საახალწლო კეთილი ტყუილი - გზაპრესი

საახალწლო კეთილი ტყუილი

თოვლის პაპა და ბავშვებისთვის მისი მოტანილი საჩუქრები ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებულ ხალისს სძენს, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ შესაძლოა, ამ კეთილმა ამბავმა ბავშვს მშობლების მიმართ უნდობლობა გაუჩინოს, იქნებ სხვა რაღაცებიც არ უნდა დავიჯეროო? რამდენიმეს ვთხოვეთ, საკუთარი ბავშვობა და შვილებთან ურთიერთობა გაეხსენებინათ - რისი სჯეროდათ ახალ წელს და რისი სჯერათ მათ შვილებს?

GzaPress

ნათია წიწილაშვილი:

- თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ ლეგენდა თავად ბავშვებს ძალიან მოსწონთ, უხარიათ... გააჩნია, მერე ბავშვს ამ საკითხს როგორ აუხსნი, რეალურ ინფორმაციას როგორ მიაწვდი...

- თავად თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდა?

- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ის ეპიზოდი დამამახსოვრდა, როცა მშობლებმა მე და ჩემს დას თოჯინა გვაჩუქეს და მივხვდი, რომ ეს უკვე ნამდვილად მშობლებმა გვაჩუქეს და არა - თოვლის ბაბუამ. მაშინ 7-8 წლის ვიყავი.

- როგორ მიხვდი?

- ალბათ, მშობლების რეაქციის მიხედვით - შევნიშნე, როგორ გვიყურებდნენ. ზუსტად არ მახსოვს.

- თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ შენი გოგონა "ჩამჭრელ" შეკითხვებს თუ გისვამს?

- ეზოში მეგობარმა უთხრა, - კარგი, რა, ნასტია, შენ ამის გჯერაო? ნასტიამ უპასუხა, - არა, არ მჯერაო. შემდეგ სახლში ამოვიდა და მკითხა, - თოვლის ბაბუა არსებობსო? - კი-მეთქი, - ვუპასუხე. - ერეკლემ ასე და ასე მითხრა, მე კი ვუპასუხე, რომ თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა, რადგან მასთან კამათის თავი არ მქონდაო (იცინის). ერეკლე ასაკით მასზე უფროსია. ხომ იცი, ხანდახან ბავშვებს ერთმანეთის დაცინვა სჩვევიათ - აი, შენ კიდევ ამის გჯერაო, ნასტია კი ადგა და თავიდან მოიშორა, რომ არავის არაფერი ეთქვა (იცინის)... სახლში ახალი წლის დღესასწაულზე თოვლის ბაბუას ელოდება ხოლმე. მას საჩუქრები თავადაც გაუმზადა: ყუთში ჩაულაგა, რომ ღამით, თოვლის ბაბუისთვის დაეხვედრებინა და საჩუქრები გაეცვალათ... ჩემი აზრით, თოვლის ბაბუის შესახებ ლეგენდა ბავშვებზე დადებითად მოქმედებს. უბრალოდ, როგორც აღვნიშნე, გააჩნია, მერე ბავშვებს იმ ფაქტს როგორ მივაწვდით, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. უფროსი ადამიანებისთვისაც საჩუქრების მოტანა ხომ სანტასთან ასოცირდება? ახალ წელს საჩუქარს მეუღლე მოგიძღვნის, შვილი თუ მშობელი, ამ ადამიანს ყველა "სანტას" ვეძახით. რა თქმა უნდა, თუ უფროსმა ბავშვს უხეშად უთხრა, - თოვლის ბაბუა არ არსებობსო, პატარას გული დასწყდება, არ ესიამოვნება და იმ ადამიანის მიმართ უნდობლობაც გაუჩნდება. საერთოდ, როცა ბავშვი თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ გეკითხება, მშობელი მის განწყობას უნდა მიხვდე. გააცნობიერო, რა ეტაპზეა და შესაბამისად მოიქცე.

ანანო სირბილაძე: - მშობლები არ მეუბნებოდნენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როცა თავად მივხვდი: 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათის შესრულებამდე, ჩემი მშობლები 2 წუთით გაქრებოდნენ ხოლმე (იცინის). რომ გითხრა, გული ძალიან დამწყდა და შოკში ჩავვარდი-მეთქი, სიმართლე არ იქნება - ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე. ჩემს შვილს რაც შეეხება, 8 წლის რომ გახდა, ვუთხარი, - თოვლის ბაბუა არ არსებობს და თუ გინდა, საჩუქრებს მე გიყიდი-მეთქი. არ სჯეროდა, - რატომ მატყუებ? თოვლის ბაბუა არსებობს. საჩუქრები შენ ცალკე მიყიდე, თოვლის ბაბუამ ცალკე მომიტანოსო (იცინის)... პატარებს ამ ჯადოსნური ბაბუის მოსვლა ძალიან უხარიათ, მათი გახარება კი კარგია. მგონი, კონკრეტულ ასაკში სიმართლეს თავად ხვდებიან. ეს კეთილი ტყუილი ცუდი არ არის - ჯობია, პატარებს ბავშვობა რაღაცებით გავუფერადოთ, გავუხალისოთ... გარშემო ინფორმაციის მიღების ბევრი საშუალება აქვთ (ტელევიზორი, სოციალური ქსელი...) - უკვე ყველაფერს ხვდებიან.

- შენს გოგონას საჩუქრების ორჯერ მიღება სურდა თუ თოვლის ბაბუის არსებობის მართლა სჯეროდა?

- საერთოდ, ასეთია - ოჯახისგან საერთო საჩუქარს არ იღებს, ყველასგან ცალ-ცალკე ითხოვს: ბებოსგან, ბაბუისგან, მამისგან... მგონია, დღევანდელი ბავშვები 8-9 წლის ასაკში უკვე ყველაფერს ხვდებიან. ჩვენს ბავშვობაში ინფორმაციის ამდენი წყარო სად იყო? მხოლოდ დედიკო და მამიკო თუ გვეტყოდნენ, - უი, თოვლის ბაბუა აღარ არსებობსო. პირადად მე, ახალი წლის ღამეს საჩუქრებს ბალიშთან ველოდებოდი. ჯადოქრობის ბრმად მჯეროდა. ღამით ფანჯრიდანაც ვიყურებოდი, თოვლის ბაბუა რომ დამენახა. მერე ბავშვებში გავიკითხავდი, - ხომ არ დაინახეთ-მეთქი? ჩემს შვილს უფრო განვითარებული ტვინი აქვს. თოვლის ბაბუის ამბავი სათავისოდ "მოირგო" - კი ბატონო, რაც გინდათ, ის დაუძახეთ, ოღონდ რამე მაჩუქეთო (იცინის).

- თოვლის ბაბუისგან საჩუქრებს დღემდე იღებს?

- არა, დღეს უკვე "შეკვეთები" დედასთან აქვს, მაგრამ თუ მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ვამბობ, - ახალ წელს რა გაჩუქო-მეთქი? შემისწორებს ხოლმე, - ასე ნუ ამბობ! ეს ჯერ პატარაა და სიმართლეს ჯერ ნუ გააგებინებო... ისეთს არავის ვიცნობ, ვისთვისაც თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლის გაგება შოკის მომგვრელი ყოფილა. დედა-შვილის ურთიერთობაში იმდენი ნიუანსია, რასაც შეიძლება, გაუფრთხილდე და ბავშვში უნდობლობა არ გამოიწვიო, რომ თოვლის ბაბუის ამბავი უფრო კეთილი, დადებითი და სასიხარულოა. ჯობია, სხვა რაღაცებს დავუკვირდეთ, სხვა რამეები არ მოვატყუოთ. საერთოდ, ტყუილი ცუდია, მაგრამ თოვლის ბაბუის არსებობასთან დაკავშირებული ამბავი ისეთი უწყინარია, რომ თავად ბავშვებსაც ამ თემაზე საუბარი სიცილში გადააქვთ (იღიმის).

GzaPress გოგა ჩანადირი: - თოვლის პაპის არსებობა კეთილი ტყუილია - საჩუქრების გამო, ბავშვებს მოლოდინს უმართლებს. ამ ტყუილით არც ბავშვებს ვნებ და არც - საზოგადოებას. ერთადერთი, თოვლის პაპა (სანტა კლაუსის ჩათვლით) მთელ მსოფლიოში ძალიან კომერციული გახდა. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ თოვლის პაპა ახალ წელს ბავშვებს უნდა ახარებდეს. თან, ამას დიდი ტრადიცია აქვს. შესაბამისად, კარგ განწყობას ქმნის, ოღონდ - ხშირად მშობლები ბავშვებს სურვილებს ვერ უსრულებენ და განიცდიან, წუხან... ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ის საჩუქრები იყიდოს, რასაც ბავშვი თოვლის პაპისგან ითხოვს. მინდა, ერთი ამბავი მოვყვე: 90-იან წლებში, ყოველ ახალ წელს ერთი ქალი თოვლის პაპის ფორმას იცვამდა და სამეზობლოში გაჭირვებული ბავშვებისთვის საჩუქრები - ტკბილეული და სათამაშოები დაჰქონდა. არავინ იცოდა, ვინ იყო და 31 დეკემბრის ღამეს საიდან მოდიოდა. ერთხელ, როცა ბავშვმა წვერი ჩამოჰგლიჯა, მეზობლებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მათი მეზობელი ქალი იყო (იღიმის). ის დღეს ცოცხალი აღარ არის. 90-იან წლებში, როცა ელექტროენერგიაც არ იყო, ახალი წლის ღამეს ბავშვებს ასე ეხმარებოდა...

- თქვენს შვილს საჩუქრები თოვლის პაპამ მიუტანა?

- კი. იმაზე მეტი საჩუქარი მიუტანა, ვიდრე ბავშვმა ისურვა. მეუბნებოდა, - მამიკო, თოვლის პაპისთვის ეს რომ არ მიმიწერიაო? ძირითადად, "გაყინულების" გმირებთან დაკავშირებული სურვილები ჰქონდა (იცინის).

- ბავშვობაში თოვლის პაპის არსებობის თქვენც გჯეროდათ?

- არ მახსოვს, მაგრამ თოვლის პაპა ნამდვილად არსებობს (იცინის).

- არსებობს მოსაზრება, რომ თოვლის პაპასთან დაკავშირებულმა ტყუილმა შესაძლოა, მოგვიანებით ბავშვს მშობლის მიმართ უნდობლობა გაუჩინოს...

- ამას არ ვეთანხმები, რადგან ადრე თუ გვიან, ბავშვები ხვდებიან - ეს სასიამოვნო ტყუილი მათ მიმართ კეთილი ზრახვების გამო იყო, მშობლებმა ბავშვები გაახარეს... უნდობლობას რომ იწვევდეს, მასობრივად აკრძალავდნენ და მსოფლიო ფსიქოლოგები რჩევებით გამოვიდოდნენ. თოვლის პაპის არსებობის ამბავს უარყოფითად არც განვიხილავ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე. ვაცნობიერებ, რომ ეს ბავშვების მიმართ კეთილი საქციელია. ერთადერთი, მშობლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ბავშვს არ უთხრან, რომ თოვლის პაპა ფანჯრიდან გადაძვრა, რადგან მერე ბავშვიც ასე არ მოიქცეს და რამე არ დაიშავოს.

ეკა მჟავანაძე: - ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე მჯეროდა. თან, 70-იანი წლები იყო, როცა ბავშვი ვიყავი. მაშინ საბჭოთა კავშირი არსებობდა. გართობის საშუალებაც მწირი იყო. მახსოვს, მშობლების სამსახურებში მოსაწვევებს არიგებდნენ. მაგალითად, ვიცოდი, რომ 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უნდა წავსულიყავი, 7 იანვარს - "გორკის კლუბში" (იცინის)... ე.წ. ნაძვის ხის ზეიმზე ლექსებს ამბობდნენ, მღეროდნენ, ნაძვის ხის გარშემო ვცეკვავდით... მერე უკვე საჩუქრებს გვირიგებდნენ: პატარა, ლამაზ ყუთებში ან ბაფთით შეკრულ პარკებში 1 ცალი მანდარინი, 1 "დათუნია" შოკოლადი, "პეჩენია", კანფეტები და შოკოლადის ოქროსფერი საათი (რომელიც ძალიან მომწონდა!) იდო. კანფეტები და მანდარინი შინ ყველას ჰქონდა, მაგრამ თოვლის ბაბუის მიერ მოტანილი სულ სხვა იყო! რამდენი მოსაწვევიც გვქონდა, იმდენ საჩუქარს გვაძლევდნენ. მახსოვს, 2 მოსაწვევი მქონდა, საახალწლო ზეიმზე მარტო მივედი და შინ 2 საჩუქრით დავბრუნდი. საჩუქრების დარიგებისას კივილ-წივილი და "გამიშვი-გამატარე" გახლდათ, რომ ყველას მიგვეღო... მაშინ უბრალო, პლასტმასის, საბჭოთა სათამაშოები იყო. ერთ-ერთ წელს, ჩემს საახალწლო საჩუქარში პლასტმასის თეთრი ფისო იდო, ზოგის საჩუქარში კი - პლასტმასის ძაღლი. მინდოდა, ორივე მქონოდა. პლასტმასის ეს გაუბედურებული სათამაშო რაღაც საოცრება მეგონა! წარმოგიდგენია, როგორი ბავშვობა მქონდა (იცინის)? ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ერთხელ ეს ორივე სათამაშო ნაძვის ხესთან მედო... მიამიტი ბავშვი არ ვყოფილვარ - საკმაოდ აზრიანი გახლდით, ვერ მატყუებდნენ, მაგრამ ფანტაზიორობა მიყვარდა. თუ ძალიან მინდოდა, რაღაც ასე ყოფილიყო, ვიჯერებდი და ჩემს ფიქრებში ვფანტაზიორობდი... თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ ამბავი ხომ თაობებს გადაეცემა? თუნდაც, ტყუილი იყოს, ეს ხომ ბავშვობაში ხდება? ბავშვობა კი გადის...

მახსოვს, ჩემს შვილს საჩუქარს რომ ვუყიდდი, სადღაც დავმალავდი, მერე ვითომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა. გახარებული ბავშვი ოთახებში დარბოდა - მომიტანა, მომიტანა! როგორ ვერ გაიგეთ, თოვლის ბაბუამ საჩუქარი რომ მომიტანაო?!. 2 შვილი გავზარდე და თოვლის ბაბუას არსებობასთან დაკავშირებული ტყუილის გამო, პრობლემა არც ერთთან არ მქონია. მერე თავადვე ეცინებოდათ. უფროსი შვილი უმცროსს ამხნევებდა - თოვლის ბაბუას წერილი დაუწერეო, თუმცა თავად უკვე იცოდა სიმართლე. თვალს ჩავუკრავდი, რომ უმცროსისთვის ჯერ არაფერი ეთქვა.

- დღეს ხართ ვინმეს "თოვლის ბაბუა"?

- მთელი ცხოვრება "თოვლის ბაბუა" ვარ (იცინის). ადამიანების გახარება მიყვარს. ახლა ბაქოდან სტუმრად ჩამოსული ჩემი დის შვილიშვილები "ალადინის" სანახავად პირადად უნდა წავიყვანო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს. ურთიერთობა და სიყვარული ბავშვობიდან მოდის. ადამიანს ბავშვობაზე კარგად არაფერი ამახსოვრდება... ისე, სადმე მაღაზიაში თუ კარგი "სეილია" და დიდი ფინანსური საშუალება არ მაქვს, ლამაზ საჩუქრებს ვყიდულობ, ოღონდ - არ ვიცი, ვისთვის. შინ კარადა მაქვს და იქ ვინახავ. ჩემმა შვილებმა ეს იციან და დამირეკავენ ხოლმე - დაბადების დღეზე მივდივართ და შენ რაღაც გექნებაო (იცინის)... სტუმრად მოსულ ბავშვებსაც ვასაჩუქრებ. ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენა მომწონს.

ეთო ყორღანაშვილი