"თეატრი ჩემი ოჯახია..." - გზაპრესი

"თეატრი ჩემი ოჯახია..."

აბსოლუტური სმენის მქონე გოგონა მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა, მამა მარო თარხნიშვილის გუნდში მღეროდა, დედასაც ულამაზესი ხმა ჰქონდა. სამი წლისა უკვე ფორტეპიანოს ფლობდა. საბავშვო ბაღში მისული, ყოველდღე დარბაზში შედიოდა, ინსტრუმენტს მიუჯდებოდა და პატარა თითებით რამეს აწყობდა... მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის დროს, მისი სოლფეჯიოს პედაგოგი ლალი ზურმუხტაშვილი ხშირად იმეორებდა: ექვსიანის დაწერა რომ შეიძლებოდეს, ივეტას დავუწერდიო. თბილისის ოპერის გუნდის მომღერალი ივეტა ჯირაშვილი (პირველი სოპრანო - წამყვანი ხმა) მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება და არაერთი სოლო პარტია უმღერია. ამასთან, უკვე 30 წელია გალობს, ის გახლავთ თბილისის ყოვლადწმინდა სამების (ძველი) ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი.

- საბავშვო ბაღიდან ერთი უსიამოვნო მოგონება გამომყვა. ავად გავხდი და რამდენიმე დღე ბაღში არ წავსულვარ. იმ დღეებში ვიღაცას ფორტეპიანოს კლავიატურაზე მელანი დაუქცევია. ბაღში რომ მივედი, რადგან ხშირად ვიჯექი პიანინოსთან, პედაგოგმა გამკიცხა, - მელანი შენ დააქციეო და მერე მცემა. ავტირდი... მკაცრი ქალი იყო, ბავშვებს ცხვირსახოცებით თამაშს გვიშლიდა, ჩვენ კი მაინც ვთამაშობდით. წაგვართმევდა ამ ცხირსახოცებს და ღუმელში ყრიდა.

- თქვენი მუსიკალური გზა როგორ დაიწყო?

- დედასთან მეგობრობდა ჩემი თანაკლასელისა და მეგობრის - ნანა აგლაძის დედა. მისი დამსახურებაცაა, რომ ამ გზას გავყევი. მან ურჩია დედაჩემს მუსიკაზე შევეყვანე. მეექვსე მუსიკალურ სასწავლებელში გამოცდები ბრწყინვალედ ჩავაბარე. მისი დამთავრების მერე ნიჭიერთა ათწლედში შევედი, სადაც საფორტეპიანო განხრით ვსწავლობდი. საოცარი პროფესორ-მასწავლებლები მყავდა, თუნდაც ნიკა მიასნიკოვი. ათწლედი წითელ დიპლომზე დავამთავრე და პიანისტობაზე ვფიქრობდი.

მაშინ საქართველოში ქუხდა რამდენიმე მუსიკალური სკოლის სახელი და მათ შორის იყო, ქსენია ჯიქიას მესამე სამუსიკო სასწავლებელი, სადაც ჩემი ბიძაშვილი სწავლობდა. ერთხელ მითხრა: შენ კარგი ხმა გაქვს და ჩემს არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ვოკალური განყოფილების გამგე ტერეზა თუხარელთან მიგიყვანო. ქალბატონმა ტერეზამ მომისმინა და სასწავლებლის დირექტორს, მკაცრ ქალბატონ ქსენია ჯიქიასაც მოვეწონე, რომელმაც პირდაპირ მეორე კურსზე დამსვა, რადგან თეორიული საგნები წარმატებით მქონდა ჩაბარებული. მხცოვანი ქალბატონი ტერეზა ახლა კანადაში, შვილთან ცხოვრობს. მოხდა ისე, რომ მე და პედაგოგი ვერ შევეწყეთ ერთმანეთს პროფესიონალური თვალსაზრისით და ქალბატონმა ტერეზამ შესამოწმებლად ზურაბ ანჯაფარიძესთან მიმიყვანა. ბატონმა ზურაბმა მომისმინა და თქვა: რავა ჭიკჭიკებს ეს ბალღი, მერი ნაკაშიძის ხმას ჰგავსო. ასე შემაქო და მითხრა, რომ აუცილებლად გამეგრძელებინა მეცადინეობა. თავად ვერ ამიყვანდა, რადგან ქალებთან არ მუშაობდა. მისგან ემოციებით სავსე წამოვედი.

სასწავლებელს მოჰყვა კონსერვატორია. როგორც წესი, აბიტურიენტებს ნოდარ ანდღულაძე უსმენდა და ვოკალურ განხრაზე ორი ტური ტარდებოდა. პირველ ტურზე ავად გავხდი, მეორეზე - მახსოვს, 9 ივლისს მივედი. ბატონმა ნოდარმა ერთი ფრაზა მამღერა და მითხრა: ჩამოდი, საკმარისია, კარგი გოგო ხარო. კოლოკვიუმზეც კი არ გავსულვარ, ისე მოვხვდი კონსერვატორიაში, ისიც წარჩინებით დავამთავრე და ვოკალის მიმართ სიყვარული უფრო გამიღრმავდა. GzaPress

- რას გაიხსენებთ კონსერვატორიის პერიოდიდან?

- ძალიან სპეციფიკურია ვოკალური სპეციალობა. შეიძლება ერთ პედაგოგთან ვერ განვითარდე, ამიტომ უნდა მოძებნო ისეთი, ვინც შენს ხმას შეეფერება და ვისთანაც კარგად წახვალ. ეს ცოტა მტკივნეული საკითხია სტუდენტისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. ასე ვიარე პირველ კურსზე (იცინის), ვინ არ გამოვიცვალე. ჩემი პირველი პედაგოგი შესანიშნავი პროფესორი მედეა გაბუნია იყო. მან გაზარდა მზია დავითაშვილი, მარინა ჯახუტაშვილი, ნაირა ნაჩხატაშვილი, ეთერ ჭყონია... მე და ნაირა კურსელები და მეგობრები ვართ. ძალიან მიყვარს, შესანიშნავი ადამიანია. მან მიმიყვანა ტაძრის მგალობელთა გუნდში. კონსერვატორიაში რამდენიმე პედაგოგი მყავდა, ერთი პერიოდი ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან დავდიოდი. ცოტა ხანს ცისანა ტატიშვილთან ვმეცადინეობდი, მერე გოჩა ბეჟუაშვილთან, შემდეგ იულია ნიკალაევნა ფალიაშვილთან (ზაქარიას ძმისშვილი) მოვხვდი, რომელიც ბოლომდე იყო ჩემი პროფესორი, საუცხოო ცოდნა მომცა. ის გახლდათ მაესტრო იანო ალიბეგაშვილის, ნანა ქავთარაშვილის...

- ოპერაში რთული იყო პირველი ნაბიჯები?

- ქალბატონი მედეა ამირანაშვილი ბიძაჩემის (მამას მამიდაშვილი) კარის მეზობელი იყო და ბიძამ უთხრა ჩემზე: ამ გოგოს კარგი ხმა აქვს და ერთი შეამოწმეო. ქალბატონმა მედეამ მომისმინა, მომკიდა ხელი და თეატრში მომიყვანა კონკურსზე. ეს იყო 1982 წლის 29 აპრილი, ვიმღერე ანტონიდას არია გლინკას ოპერიდან "ივან სუსანინი". ჯანსუღ კახიძე გაკვირვებული იყო - თავად ვუკრავდი და ვმღეროდი. მთელი გუნდი ამბობდა, რა კარგი გოგო მოვიდაო. თბილად მიმიღეს და მგულშემატკივრობდნენ. მთავარი ქორმეისტერი იყო ალბერტ (აბიკოს ვეძახდით) ვლადიმეროვიჩ დანელიანი. ინსპექტორად გვყავდა ნოდარ ცინცაძე - შესანიშნავი მომღერალი, კარგი ადამიანი და საუცხოო ორგანიზატორი. ის გუნდში (არაჩვეულებრივი ბანი იყო) მღეროდა და ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. მის ფუნქციებში შედიოდა მსახიობის მიღება, საბუთები, ჩაცმა-დახურვა, გრიმი. ყველაფერს ზედმიწევნით აკვირდებოდა. არაფერი გამოეპარებოდა - სცენაზე დაგვიანება, არასწორი გრიმი... ბატონი ნოდარი ძალიან მკაცრი და ძალიან საყვარელი კაცი იყო. ყველას გვიყვარდა და თან გვეშინოდა, სალდაფონს ვეძახდით (იცინის). სულ ამას იმეორებდა. კაცზე რომ ამბობენ ხოლმე - აი, ასეთი იყო. პატარა გოგო ვიყავი და პირადად მე, კომპლიმენტებს არ მეუბნებოდა, ამით უფრო ძველი თაობის ქალბატონებს ანებივრებდა. თუმცა, ჩემ მიმართ სითბოსა და პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.

- გული გწყდებათ, რომ სოლისტი არ გახდით?

- ჯანო კახიძის დროს რთული პერიოდი ჰქონდა გუნდს, რადგან თაობათა ცვლა მიდიოდა. 1982 წელს, კონკურსის შედეგად 15 გოგო მოვედით თეატრში. ბევრჯერ მქონია სურვილი და თეატრში კონკურსებზეც გამოვსულვარ, რომ სოლისტად გადავსულიყავი. ჩემს თავზე უხერხულია ვილაპარაკო, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ნამდვილად შემეძლო სოლისტი ვყოფილიყავი. თუმცა, ჩემმა თეატრმა ეს შანსი არ მომცა და გული მწყდება. 90-იან წლებში იანო ალიბეგაშვილმა ლა სკალას აკადემიის მოწვევა გამომიგზავნა, მაგრამ ვერ წავედი. იანოს მადლობელი ვარ. მაშინ საშინელი ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდი იყო. ყველა საბუთები გავამზადე, მაინც ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ წავიდოდი. ჩემი ოჯახი გვერდით მედგა, მაგრამ საჭირო თანხა ვერ მოვიძიე.

რამდენიმე კონკურსში მონაწილეობის მერე, ერთხელ ბატონმა ჯანსუღმა მითხრა: გუნდშიც მჭირდება კარგი მომღერლებიო და აქ დამთავრდა ყველაფერი. წერტილი დავუსვი ჩემს სურვილს და დავრჩი გუნდში. ალბათ, არ მეწერა, რომ სოლისტი გავმხდარიყავი. ძალიან მიყვარს ჩემი დასი, გუნდის უფროსები და ყველა მომღერალი - კაცი თუ ქალი. ჩვენი ოპერის თეატრს საქართველოში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დასი ჰყავს.

- ვინ იყო თქვენთვის გამორჩეული მაესტრო და რომელი მომღერლების გვერდით გიმუშავიათ?

- ჯანო კახიძეს ვაღმერთებ. მუსიკალური საზოგადოება არ გამიწყრება - ის მსოფლიოს კი არა, პლანეტის მუსიკოსი გახლდათ. ისეთი მრავალფეროვანი იყო, ვერავის შევადარებ. ყველანი ველოდით, როდის დადგებოდა პულტთან, რომ გვემუშავა და სიამოვნება მიგვეღო მის რეპეტიციებზე. ეს ბუნებრივია, უდიდეს მუსიკოსთან ხალისიც მეტია და შრომის სურვილიც. მე მაგალითად, სულ თვალებში ვუყურებდი ბატონ ჯანოს. ის იყო სრულყოფილი ადამიანი. დიდი თაყვანისცემა, პატივისცემა და სიყვარული მის მიმართ ყოველთვის გულში მექნება.

მოცარტის "დონ ჟუანს" ბატონი მიშა თუმანიშვილი დგამდა. საოცარი მომღერლები ასრულებდნენ პარტიებს: ანზორ შომახია, მარიცა მაღლაფერიძე, მედეა ამირანაშვილი, ოლგა კუზნეცოვა, ნუკრი ნაჭყებია... ვარსკვლავები იყვნენ. აგერ, ახლახან, ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნა. დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვარ ამ ხალხის მიმართ გამსჭვალული, მათ მოიტანეს თავისი შრომით დღემდე ოპერის თეატრი. მეამაყებოდა, ისეთი ცნობილი და ბუმბერაზი მომღერლების გვერდით ვიდექი: ნოდარ ანდღულაძე, ცისანა ტატიშვილი, თამარ გურგენიძე, ზურაბ ანჯაფარიძე. თეატრში ახალი მოსული ვიყავი, როცა "ბორის გოდუნოვი" იდგმებოდა. სცენაზე გარკვეული სპეციფიკა არსებობს. არ დამავიწყდება ის ფაქტი, რომ ჯანო სცენაზე ამოვიდა, მომკიდა ხელი, უკანა რიგიდან წამომიყვანა და წინ დამაყენა. იმ დროს ვარ 19-20 წლის გოგო, ახალგაზრდები პროფესიონალების გვერდით ყოველთვის დაჩაგრულები ვიყავით. ბატონი ჯანოსგან თბილი დამოკიდებულების გარდა, არაფერი მახსენდება. დღეს, ნამდვილად გვაკლია მისნაირი მუსიკოსები.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- "მაკბეტის" რეპეტიციები მიდის, შავი სამუშაო უკვე ჩავამთავრეთ. იტალიელ რეჟისორს ველოდებით და მალე სცენაზე გადავალთ. მანამდე კლასში ვმღერით. ჩემთვის ყოველი დღე იწყება და მთავრდება თეატრზე ფიქრით. ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს, თეატრი ჩემი ოჯახია.

ნანული ზოტიკიშვილი