"პატრიარქის სიტყვები უცებ სახეში გალაწუნებასავით იყო..." - გზაპრესი

"პატრიარქის სიტყვები უცებ სახეში გალაწუნებასავით იყო..."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თქვა: "მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამისთვისო". უწმინდესმა წმინდა მეფის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებს სიმშვიდე აკლიათ და ამიტომ ადამიანისთვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. "მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან, რომ ამბობენ, "ჟამი ახლოს არისო", მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ, დავით მეფის სიტყვები "მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი", ძალზე აქტუალურია. დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან სამეფო ტახტამდე ღმერთმა აიყვანა. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, განიცდიდა მათ, ამიტომ დაწერა შესანიშნავი ფსალმუნების წიგნი "დავითნი". ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოიხსენე უფალო დავითი და ყოველი სიმშვიდე მისი. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის ამ ქადაგებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამიტომაც, ამ საკითხთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიას ვესაუბრეთ:

- ყოველთვის, ყველა საუკუნეში მამები სულ საუბრობდნენ მეორედ მოსვლაზე, განსაკუთრებით მეოთხე საუკუნეში, როცა ქრისტიანებს დევნიდნენ. საუბრობდნენ მაშინაც, როცა კომუნისტები დევნიდნენ მორწმუნეებს და ეკლესიების ნგრევა, ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს, როცა ადამიანები ერთმანეთს აწიოკებდნენ, ერთმანეთს საჩივრებს უწერდნენ, ოჯახის წევრებს აჭერინებდნენ. ეს არის ქრისტიანული სწავლება და წმინდა მამები ცდილობდნენ ადამიანი დაეფიქრებინათ, რომ შენი ამქვეყნიური ცხოვრება ყოველ წამს შეიძლება დამთავრდეს. ნებისმიერი ადამიანის ამქვეყნად ცხოვრების დასასრული, მისთვის მეორედ მოსვლაა. ეკლესიის მამები ყოველთვის აფრთხილებენ ადამიანებს და ამბობენ, ჩვენთვის დგება ბოლო ჟამიო.

- ანუ პატრიარქის ეს ქადაგება ადამიანების შეფხიზლება იყო?

- შეფხიზლება და გამოფხიზლება! ჩვენ ვხედავთ როგორ დამძიმდა სიტუაცია ქვეყანაში, როგორ ლანძღავენ ადამიანები ერთმანეთს, ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა. საჯარო სივრცეში ერთმანეთის ლანძღვა და ამხელა ცოდვების დაბრალება ხდება, ტელევიზიები აკანონებენ ცოდვებს და მერე ამის გამართლება მიდის. ადამიანებმა ყველანაირი ფასეულობა, ყველანაირი ღირებულება დაკარგეს; აღარ უფრთხილდებიან საერთოდ ერთმანეთს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პატრიარქმა თქვა, ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ახლოს არის ჟამი მეორედ მოსვლისა. გამოფხიზლდით ხალხო, ადამიანი არ შეიძლება ასე იქცეოდესო.

- საპატრიარქოს მისამართითაც ისმის კრიტიკა. მიმდინარეობს ტალახის სროლა თავად პატრიარქზე.შეიძლება ეს ქადაგება ამაზე პასუხიც იყოს?

- ესეც არის, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მსგავსი ცილისწამება პატრიარქის მიმართ არ გაგონილა. გვახსოვს, როგორ გაასამართლეს უწმინდესი ამბროსი ხელაია, როგორ მიუსაჯეს მას სასჯელი, როგორ ჩასვეს ციხეში - ასეთი ფაქტები იყო, მაგრამ მსგავსი რამე ეთქვათ კათოლიკოს-პატრიარქზე, ასე მიემართათ, არ ყოფილა. იგივე მეორედ მოსვლაა. თან ასეთ ასაკშია, რამდენი წელია ღვთის ნებით მართავს ეკლესიას. იმის ნაცვლად, რომ ვილოცოთ, მივესიყვარულოთ, ცილისწამება ხდება.

მეორედ მოსვლა კარზეა. მსგავსი მასშტაბური ხანძრები თუ გახსენდებათ? საუკუნეები არ ხდებოდა. ომის მსგავსი და ომის გარეშე ამდენი ბუნებრივი კატაკლიზმი ყოფილიყოს დედამიწაზე, ასეთი გლობალური დათბობა, ვულკანების ამოფრქვევები - ეს ყველაფერი დასაფიქრებელია. მაცხოვარიც უკრძალავს ადამიანს დაასახელოს, როდის არის მეორედ მოსვლა, მაგრამ ადამიანი სულ მოლოდინში უნდა იყოს. შეიძლება გარდაიცვალო და მზად უნდა დახვდე, ეს ბუნებრივი შეხსენებაა. ეკლესია ვალდებულია ადამიანს გაახსენოს, რომ მარტო ამ ქვეყნისთვის, მარტო მიწიერი საზრუნავისთვის დაბადებული არ არის. ვხედავთ, როგორ ჩაყლაპა ამ მიწიერმა საზოგადოებამ ადამიანი და როგორ დააშორა საკუთარ სულს. საკუთარი სულისგან გაუცხოებულია და მატერიალისტი გახდა. მატერიალურ საზრუნავებშია ჩაბმული და ამ დროს უცებ სახეში გალაწუნებასავით იყო პატრიარქის სიტყვები, დროზე გამოფხიზლდით ხალხო, დროზე, ასე არ შეიძლება; ხვალ არის, ზეგ არის, 5 წუთში იქნება მეორედ მოსვლა.

GzaPress

- ბევრი ადამიანი დააფიქრა ამ სიტყვებმა. ეს დღეებია ისმის, როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვისო? - ამ ადამიანებს რას ეტყოდით? - პირადად ჩემთან რამდენმა ადამიანმა დარეკა; ისეთმა ხალხმა, რომლებიც რამდენიმე წელია ეკლესიაში არ მინახავს და მეუბნებიან, მამაო, რომ მოვიდე შეიძლება? მინდა აღსარება ჩაგაბაროო. პირდაპირ იმოქმედა პატრიარქის სიტყვებმა მაგალითად, ჩემს მრევლზე და ის ადამიანები, რომლებიც 5-6 წელია არ გამოჩენილან, დააფიქრა. ეს შეიძლება ემოციურია, ხვალ ისევ არ მოვიდეს ტაძარში წირვაზე, მაგრამ იქიდან ვიღაც უეჭველად დარჩება და ლოცვებზე ივლის. რადგან ეს ცხოვრება მარტო ჭამა არ არის. პავლე მოციქული ამბობს, მუცელი თქვენ გაქვთ საჭმლისთვის და საჭმელი მუცლისთვის, ხოლო ღმერთი მუცელსაც და საჭმელსაც გააქრობს. თქვენ ბევრად მეტი ხართ, ვიდრე მუცელი და საჭმელი, ეს ყველაფერი წარმავალია. სული უპირატესი გაქვთო. ადამიანმა სულს უნდა მიხედოს, სულს უნდა მიაქციოს ყურადღება. პატრიარქმა მიგვანიშნა იმაზე, რომ შეიძლება ხვალ და ზეგ თითოეულ ჩვენგანს დაუდგეს ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი და ნუ შეხვდები ღმერთს მოუმზადებელი. როცა მოუმზადებელი წარდგები ღმერთთან, ძალიან რთულია მერე ღვთის წინაშე სიმართლე მოძებნო. პირიქით, ძალიან კარგი ქადაგება იყო ადამიანებისთვის და ძალიან ბევრი მამა ასე აფხიზლებდა ხოლმე მრევლს, - ხალხო, რას სჩადიხართ, შეიძლება ხვალ ამ ქვეყანაზე აღარ იყოთ და არ შეიძლება ასე ხოცოთ ერთმანეთი, ასე მოექცეთ ადამიანს, დაფიქრდით ამაზეო. გამოიყენეთ ეს წლები სწორად, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის, სიხარულისთვის, ერთმანეთს ტკბილად რომ ველაპარაკოთ იმისთვის. ტელევიზიებიდან ყოველ წუთს ილანძღებიან, საინფორმაციო საშუალებებიდან ცუდის მეტი არაფერი გვესმის, ნუთუ ყველგან ცუდი ხდება? იმედი წაართვეს ადამიანებს, ახალგაზრდებს. უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. ხომ შეიძლება კარგზე ვესაუბროთ, კარგი გადაცემებით დავიწყოთ და მერე იმ ცუდზეც ვისაუბროთ. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მოძღვრისთვის ეს პოზიტივი იყო. პატრიარქს ასეთი შინაარსის განცხადებები ბევრჯერ გაუკეთებია. მაგალითად, 90-იან წლებში, ძმათამკვლელი ომი რომ იყო მაშინაც, ბევრჯერ უთქვამს მეორედ მოსვლა მოახლოებულიაო, აფხაზეთის ომის დროსაც უთქვამს - ეს ჩვეულებრივია ერის გამოსაფხიზლებლად.

- ვინც ამაზე ქილიკობს, მათ რას ეტყოდით?

- მაგათ რაც უნდა უთხრა, მნიშვნელობა არა აქვს. პატრიარქის ნათქვამი არაფერი მოსწონთ. რუსეთის პრეზიდენტს რომ მიმართა და პირდაპირ უთხრა, შენ წაგვართვი მიწებიო, ამასაც სხვანაირი ახსნა მოუძებნეს. როცა ადამიანს არ უნდა დაინახოს კარგი და მაინცდამაინც შენი დადანაშაულების სურვილი ამოძრავებს, რა აზრი აქვს მასთან საუბარს? ამ მდგომარეობაში ყოფნა და ქილიკი მოსწონთ. არადა, სჯობს, სხვა კი არ გააქილიკო, საკუთარ თავზე დაფიქრდე. არ მესმის, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა სულ სხვის ქილიკში. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვფხიზლდეთ!

თეა ხურცილავა