რა განძს ინახავს ნინო ბურჯანაძე კაბინეტში და რა საჩუქარს მიიღებდა ის ვლადიმირ პუტინისგან
font-large font-small
რა განძს ინახავს ნინო ბურჯანაძე კაბინეტში და რა საჩუქარს მიიღებდა ის ვლადიმირ პუტინისგან
"მიუხედავად მოარული ჭორებისა ჩვენს მილიონებზე, ბევრი ფინანსური პრობლემა გვაქვს"

ნინო ბურჯანაძის ოფისში სტუმრობისას, მის კაბინეტში შესვლისთანავე არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციო თაროებზე ლამაზად დალაგებულ სხვადასხვა ჟანრის წიგნებსა და ორიგინალურ სუვენირებს. ერთი შეხედვითაც მიხვდები, რომ მათ შორის არაერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის თუ ხელოვანის ავტოგრაფებიან ფურცლებს აღმოაჩენ, რომლებსაც დრო კიდევ უფრო ღირებულად აქცევს. ეს ის განძია, რომელიც ადამიანს თავის განვლილ საქმიანობას, ვიზიტებს, ურთიერთობებს და იმ სასიამოვნო მომენტებს ახსენებს, რომლებიც ამა თუ იმ ცნობილ თუ უცნობ საინტერესო ადამიანთან შეხვედრისას და საჩუქრის მიღებისას განიცადა.


"ალბათ, ასაკი რომ მომემატება, კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ამ წიგნების გადახედვა", - ღიმილით აღნიშნა ქალბატონმა ნინომ, რომელიც თავის და მამამისის - ანზორ ბურჯანაძის ბიბლიოთეკაზე გვესაუბრება, სადაც ასევე ძალიან საინტერესო - ქართველი მწერლების ავტოგრაფებიანი წიგნები ინახება.
- ჩემს ოჯახში ბიბლიოთეკას ყოველთვის სერიოზული ადგილი ეჭირა, რადგან კითხვა ყველას ძალიან უყვარდა. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი ღიმილით და თბილად მაგონდება: მამას ხშირად მოჰქონდა ახალი გამოცემები, თარგმანები. ბებია და ბაბუა მაშინ უკვე სოფელში ცხოვრობდნენ და ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ. როცა მიდიოდნენ, წიგნების რაღაც ნაწილი ქრებოდა. ყველა ვხვდებოდით, რომ ბაბუამ წაიღო, აარჩია, რაც თვითონ მოსწონდა და შემდეგ ჩამოსვლაზე დააბრუნებდა (იღიმის).
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, ბებიამ მხედველობა დაკარგა. მახსოვს, ბაბუა გვერდით მიუჯდებოდა და ხმამაღლა უკითხავდა ახალ ნაწარმოებებს. ეს ძალიან გულისამაჩუყებელი კადრი და ყველასთვის სამაგალითო მომენტი იყო.
მამას ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ხელოვანებთან, ლიტერატურულ საზოგადოებასთან - მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან, ისტორიკოსებთან და ათობით წიგნი გვაქვს ისეთი ავტორებისაგან, როგორებიც იყვნენ: ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ფანჯიკიძე, ლევან სანიკიძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვები. ეს წიგნები განსაკუთრებულად ძვირფასია ჩვენთვის.
GzaPress- ძალიან საინტერესო კაბინეტი გაქვთ. ვის მიერ ნაჩუქარი წიგნებია თქვენს პირად ბიბლიოთეკაში?
- აქვე უკვე ჩემი კოლეგების, ნაცნობების ან უბრალოდ, გულშემატკივრების ავტოგრაფებით დამშვენებული წიგნები შეემატა, როგორც ქართველი, ასევე რუსი, უკრაინელი, ყაზახი, ევროპელი, ამერიკელი პოლიტიკური ლიდერებისა თუ სხვა მოღვაწეების. ძალიან ვუფრთხილდები, მაგალითად, კოლინ პაუელის, მადლენ ოლბრაიტის, ჰენრი კისინჯერის ავტოგრაფებით დამშვენებულ წიგნებს. ეს ისტორიაა, ძალიან საამაყო ჩემთვის და საინტერესო - შვილებისთვის. მოგეხსენებათ, მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და ჩემს ბიბლიოთეკაში სერიოზული ადგილი უჭირავს სპეციალურ, ასევე, პოლიტიკურ ლიტერატურას, მხატვრულთან ერთად.
- თქვენ თუ გიჩუქებიათ რაიმე სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისთვის?
- რა თქმა უნდა! კოლინ პაუელთან კეთილი დამოკიდებულება გვქონდა, ვმეგობრობდით. ჩვენი საჩუქრები ძირითადად, რომელიმე წიგნი იყო საქართველოს შესახებ ან რაიმე ისეთი, რაც ქართულ სულს, ისტორიას, კულტურას, ტრადიციას გამოხატავს. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ამგვარ წიგნს გადახედავ, გადაშლი და თბილ წარწერას წაიკითხავ; ის შეხვედრები გახსენდება, რომლებიც ვიზიტებისას ხორციელდებოდა. მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, საქართველო სხვა სიმაღლეზე იდგა.
- რომელი რუსი პოლიტიკური ლიდერების ავტოგრაფიანი წიგნები შეიძლება ვიხილოთ თქვენს თაროებზე?
- მაგალითად, ბოლო ვიზიტის დროს, ბატონმა პუშკოვმა გადმომცა საჩუქრად თავისი წიგნი, სადაც სხვათა შორის, საქართველოზეც საინტერესოდ საუბრობს. ბევრი წიგნი მაქვს სახსოვრად რუსი საზოგადო მოღვაწეებისგან, ხელოვნების წარმომადგენლებისგან. მაგალითად, ცნობილი რუსი მსახიობის - ვალენტინ გაფტის მიერ ხელმოწერილი, დიდი კომპლიმენტებითა და კეთილი სიტყვებით თავფურცელზე. ეს სასიამოვნოა. ბევრი დრო არ მაქვს, რომ ამას ხშირად დავუბრუნდე, თქვენ გამახსენეთ და ფრაგმენტულად რაღაცები ამომიტივტივდა. ალბათ, ასაკი რომ მომემატება, კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ამ წიგნების გადახედვა.
- ვლადიმირ პუტინისგან თუ მიგიღიათ რაიმე სამახსოვრო საჩუქარი?
- არა, ასეთი მომენტი არ გვქონია, მაგრამ ავტობიოგრაფიულ წიგნს როცა დაწერს, დიდი სიამოვნებით მივიღებ მისგან ავტოგრაფით დამშვენებულ წიგნს, თუ ასეთი საშუალება იქნება.
- მამის მეგობრები ახსენეთ. როგორც ვიცი, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი თქვენი ნათლია იყო. გვიამბეთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ოჯახებს?
- დიახ, ბატონი ჯანსუღი ნამდვილად იყო ჩემი ნათლია, ოჯახები ვახლობლობდით და ახლო ურთიერთობის ათწლეულები გვაკავშირებდა. ის და მამა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მათი პირველი ფოტოც მაქვს, როცა მამა 11 წლის იყო და ბატონი ჯანსუღი - 13-ის. ძალიან ბევრი თბილი მოგონება არსებობს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ურთიერთობების, წარსულში.
- შესანიშნავი ქართველი მწერლები მოიგონეთ, რომლებიც თქვენს ოჯახში იკრიბებოდნენ. რა გახსოვთ იმ დროიდან და ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენდა თქვენზე?
- ვფიქრობ, ძალიან დიდ გავლენას ახდენდა და იმითაც გამიმართლა, რომ საოცრად თბილ გარემოში ვიზრდებოდი. ოჯახში მართლაც იდილია იყო. ჩვენ გარშემო ყველამ იცის, რომ დედას და მამას რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა, სიყვარული და პატივისცემა აქვთ. ვხუმრობდი, მთელი ბავშვობა გამიფუჭეს, რადგან ვეჭვიანობდი, ერთმანეთი უფრო უყვართ-მეთქი, ვიდრე - მე. როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ტყუილად ვეჭვიანობდი, რადგან მართლაც ასე იყო (იცინის). სამსახურიდან დაბრუნებულს, ყოველთვის დედა უღებდა კარს და თუ მე გავუღებდი, პირველ რიგში, იმას მკითხავდა, დედა სად არისო? ახლაც კი, ამ ასაკში, დედა აუცილებლად გადახედავს აივნიდან და მამაც, პატარა ბავშვივით ამოხედავს ხოლმე, რომ მზერა გაცვალონ. ასეთ ოჯახში აღზრდა მართლაც დიდი გამართლებაა. ნებისმიერი გადაწყვეტილება საღი მსჯელობისა და ურთიერთპატივისცემის შედეგად მიიღებოდა.
გამიმართლა მამის სამეგობროშიც. თუკი ვინმე გამოჩენილი ადამიანი იყო, ყველა მოდიოდა ჩვენს ოჯახში. მას ძალიან უყვარს თეატრი, ერთი წელი ისწავლა კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში და აქედან გამომდინარე, ახლო მეგობრობა აკავშირებდა რამაზ ჩხიკვაძესთან, დოდო აბაშიძესთან, კახი კავსაძესთან, გივი ბერიკაშვილთან, ჯემალ ღაღანიძესთან, გურამ საღარაძესთან და ისინი ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ, რაც ცხადია, სასიხარულო იყო. მამას, შეიძლებოდა ღამის ათ საათზე დაერეკა და ეთქვა, - ხუთი ბიჭი (რაც ათს ნიშნავდა) ამოვალთ და სუფრა გაგვიშალეო. მე დღემდე მიკვირს, როგორ ახერხებდა დედა, რომ დაახლოებით საათ-ნახევარში ძალიან კარგი სუფრა გაეწყო. საინტერესო ამბებს ჰყვებოდნენ, ხუმრობდნენ, მღეროდნენ. ეს დიდი სკოლა და შთაბეჭდილებაა ბავშვისთვის.
ჩვენთან მაშინდელი პარტიული და საზოგადოებრივი ელიტაც იკრიბებოდა, ლიტერატორები, როგორც აღვნიშნე. ხშირი სტუმარი იყო ბატონი ირაკლი აბაშიძე, რომელიც ჩემთვის საინტერესო ფიგურა იყო მაშინაც და ახლაც. ერთხანს მამას წინააღმდეგ უსინდისო, უსამართლო და ტყუილზე აგებული კრიტიკა დაიწყო. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ცილისმწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა, ჭაბუა ამირეჯიბი იყო. მე ამას ძალიან ვაფასებ და დღემდე მახსოვს. მოკლედ, მამას ბევრ საინტერესო ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა და მეც ბევრი რამ მომცა, ბევრი რამ ვისწავლე.
GzaPress
- მახსოვს, ამბობდნენ, ნინო ბურჯანაძე მარგარეტ ტეთჩერს ჰბაძავსო. მართლაც ცდილობდით მასთან მიმსგავსებას?
- პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები ბავშვობიდან მაინტერესებდა და რამდენიმე ფიგურა გამორჩეულად საყვარელი იყო ჩემთვის. ერთ-ერთი იყო მარგარეტ ტეთჩერი, მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოთამაშის - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სკოლის მოსწავლე გოგონასთვის, ეს რა თქმა უნდა, რომანტიკული გახლდათ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ინდირა განდი, ისტორიული ფიგურებიდან კი - ალექსანდრა კალანტაი, საბჭოთა კავშირის პირველი ქალი ელჩი. მასზე შექმნილმა ფილმმა ჩემს პროფესიულ არჩევანზე სერიოზული გავლენა მოახდინა. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ არასდროს მქონია სურვილი, თვითმიზანი, რომ ვინმეს კოპირება მომეხდინა. გარკვეული ზეგავლენა, ბუნებრივია, იქნებოდა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორი დედა და მეუღლე ხართ?
- ვცდილობ, შვილებს ყურადღება არ მოვაკლო, მაგრამ ისეთი იდეალური ნამდვილად ვერ ვარ, როგორიც დედაჩემია. ის ხელახლა კითხულობდა იმ წიგნებს, რასაც მე ვკითხულობდი, რომ მერე დეტალურად განგვეხილა ერთად. მე ამდენი დრო არ მქონდა. თხრობის საოცარი სტილი აქვთ დედასაც და მამასაც. როცა რაიმეს ვყვებით, ჩემი შვილები სულ ითხოვენ, ბებომ ან ბაბუამ გვიამბოსო.
ჩემს ჩამოყალიბებაზე მათ სერიოზული ზეგავლენა მოახდინეს და ზოგჯერ ვსაყვედურობ კიდეც, რადგან ზედმეტად იდეალიზებული სამყარო შემიქმნეს და დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლა, გარკვეულწილად, გამიჭირდა, ვინაიდან ბევრ რამეს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და ეს ახლაც აისახება რაღაცებზე.
ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ცოლი ვარ, თუმცა, არც ცუდი, სხვანაირად 35 წელი ერთად ვერ ვიქნებოდით. ეს, რა თქმა უნდა, ჩემმა მეუღლემ უნდა შეაფასოს. ამას წინათ ჩემი შვილი ხუმრობდა, მე არ მინდა შენნაირი ცოლი, ბებოსნაირი მინდაო. ფაქტია, ჩემნაირი ცხოვრების სტილის და გრაფიკის მქონე ადამიანთან ყოფნა მამაკაცისთვის მარტივი არ უნდა იყოს და ჩემს მეუღლეს ამას ძალიან ვუფასებ. მისი დიდი დამსახურებაა, რომ პოლიტიკაში წამოვედი. 1995 წელს ვყოყმანობდი, უნდა მიმეღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რადგან, უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი და ჩემი საქმე ძალიან მომწონდა. ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა ბადრიმ თქვა, - შენ მეტი შეგიძლიაო. ქმრის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ ის ძლიერი პიროვნებაა, ძალიან ნიჭიერი, კარგი ალღო აქვს. დიდი პლუსია, რომ ჩემს წინსვლას, წარმატებას ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით იზიარებდა. ზოგჯერ ჩვენც ვკამათობთ, ძირითადად, პოლიტიკაზე, ტაქტიკაზე.
GzaPress
- რამდენად ძვირი ფუფუნებაა პოლიტიკოსობა? დაცვა, ვიზიტები, ფრენები...
- როცა ხარ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, დაცვა, ვიზიტები და ა.შ. სახელმწიფო ხარჯით ხორციელდება და პირადად მე, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, ზომიერი ვყოფილიყავი. სტატუსი არ გაძლევს საშუალებას, რომ იმაზე ნაკლებად პრესტიჟულ სასტუმროში წახვიდე, ვიდრე მიღებულია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ზომიერების დაცვა აქაც შესაძლებელია. ჩემი ხარჯები პარლამენტში შენახულია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. იყო შემთხვევები, როცა რეზიკო ან ანზორიკო ვიზიტებზე მიმყავდა და ვთვლი, რომ ეს სწორი იყო, მათ ბევრი რამ ისწავლეს, მაგრამ ყველა ხარჯი ჩემი პირადი თანხით გახლდათ დაფარული. ჩემს თავს არაფრით მივცემდი უფლებას, სახელმწიფოს ხარჯზე წამეყვანა.
ერთ კურიოზს მოგიყვებით: ავიაბილეთების შერჩევის დროსაც ვცდილობდი, ეკონომია გამეკეთებინა. ერთხელ კანადაში 3 თუ 4 გადაჯდომით წავედით და წარმოუდგენლად დაღლილ-დაქანცულები ჩავედით. დავით ბაქრაძე მეუბნებოდა, - ქალბატონო ნინო, ოფიციალურად გიცხადებთ, რომ მე თქვენთან ერთად მივლინებაში აღარასდროს წამოვალო (იცინის). კანადის საკანონმდებლო ორგანოში პირდაპირ ჯინსებით მივედით, მაგრამ გვაპატიეს არაფორმალური ჩაცმულობა.
პოლიტიკოსს ბევრი ვალდებულება აქვს, როგორც გარეგნულ იმიჯთან დაკავშირებით, ისე სიტყვა-პასუხთან. რაც ბოლო წლების განმავლობაში მესმის, მათი მეტყველება, მიმართვა არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. მიკვირს, სად გაიზარდნენ... რაც შეეხება ამჟამინდელ ხარჯებს, პარტიას თავისი შემოსავალი აქვს, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას მე და ჩემი ოჯახი გარკვეულწილად ვეხმარებით. თუმცა, გვყავს ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გვიწევენ. დიდი ხარჯის გაწევის საშუალება არ გვაქვს. მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაცია რომ არ ვართ, ნათლად ჩანს, ოფისებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვხსნით და ისიც, ყველგან ვერა. ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც საკუთარი ტელევიზია და გაზეთი არ გვაქვს. მიუხედავად მოარული ჭორებისა ჩვენს მილიონებზე და რუსეთის თუ მამაჩემის ფულზე, ბევრი ფინანსური პრობლემა გვაქვს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ექიმი გაოგნებული იყო, მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ მქონიაო"
სამუდამოდ ვერ განიკურნებიან, მაგრამ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს სისხლში ვირუსი, როგორც წესი, განულებული აქვთ!
"ადგილი, სადაც ადამიანები და ქოლგები ქუჩებში "დავფრინავდით"...
ცნობილი ადვოკატის პირადი ცხოვრება და რისკიანი პროცესები
იდეალისტი ფშავიდან, მისი სიყვარული, პრობლემები და მტანჯველი მარტოობა
ლიგია მუშკუდიანი 20 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს.
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2465 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი