"აქ სრული კოშმარია..." - გზაპრესი

"აქ სრული კოშმარია..."

თითქმის ერთი თვეა, ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მეხანძრეები და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული მოხალისეები საკუთარი ძალებით ებრძვიან, თუმცა სტიქიამ ადამიანს დაანახვა, რომ ზოგჯერ მის წინაშე უძლურია... განადგურებულია ნახევარ მილიარდზე მეტი ცხოველი, ველური ბუნება, დამწვარია კუნძულის ასობით ჰექტარი... ხანძარმა უმძიმესად იმოქმედა ჩანთოსან ცხოველებზე, რომლებსაც მეხანძრეების თქმით, სწრაფად გადაადგილება არ შეუძლიათ. თუმცა, არც სხვა სახეობებია კარგ დღეში. ცეცხლის ალყაში მომწყვდეული ცხოველები უმოწყალოდ იხოცებოდნენ.

ჩვენ ავსტრალიაში მცხოვრები ბერძენი მეხანძრე ვიპოვეთ, რომელიც საქართველოდან წლების წინ წავიდა. მისივე თქმით, ის თბილისში, დედასა და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახმა ქვეყანა 90-იან წლებში დატოვა.

კირან კუანტანისიდი, მეხანძრე:

- სახანძრო ბრიგადას თავდაპირველად ქალაქ მოგამბერუში მოგვიწია ჩასვლამ, მაშინ ასეთი ძლიერი ხანძარი არ მძვინვარებდა. შემდეგ რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდა ძლიერი ცეცხლის კერა... ამ ხანძრების შემყურე მივხვდი, რას ნიშნავს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი...

- როგორც ტყეში, ასევე დასახლებულ პუნქტებშიც მოგიწიათ მუშაობამ?

- დიახ, რადგან ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო იყო. სიტუაცია ისე დამძიმდა, რომ მეხანძრეებმა კუთვნილ დასვენებაზეც უარი ვთქვით და იყო შემთხვევა, როდესაც 9-10 საათი ცეცხლს ვებრძოდით. ამას საკუთარი სურვილით ვაკეთებდით, ხელმძღვანელობა არ გვავალდებულებდა, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ ძალები დაგვეზოგა, რადგან წინ ხანგრძლივი სამუშაო გველოდა. იყო შემთხვევები, როდესაც სიტუაციას ვერტმფრენშივე ვაფასებდით და სამუშაო გეგმასაც ვადგენდით, თუმცა, ადგილზე ჩასულებს უკვე სრულიად სხვა, ბევრად მძიმე სურათი გვხვდებოდა.

რამდენიმესაათიან ცვლაში ვმუშაობდით, დიდი დოზით ფერფლისა და ნამწვის ჩასუნთქვა კი ჯანმრთელობას აზიანებს. მაღალი ტემპერატურის გამო, იმაზე მეტი სითხის მიღება გვიწევს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. როცა გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, მეორე მხარე ცეცხლის ალშია გახვეული, შენ კი შუაში დგახარ და გგონია, რომ ხმელეთი გადაიხსნება და ჩაგიტანს, რადგან სივრცე ორივე მხრიდან ვიწროვდება, ასეთ არანორმალურ სიტუაციაში, მაღალი სტანდარტების ქვეყანაშიც ძნელია ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულო. ჰაერში დამწვარი ხეების, სახლებისა და ცხოველების სუნი ტრიალებდა, რაც მუდმივი გულისრევის შეგრძნებას იწვევს.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, აიღეთ დოკუმენტები და უსაფრთხო ადგილას გაიქეცითო... რაც შეეხება ჩვენს ჯანმრთელობას - არსებობს სამუშაო საათების მაქსიმუმი, რომლის გადაცილების შემდეგ, სამსახური ადმინისტრაციულ ჯარიმას იყენებს, რადგან იმ კადრს კარგავს, რომლის მომზადებაშიც დიდი რესურსი აქვს ჩადებული, გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ იგულისხმება, დაუდევრობაზე მაქვს საუბარი.

GzaPress- ალბათ უამრავი ცხოველის გადარჩენა მოგიხდათ, არა?

- ბევრად მეტი დაიხოცა... თავდაპირველად საცხოვრებელი სახლების დაცვას ვცდილობდით ხანძრისგან, რადგან დასახლებული პუნქტები და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობები, ეზოები, აგარაკები ახლოს არის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ძალიან დიდი იყო. თუმცა, მასშტაბური ხანძრის რამდენიმე კერის გაჩენის შემდეგ, მათი დაცვა ვერ შევძელით. ამიტომ, ადამიანების მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება იშრომეს, რომ იქ ვილა აეშენებინათ და სიბერე მშვიდად გაეტარებინათ, გვიძალიანდებოდნენ, სასამართლოში ჩივილითაც გვემუქრებოდნენ, საკუთრებას ძალის გამოყენებით გვატოვებინებთო. მერე საქმეში პოლიცია ერთვებოდა. მახსოვს, ერთ-ერთ სახლში ასაკოვანი მამაკაცი და მისი პატარა შვილი იპოვეს, გვიან გაიგეს ხანძრის შესახებ. ამ კაცს საკუთარი მანქანით უცდია გამოღწევა, მაგრამ ვერ მოუხერხებია და სასოწარკვეთილი თურმე დარეკვას ცდილობდა, ავტომოპასუხე კი ეუბნებოდა, რომ რისკის ზონაში იმყოფებოდა... ამ დროს ჩვენ გადავუფრინეთ, აივანზე იდგნენ და შველას ითხოვდნენ. კოორდინატები პოლიციას გადავეცით, რის შემდეგაც ვერტმფრენით გამოიყვანეს.

კვამლი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე მდებარე ქალაქებშიც მწვავედ იგრძნობა... თავდაპირველად მოსახლეობა მხოლოდ ჩვენს იმედად იყო, როგორც ევაკუაციის, ასევე ხანძართან ბრძოლის მხრივ, შემდეგ კი თავად იპოვეს გადარჩენის გზები, მეზობლები ერთად გროვდებოდნენ და მობილიზებულად ტოვებდნენ საშიშ ზონას.

- სხვა ქვეყნების მეხანძრე-მაშველები არ ჩამოსულან?

- უამრავი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რამდენიმე დღის წინ ამერიკიდანაც შემოგვიერთდნენ... მათ, ჩვენგან განსხვავებით, ექსტრემალურ პირობებში მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ, ბევრად რისკიანები არიან, რადგან საომარი მომზადება აქვთ გავლილი... მეზობელი ქვეყნებიც გვეხმარებოდნენ: ახალი ზელანდია, ვანუატუ, პაპუა-ახალი გვინეა... ათასობით მოხალისე ჩამოვიდა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მათი მუშაობა გვაფერხებდა კიდეც, რადგან მათ უსაფრთხოებაზეც ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი.

- ინსტრუქციები არ მიიღეს?

- კი, მაგრამ ძნელია გვერდი აუარო ან თვალი დახუჭო იმაზე, თუ როგორ იწვიან პატარა, ჩანთოსანი ცხოველები, კოალები, რომლებიც ნელა გადაადგილდებიან, ყველაზე მეტად ეს სახეობა განადგურდა... სრული კოშმარია. მუშაობის პარალელურად, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გავდივართ, რადგან ძნელია უყურო როგორ ტირის ცეცხლმოკიდებული ცხოველი და მისი გადარჩენა არ შეგიძლია, რადგან ირგვლივ ხანძარია, ხეებს ცეცხლი უკიდია და სრულიად შესაძლებელია, რომელიმე გადატყდეს და ქვეშ მოგიყოლოს... თუმცა, ეს არ ესმით მოხალისეებს, რომლებიც აქ სწორედ მათ გადასარჩენად ჩამოვიდნენ და თავს საფრთხეში იგდებენ. ასევე, ძნელი სანახავია, როგორ ცდილობენ თავის გადარჩენას ველური ცხენები, რომლებიც რემად ან ცალ-ცალკე ცეცხლის ალყაში ექცევიან. ცხენი ამ დროს ფრთხება და უმიზნოდ გარბის. საცოდაობაა ფრინველების ყურებაც (რატომღაც მათზე ცოტას საუბრობენ, ალბათ იმიტომ, რომ ძლიერი ხანძრის გამო მიწამდე ვერც ჩამოაღწიეს, ჰაერშივე დაიწვნენ). მინახავს, როგორ არ ტოვებდა დედა ფრინველი თავის ბარტყებს... ასობით დახოცილი კაკადუ ვიპოვეთ. არაერთმა მოხალისემ სტრესს ვერ გაუძლო და რამდენიმე დღეში წავიდა, რადგან ცხოველები მათ ცეცხლმოკიდებულ ტყეში ბავშვებივით მოსდევდნენ. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მოხალისეს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.

- ფიქრობთ, ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა?

- დიახ, ამ ბრალდებით ავსტრალიის პოლიციამ 30-მდე ადამიანი უკვე დააკავა და დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი გაიზრდება. არ ვიცი, ეს დაუდევრობით მოხდა თუ სხვა მიზეზით, მაგრამ ისინი დამნაშავეები არიან და პასუხი უნდა აგონ.

- მუშაობის პროცესში მეხანძრე დაიღუპა, არა?

- როგორც ვიცი, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ვიცით. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე მოხალისეც შეეწირა, ზოგმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. ისინი ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ და ისეთ ადგილებში შედიოდნენ, საიდანაც გამოსვლის შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაწვიმდა...

- არა, "ფეიკნიუსები" იყო, ჩვენს ახლომახლო არ უწვიმია, სამწუხაროდ. ქარი იყო, რაც მასშტაბური ხანძრის დროს ხშირია... ამ დროს მეხანძრეები ვერ ვმუშაობთ, ხანძარი კი უფრო და უფრო იკრებს ძალას... ერთი ფაქტი ვიცი - კონტროლზე წასულ მანქანას დაეცა ცეცხლმოკიდებული ხე, რომელმაც ახლოს მყოფი ხეები "გაიყოლა". მანქანაში მსხდომი ყველა მეხანძრე დაიღუპა. ასევე დაიღუპნენ ძაღლები, რომლებიც პატარა ცხოველების გამოყვანაში გვეხმარებოდნენ.

GzaPress

- სახანძრო სამსახურის ძაღლები იყვნენ? - ზოგი ჩვენი, ზოგი სხვა სამსახურის... როდესაც ძაღლი დაშავებული ცხოველის ან ფრინველის გამოსაყვანად შედის, ამას ბევრად სწრაფად აკეთებს, ვიდრე ადამიანი, - ჩვენ მას წყლით ვაზღვევთ, მაგრამ თუ ხანძარი ძალიან ძლიერია ან ხე წაიქცევა, ვერ ვშველით. ჩემი თანამშრომელი, გერმანელი ბიჭი დაზიანდა თავისი ძაღლის გამოყვანისას. მისი გაზრდილი იყო და გულმა არ მოუთმინა, როდესაც კოალას გამოსაყვანად შესულ ოთხფეხა მეგობარს საფრთხე შეექმნა. საბოლოოდ, გადავარჩინეთ, მაგრამ ძაღლსაც და მის პატრონსაც უმძიმესი დამწვრობა ჰქონდათ. სავარაუდოდ, ვერც ერთი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

ლალი პაპასკირი