დაზარალებული ემიგრანტი დედა - გზაპრესი

დაზარალებული ემიგრანტი დედა

ბევრი სხვა ქართველი ემიგრანტის მსგავსად, მძიმე შრომა უწევს, მაგრამ ქართულ-ბერძნული კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენი მომღერლების, ანსამბლებისა თუ თეატრალური დასების გასტროლის ორგანიზებასაც ხშირად ახერხებდა. ამის გამო ზოგჯერ ფინანსური ზარალიც უნახავს, თუმცა ამის შესახებ, უახლოესი მეგობრების გარდა, არავის გაუგია. იყო სხვა შემთხვევებიც - მაგალითად, მომღერალმა თემურ წიკლაურმა ქალბატონი ლიგიას თაოსნობით საბერძნეთში ჩატარებული კონცერტის ჰონორარზე უარი თქვა და ის თანხა პირადად ლიგია მუშკუდიანს აჩუქა, მან კი ეს თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა.

სამწუხაროდ, ამჯერად ძალზე უსიამოვნო ამბის თხრობა მოგვიწევს, ცოტა ხნის წინ ლიგია მუშკუდიანი აღელვებული დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ რატიანმა ფინანსური ზარალი მიაყენა და ქართველი ემიგრანტების წინაშე თავის მართლებამაც მოუწია, თუმცა საკუთარი ქმედებისთვის პასუხისმგებლობას არ იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის გამო, ქალბატონმა ლიგიამ, საქართველოში მყოფი შვილისა და 81 წლის დედის ერთადერთმა მარჩენალმა, საბერძნეთში სამსახურიც დაკარგა და ფინანსურადაც იზარალა...

ლიგია მუშკუდიანი: - მინდა, ყველაფერს თანამიმდევრულად მოგიყვეთ. რამდენიმე წლის წინ, რუსთავის თეატრს საბერძნეთში გასტროლი გავუკეთე - 28 წლის შემდეგ, რუსთავის თეატრის დასი საზღვარგარეთ პირველად გავიდა. ძალიან კარგი გასტროლი გამოვიდა. ყველა აღფრთოვანებული და კმაყოფილი იყო. ამის შესახებ, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ რატიანმა შემთხვევით გაიგო და ჩემთან შეხვედრის სურვილი გაუჩნდა. აგვისტოში, ჩემი მეგობარი, რუსთავის თეატრის მსახიობი - ვერიკო მაჭარაშვილი ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ შემეძლო, ეს თეატრი ათენში საგასტროლოდ მიმეწვია. ვუპასუხე: - ვერიკო, ამჟამად საბერძნეთში ძალიან ცუდი სიტუაციაა და ეს გასტროლი არ მინდა, რადგან პრობლემა შემექმნება, თუნდაც მაყურებლების რაოდენობასთან დაკავშირებით-მეთქი. ვერიკომ მითხრა: - ყველაფერს თავად აფინანსებენ, უბრალოდ, ორგანიზება უნდა გაუკეთოო. ვუპასუხე: - თუკი ყველაფერს თავად დააფინანსებდნენ, ორგანიზებას შევძლებდი. ისიც აღვნიშნე, რომ ამას უანგაროდ გავაკეთებდი, რადგან საქმე სოხუმის თეატრს ეხებოდა... სპექტაკლში ჩემი მეგობარი - ზურაბ ანთელავა თამაშობდა, რომელიც ძალიან მიყვარს. მას ათენშიც იცნობენ (კვაზი მანტკავას როლით). მართლაც, აგვისტოშივე ქალბატონმა ვერიკომ ჩემს ოჯახში მიშა რატიანი მოიყვანა. ბატონმა მიშამ მითხრა, თეატრს თანხა აქვს და გასტროლის დაფინანსებას შეძლებსო, მაგრამ ისიც იკითხა - ამ გასტროლის დროს თქვენ რას გადაიხდითო? აღმოჩნდა, რომ მეც რაღაცა უნდა გადამეხადა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთში უკან ვეღარ დავიხიე და ვუთხარი: - რადგან ასეთი სიტუაციაა და რაღაცები მეც გადასახდელი მაქვს, ერთადერთი, აფიშების დაბეჭდვას და თეატრის არენდას ჩემს თავზე ავიღებ, სხვას ვერაფერს-მეთქი. დამთანხმდა. მოკლედ, მგზავრობის, სასტუმროს, დღიურ ხარჯებს თავად იხდიდნენ, მე კი ბილეთების, აფიშებისა და დარბაზის არენდისთვის საჭირო თანხა ჩემი ჯიბიდან უნდა გადამეხადა, შემდეგ კი ბილეთების გაყიდვისას შემოსული თანხიდან, ჩემი გაწეული ხარჯი დამებრუნებინა. თუკი რამე დარჩებოდა, ის თანხა ისევ თეატრს მოხმარდებოდა. ბატონ მიშასთან საუბრისას ბევრჯერ აღვნიშნე, რომ მათგან 1 ცენტიც არ მინდოდა... სპექტაკლს ჰონორარის გარეშე ჩაატარებდნენ - ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ...

ათენში გამგზავრებიდან 10 დღეში დეიდა გარდამეცვალა. ძალზე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ისევ საქართველოში დავბრუნდი. ცოდვას ვერ ვიტყვი: ბატონი მიშა მაშინვე დამიკავშირდა და მითხრა, რომ რადგან მგლოვიარე ვიყავი, შეიძლება, გასტროლის ორგანიზებაში ხელი შემშლოდა... სოხუმის დაცემის კადრები თვალწინ დამიდგა; ამ თეატრის დასში უმეტესობა სოხუმელია... გამგზავრების წინ, ბატონ მიშას დავურეკე და ვუთხარი, რომ გასტროლს მოვაწყობდი. შემხვდა, აფიშები (რომლებზეც სპექტაკლის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია უნდა გადამეკრა) მომიტანა... ამ ადამიანთან შეხვედრით კმაყოფილი ვიყავი და მჯეროდა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მითხრა... ათენში გავემგზავრე. სამეგობროს, სათვისტომოს - ყველას ვუთხარი, რომ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩამომყავდა. ბილეთები, აფიშები - ყველაფერი მოვამზადე. ჩემი შემოქმედებითი გაერთიანება "ლამარიას" სახელით, დასს ათენში ვერ მივიწვევდი. დახმარება ბერძნულ-ქართულ ორგანიზაცია "დიონისოს" ვთხოვე, რომლის ხელმძღვანელი - თაკო სამხარაძე ბრმად მენდო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბერძნეთში ჩასვლიდან 1 კვირაში, ბატონმა მიშამ დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ მიწვევები უნდა გამეგზავნა, დაფინანსებაში რომ ხელი არ შეშლოდა. საერთოდ, როდესაც მიწვევა მზადდება, ის ქართულ ენაზე უნდა იყოს საქართველოს საზღვრისთვის და ბერძნულ ენაზე - ბერძნული საზღვრისთვის, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ამა და ამ კოლექტივს ვიწვევთ, მაგრამ ბატონმა მიშამ მთხოვა, რომ ეს მოწვევა ერთ-ერთი მინისტრის სახელზე გამეკეთებინა. როგორც აღმოჩნდა, დაფინანსების მიღება ჩემ მიერ გაკეთებული მიწვევით სურდა.

GzaPress

- ანუ რეალურად, გასტროლისთვის საჭირო თანხა არ ჰქონია? - თავიდანვე მითხრა, რომ ფული არსებობდა - ვიღაც შეჰპირებია: როგორც კი მოწვევა მექნება, 10 წუთში ჩვენს ანგარიშზე თანხა ჩაირიცხებაო (ეს სიტყვები კარგად მახსოვს). საბერძნეთში გამგზავრებისას წერილი გამატანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ როლანდ ნიჟარაძის სახელზე. მაშინვე ვკითხე, - ბატონი როლანდ ნიჟარაძის სახელზე წერილი რატომ უნდა დავწერო, როცა თქვენ დაფინანსება გაქვთ-მეთქი?.. რადგან მთხოვა, ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო და ესეც გავაკეთე. მოკლედ, რაც მთხოვა, ყველაფერი გავაკეთე - ყველა საბუთი ხელთ მაქვს. მასთან ყოველ მიწერ-მოწერაში აღვნიშნავდი, რომ გასტროლზე ზედმეტი ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ წამოეყვანათ, რომ საზღვარზე პრობლემა არ შეჰქმნოდათ. ყველა წვრილმანს ვუკონკრეტებდი. თავდაპირველად, 15-20 კაცის გამგზავრებაზე იყო საუბარი, საბოლოოდ, ეს რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ვისი პასპორტის ასლებიც გამომიგზავნა, მითითებულია, თეატრში ვინ რას წარმოადგენს. გამიკვირდა, რომ მათ შორის, მხატვარი, გრიმიორი, რეჟისორი იყო. სამაგიეროდ, იყო დასის ხელმძღვანელი, ფინანსური მენეჯერი, მარკეტინგის წარმომადგენელი და ა.შ. ეს ჩემს პრობლემას არ წარმოადგენდა - მე გაფრთხილებული მყავდა... საბერძნეთში დასის გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად "რეისის" ავტობუსი მიზერულ თანხად შევუთანხმე, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ვუშოვე, სადაც ქართველი კაცი მუშაობს და როცა საქართველოდან ჯგუფი მიგვყავს, ყოველთვის ნახევარ ფასად გვემსახურება. ბატონი მიშა ძალიან გახარებული იყო, მადლობას მიხდიდა, - თქვენი თავი ღმერთმა გამიმიგზავნაო... ორი თვის განმავლობაში, ყოველი სატელეფონო საუბრისას ბატონი მიშა მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. თან, გავაფრთხილე - თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ, თავიდანვე მითხარით, რომ ბილეთების გავრცელება არ დავიწყო-მეთქი. - არა, ყველაფერი რიგზეა, ფული ხელზე მაქვს, არაფერზე ინერვიულოთო, - დამაჯერებლად მეუბნებოდა. სპექტაკლი 24 ნოემბერს გვქონდა დაგეგმილი. ეჭვი მაინც გამიჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

- ეჭვის საფუძველი რამ გაგიჩინათ?

- როცა ბატონ მიშას ვუკავშირდებოდი, ხანდახან ვერ მპასუხობდა ან როცა მპასუხობდა და სათქმელს ჩამოვუყალიბებდი, ვეუბნებოდი, - რომ არ დაგავიწყდეთ, თქვენს მეუღლეს (დასის ხელმძღვანელია) მივწერ, რომ საღამოს გადაამოწმოთ და რამე არ შეგეშალოთ-მეთქი. ბატონი მიშა მეუბნებოდა, ყველაფერი ჯიგრულადააო (ზუსტად ასე ამბობდა), მაგრამ მისი მეუღლე თითქოს თავს მარიდებდა - "მესინჯერით" რომ ვურეკავდი, მეუბნებოდა, რომ ტელეფონს პრობლემა ჰქონდა ან ქუჩაში იყო და ლაპარაკი არ შეეძლო... ჩემი ეჭვის გამო, შუამავალს - ქალბატონ ვერიკოს დავუკავშირდი და ვუთხარი: რაღაც არ მომწოს, მეშინია და გადაამოწმე, რომ ბილეთები ტყუილად არ გავავრცელო, რადგან მერე ემიგრანტები ყველაფერს ასე იოლად არ გპატიობენ, და აგიხსნით, რატომ: ისინი გარეთ თვეში ორჯერ ან ოთხჯერ გამოდიან, დანარჩენ დროს "ციხეში" არიან; იმ კვირადღეს მთელი თვით ადრე გეგმავენ, რომ ყველა საქმე მოასწრონ და 2 საათი სპექტაკლს ან კონცერტს დაუთმონ... მოკლედ, მიშა რატიანმა ქალბატონ ვერიკოსთან საუბრისასაც დაადასტურა, - ყველაფერი კარგადაა, არ შეგეშინდეს, შეგიძლია, ბილეთები გაავრცელოო...

GzaPress2 თვით ადრე დავჯავშნეთ სასტუმრო. ბატონი ამირანი (სასტუმროს ქართველი მუშაკი) რამდენჯერმე დამიკავშირდა: - ბატონი მიშა არ მეხმიანება, თანხა ჩარიცხული არ არის და რა ხდება, ჯავშანი გავაუქმოო?.. ბოლო წუთში, ბატონმა მიშამ ავტობუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებაც ჩამიშალა, მითხრა, - ავტობუსი ვიშოვეთ, ჩვენი მძღოლები გვყავსო. ვკითხე, - რამდენს იხდით-მეთქი? - 5.000 ევროსო, - მიპასუხა ანუ ამჯობინა, ავტობუსით მგზავრობაში გაორმაგებული თანხა გადაეხადა. ამის მიზეზი არ ვიცი და არც მაინტერესებს - ეს ჩემი გასარჩევი არ არის... სანამ ეს მოხდებოდა, ბატონ მიშას ვუთხარი, - რადგან თქვენი თეატრისთვის საზღვარგარეთ პირველი გასტროლია, თუ გნებავთ, ჩემს მეგობარს - მაია სტეფნაძეს ვთხოვ და წამოგყვებათ, ამ ამბავს გააშუქებს და თავის გადაცემაში მიგიწვევთ-მეთქი. გაუხარდა და ჩემი შეთავაზება მიიღო (რა თქმა უნდა, მანამდე მაიას შევუთანხმდი). მოკლედ, ბატონმა მიშამ ბოლო წუთამდე "ხელზე გვიხვია" მეც, სასტუმროც, ტელევიზიაც... წარმოიდგინეთ, ხუთშაბათს საქართველოდან უნდა წამოსულიყვნენ, შაბათს ათენში რომ ყოფილიყვნენ, კვირას (24 ნოემბერს) კი სპექტაკლი ჩატარებულიყო. პარასკევს დამირეკა და მითხრა: - ქალბატონო ლიგია, ვინც ფულს შემპირდა, არ ჩაგვირიცხეს; მარიამ ჯაშს ველაპარაკე, ძალიან გთხოვთ, ხვალ საელჩოში მიდით - ელჩი გელოდებათ, დაელაპარაკეთო... ემიგრანტი "შენს ჭკუაზე" სამსახურს ვერ გააცდენ. როცა ჩემს დამსაქმებელს დავურეკე და ვუთხარი, აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა წავიდე-მეთქი, სამსახურიდან საერთოდ დამითხოვა... ის სამსახური დავკარგე, მაგრამ აღარ მედარდებოდა, ოღონდ საქმე გამოსულიყო, რადგან საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული... საელჩოში ტაქსით გავვარდი. აღმოჩნდა, რომ ელჩი საბერძნეთში არ იმყოფებოდა. ახალი წერილი გავამზადე (ტექსტი ბატონმა მიშამ ღამით გამომიგზავნა): "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს..." - კიდევ ოთხ უწყების ხელმძღვანელს, მათ შორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ რუსლან აბაშიძეს მივმართავდით. ელჩის მდივანმა ელჩს დაურეკა: ლიგიაა მოსული, ასეთი სიტუაციაა, ახალი წერილი უნდა გავგზავნოთ, რადგან დაფინანსება ვერ მიიღეს და იქნებ რამენაირად დავეხმაროთო. აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო 51 ათას ლარზე (მანამდე ბატონ მიშას თანხა ჩემთვის არც დაუსახელებია და არც მაინტერესებდა). გამორიცხული იყო, 2-3 დღეში ამხელა თანხა ვინმეს ჩაერიცხა. მაშინვე ვუთხარი, - ბატონო მიშა, 2 თვის განმავლობაში სად იყავით-მეთქი?!. წერილი მაინც გავამზადე. მასზე ჩემი და თაკო სამხარაძის ხელმოწერებია... რა თქმა უნდა, თანხა არ ჩაურიცხავთ - ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში საქართველოში სიტუაცია მართლა აირია: ბატონ მიშას ვუთხარი, - ვიცი, რომ არასტაბილური სიტუაციაა, ამან ხელი შეგვიშალა, არა უშავს, ყველაფერი ხდება, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი კვდება, მაგრამ გეხვეწებით, თეატრის სახელით, 1 "პოსტი" გამოაქვეყნეთ, რომ საქართველოში არასტაბილური სიტუაციის გამო, ჩვენი გასტროლი გადაიდო, ბოდიშს გიხდით, უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩამოვალთ და სპექტაკლს ჩაგიტარებთ-თქო. არავითარი "პოსტი" არ გამოუქვეყნებია. უკაცრავად და, ფეხებზე დამიკიდა. ყველა ემიგრანტი თითო "კაპიკს" ისეთი სიმწრით ვშოულობთ, რომ ჩემი შვილის ლუკმას ვერავის შევარჩენ. კარგია, რომ ბატონ მიშასთან მიმოწერა შენახული მაქვს, რადგან შეიძლება, თავისი ნათქვამი უარყოს - ასე კი არა, ისე იყოო. მივწერე: გჩუქნით ჩემს დროს, რაც ამ 2 თვის განმავლობაში დავხარჯე, მიპატიებია ამდენი სატელეფონო ზარი (აბა, ათენიდან თბილისში დარეკეთ და საათობით დეტალებზე ისაუბრეთ, რა თანხა დაგიჯდებათ!)... მე ხომ ამას ჩემს შვილს და ჩემს მოხუც დედას ვაკლებდი!.. ბოლოს პოსტი თავად დავდე და ემიგრანტებს ბოდიში მოვუხადე. ერთ-ერთმა ემიგრანტმა მომწერა: 20 წელიწადია, გიცნობთ და ასეთი ტყუილი არასოდეს გითქვამთო. - რა ტყუილს ვამბობ-მეთქი? - ვკითხე. - ჩემი ნათესავი მაგ თეატრში მუშაობს და ვიცი, რომ დაფინანსება ვერ მიიღესო, - მიპასუხა. მინდა, ყველა ემიგრანტს ბოდიში მოვუხადო... ამდენი ადამიანი მენდო, მხარში ამომიდგა... არც 4-მილიონიან ათენში ბილეთების გავრცელებაა იოლი საქმე. ყველა ხარჯის ქვითარი მაქვს, რომ თუ საჭიროა, გადაამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ არ ვიტყუები... მაგრამ ყველაზე მეტად იცით, რამ გამანადგურა და ჩემი ასეთი აღელვება რამ გამოიწვია? ბატონმა მიშამ მითხრა, - თქვენ იმ თანხების გაღებაზე პასუხისმგებელი იყავითო... 2 თვის განმავლობაში, ოჯახში ფული ვერ გავგზავნე, რადგან გასტროლისთვის საჭირო ხარჯს ნაწილ-ნაწილ ვახმარდი, რომ შემდეგ, გაყიდული ბილეთებით, დანახარჯი "ამომეღო". შვილს და დედას წამლის ფულს ვერ ვუგზავნიდი... ჩემ მიერ გაღებულ წვრილმან ხარჯებს ვერც განვსაზღვრავ, მაგრამ იმ 400 ევროს, რაც აფიშების, ბილეთების დაბეჭდვა-გავრცელებაში, დარბაზის არენდაში დავხარჯე, ამ კაცს არ შევარჩენ. მინდოდა, ეს თანხა ჩემი შვილისთვის წამლის საყიდლად გამომეყენებინა, რადგან ეს მართლა მისი ლუკმაა და ჩემს შვილს თვეში 450 ლარის წამალი მართლა სჭირდება. თეატრისთვის სიკეთის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მიშა რატიანმა სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქცია.

ბუნებრივია, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მიხეილ რატიანსაც დავუკავშირდით და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი შედგა:

GzaPress - მიზეზი, რომლის გამოც გასტროლი ჩაიშალა, მოწვევა (ოფიციალური საბუთი) იყო, რომელიც საბერძნეთიდან ცოტა დაგვიანებით ჩამოვიდა. მერე, როცა აფხაზეთის ხელისუფლებამ განიხილა, ოფიციალურად, დაფინანსებაზე უარი გვითხრეს, რადგან წლის ბოლო იყო და ბიუჯეტი ამოწურული იყო. ისე, მოწადინებული იყვნენ, რომ საბერძნეთში თეატრის გასტროლი დაეფინანსებინათ, მაგრამ ასე მოხდა. ეს იყო და ეს. - ბატონო მიშა, გასტროლის ინიციატორი იყავით და გასტროლის ჩაშლის რისკთან დაკავშირებით ეჭვიც არ გამოგითქვამთ. რატომ ეუბნებოდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო?

- რისკთან დაკავშირებით ეჭვს როგორ გამოვთქვამდი, მარჩიელი ვარ?! აფხაზეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, დავეფინანსებინე. ეს 1-2 დღეში ხომ არ წყდება? როცა მითხრეს, დაფინანსება არ გამოდისო, ეს ჩემგან ქალბატონმა ლიგიამ შეიტყო.

- დიახ, დასის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.

- აბა, წინასწარ როგორ ვიტყოდი? სანამ ადამიანი ოფიციალურ პასუხს არ მიიღებ, მიდიხარ თუ არა, უფრო სწორად - რომ არ მიდიხარ, როგორ მეთქვა?!.

- აბა, რის საფუძველზე უთხარით ემიგრანტ ქალბატონს, გასტროლისთვის საჭირო თანხა გვაქვსო?

- მინდა, საქმის კურსში ჩაგაყენოთ: როდესაც ქალბატონმა ლიგიამ საბერძნეთში ჩვენს გასტროლზე თანხმობა განაცხადა, ხარჯი მას ბილეთების გაყიდვიდან უნდა ანაზღაურებოდა. თეატრი "კაპიკს" არ იღებდა. მოლაპარაკება ასეთი იყო, როგორც მახსოვს, და ჯერ სკლეროზი არ დამმართნია. სანამ ჩვენს ანგარიშზე თანხა დაჯდებოდა, მინიმალური ხარჯი ქალბატონ ლიგიას უნდა გაეწია. როგორც ვიცი, მან 400 ევროს ხარჯი ნახა. ადამიანურად, მისთვის ამ თანხის ანაზღაურებაზე უარი არ მითქვამს.

- ანუ თანხას აუნაზღაურებთ?

- სიმართლე თუ გინდათ, თანხის ანაზღაურების მომხრე ვიყავი, მაგრამ მასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, უკვე სხვა აზრზე ვარ: როცა მოვა და ბოდიშს მოიხდის, თანხას მაშინ მიიღებს.

- ბოდიში რის გამო უნდა მოიხადოს?

- წყევლის გამო - ჩემს შვილს უდანაშაულოდ შეეხო.

- ბატონო მიშა, ამ შეხვედრაზე თქვენი და ქალბატონი ლიგიას საუბრის ჩანაწერი (რომელიც მან თქვენივე ნებართვით გააკეთა) მოვისმინე: გეუბნებათ, ჩემი შვილის დღეში რომ გყავდეთ შვილი, მიხვდებით, როგორ სიტუაციაში ვარო...

- მერე ეს წყევლა არ არის? დალოცვაა?!. ჩანაწერს თუ მოუსმინეთ, მაინტერესებს - ნორმალურად ლაპარაკობდა?

- მგონი, მისი ემოციური მდგომარეობა გასაგებია - ამდენი ხნის განმავლობაში, თქვენგან ნორმალური პასუხი ვერ მიიღო.

- როგორ გეკადრებათ?!.

- კარგი, მაშინ ასე გკითხავთ: თუ მანამდე ქალბატონი ლიგიასთვის ზარალის ანაზღაურებაზე თანახმა იყავით, თვეზე მეტია გასული, ჩაგერიცხათ მისთვის კუთვნილი თანხა და ამ დაძაბულ სიტუაციამდე საქმე ხომ არ მივიდოდა, არა?

- ფული თაროზე კი არ მაქვს შენახული? როცა ამბობთ, თანხა ჩაგერიცხაო, აქ ხომ იურიდიული საკითხია?

- კი, მაგრამ 27 კაცი ხელშეკრულების გარეშე საბერძნეთში მიგყავდათ და იურიდიული საკითხი ზარალის ანაზღაურების დროსაა მნიშვნელოვანი?

- რა ხელშეკრულება უნდა დამედო მსახიობთან, რომელიც სახელმწიფოსგან ხელფასს იღებს?

- იმის თქმას ვცდილობ, რომ თუკი დასი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიგყავდათ საზღვარგარეთ, ემიგრანტისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება სიტყვიერი შეთანხმების გამო არ შეიძლება?

- მე არ ვამბობ, რომ ხელშეკრულება იყო ან ჩვენი, ან მათი მხრიდან. ერთ რამეს ვამბობ, ქალბატონ ვერიკოს დაურეკეთ და ჰკითხეთ - თანხის დაბრუნებაზე უარი მითქვამს?..

ვერიკო მაჭარაშვილი:

- ალბათ, ჩემი დანაშაული ის არის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს გავაცანი. ლიგიამ თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. მას ეს არ ეშლება. ბატონი მიშა ძალიან მონდომებული იყო. სამინისტრომ თუ არ დააფინანსა, ეს არც ბატონი მიშას ბრალია, არც - ლიგიასი, მაგრამ ბოლო წუთამდე ამ კაცმა იცოდა, რომ აფინანსებდნენ. ლიგიამ გარკვეული თანხა დახარჯა, რაც უნდა დაუბრუნდეს. მიშა რატიანს ვესაუბრე. ამ კაცს თანხის დაბრუნებაზე უარი არ უთქვამს.

მიშა რატიანთან საუბრისას, როცა მან დაიჟინა, რომ ქალბატონ ვერიკოსაც დავლაპარაკებოდით, დავპირდით, რომ ასეც მოვიქცეოდით და ასევე, თეატრის მსახიობებსაც გავესაუბრებოდით, რაზეც გვიპასუხა: ჩემი ნებართვის გარეშე მათ ვერ დაელაპარაკებითო...

მსახიობ ზურაბ ანთელავას მოგვიანებით ვესაუბრეთ.

ზურაბ ანთელავა: - სამინისტრო თეატრს დაფინანსებას შეჰპირდა. დანარჩენი სამხატვრო ხელმძღვანელთან უნდა გაარკვიოთ. ამ საკითხში მსახიობები ჩახედული არ ვართ. ერთადერთი ის ვიცი, რომ ლიგია ჩემი მეგობარია და მას ძალიან უნდოდა, რომ ჩემთვის კარგი საქმე გაეკეთებინა. ეს გასტროლი ჩემთვისაც და თეატრისთვისაც მომგებიანი იყო. ლიგია ამ საქმეზე თავგადაკლულია და ყველაფერი იცის...

მაია სტეფნაძე:

- ამ სიტუაციაში ლიგიაზე ვდარდობ, რადგან ის გასტროლის ორგანიზატორი იყო, თანხა დახარჯა... წარმოიდგინეთ, ემიგრანტი თავის ნაწვალებს ჯიბიდან რომ ამოიღებს და იმის იმედით დახარჯავს, რომ მერე სპექტაკლი ქართველებისთვის ჩატარდება... ლიგიას იცნობთ და იცით, რომ ეს ადამიანი სხვებზე ზრუნვით საკუთარ თავს ბევრ რამეს აკლებს. გავიგე, რომ მიშა რატიანმა ლიგიას ამხელა ფინანსური ზარალი მიაყენა, მორალურადაც ბევრჯერ შეურაცხყო. როცა ადამიანს საქმე ემიგრანტ ქალთან გაქვს, რომელსაც საკუთარი შვილი და მოხუცი დედა საქართველოში ჰყავს დატოვებული, იმისთვის შრომობს, რომ მათ სარჩო მიაწოდოს და ასეთ ქალს ფულს ახარჯვინებ, მერე კი საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო ბოდიშსაც არ უხდი, ეს ჩემთვის, როგორც ლიგიას მეგობრისთვის, შეურაცხმყოფელია.

ეთო ყორღანაშვილი