"სპორტს არა აქვს სქესი და ეროვნება" - გზაპრესი

"სპორტს არა აქვს სქესი და ეროვნება"

ადამიანი, რომელიც მკითხველს უნდა წარვუდგინო, ჯაბა მალაღურაძეა. ის ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და სათქმელიც ბევრი აქვს არა მარტო საკუთარ სპორტულ მიღწევებზე, არამედ იმ პერსპექტივებზეც, რაც ქალთა რაგბისთვის ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს მომავალში. დინამიკა, რომელიც თანამედროვე რაგბისთვისაა დამახასიათებელი, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემია ქართველი გულშემატკივრებისთვის და თავად ამ სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის.

ჯაბა 9 წლის იყო, როცა მეგობარმა, რომელიც ასევე თანასკოლელი და უბნელი იყო, შესთავაზა დაეწყოთ რაგბიზე ვარჯიში. სახლში მისულმა განაცხადა, რომ რაგბის თამაშს აპირებდა. მამას, ძველი თაობის მორაგბეს ძალიან გაუხარდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სპორტის ეს სახეობა ნაკლებად პოპულარული გახლდათ, შვილს პირველსავე ვარჯიშზე გაჰყვა. "ყოჩებში" ვარჯიშზე სისტემატური დასწრების გამო უფროს მალაღურაძეს შესთავაზეს, მუდამ აქ ხარ და ბავშვთა მწვრთნელობას მოჰკიდე ხელიო. მამამაც დაიწყო მწვრთნელობა. ბავშვებს შორის ორი მისი ვაჟი იყო, რომლებსაც ისევე დაატარებდა "ბუტკა მოსკვიჩით", როგორც დანარჩენებს. რადგან შხაპის საშუალება არ იყო, ტალახით დათხვრილ ბიჭებს სავარჯიშო მოედნიდან სახლებში ჩამოარიგებდა ხოლმე. ზოგ მშობელს არ მოსწონდა მაღალი რისკის სპორტში შვილების ჩართვა, მით უფრო, რომ ყოველი ვარჯიშის მერე შინ დასვრილები ბრუნდებოდნენ, ამიტომ რაგბის რიგებს მათგან ცოტა შემორჩა. მაშინ ქართული რაგბი თავიდან იბადებოდა და ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ერთად ვარჯიშობდა...

ფრანგული კარიერა 19 წლის ჯაბა საფრანგეთში წავიდა. იმ დროისთვის ქართული რაგბი დიდად ცნობილი არ იყო და ამიტომ, ფრანგულ დაბალ დივიზიონში მოუწია თამაშმა. თავიდან ენობრივი ბარიერის გამო ყველაფერი აკლდა, რაც საქართველოსთან აკავშირებდა. ამ დროს ჯაბასთვის სტერეოტიპების მსხვრევის პერიოდიც დადგა. იქ ჩასვლამდე ეგონა, რომ ფრანგები იყვნენ (დანარჩენი ევროპელებიც) მშიშრები და ძუნწები. თუმცა, ფრანგებმა სხვა სურათი აჩვენეს: იოლად არაფერს უთმობდნენ ვინმეს და გუნდის კაპიტანმა სახტად დატოვა თავისი სტუმართმოყვარეობით. მას, როგორც ლიდერს, სურდა ქართველების ინტეგრაცია და დაფასება, თან დედა მართლმადიდებელი ქრისტიანი ჰყოლია და ერთ დღეს კაპიტან ზანზანის ოჯახმა მიიწვია ჯაბა შინ. სტუმრების ნაწილი ფრანგი იყო, ნაწილი კი ქართველი. დიასახლისმა უნიკალური ღვინო შესთავაზა სტუმრებს. ქალბატონმა დაცლილი ბოთლი ფრთხილად შეინახა, თან განმარტა: ეს ღვინო მთელ საფრანგეთში სულ 7 ბოთლი იყო, ახლა ჭურჭელი უნდა ჩავაბარო, რომლითაც დადასტურდება, რომ მხოლოდ 6 ბოთლიღა დარჩაო...

უკრაინული კარიერა ჯაბას წლინახევრით უმცროსი ძმაც ფრანგული კარიერით დაინტერესდა. გაჩნდა პერსპექტივა, რომ ძმები ფრანგულ მოედანზე ითამაშებდნენ, მაგრამ დროულად ვერ მოახერხეს დოკუმენტაციის შეგროვება და თავად ჯაბამ გადაწყვიტა, იქ წასულიყო, სადაც მისი ძმის საზღვარგარეთული კარიერა დაიწყო. უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, "კრედო 63"-ში ქართველი მწვრთნელის გარდა, ქართველი მორაგბეებიც იყვნენ, რაც ენობრივი ბარიერის პრობლემას ხსნიდა. 24 წლის უკრაინის ნაკრებშიც გადავიდა და იქ უფრო მძაფრად შეიგრძნო, რომ სპორტს ეროვნება არა აქვს. მეტი რაგბი - ეს იყო მისწრაფება თუნდაც მაშინ, როცა მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდა მისი ძმა!.. 4 წელი ითამაშა უკრაინის ნაკრებში და რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ყველა უკრაინელზე მეტი ჰქონდა ნათამაშევი. საქართველოს წინააღმდეგაც რომ თამაშობდა, ეს არ იყო ღალატი, არც პატრიოტულ სიამაყეზე დარტყმა, რადგან სპორტს არა აქვს ეროვნება! "შესაძლოა, უცხოეთში არათუ ჰიმნმა, არამედ ეროვნული კერძის დანახვამაც კი მოგგვაროს ცრემლები, მაგრამ მორაგბის მაისურის ღირსების დაცვა და სპორტის სიყვარული იყო მთავარი, რისთვისაც არასდროს მიღალატია", - ამბობს ჯაბა.

8 წელი უკრაინაში იყო, რაც საშიშროებას ქმნის, რომ მომხიბვლელი პირობების გამო საბოლოოდ უკრაინელ სპორტსმენად იქცე. საფრანგეთიდან ჩასულ ახალგაზრდას უკრაინელები შეხვდნენ, როგორც ბრენდსა და უპირობო ლიდერს. ოდესა ის ქალაქია, სადაც ასზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ყველა შეთქმულივით აფასებდა დასავლეთ ევროპიდან ჩამოსულ ქართველს.

ჯაბა: "უკრაინაში უფრო მეტად გავხდი დამოუკიდებელი და საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. იქვე დავქორწინდი და 4 წლის შვილი მყავს. მაქსიმალურად დატვირთული რეჟიმის გამო იოლად ვერეოდი ნოსტალგიას. როცა სამშობლო მომენატრებოდა, ჩემთვის უფრო ადვილი იყო უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა და დაბრუნება, ვიდრე ევროპიდან მიმოსვლა. ბოლოს დავფიქრდი და მივხვდი, ასე საფრთხე ემუქრებოდა ჩემს ემოციურ კავშირს სამშობლოსთან და საქართველოში ყოფნა ვარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე უკრაინელი მენტალურად ვერასდროს გავხდებოდი, მაინც დავფიქრდი იმ საფრთხეზე, რაც შეიძლებოდა ჩემს ეროვნულ გაორებას მოჰყოლოდა".

GzaPress ისევ საქართველოში რაგბის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ უკრაინაში ნახა ჯაბა და დაეკითხა, თუ როდის დაბრუნდებოდა საქართველოში. ფედერაციის უმაღლესი პირი ამაოდ არ კითხულობდა პოპულარული და პერსპექტიული ახალგაზრდის ამბავს - მალაღურაძე ქართულ სარაგბო პოლიტიკას ესაჭიროებოდა. სამშობლოში დაბრუნებულს რაგბის განვითარების ჯგუფში მოუწია მუშაობამ, მალევე გაჩნდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანსია. ამ საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ მორაგბე არის ადამიანი, რომელსაც უყვარს გამოწვევებთან ჭიდილი და გამარჯვება. გამოწვევა მიიღო ჯაბამ და გაიმარჯვა... გამარჯვების მიღწევა იოლი არაა, როცა ეროვნულ ნაკრებში გხვდება 5, 11 თუ 12 მორაგბე გოგონა, ისინიც ისეთები, სპორტის სხვა სახეობით რომ იყვნენ დაკავებული და რაგბის სათამაშოდ მაშინ მიდიოდნენ, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ! მერე იყო თავდაუზოგავი შრომა, სტერეოტიპების მსხვრევა და თბილისის მერე გუნდები შეიქმნა რუსთავში, ქუთაისში, გურიაში... პირველი დიდი სიხარული პრაღაში მოპოვებული მეცხრე ადგილი იყო, მერე ნორვეგიაში მიღებული მეოთხე ადგილიც დიდი შრომით მოიპოვა ნაკრებმა და უახლოეს ორ წელში ელიტურ დივიზიონამდე აპირებენ ამაღლებას! და მაინც, როგორ მოახერხა ჯაბამ ამდენი გოგონას რაგბით დაინტერესება? ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიროვნულ შარმს გამორიცხავს (საეჭვოა ეს "გამორიცხვა", მაგრამ მაინც!) და ქალთა რაგბის წარმატებას ასე ხსნის:

"ქალთა რაგბის განვითარება ფედერაციის სწორი პოლიტიკის შედეგია. გახსნილობა, აღიარება, პერსპექტიულობა ქალებს უბიძგებს სპორტის ამ სახეობისკენ. უკვე ბევრმა იცის, რომ რაგბი ქალის ჯანმრთელობისთვის საშიში და ნეგატიური არ არის, ასევე - რაგბი მხოლოდ კაცების სპორტი არაა, არც მხოლოდ ძალიან ძლიერების. ყველასთვის მოიძებნება რაგბის მოედანზე პოზიცია, მთავარია, გინდოდეს თამაში! სპორტს არც სქესი გააჩნია და არც ეროვნება! ჩემთვის გაცილებით იოლია ბიჭებთან მუშაობა, მაგრამ გამოწვევების არასდროს შემშინებია. სპორტმა მეც და სხვებსაც ბევრი რამ მოგვცა, პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობები და ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი რადიკალურად, თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება. ახლა რომ ვიყო 9 წლის ბიჭი, ისევ გავივლიდი იმავე გზას, რაც გამომივლია. უბრალოდ, ემოციებს მოვთოკავდი. შესაძლოა, ჩემი ემოციურობით ადრე გული ვატკინე ვიღაცებს და კიდევ, უფრო მეტს გავაკეთებდი. არავინ თქვას, მაქსიმალური ვაკეთეო. ადამიანები არასდროს აკეთებენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ და ახლა მეც დანანებით ვიხსენებ იმ დროს, როცა შესაძლებლობის მაქსიმუმი არ გავაკეთე".

კურიოზი "რაგბულად", ანუ ზოგჯერ მორაგბეებიც ხუმრობენ! "ნახევარფინალური თამაში იყო რუსეთ-ესპანეთის. სტადიონზე ორი მოწინააღმდეგე თავგამოდებით ერკინება ერთმანეთს და ჩემი მეგობარი ვიტალი ორლოვი ზუსტად კომისრის "სირენის" ხმით ღრიალებს ტრიბუნაზე. ამ ხმაზე, როგორც წესი, მატჩი დასრულებულად ითვლება და რუსებმა სიამოვნებით შეწყვიტეს თამაში, რადგან იმ დროს ფორტუნა მათ მხარეს იყო. ესპანელებმა გააპროტესტეს ხანმოკლე მატჩი და თამაშის კომისარს მისცვივდნენ, რომელმაც თავი იმართლა, რომ მას ხელი არ ჰქონდა თამაშის შეწყვეტასთან... თამაში გაგრძელდა და ისევ მეორედ, ისევ უდროოდ გაისმა ორლოვის "სირენა", ამჯერად ესპანელები აღფრთოვანდნენ, რადგან ამ ჯერზე რაგბის ღმერთი მათ მხარეს იყო", - იხსენებს ჯაბა.

როლანდ ხოჯანაშვილი