"ადამიანი მენატრება" - გზაპრესი

"ადამიანი მენატრება"

რუზველტ მარცვალაშვილი ფშავში, სოფელ ჩარგალში ცხოვრობს და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი ნახევრად დანგრეულია, არ უნდა, მამაპაპისეული ადგილი მიატოვოს. აწუხებს უგზოობა, უმეზობლობა, მარტოობა და კიდევ ათასი ყოფითი პრობლემა. ყველაზე ახლო მეზობელი 1 კილომეტრში ჰყავს. ამ ადამიანზე ვრცელი წერილი ჩვენ ადრეც შემოგთავაზეთ. ამჯერად თავად შეგვეხმიანა, ქალაქში ვარ ჩამოსულიო და რედაქციაში მოგვაკითხა:

- ჩარგალში მდინარე ჩარგლურას მარჯვენა მხარეს ვცხოვრობ, სახელმწიფო გზა მარცხენა მხარეს გადის, სახლამდე რომ მივიდე, საცალფეხო ხიდი უნდა გადავიარო. სამანქანე გზა მქონდა, მაგრამ წყალდიდობამ დააზიანა. ჩემს მხარეს არავინ ცხოვრობს. ყველაზე ახლო მეზობლები 1 კილომეტრში მყვანან, მათ თავიანთი გზა აქვთ. იზოლირებული ვარ, ავად რომ გავხდე, ჩემამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ მოვა... სახლიც დაზიანებულია, უფრო სწორად - ნახევრად დანგრეული, 2012 წლის 14 აპრილს მიწისძვრამ დაანგრია.

- ადგილობრივი ხელისუფლება რას გეუბნებათ? მათთვის არ მიგიმართავთ?

- 1.000 ლარით დამეხმარნენ. იმ ფულით სამანქანო გზა გავაკეთე, მაგრამ წყალდიდობამ შრომა და ის ფულიც წყალში ჩამიყარა. სახლი შეუკეთებელი დამრჩა, არადა, ვფიქრობდი, გზა რომ მექნება, ცემენტსა და სხვა საშენ მასალას ადვილად მივიტან-მეთქი.

- სახელმწიფოსთვის გზის გაკეთება არ გითხოვიათ?

- არა. უხერხულ მდგომარეობაში ვარ, ის 1.000 ლარი რომ ჩამირიცხეს, განმეორებით თხოვნა აღარ მინდა. ჩვენთან ისედაც მწირი ბიუჯეტია. რა ვქნა, მარტოკაცის ცხოვრებით ვცხოვრობ. კერძო სექტორიდან ვინმეს დახმარების სურვილი თუ გაუჩნდება, მოხარული ვიქნები. 200 წელიც რომ ვიცოცხლო, ვაჟა-ფშაველას ვერ შევედრები, მაგრამ თავის დროზე ვაჟაც საჭიროებდა დახმარებას. საჭადრაკო კომპოზიციებზე ვმუშაობ (ჭადრაკის საწყისი მდგომარეობიდან თეორიულად მიღებული პოზიცია, რომელიც შენ უნდა აღმოაჩინო და გარკვეული საჭადრაკო იდეები გაატარო), ლექსებს ვწერ, მაგრამ ჩემს საქმიანობაში ხელი მეშლება. როცა უნდა ვმუშაობდე, ამ დროს ყოფითი პრობლემებით ვარ დაკავებული, თან, ისეთი პრობლემები მაქვს, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ვწყვეტ.

- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არსებობს. თქვენი აზრით, რამდენად მოქნილია ეს პროგრამა და რამდენად ეხმარება სოფლად მცხოვრებ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში?

- ამ შემთხვევაში, თანხის განკარგვა უმრავლესობის აზრით წყდება. სოფელმა წყლის პრობლემის გადაჭრა მოითხოვა.

- თქვენ წყალი გაქვთ?

- სახლიდან 100 მეტრში წყაროა. წყალი შინ "ვედროებით" ამომაქვს. ჯერ ჯანმრთელად ვარ და რომ მოვხუცდები, მერე არ ვიცი, რა იქნება.

- რთულია ის, რომ ახლოს მეზობელიც არ გყავთ? თქვენი ყოველდღიურობა იქ როგორია?

- ტელევიზორი მაქვს, 80-მდე არხს აჩვენებს. ზოგჯერ წიგნს ვკითხულობ, ზოგჯერ ლექსს ვწერ და ეს დღეებიც გადის. 1-ლი მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, აქტიური ტურისტული სეზონია. ჩარგალში ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ჩამოდიან. მათ ვესაუბრები ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ისეთი ამბებიც ვიცი, რომელიც წიგნებში არ წერია. ვაჟას მომსწრე ხალხისგან გამიგონია.

- გვიამბობთ?

- ჩარგლის მეზობელი სოფელია კაწალხევი. იქ ქორწილში ვაჟა-ფშაველა უფროს შვილ ლევანთან ერთად ყოფილა. ეს ის ლევანია, რომელიც ბოლშევიკებმა 1922 წლის 16 თებერვალს, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს და საფლავი დღემდე უცნობია... ლევანი ფშავის კომისარი იყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი რაზმის დაპატიმრება ჰქონდა დავალებული. მან არათუ დააპატიმრა, არამედ ქაქუცა და მისი რაზმი ფარულად გააპარა. "შპიონმა" ეს ამბავი ბოლშევიკებამდე მიიტანა. ლევანი მალე დააპატიმრეს და დახვრიტეს. მოკლედ, ამ სოფელში ქორწილი ყოფილა. მაშინ ლევანი უცოლშვილო ბიჭი იყო, თურმე გოგონებს ძალიან მოსწონდათ, წარმოსადეგი ვაჟი ყოფილა. ქორწილში კარგად უცეკვია, ყველა აღტაცებული დაუტოვებია. მაშინ ვაჟა-ფშაველას უთქვამს: მე ჩემს შვილს თავში ვასწავლე და მაგას ფეხებში წასვლიაო...

...ვაჟა-ფშაველას გვამი დიდუბიდან მთაწმინდაზე რომ გადაასვენეს, მისი ცხედარი გაუხრწნელი ყოფილა, - არადა, დაკრძალვიდან უკვე 20 წელი იყო გასული.

მუზეუმში, ვაჟას სახლის ირგვლივ ძალიან დიდი ხეებია გაზრდილი. მედარდება: რომ წაიქცეს ან ჩამოტყდეს, პირდაპირ სახლს დაეცემა და ჩაანგრევს. ზემოდან პატარა ნაწილებად უნდა ჩამოიჭრას, ამწეა საჭირო.

- ახლა თბილისში რა მიზნით ჩამოხვედით?

- ჭადრაკში ვეტერანთა ჩემპიონატი ტარდება. გუშინ ვითამაშე და მოვიგე. 27 მამაკაცი ვმონაწილეობთ. სულ 7 ტური უნდა ჩატარდეს. თბილისიდან მიკავშირდებიან და პერიოდულად სხვადასხვა აქტივობაში ვერთვები. ოჯახი ვერ შევქმენი, ჩემი ერთი სატკივარი ეს არის. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჯგუფელი გოგო მიყვარდა. 30 წელი მასზე უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. საუკეთესო წლები შევალიე. ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია.

- თქვენს ამ სიყვარულზე ადრე ვრცელი ინტერვიუ გვქონდა.

- დიახ. ჩვენი საერთო მეგობრისთვის უთქვამს, ინტერვიუ წავიკითხეო...

- ახლა იმ გრძნობისგან თავისუფალი ხართ?

- კი, მომბეზრდა. ის ყველაფერი, რაც ერთ დროს მასში მიყვარდა, სადღაც გაქრა. სიცოცხლეა დროებითი და სიყვარული მარადიული ვერ იქნება. შევეშვი, ავადაც და კარგადაც, 2 წელია, არ შევხმიანებივარ. არადა, ერთ დროს ვწერდი: "რად აგიჩემე, არ ვიცი,/ რად გამიმწარე საწუთრო?/ არც მემეტები დაგკარგო,/ არც მინდა დაგისაკუთრო./ არ მინდა, რადგან ვაითუ/ მთლად გამიწირო ბედისგან,/ ჩვეულებრივი გახდები,/ ვერც გაგარჩიო სხვებისგან./ ჰოდა, ამიტომ ჯობია,/ მხოლოდ ოცნებით გხედავდე,/ მთელი ცხოვრება ვიფრინო,/ ვერ მოვაღწიო შენამდე".

- მთაში მარტო ხართ, ფიქრისთვის ბევრი დრო გაქვთ, ღირებულებები გადააფასეთ? ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებათ?

- განვლილმა ცხოვრებამ ერთ რამეში დამარწმუნა: იდეალისტი ვიყავი, იდეალიზმი დამღუპველია. რეალისტები უნდა ვიყოთ, ასეთი ადამიანები უფრო კარგად ცხოვრებენ, პრობლემაც ნაკლები აქვთ. მე კი მთელი ცხოვრება იდეალისტი ვიყავი, ის ქალიც გავაღმერთე, გავაიდეალე. არა უშავს, ახლა ამაზე დარდი გვიანია. რაც მთავარია, ჯანმრთელი ვარ. მე გარემო მაჯანსაღებს, ტანს მდინარის წყლით ვიზელ, შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ, მაგრამ მარტოობით დავიტანჯე, ადამიანი მენატრება, რომ დაველაპარაკო.

თამუნა კვინიკაძე