევუსრულე, იმდენად რთული სიტუაცია იყო. მეც მომიწია სამსახურში გასვლამ და მთელი ღამე ვეძებეთ სამართალდამრღვევი. ციოდა და ყინავდა, მაგრამ სამსახურმა ცუდი ამინდი არ იცის. მისი დაკავება მხოლოდ გამთენიას შევძელით...

ჩემი მეუღლე მეორე შვილს რომ ელოდებოდა, საზღვარზე ვპატრულირებდი. მთელი ღამე იქ მომიწია ყოფნამ, მაგრამ სულითა და გულით მეუღლის გვერდით ვიყავი. 21 მარტი, "მესაზღვრის დღე" თენდებოდა და სწორედ ამ დღეს დაიბადა ჩემი შვილი - სანდრო. შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ჩემთვის სიმბოლურია, რომ სამყარომ მესაზღვრეს თავის პროფესიულ დღეს აჩუქა შვილი... მას შემდეგ ჩემი სამეგობრო და ახლობლები შვილის შეძენასა და მესაზღვრის დღეს ერთდროულად მილოცავენ.

ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით: 2007 წლის 9 მაისი იყო, სექტორზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი. 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით "ჯარისკაცის მამა" გადიოდა და ვუყურებდი. გვიანი ღამე იყო. უეცრად, საზღვარზე მყოფმა განწესმა გადმომცა, რომ საზღვრის მხრიდან ხმაური ესმოდა. განგაში გამოვაცხადე და მათკენ წავედი. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მისვლამდე განწესმა, რომელიც 2 მესაზღვრისაგან შედგებოდა, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები დააკავა. ისინი უპრეცედენტო რაოდენობის, 1 კგ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის გადმოტანას ცდილობდნენ. წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევა სცადეს, მაგრამ განწესის წევრების ოპერატიული და სწორი მოქმედების დამსახურებით, მაშინვე დააკავეს.

- როგორც ახსენეთ, ძმაც მესაზღვრეა, არა?

- დიახ, ის სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. ჩემზე ორი წლით უფროსია. პროფესიით იურისტი, სასაზღვრო პოლიციის რიგებში, ჩემზე ერთი წლით ადრე, 2001 წელს ჩაირიცხა. კარიერა რიგითი მესაზღვრიდან დაიწყო და ყველა ეტაპი გაიარა. რაღაც დროის განმავლობაში სამმართველოს რგოლში მუშაობდა, 2007 წელს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე, სარფის სასაზღვრო სექტორზე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. შემდეგ სექტორის უფროსის მოადგილე, მერე კი სექტორის უფროსი გახდა. მისი სექტორის ხელმძღვანელობის პერიოდში, საკმაოდ ბევრი სამართალდარღვევის გამოვლენა შეძლო თანამშრომლებთან ერთად. აქვს მადლობის სიგელი, დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით უმწიკლო სამსახურისთვის და ფულადი ჯილდოთი. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი... სხვათა შორის, ხშირად ვკამათობთ სამსახურის საკითხებთან დაკავშირებით.

- ვინ იმარჯვებს?

- არც ერთი არ თმობს პოზიციას და კონსენსუსს ვამჯობინებთ... მამა ჩვენს კამათში არასდროს ერევა და შესაბამისად, ვერც ვიგებთ, ვის პოზიციას იზიარებს.

GzaPress "ეს ამბავი დღემდე მითბობს გულს"

მარინა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი: - 15 წელზე მეტია, თბილისის ქუჩებს ვალაგებ და ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ მინახავს. თუმცა, ერთ ამბავს ვერასდროს დავივიწყებ.... პირველ იანვარს, დაახლოებით დილის 8-9 საათისთვის, ერთ-ერთი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვიდა და მეტროსთან შეგროვილ უპოვრებთან მივიდა. უკვე დაღლილი, იქვე სკამზე ჩამომჯდარი ვისვენებდი... გამიკვირდა იმ დროს კაცის გამოჩენა, თანაც ფხიზელის. გავიგონე, როგორ უთხრა, - ჩემთან გეპატიჟებით ყველას, აქვე ვცხოვრობ, მე და ჩემი ცოლ-შვილი გელოდებითო... დაიბნენ. 10-მდე იქნებოდნენ, მათ შორის 13-14 წლის მოზარდებიც იყვნენ და სხვათა შორის, ყველანი ქართველები, რომლებიც თავის დროზე მშობლებმა გამოუშვეს სამათხოვროდ, არყისა და სიგარეტის ფულის საშოვნელად, მერე კი ბავშვები ქუჩაში ცხოვრებას მიეჩვივნენ... თითქმის ყველას ისტორია ვიცი. ჩემდა გასაკვირად, ყველამ უარი უთხრა. ეს ბიჭი გაოცდა. ცხელი ჩაი და ყავა დალიოთ, დაისვენეთ და მერე ისევ თქვენს გზას გაუყევითო... მაინც არ გაჰყვნენ. წავიდა ეს ბიჭი მხრებჩამოყრილი... მეგონა, მისი წასვლის შემდეგ გარჩევას დაიწყებდნენ, მაგრამ კრინტი არ დაუძრავთ... ცოტა ხანში ეს ბიჭი ახალგაზრდა გოგოსთან და სამ პატარასთან ერთად გამოჩნდა, ყველას პარკები ეჭირა ხელში. წინ ბავშვები მოდიოდნენ, მეალილოებივით. მათთან მივიდნენ და საკვების ამოლაგება დაიწყეს. გოგონამ გაუღიმა, ერთად ვჭამოთო. ბიჭი მე მომიბრუნდა, ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, ნამცეცსაც არ დავტოვებთო... კიდევაც რომ დაეყარათ, ხმის ამომღები არ ვიყავი, რადგან საშობაო ზღაპრიდან გადმოსულ კეთილ გმირებს ჰგავდნენ. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი ახალი წელი, რომელიც დღემდე მითბობს გულსა და გონებას.

ლალი პაპასკირი