"ე.წ. ციანიდის საქმის დასკვნითი სიტყვა ბათუმის ზღვის სანაპიროზე დაიწერა" - გზაპრესი

"ე.წ. ციანიდის საქმის დასკვნითი სიტყვა ბათუმის ზღვის სანაპიროზე დაიწერა"

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას საზოგადოება კარგად იცნობს. ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ადვოკატი მია ზოიძე, რომელთან ერთადაც იგი მამა გიორგი მამალაძეს იცავს, მისი მეუღლეა. წყვილი ამ ხმაურიანი საქმის გამო ხშირად ჩანს ეკრანზე და წლებია დეკანოზის გათავისუფლებისთვის იბრძვის. მართალია, ამ საქმეზე ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ დადგა, თუმცა გასულ წელს მათ არაერთი წარმატებული პროცესი ჰქონდათ. როგორც გიორგი ამბობს, გამამართლებელი განაჩენები თავდაუზოგავი შრომის შედეგია. წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ისინი ვაჟის დაბადებას ელოდებიან.

- დავიბადე ხონის რაიონში. ხონის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე იურიდიულზე ჩავაბარე. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2009 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე, იმავე წელს გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაში სისხლის სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურის პარალელურად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დავიწყე მუშაობა და იქ საკმაო გამოცდილება მივიღე. საინტერესო პროექტები ხორციელდებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. 2011 წელს, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ადვოკატობა. ვეძებდი პრაქტიკისთვის ისეთ ადამიანს, რომელიც თავის გამოცდილებას, ცოდნას გამიზიარებდა და ცნობილ ადვოკატს, ბატონ ზურაბ ტაბიძეს მივაკითხე. მას, როგორც კარგ პროფესიონალს, ყველა იცნობს. ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ და მართლა ბევრი რამე მასწავლა. მასთან ერთად მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. არ ვიტყვი, რომ სკოლის ასაკიდან მინდოდა ადვოკატობა, მაგრამ იურისტობა ნამდვილად მსურდა. ბავშვობაში თუ სადმე ჩხუბი მომსვლია, მხოლოდ იმიტომ, რომ უსამართლოდ ჩაგვრას ვერ ვიტანდი. ადვოკატობა სტუდენტობის დროს გადავწყვიტე, დღეს პრაქტიკულ სამართლებრივ ცხოვრებაზე ბევრია დამოკიდებული. თუ არ განვითარდება მართლმსაჯულება, სახელმწიფო ვერ წავა წინ. პროკურატურაში, პოლიციაში ან სასამართლოში რომ წავსულიყავი, შეიძლება სისტემის ნაწილად ვქცეულიყავი. მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის უკეთესი იქნებოდა დამეცვა ადამიანის უფლებები და უფლებების დაცვით მემხილებინა ის გადაცდომები, რომელიც ამ სისტემაშია, ამიტომ საადვოკატო საქმიანობით, ადამიანის უფლებების დაცვით მინდა ერთი აგური დავდო ამ სფეროში. ვფიქრობ, რაღაც დოზით ვახერხებ კიდეც ამას.

GzaPress

- რომელიმე საქმეზე ხომ არ ისაუბრებ? - როცა დამოუკიდებელი საადვოკატო საქმიანობა დავიწყე, პირველი ერთი წელი მე და ბატონი ზურა ტაბიძე ერთად ვიღებდით საქმეებს. ამ პერიოდში რამდენიმე საინტერესო საქმე აღმოჩნდა ჩვენს ხელში, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და გარკვეულწილად ისტორიული პროცესი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე იყო. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაცოცხლდა ეს საქმე და მაშინ დააკავეს სამხარაულის ცნობილი ექსპერტი ლევან ჩაჩუა. მას ვიცავდით. ეს საქმე ერთი უდანაშაულო ადამიანის დაცვაზე არ გადიოდა, ჩვენი უახლესი ისტორია გარკვეულწილად იწერებოდა, რადგან ბატონმა ზურაბ ჟვანიამ დიდი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენთან ერთად იყო ადვოკატი შოთა კვირიკაშვილი. დიდი ბრძოლის შემდეგ ეს საქმე სამივე ინსტანციაში მოვიგეთ.

- თქვენ და თქვენი მეუღლე, მია ზოიძე იცავთ მამა გიორგი მამალაძეს, როგორ აღმოჩნდით ამ საქმეში? როგორც ვიცი, მაშინ ახალდაქორწინებული იყავით და ეს თქვენი ერთობლივი, ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო.

- მე და მიამ ერთმანეთი გლდანის ციხეში გავიცანით. ჩვენი გაცნობა არ მომხდარა რომანტიკულ გარემოში. ორივე პატიმარს ველოდებოდით და შემთხვევით შევხვდით. შემდეგ ციხის გარეთაც ვიპოვეთ ერთმანეთი და გაცნობიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დავოჯახდით. ამის შემდეგ დიდი მადლობა გადავუხადე ბატონ ზურაბ ტაბიძეს და გადავწყვიტე დამოუკიდებლად დამეწყო საადვოკატო საქმიანობა, მით უფრო, მეუღლეც ადვოკატი იყო და ჩვენი საადვოკატო ბიურო შევქმენით. მიას არ უყვარს თავის საქმიანობაზე საუბარი და საკუთარი თავის აფიშირება, თორემ ძალიან წარმატებულია. ურჩევნია ჩრდილში იმუშაოს, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა მამა გიორგი მამალაძის საქმის შემთხვევაში. მართლა ახალდაოჯახებული ვიყავით, როცა ჩვენთან ე.წ. ციანიდის საქმე შემოვიდა.

- რამაც ძალიან პოპულარული გაგხადათ.

- ლევან ჩაჩუას საქმიდან მეტ-ნაკლებად მიცნობდა საზოგადოება. გეთანხმებით, საყოველთაო ცნობადობა ე.წ. ციანიდის საქმიდან წამოვიდა. მია ბათუმიდან არის, მის სახლთანაა წმინდა ბარბარეს ეკლესია, სადაც დეკანოზი მამა გიორგი მსახურობდა. ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ინტელექტუალურ თამაშში - "რა, სად, როდის?" ორივე მონაწილეობდა. არ ვიტყვი, რომ უახლოესი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს იცნობდნენ. ამის პარალელურად, დეკანოზის მეგობარმა, იურისტმა რაული აგიკიანმა დაგვაკავშირა, ადამიანური ნდობის ფაქტორი რომ ყოფილიყო. პირველად მამა გიორგი მამალაძე მოდულის შენობაში, 2017 წლის 10 თებერვალს, საღამოს ვნახეთ. მაშინ მოთოვა თბილისში. მთავარ პროკურატურაში უკვე ჩხრეკა უკანონოდ იყო ჩატარებული და ვითომ ამოღებული გახლდათ ციანიდი. ბრალი არ ჰქონდა ჯერ კიდევ წაყენებული, რამდენიმე საათის დაკავებული იყო. არ ვიცი, რატომ, დეკანოზმა პირველი რაც გვკითხა, გარეთ თოვსო? მერე გვითხრა, მე მიას ვიცნობ და პიროვნული ნდობის ფაქტორი მაქვს, თქვენ მისი მეუღლე ხართ და საერთო მეგობარიც გვყოლია, ჩემი მხრიდან არ არის პრობლემა, მაგრამ გთხოვთ, თქვენ კარგად დაფიქრდეთ და პასუხი უცებ არ თქვათ. მე მაბრალებენ ისეთ დანაშაულს, რომელიც საზოგადოებას შეძრავს. მეუბნებიან, შენ კლავდი პატრიარქს და რამდენად ხართ ფსიქოლოგიურად მზად, რომ გაუძლოთ იმ წნეხს, რაც თქვენ მიმართ საზოგადოების მხრიდან წამოვა ამ ამბის გახმაურების შემდეგო.

GzaPress- თქვენთვისაც არ იქნებოდა იოლი ასეთი ბრალდებით დაკავებულის დაცვა, არა? - სიმართლე გითხრათ, ჩემთვის შოკი იყო, როცა ამ სიტყვებს ვისმენდი დეკანოზისგან. როცა მის დასაცავად შევედით, საერთოდ არ ვიცოდით, რას ედავებოდნენ. შოკირებული ვიყავი, ბრალი მამაოსგან მოვისმინე. წარმოვიდგინე ისიც, რა რეზონანსი მოჰყვებოდა ამ ფაქტს საზოგადოებაში. გულწრფელი ვიქნები - როცა ვუსმენდი, სათნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მის სიტყვებში ეჭვი არ შემიტანია, მაგრამ გულში გამიელვა, შეიძლება ეს ადამიანი მართალია, მაგრამ იქნებ პატრიარქის მკვლელობა მართლა იგეგმებოდა-მეთქი. ფსიქოლოგიურადაც რთული იყო ეს ყველაფერი. გვითხრა, გარეთ გადით, მოიფიქრეთ და პასუხი მერე მითხარითო. ვერ გავიდოდით, რადგან ვიცოდით, წუთი წუთზე მისთვის ბრალის წასაყენებლად მოვიდოდნენ და ადვოკატის გარეშე ვერ დავტოვებდით. დაახლოებით ხუთი წუთი სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა, მინდოდა დუმილი დამერღვია, მაგრამ მიამ დამასწრო, - მე მზად ვარ დაგიცვათო, ჩემი სათქმელიც მან თქვა. ასე გადავწყვიტეთ მისი დაცვა. ისიც გავიაზრეთ, რომ ჩვენთვის, როგორც ადვოკატებისთვის ამ საქმეში მონაწილეობა შეიძლებოდა დიდი ანტიპიარი ყოფილიყო, რადგან ჩვენს პატრიარქზე გახლდათ საუბარი. სანამ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგო, რეალურად ანტიპიარიც იყო. გამომძიებლებმა შემოიტანეს დეკანოზის ბრალის დადგენილება. იქ ვკითხულობთ, რომ მას ბრალად ედება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. გულწრფელად გეტყვით, არც ვიცოდი ეს ადამიანი ვინ იყო. ვკითხე მამაოს, ვინ არის-მეთქი? მაშინ გაიგო დეკანოზმაც რას ედავებოდნენ. მითხრა, თუ შენ ბოლომდე დარჩები ამ საქმეში, მიხვდები, რეალურად ვინ არის შორენა თეთრუაშვილიო. პირჯვარი გადაიწერა და თქვა, ამ აბსურდულ ბრალდებაში სულ რომ გავმტყუნდე და პატიმარი გავხდე, ამას აღარ დავეძებ, მთავარია, პატრიარქის მკვლელობის მცდელობას არ მაბრალებენო. ჩემი 7-წლიანი ადვოკატობის პრაქტიკაში, პირველად ვნახე ბრალდებული, რომელსაც ბრალის წარდგენა ასე გაუხარდა...

სანამ უჩა ნანუაშვილმა არ ჩაატარა ბრიფინგი და არ თქვა, პატრიარქის კი არა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება დეკანოზს ბრალიო, მანამდე პირდაპირ ვიტყვი, ჩვენს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული, კოშმარული დღეები. მას მერე საზოგადოებამ სხვა თვალით შემოგვხედა. მაშინ გავიცანით მეუფე პეტრე, მან მოინახულა მამაო ციხეში და ციხიდან გამოსულმა გააკეთა განცხადება, - უდანაშაულოა დეკანოზი და თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიანო. არადა, პროკურორ ირაკლი შოთაძიდან დაწყებული, ყველა ამბობდა, ის პატრიარქს კლავდაო... დეკანოზს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ისეთი ვითარება იყო, შეიძლება ოჯახზე თავდასხმაც მომხდარიყო. მისი ოჯახის წევრებს ვთხოვე, ბავშვები სადმე გაეყვანათ და ქუთაისში მამაოს დასთან წაიყვანეს. შემდეგ პროკურატურამ დაიწყო ბრიფინგები და გარკვეულ მტკიცებულებებზე საუბარი. ამით შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვეოდა, სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა. მე და მიამ თავს უფლება მივეცით საუბარი დაგვეწყო ბევრ საკითხზე, რის შემდეგაც საზოგადოების მხარდაჭერა ვიგრძენით. საქმეში ჩაერთო ბატონი მიხეილ რამიშვილიც და ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა... ციანიდის საქმეზე წინასწარ იყო შერჩეული მოსამართლე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა საზოგადოებრივი აზრი მათ სასარგებლოდ ყოფილიყო. დეკანოზი გაასამართლეს, მაგრამ მოვახერხეთ საქმის კვალიფიკაცია მაინც შეეცვალათ, არადა, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდა, საბოლოოდ კი 9 წელი მიუსაჯეს. დღემდე ვამბობთ, ის უკანონო პატიმარია, ტყუილად ზის ციხეში.

- როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- სამწუხაროდ არ არის კარგი, მარჯვენა მხარის კიდურები პარალიზებული აქვს. 11 თვეა პარალიზებულია. იმედს ვიტოვებ, მინიმუმ სასჯელს გადაუვადებენ გამოჯანმრთელებამდე მაინც.

- გასულ წელს ბევრი ხმაურიანი საქმე გქონდათ, ხომ არ გამოყოფთ რომელიმეს?

- არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო "ომეგა ჯგუფის" საქმე. ეს ეხებოდა ტელეკომპანია "იბერიას", ბატონ ზაზა ოქრუაშვილს ვიცავ. მის არაერთ კომპანიას ეხება დავა, სადაც 1500 ადამიანია დასაქმებული. ძალიან დიდი სისტემის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა და მეხმარებოდა მეუღლე. ეს საქმე არ დასრულებულა, მე და ჩემმა კოლეგებმა, ადვოკატებმა დიდი რაოდენობით მტკიცებულებები მოვიპოვეთ, ქვეყნის პირველი პირების სამართლებრივ სამხილებზეა საუბარი. თუ ოდესმე საქართველოს პროკურატურას ექნება პოლიტიკური ნება, მსვლელობა მისცეს ამ საქმეს, მერწმუნეთ, არანაკლებ სკანდალური იქნება, ისეთ პერსონებზეა საუბარი. ყველა მტკიცებულება, ფაქტი ჩემი მოძიებულია და საქართველოს პროკურატურაში დევს. სანამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, ალბათ ეს საქმე თაროზე იქნება შემოდებული... რაც შეეხება 2019 წელს, ბევრი გამამართლებელი განაჩენი დადგა. ალბათ ეს იმანაც გამოიწვია, რაც ხდებოდა მოსამართლეების ირგვლივ. ამ მოვლენებმა სასამართლო ბევრად შეაფხიზლა და ეს აისახა ჩემს საქმიანობაზეც, გამოტანილ განაჩენებზე. 2019 წელს მოვასწარი 16 საქმის დასრულება, აქედან სრულად გამართლდა 10 ადამიანი, ორს შეეცვალა სასჯელი უფრო მსუბუქი მუხლით და გადაურჩა პატიმრობას, დარჩენილი ორი საქმეც წარმატებით დავასრულეთ, ინტერპოლით ძებნილზე იყო საუბარი, გერმანიაში სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით გახლდათ დაკავებული, მოხდა გერმანიისთვის ამ ქონების დაბრუნება და საქმე დასრულდა წარმატებით. კიდევ 2 საქმეზე გაფორმდა საპროცესო.

- თუ გითქვამთ უარი ბრალდებულის დაცვაზე?

- ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მაგრამ იყო ერთი საქმე, სადაც კანიბალიზმის ნიშნები გახლდათ და ამ ადამიანის დაცვაზე უარი ვთქვი. უარი მითქვამს იმ პირის დაცვაზე, როცა ფაქტებით დასტურდებოდა პედოფილია. უარი ვთქვი ბრალდებული მამის დაცვაზე, რომელმაც 3 წლის ბავშვს ისე სცემა, რომ პატარას ჯანმრთელობა შეერყა და ა.შ.

GzaPress

- როცა დგება გამამართლებელი განაჩენი, ეს რა განცდაა თქვენთვის? - როგორც მოთამაშეს აქვს რაღაც აზარტი, ასეთია ჩემთვის ეს მოლოდინი. ამ 7 წლის განმავლობაში 100-მდე საქმე მქონია, არ ვიტყვი, რომ ყველა მოვიგე, მაგრამ წაგებული საქმე თითქმის არ მქონდა: ან მოგებული მაქვს, ან მინიმუმ მუხლია შეცვლილი, ან საპროცესო მაინც მაქვს გაკეთებული. რა შრომასაც ვდებ ამ საქმეში, სხვა საქმეში რომ ჩავდო, გაცილებით მომგებიანი იქნება თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ჩემი პროფესია, რომელიც მიყვარს და ამბიცია მაქვს, რომ მართლმსაჯულებაში ჩემი აგური მქონდეს დადებული. გარკვეული დოზით საქმე ხშირად მავიწყებს პირად ცხოვრებას. ამის გამო ბევრჯერ მიმიღია ახლობლებისგან საყვედური, რადგან ვერ ვიცლი. გული მწყდება, რომ ვერ ვნახულობ საყვარელ ადამიანებს. ხშირად ქორწილშიც ვერ მივდივარ და თუ მივდივარ, მალევე ვტოვებ სუფრას. გულისწყვეტა იმ მომენტში არის, მაგრამ მერე ვერთვები საქმეში და გამარჯვების სიხარული ფარავს ყველაფერს.

- როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

- პრაქტიკულად 4 საათი თუ მძინავს დღეში. არაადამიანური შრომაა, მაგრამ როცა გიყვარს საქმე, ამას გულით აკეთებ. ზოგჯერ გამთენიისას, დილის 5 საათზე ვბრუნდები სახლში და ამ დროს ჩემი მეუღლეც იგივე ფორმაში, კომპიუტერთან მხვდება, ისიც მუშაობს. ძალიან დატვირთულია ჩემი დღის რეჟიმი, კვირაში მინიმუმ სამჯერ მიწევს ციხეში შესვლა და იქიდან 6 საათზე გამოვდივარ, ამის მერე ოფისში დაბარებული ადამიანები მხვდებიან, მათ ვუწევ იურიდიულ კონსულტაციას და ეს გრძელდება 11 საათამდე. ამის შემდეგ იწყება ჩემი ურთიერთობა დოკუმენტებთან, საქმეებზე მუშაობა და ღამეების თევა. ვცდილობ, დრო ოჯახისთვისაც გამოვნახო. ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობენ და ისინი უნდა მოვინახულო. ასევე ვცდილობ როგორმე ჩავიდე ხონში, რადგან მშობლები ხან იქ არიან, ხან თბილისში. ზოგჯერ ზღვაზეც ვახერხებ ჩასვლას, მაგრამ იქაც კურიოზულ სიტუაციაში ვარ: ხშირად სანაპიროზე ვზივარ კომპიუტერით ხელში. მაგალითად, ციანიდის საქმის დასკვნითი სიტყვა ასე დაიწერა ბათუმის ზღვის სანაპიროზე... ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთი, ვთამაშობდი საკმაოდ კარგად, მერე ამ პროფესიამ გადაფარა ყველაფერი. სამზარეულოში კერძების კეთებაც მიყვარს, მაგრამ ხშირად არ მაქვს ამის დრო. კარგი კულინარი ვარ.

- როგორც ვიცი, პატარას ელოდებით...

- ყოველდღე ველოდებით ვაჟის დაბადებას, მაგრამ ღამის 12 საათამდე მაინც ვმუშაობდით მე და მია, ხვალ სასამართლოში მივდივართ. არის იმის ალბათობა, იქიდან პირდაპირ საავადმყოფოში წასვლა მოგვიხდეს.

თეა ხურცილავა