როგორ აღნიშნავენ ნათლისღების დღესასწაულს ცნობილი ნათლია-ნათლულები - გზაპრესი

როგორ აღნიშნავენ ნათლისღების დღესასწაულს ცნობილი ნათლია-ნათლულები

რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ, როგორ აღნიშნავენ ნათლისღების დღესასწაულს, როდის გააცნობიერეს ნათლობის მნიშვნელობა და როგორი ურთიერთობა აქვთ ნათლია-ნათლულებთან...

"ამერიკაში მყოფ 11 წლის ნათლულს იმედია, ოდესმე კიდევ ვნახავ"

მზია ორველაშვილი: GzaPress- საერთოდ, ნათლისღების დღესასწაულზე ან კონკურსებზე ვიყავი ან რეპეტიციებზე, თუმცა ნათლიაჩემთან მივდიოდი, ვნახულობდი... ნათლია ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს. ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა. ოჯახის წევრად მიმაჩნია. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, ისაა, რომ 13-14 წლის რომ გავხდი, უზარმაზარი სათამაშო დათუნია მომიტანა - ჩემზე მაღალი იყო (რბილი სათამაშოები ძალიან მიყვარს). ჩემი ნათლია ყოველთვის ცდილობდა, გავებედნიერებინე. მართლა მშობელივით მიდგას მხარში. ამისთვის მადლიერი ვარ მისი.

- თავად რამდენი ნათლული გყავს?

- სამი: ერთი ამერიკაში ცხოვრობს - ძალიან პატარა იყო, როცა ამერიკაში გაემგზავრა. დანარჩენები თბილისში არიან. ასე თუ ისე, ვცდილობ, თავისუფალ დროს ნათლულები მოვიკითხო და მათ მიმართ ყურადღება გამოვიჩინო, რომ ბავშვებმა იცოდნენ, ვინ არის მათი ნათლია.

- თავადაც იჩენენ ყურადღებას?

- ნათლისღების დღესასწაულზე მეხმიანებიან. ჩემი მცირეწლოვანი ნათლული ამ დღესასწაულს პირველად ხვდება. ამერიკაში მცხოვრები ნათლულის დედას უფრო ვეკონტაქტები, რადგან ბავშვი ძალიან პატარა იყო, როცა მოვნათლე და საქართველოდან გაემგზავრა. უფროსი ნათლული ჩემზე გიჟდება! როცა მხედავს, სიხარულისგან ცუდად ხდება (იცინის). მეფერება... ძალიან გულთბილია... 17 წლისაა. ერთსა და იმავე კორპუსში ვცხოვრობდით. ტვირთით თუ დამინახავდა, ყოველთვის ხელიდან გამომგლეჯდა - მზიკო, მომეცი, აგატანინებო. ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებას იჩენს, საყვარელი ბიჭია... პაწაწუნა ნათლული რომ გაიზრდება, ვნახოთ, როგორი იქნება. ძალიან საყვარელია... ამერიკაში მყოფ 11 წლის ნათლულს იმედია, ოდესმე კიდევ ვნახავ.

- თუ გახსოვს, როდის მოგნათლეს?

- კი, 6 წლის ვიყავი. არ ვიცი, ასე გვიან რატომ მოვინათლე. მართალია, მშობლებს ეკლესიაში დავყავდი, მაგრამ ჩემთვის ნათლობის რიტუალი უცნაური იყო. ყველაფერი კარგად არ მახსოვს. ვიცი, რაღაცნაირად, უცნაურად ვიყავი...

- როდის გააცნობიერე ნათელმირონობის მნიშვნელობა?

- ჩვენს ოჯახში ნათლიები ყოველთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ჩემთვის ნათლია ყველაზე ახლო ნათესავია. ჩემი ნათლულებისთვის მინდა ისეთი ვიყო, რომ როცა დავბერდები და მოვკვდები, მერეც "გემრიელად" გამიხსენონ.

- შენი შვილების შესახებაც მოგვიყევი...

- უფროსი ვაჟი 1 წლის იყო, როცა მოვნათლეთ. 5 ნათლია ჰყავს. რამდენიმე - მამამისის მეგობარი იყო, რამდენიმე - ჩემი დაქალი. ლევანიკოს ზოგი ნათლია ახლა საქართველოში არ არის. ვკონტაქტობთ, მაგრამ უწინდელივით ხშირად - არა... უმცროსი ვაჟის - ალექსანდრეს ნათლიები ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც მე და ჩემი მეუღლე თითქმის 24 საათს ვატარებთ. სულ 5 ნათლია ჰყავს. მათ შორის არიან ლიზა ყენია და დუტა სხირტლაძე. ალექსანდრეს ყველა ნათლია ენერგიული, "გიჟი და გადარეულია". თავადაც "გიჟი და გადარეულია": ცეკვა-სიმღერა, ბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ ფეხბურთელი ნათლია არ გვყავს. "ბურთი" პირველი სიტყვა იყო, რაც მან თქვა (იცინის)... ახლა ვაპირებ, ნათლისღებას ჩემს და ჩემი შვილების ნათლიებსაც "ჩამოვუარო"...

"ბერასთან ურთიერთობა მაქვს, რა თქმა უნდა - უხილავი"

თამრიკო ჭოხონელიძე: GzaPress- ნათლისღება უდიდესი და ძალიან ბევრი რამის მიმანიშნებელი დღესასწაულია. ნათლისღების წინადღეს, 18 იანვარს დავიბადე. დაახლოებით მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა გავაცნობიერე, თუ რატომ არის დიდი მარხვა, 18 იანვარი ხომ იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეა და ეს ყველაფერი კაცობრიობისთვის მისანიშნებლად ხდება... მას შემდეგ ცოტათი უხერხულობას ვგრძნობ, როცა 18 იანვარს დაბადების დღეს მილოცავენ, მით უმეტეს - ყველა სამღვდელო პირმა (ვისაც ვიცნობ) ჩემი დაბადების დღის თარიღი იცის და 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე დაბადების დღესაც მილოცავენ (იღიმის)... ნათლობას რაც შეეხება, 4 წლის ვიყავი, დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში რომ მოვინათლე. ეს დღე მკვეთრად მახსოვს, თუმცა მაშინ ჩემთვის არავის უთქვამს, ეს რიტუალი რატომ ტარდებოდა. 9-10 წლის ვიყავი, როცა მამამ კარგად ამიხსნა, ნათლობა და გაქრისტიანება რას ნიშნავდა. მას შემდეგ, ჩემს ნათლიებს განსაკუთრებულად დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის ვხედავდი, ჩვენს სახლში ნათლიების, ნათელმირონობით ნათესავების როგორი კულტი იყო. დღეს ჩემი ნათლულების მიმართ უკვე მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. შეიძლება მათ მიმართ ძალიან ხშირი, ყოველდღიური ყურადღება ვერ გამოვიჩინო, რადგან ასეთი ცხოვრება დადგა, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ის არის, რომ ჩემს ნათლულებს ლოცვებში ყოველდღე ვიხსენებ. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, როცა 19 იანვარს ჩემი ნათლულები მსტუმრობენ. საკმაოდ ბევრნი არიან. მოსვლას ყველა ვერ ახერხებს, მაგრამ 19-ში დიდი სტუმრიანობა მაქვს (იღიმის).

- ცნობილი ნათლულებიც გყავთ, როგორც ვიცი...

- ნინი ბადურაშვილი, ბერა...

- ბერასთან ურთიერთობა აღარ გაქვთ?

- სამწუხაროდ, დიდი ხანია, ურთიერთობა აღარ გვაქვს, მაგრამ მე ასე მაინც არ მივიჩნევ: ბერასთან ურთიერთობა მაქვს, რა თქმა უნდა - უხილავი, რადგან ჩემს ნათლულებთან ერთად, მას ლოცვებში მოვიხსენიებ. ასე რომ, ბერასთან ურთიერთობაში "წყვეტა" არ მქონია. მას თუ ჰქონდა, ეს ბერას პრობლემაა.

- თქვენი ნათლიების შესახებაც გვითხარით...

- 3 ნათლია (დედაჩემის მეგობრები) მყავს: ლეილა კიკნაძე, ციცო ლეკიშვილი და სანდრო კაჭარავა. ისინი ძალიან მეამაყება. სანდრო კაჭარავა 2 წლის წინ გარდაიცვალა. არ შემიძლია, მის შესახებ არ გითხრათ: მან გორის მუსიკალური სასწავლებლის წინსვლაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. გორის გოგონათა გუნდის (რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა) წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის...

"ჩემ მიერ დანათლებულ სიკეთეს ისიც კაცურად ასრულებს"

დავით დვალიშვილი: - ნათლისღებას ან ჩემს ნათლულს ვესტუმრები, ან - ის მოვა ჩემთან. თბილისში ერთი კარგი ნათლული მყავს. ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანია. მას ბევრი კარგი რამ დავანათლე და ჩემ მიერ დანათლებულ სიკეთეს ისიც კაცურად ასრულებს. ნათლისღება ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაულია. საერთოდ, არ ვიცი სარწმუნოება, რომელშიც ნათელმირონობა არ არის. პირადად მე, მცირე ასაკში მომნათლეს. ჩემი ნათლიებიდან ცოცხალი არც ერთი აღარ არის. 50-60 წლის წინ, ნათელმირონობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. ნათელმირონობის სადღეგრძელოს გარეშე სუფრა წარმოუდგენელი იყო! დღეს ეს სადღეგრძელო სადმე მოგისმენიათ?.. იმედი მაქვს, ნათელმირონობას ახლაც დიდ ყურადღებას აქცევენ. რამდენიმე ნათლული მყავს. ზოგი მათგანი რაიონშია. ტელეფონი კარგი საშუალებაა, რომ ერთმანეთი მოვიკითხოთ, დღესასწაული მივულოცოთ... თბილისში მცხოვრებ ნათლულთან ერთად ხშირად ვარ. მამამისი ჩემი კლასელია. ოჯახებით ვმეგობრობთ...

- არცთუ ისე ახლობელი ადამიანები შვილის მონათვლას ხშირად გთხოვენ?

- კარგა ხანია, ჩემთვის ბავშვის მონათვლა აღარ უთხოვიათ. ახლა ნათელმირონობამ სხვა სახე მიიღო - ადამიანის შეძლებულობას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე სხვა რამეს (იღიმის). მე ვინმეს მონათვლას აღარ მთხოვენ, ჩემი შვილიშვილები ნათლავენ...

"ნათლულს სიკეთე და სიყვარული უნდა უჩვენო"

ბაია დვალიშვილი: GzaPress- სამწუხაროდ, ჩემი არც ერთი ნათლია ცოცხალი აღარ არის. ერთი მათგანი ცნობილი გინეკოლოგი - დათიკო ბიბილეიშვილი იყო, რომელმაც დედაჩემი ამშობიარა. ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის - მედეა ბიბილეიშვილის მამა გახლდათ. ჩვენი ოჯახის დიდი მეგობარი, არაჩვეულებრივი ექიმი და ძალიან ყურადღებიანი ნათლია იყო. არის შემთხვევები, როცა ვინმეს ნათლავ და მერე, რაღაცნაირად, ეს ურთიერთობა წყდება. არადა, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია - ნათლულს სიკეთე და სიყვარული უნდა უჩვენო. ნათლობა მხოლოდ რიტუალი ხომ არ არის, რომელიც ბავშვს არ ახსოვს? მე და ჩემს ნათლიებს ეს ურთიერთობა, სიყვარული ყოველთვის გვქონდა. ჩემი მეორე ნათლია ცნობილი ექიმი, ქირურგი და კოსმეტოლოგი - ამალია ფჩოლკინა გახლდათ (წოპესთან ერთად, სერიოზული ოპერაციების გაკეთება პირველმა დაიწყო). ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. როგორც აღვნიშნე, დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მის შთამომავლებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. რაღაცნაირად, ეს ურთიერთობები გრძელდება: ნათლიებმა სიყვარული, პატივისცემა და მეგობრობა დამანათლეს, რასაც მაგალითის სახით გამოხატავდნენ, ანუ ისე არ ყოფილა, რომ ოდესღაც, ჩემთვის არაცნობიერ ასაკში მომნათლეს და უბრალოდ, ამით ვალი მოიხადეს. ნათლია ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება საქმით და ყურადღებით იმ კარგ თვისებებს გიჩვენებს, რომელიც შენშიც უნდა იყოს.

- ალბათ ახლა ნათლია უკვე თქვენც ხართ და ეს მხოლოდ ნათლობის რიტუალი არ ყოფილა...

- ბევრ შემთხვევაში, მხოლოდ რიტუალი იყო. 16 ნათლული მყავს. საკმაოდ ბევრ ნათლულთან ურთიერთობა მაქვს - ისინი ჩემი მეგობრის შვილები არიან, მათ ვხედავ და ძალიან წარმატებულები არიან. ვიბრალებ ხოლმე, რომ ამაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის (იცინის). ბავშვის მონათვლა მთლად უცნობ ადამიანს არ უთხოვია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა უთქვამთ, - ნათლობისას ნათლიად დაგასახელეთო (ქალაქში არ ვყოფილვარ, მისვლა ვერ მომიხერხებია). არ ვიცი, ეს რამდენად "მოსულა"... მთავარია, ურთიერთობას მერე როგორ აგრძელებ, სიყვარულსა და ყურადღებას როგორ აგრძნობინებ ბავშვს...

- ნათლისღების დღესასწაულს როგორ ატარებთ?

- როგორც ვიცი, ნათლულებმა უნდა მომილოცონ (იღიმის). კი, მილოცავენ, ხშირად მსტუმრობენ კიდეც. თუ არა და, დამირეკავენ, ვალს მოიხდიან...

- თქვენი შვილი მცირე ასაკში მოინათლა?

- კი. მისი ნათლიები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. კვირები და თვეები ისე გადის, ხშირად მეგობრებიც ვერ ვხედავთ ერთმანეთს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილის ყურადღებიანი ნათლიების მადლიერი ვარ, რადგან ბევრ რთულ სიტუაციაში გვერდით მედგნენ - ნამდვილი მეგობრები არიან.

"ნათლობის გარეშე ყველაფერი ფერმკრთალია..."

დავით კვირცხალია: GzaPress- ადამიანი ინათლება და ახალი აღთქმის ერთ-ერთ უმთავრეს საიდუმლოს ეზიარება. ნათლობა ადამიანის მეორედ სულიერად დაბადებაა. ამიტომ ყველა ქრისტიანმა - როგორც ნათლიამ, ისე ნათლულმა, ნათელმირონობის ყველაზე დიდი მოვალეობა ღირსეულად უნდა შეასრულოს. ნათელმირონობა ღვთისგან ბოძებული სასიხარულო გამოცდაა. აქედან იწყება ყველა ის "გაგება", რასაც ხან "კაცობას" ვუწოდებთ, ხან - "მამულიშვილობას"... ნათლობის გარეშე ყველაფერი ფერმკრთალია... წმინდანი ჩემს პროფესიასაც ჰყავს: პორფირე მსახიობი იყო და ქრისტიანულ რიტუალებს დასცინოდა. ერთხელაც, თეატრში როლს ასრულებდა, რომლის მიხედვითაც, ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო. სპექტაკლის მსვლელობისას, წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: "ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა". წყლიდან ამოსულმა თქვა, რომ სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და ქრისტიანობა აღიარა. ამის გამო ის აწამეს. წმინდა პორფირე მსახიობების წმინდანად მიიჩნევა... ჩემთვის ნათელმირონობა ძალიან დიდი ძალის მქონე საიდუმლოებაა. ჩემი ნათლიები მიყვარს - ყველა ერთმანეთზე უკეთესია. მათაც ვუყვარვარ. ყველა "ნათლის" მეძახის. ამ სიტყვაში დიდი სიყვარული იგრძნობა.

- მცირე ასაკში მოინათლეთ?

- კი. ჩემი მონათვლის რიტუალი არ მახსოვს...

- თავად რამდენი ნათლული გყავთ?

- ხუთი. ხუთივეს ჩემი თავი ენაცვალოს...

- ნათლისღების დღესასწაულს როგორ აღნიშნავთ?

- ჩემს ყველა ნათლულს მოვიკითხავ ხოლმე. რომ გითხრათ, ძალიან ეკლესიური ვარ-მეთქი, მოგატყუებთ - ნამეტანი თავს არ გამოვიდებ, მაგრამ წმინდა სამებას და საერთოდ, ქრისტიანობას ვაღიარებ, რადგან დედამიწაზე ყველაზე სრულყოფილ ცნებად მიმაჩნია. მინდა, ყველა ქრისტიანს ნათლისღების დიდებული დღესასწაული მივულოცო!..

ეთო ყორღანაშვილი