სახალისო ისტორიები განუყრელი მეგობრებისგან - გზაპრესი

სახალისო ისტორიები განუყრელი მეგობრებისგან

დავით ბეკოშვილი და რომან ქერქაძე მთელმა საქართველომ "იუმორინას" კონცერტებით გაიცნო. ხალხმა მათი პერსონაჟები შეიყვარა. მათი მოსწრებული, კვიმატი გამონათქვამები ბევრმა ზეპირადაც იცის. დღეს ეს ნიჭიერი მსახიობები ჩვენი სტუმრები არიან და თავიანთ ცხოვრებაზე, ერთმანეთის გატანასა და უღალატო მეგობრობაზე გვიამბობენ:

სანიმუშო მეგობრები

რომან ქერქაძე: - მე და ბეკო 2004 წლიდან ერთად მოვდივართ: ორივემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარეთ და სტუდენტური მეგობრობა გვაკავშირებს. თავიდან დავმეგობრდით, მერე - დავნათესავდით: დათო ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა. 16 წელია მხარში მიდგას. მე ყოველთვის ვამბობ: ძმა არ მყავს, მაგრამ დათო ჩემთვის იგივე ძმაა-მეთქი. ყველგან ერთად ვართ - სცენაზე, თეატრში, ცხოვრებაში. რამდენიმე თეატრში ვმუშაობდით, ახლა თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობები ვართ და იქაც ერთად ვართ. მხოლოდ "ჰეროკრატიაში" დავრჩი "ობლად", როცა გლდანის ციხის უფროსის როლი შევასრულე. თქვენ წარმოიდგინეთ, მე და ბეკოს არანაირი კონფლიქტი არ მოგვდის, თუ ვკამათობთ, მხოლოდ საქმის გამო. თანაც, მე გურული ვარ, დათო - ოსი, ორივე ფიცხები ვართ, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის. ასე რომ, ყველას შეუძლია მოგვბაძოს და ჩვენს მაგალითზე ისწავლოს, თუ როგორი ძმაკაცობა და მეგობრობა შეუძლიათ ოსსა და ქართველს. სცენაზეც უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და არც მიკვირს: 17 წლიდან ერთად ვართ, შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ. წლევანდელ "იუმორინაშიც" ერთად ვმონაწილეობთ: დათო ისევ "აზერბაიჯანელია", მე კი გურული თოვლის ბაბუა. ღმერთმა იმდენი სიკეთე მოგცეთ, რამდენი ონლაინსესხის კომპანიაც არის დღეს საქართველოში-მეთქი, - სცენაზე ასეთი უჩვეულო დალოცვით შემოვდივარ. იმედია, მაყურებელს ჩვენი პერსონაჟები წელსაც მოეწონება.

"ზოგს სვანი ვგონივარ,

ზოგს კი აზერბაიჯანელი"

დათო ბეკოშვილი: - მამა ოსი მყავს, ხოლო დედა მთიულია - გუდამაყრელი. თეთრიწყაროში გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემს მშობლიურ მხარეში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და ჩემი პერსონაჟებიც სწორედ იქაური გარემოდან მაქვს აღებული. მე და რომა სტუდენტობის პირველივე დღეებიდან დავმეგობრდით. მისი ნიჭიერება და ხალასი იუმორი თავიდანვე შევნიშნე. ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა - გივი სარჩიმელიძე. ერთხელაც, მაგიდაზე ქსოვილი დადო და გვეუბნება: ეს ქსოვილი ისე აიღეთ, რომ გააცოცხლოთო. - ბატონო გივი, რავარც ჩემი ცხონებული ბაბუა ვალიკო არ გაცოცხლდება, ისე ამ ჭინჭსაც ვერავინ გააცოცხლებსო, - წამოიძახა რომამ. სტუდენტობაშიც ასე, მოსწრებულად ხუმრობდა და ყველას გულიანად გვაცინებდა. ახლაც, სცენარებს ერთად ვწერთ, ბევრს ვფიქრობთ და ვკამათობთ, რომ საინტერესო, კარგი პერსონაჟები შევქმნათ.

მიმაჩნია, რომ გურულების იუმორი გამორჩეული და განსაკუთრებულია, ნოდარ დუმბაძე კი ჩემთვის კლასიკური იუმორის სიმბოლოა. ხშირად მეკითხებიან, როგორ შევქმენი მამედას სახე: საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანელები თეთრიწყაროშიც ცხოვრობენ. იქვე ახლოს არის მარნეული, სადაც ყოფნა ხშირად მიწევდა და ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ მიმიკას, ჟესტიკულაციას. ასე შეიქმნა ეს ხალისიანი, პოზიტიური პერსონაჟი, რომელიც თვითონ აზერბაიჯანელებსაც ძალიან მოეწონათ. მარნეულში ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: "ტაკ თოჩნო ტი რაზგავარივაეშ, ადინ ტვოი პრედოკ ტოჩნო აზერბაიჯანეც ბილ", ანუ ისე ზუსტად გვბაძავ, ვიღაც წინაპრებში აზერბაიჯანელი გეყოლებოდაო. დავარწმუნე, რომ ასეთი წინაპარი არ მყოლია.

გასულ ზაფხულს თეთრიწყაროში ვიყავი ჩასული. პარკში ახალგაზრდები იდგნენ. მოვიდა ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი და მეკითხება: შენ "იუმორინას" მამედა არა ხარ? ორლარნახევრიანიო? თუ შეიძლება სურათის გადაღება გავაკეთეთო... ერთხანს, სუფრასთან რომ მოვხვდებოდი, ჩემს თავს ყველას აზერბაიჯანელად აცნობდნენ. ახლაც, ზოგს აზერბაიჯანელი ვგონივარ, ზოგს კი სვანი, რადგან "კომედი არხზე" სვანების როლს ხშირად ვასრულებდი. "ფეისბუკში" არის ასეთი ჯგუფი - "გამოჩენილი სვანები" და იმ ჯგუფში წარმატებული სვანების გვერდით მეც ვარ - "არავისზე ნაკლები სვანი - დავით ბეკოშვილი". ამ დღეებში ფოტოც გამომიგზავნეს - სვანი სანტა-კლაუსი, რომელიც ძალიან მგავს. მაყურებლისგან ასეთი ყურადღება და სითბო მსახიობისთვის ყველაზე დიდი სიხარული, ყველაზე ძვირფასი ჯილდო და ჰონორარია.

GzaPress როგორ ხუმრობენ გურიაში

რომან ქერქაძე: - მთელი ბავშვობა გურიაში, ოზურგეთის რაიონში გავატარე. 1990-იან წლებში გურიაში სიტუაცია ისევე მძიმე იყო, როგორც მთელ საქართველოში, მაგრამ გურულები დარდს იუმორით იქარვებდნენ. იქაურებზე რამდენიმე სახალისო ისტორიას მოგიყვებით: ჩემს მეზობელს ერთი შავი ინდაური ჰყავდა, რაც იმ დროს ოჯახში ხვავსა და ბარაქას ნიშნავდა. სტუმარი რომ მოუვიდოდა, დაავლებდა ხელს ამ ინდაურს, კუნძზე თავს დაადებინებდა და ვითომ დაკვლას უპირებდა. სტუმრებმა კარგად იცოდნენ, ეს საწყალი ინდაური იმ ოჯახისთვის რამდენს ნიშნავდა და ეხვეწებოდნენ: "ე ბიჯო, არ დაკლა მაი საწყალი ინდაური, არ ქნა მაი საშინელება". მოკლედ, რამდენჯერმე ეს ინდაური უეჭველ სიკვდილს გადარჩა და მეზობლები ხუმრობდნენ: მეექვსედ თუ მეშვიდედ, ოჯახში სტუმარი რომ მივიდა, ინდაური გეიფხორა, მივიდა და თავი იმ ჯირკზე დადო, სადაც დაკვლას უპირებდნენო.

მარტო გურიაში გკითხავენ: "ჩამოი, ნენაა, როის მიდიხარ?" მარტო იქ გაიგონებ ასეთ ხუმრობას: "კვირას, ძამა, ქორწილში ვიყავი და პატარძალი იმფერი მახინჯი იყო, სიძემაც ხელის ჩამორთმევით მიულოცა". მარტო გურული თუ იტყვის: "პივა? - მაი რაია, არაფერი არააა, მაი მარტო დასალევადაა კაი", "პამიდორიც აფერი არაა, მაი სალათაშია კაი", იქ გაიგონებ ასეთ უცნაურ დიალოგებს: - იი რაფერაა, იი? - იმან რა ქნას? - და იიი? - იიი მუშაობს, იმას რა ენაღვლება? და მარტო ამ ორმა ადამიანმა იცის, ვინ არის იდუმალი "იი".

ეს ამბავიც ჩვენს სამეზობლოში მოხდა: ერთი სანიმუშო მეზობელი მყავდა - ძიუდოისტი, სიგარეტს და სასმელს არ ეკარებოდა, სამაგიეროდ, ძმა ჰყავდა გამოუსწორებელი ნარკომანი. ერთ დღესაც, ამ ჩვენს ძიუდოისტს ნიშნობა აქვს, სტუმრად უნდა მივიდეს და საცოლე დანიშნოს იქვე, სოფელ მაკვანეთში. გამოეწყო, მაცივრის კარი გამოაღო და დაინახა, რომ იქ იოგურტის ბოთლი დევს. თურმე, მის ძმას ბოთლში მარიხუანას ნახარში შეუნახია... მიიყუდა მომავალმა სიძემ და "იოგურტი" ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. მოყვრების ოჯახში რომ მივიდა, უკვე გათიშული იყო და არაფერზე რეაქცია აღარ ჰქონდა. საცოლემ გადაწყვიტა სიტუაციას გამოვასწორებო და საცეკვაოდ გაიწვია. საქმრომ იფიქრა, ტატამზე ვარ და ჩემი მეტოქე რაღაც ილეთს მიკეთებსო, ეძგერა და საწყალი გოგო ძირს ისე დაანარცხა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა, არავის ეგონა... ჩემს გურიასა და გურულებზე უამრავი ასეთი ისტორიის მოყოლა შემიძლია.

საახალწლო

ნატვრა და სურვილი

დათო ბეკოშვილი: - ძალიან კარგი, ლაღი სტუდენტობა გვქონდა. ერთ-ერთ ჩვენს ჯგუფელს სამეგრელოში ბაბუა გარდაეცვალა. ჩავედით ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. ვიცოდით, რომ იმ ცხონებულს ინსულტმა დაარტყა და ამიტომ, მარცხენა ხელს ვერ ხრიდა. რა უნდა ექნა ჭირისუფალს? - ერთ ხელში "ვეფხისტყაოსანი" ჩაუდეს, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო. ვდგავართ ჭირისუფლებს შორის და რომა თავისებურად ხუმრობს, - აქანე, კონსტიტუციაზე თუ არ დააფიცეს, ისე ბაბუას "მაღლა" არ მიიღებენო. წაგვსკდა სიცილი და რა უნდა გვექნა: ისევ მსახიობურმა ნიჭმა გვიშველა და სიცილი ტირილში გადავიტანეთ. მთელი სანათესავო გაოცებული იყო: რაფერი პატივი სცეს და რავა დააფასეს ცხონებული თავისი შვილიშვილის ამხანაგებმაო. ჩვენი სტუდენტობიდან კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ქორწილში დაგვპატიჟეს. ქართულ-სომხური ოჯახი შეიქმნა და იყო ასლარიანების ფრიალი: პატარძალს დიდ კუპიურებს ჩუქნიდნენ, ათლარიანებს კი - ისე ყრიდნენ და ბავშვები ჰაერში იჭერდნენ. ვცეკვავ და ვხედავ, როგორ დავარდა 10 ლარი ჩემს ფეხთან. ინსტიტუტის ბუფეტში ერთი ჩასვლა და "ქეიფი" 3 ლარი და 20 თეთრი გვიჯდებოდა. ჰოდა, ჩემ წინ სამი დღის სადილის ფული აგდია. დავაბიჯე ერთი ფეხი, თანაც, ვცეკვავ - არ მინდა ეს ფული ყველას დასანახავად ავიღო და არც ის მინდა, რომ დავკარგო. მეორე მხრიდან ერთი ბავშვი ექაჩება - ცოცხალი თავით არ ეშვება. ბოლოს იმ ბავშვმა მაჯობა და 10 ლარი თვალსა და ხელს შუა ამაწაპნა. ასე დავკარგე იმ ქორწილში ჩემი სტუდენტური სადილის ფული.

ერთხელ სამგორიდან ლილოში მიმავალ "მარშრუტკას" ველოდები. მოვიდა ვიღაც ბიჭი და მეკითხება, - საათი ხომ არა გაქვს, "ბრატო"? - არა მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. ეს ის დრო იყო, ხალხს ქუჩებში რომ ძარცვავდნენ. ცოტა ხანში მისი მეგობრებიც გარს შემომერტყნენ და წრეში მომაქციეს. მივხვდი, ჩემი გაძარცვა უნდოდათ. უცებ, გონება გამინათდა და სვანური კილოთი ვკითხე: რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვს, ძმაო? ახლა მომისმინე, ერთი მანქანა ხალხი ვართ სვანეთიდან ჩამოსული, სულ მოჭიდავეები ვართ, მაგარი ბიჭები. ერთი სიტყვა თქვი და შენი ხმალი, ჩვენი კისერი-მეთქი. მართლა სვანი ვეგონე, რაღაც ამოილუღლუღა და ცოტა ხანში ისიც გაქრა ჰორიზონტიდან და მისი ამფსონებიც. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის "გასვანებას" (იცინის).

ჩვენი ინტერვიუს დასასრულს, აუცილებლად უნდა ვთქვა "იუმორინაზე": მე და რომას მანამდეც ბევრ გადაცემაში მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ პოპულარობა მაინც "იუმორინამ" მოგვიტანა. სხვათა შორის, ორივეს ბავშვობის ოცნება იყო "იუმორინაში" მონაწილეობა, რადგან იქ წლების განმავლობაში ბუმბერაზი მსახიობები იყვნენ დაკავებული. ათი წლის წინ მივედით ჯემალ ბაღაშვილთან და მან გვირჩია: ჯერ მოემზადეთ, ბიჭებო და მერე მოდითო. სამი წლის წინ, ჩვენი ბავშვობის სურვილი და ოცნება ავისრულეთ. შობა-ახალი წლის დღეებია და ღმერთმა ინებოს, ჩვენს ხალხსაც ისე ასრულებოდეს ყველა კეთილი ნატვრა და სურვილი, როგორც მე და რომას აგვისრულდა. დამდეგ ახალ წელს ვულოცავთ მთელ საქართველოს! სიკეთის, მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი. მეტი სიყვარული და მეტი სითბო გამოგვეჩინოს ერთმანეთის მიმართ - დღეს ეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება!

ხათუნა ჩიგოგიძე