ერთხელ ბარსელონაში... - გზაპრესი

ერთხელ ბარსელონაში...

მგონია, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა არ უყვარს. ერთ-ერთი მეგობრული შეკრებისას, ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა ლიკამ, დიზაინერ-დამკაბადონებელმა ირმამ და მე გადავწყვიტეთ, ერთობლივი, დაუვიწყარი არდადეგები მოგვეწყო და საფრანგეთში წავსულიყავით. ჩემს ბიძაშვილ თამუნას, რომელიც წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, ეს ამბავი რომ გავუზიარე, მითხრა, - ჩემთან ჩამოდით, ბარსელონაში ზამთარში არ ცივა და აქ ყოველთვის ტურისტული სეზონიაო. საორგანიზაციო საქმეები ირმას მივანდეთ, რადგან ის წელიწადში მინიმუმ ორ ქვეყანას მაინც სტუმრობს და ამ საკითხში ჩვენზე გამოცდილია. მისი დამსახურებით, ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ქუთაისის აეროპორტს ვეწვიეთ და მგზავრთა რეგისტრაციის რიგში ჩავდექით.

რეგისტრაცია უპრობლემოდ გავიარეთ. ხელბარგიც შეგვიმოწმეს, მაგრამ კონტროლიორმა დამაყოვნა. კარგა ხანს უყურა ჯერ პასპორტში ჩაკრულ ჩემს ფოტოს, მერე მე დამაკვირდა. ცოტათი ავფორიაქდი და ვკითხე, რა ხდება, არ ვგავარ ფოტოზე აღბეჭდილ პიროვნებას-მეთქი? პასპორტის ფოტოში საკუთარ თავს არავინ ჰგავსო, მიპასუხა. მერე გაიცინა: - ცოტა ხნის წინ პასპორტი შევცვალე. რამდენიმე დღის მერე საჯარო რეესტრიდან დამირეკეს და მითხრეს, თქვენსა და პასპორტის ფოტოს შორის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთო. ვუთხარი, საბაჟოზე დღეში უამრავი ადამიანის იდენტიფიცირებას ვახდენ და თქვენ რა გჭირთ ამისთანა-მეთქი? - თავისივე ნათქვამზე გაიცინა, ბეჭედიც ჩამირტყა და ბედნიერი ფრენაც მისურვა.

როგორც აღვნიშნე, მოგზაურობა მიყვარს და თვითმფრინავში არაერთხელ ვმჯდარვარ, მაგრამ ფრენის შიში ვერა და ვერ დავძლიე. საბედნიეროდ, მარტო არ ვიყავი. გვერდით ახალგაზრდა ბიჭი მეჯდა, რომელსაც თვითმფრინავის დაძვრისთანავე ოფლმა დაასხა და მთელი 4-საათ-ნახევარი ცხვირსახოცით იმშრალებდა სახეს; ხან ყავა დალია, ხან ცოტა ალკოჰოლი მიიღო, მაგრამ არაფერმა უშველა. თვითმფრინავის მიწასთან შეხებისთანავე შვებით ამოისუნთქა და რამდენჯერმე პირჯვარიც გადაიწერა. აეროპორტში ჩემი სტუმართმოყვარე სიძე, კახა დაგვხვდა, რომელმაც მანქანაში ჩასხდომისთანავე შემოგვთავაზა, ძალიან დაღლილები თუ არ ხართ, ღამის ბარსელონას დაგათვალიერებინებთო. სიხარულით დავთანხმდით. მოგვატარა პორტი, საგრადა ფამილია, ტრიუმფალური თაღი, რამბლას გამზირი და ბოლოს, მონჟუიკის მთაზე აგვიყვანა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება...

ჩემი ბიძაშვილი თავის პატარა ლაზარესთან ერთად შინ გველოდა. 5 წუთში ერთხელ ურეკავდა მეუღლეს, სად ხართო? კახა მოთმინებით უხსნიდა, იმწუთას რა ღირსშესანიშნაობას გვაჩვენებდა. თამუნამ სრული სერიოზულობით მკითხა, ყველაფერი თუ დღეს ნახეთ, ერთი კვირა აქ რაღა უნდა გააკეთოთო?.. როგორც იქნა, მათ ბინაშიც მივაღწიეთ, სადაც დიასახლისმა ნამდვილი ესპანური სუფრა დაგვახვედრა: პაელია, ხამონი, ლაზანია და კიდევ რამდენიმე სახეობის ზღვის პროდუქტი, რომლებიც საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თევზეული მიყვარს, არ მეგონა გამბებს, კრევეტებს და სხვა მათნაირ ზღვის პროდუქტს თუ დავაგემოვნებდი. ამ შემთხვევაში, სხვა გზა არ მქონდა, ოჯახი ჩემ გამო შეწუხდა. თვალები დავხუჭე და პირველი ლუკმა გავსინჯე. ყველაფერი ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ შემდეგი ულუფა თამამად გადავიღე და თან მეგობრებსაც ვამხნევებდი, უგემრიელესია-მეთქი. როგორც მოგახსენეთ, ირმა ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი და მისთვის ეს უცხო არ იყო, ლიკას კი გამბები ვერაფრით გავასინჯეთ, - შესაძლოა, გემრიელია, მაგრამ მაგ ულვაშიან საშინელებას ვერაფრით შევჭამო...

GzaPress მეორე დღეს მონჟუიკის მთაზე არსებული ესპანური სოფლის მუზეუმის ნახვა გადავწყვიტეთ. ესპანიონის მოედნამდე მეტროთი უნდა მივსულიყავით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბარსელონაში მეტროს რამდენიმე ხაზი არსებობს: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნარინჯისფერი... მეგონა, თავგზა აგვებნეოდა, მაგრამ მიმართულებები ისე კარგად არის ნაჩვენები, რომ წითელი ხაზით დანიშნულების ადგილამდე უპრობლემოდ მივედით. თუმცა, ვიდრე მეტროთი სარგებლობას გადაწყვეტთ, ადგილზევე უნდა შეიძინოთ სამგზავრო ბარათები, რომელიც 11 ევრო და 35 ცენტი ღირს და 10 გასვლას მოიცავს, ოღონდ ამ ბარათით არა მხოლოდ მეტროთი, არამედ, ტრამვაით, ავტობუსით სარგებლობაც შეგიძლიათ. ბარათს ერთხელ რომ გაატარებთ, ვთქვათ მეტროში, საათი და 15 წუთის მანძილზე თუ კვლავ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ტრანსპორტით ისარგებლებთ, მგზავრობა უფასოა. მოკლედ, ბარსელონაში ტრანსპორტირების სისტემა საკმაოდ კარგად აწყობილი და მგზავრზე მორგებულია. თუ რომელიმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბარათს არ გაატარებთ, ჯარიმა 100 ევროს შეადგენს... ბარსელონა ინტერნაციონალური ქალაქია. იქ არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდებით, თუმცა ტურისტებში ჩინელები ჭარბობენ. სხვათა შორის, ქართველებიც მრავლად არიან. მეგობრები რასაკვირველია, ქართულად ვსაუბრობდით და ჯერ მაღაზიის თანამშრომელი მოგვესალმა მშობლიურ ენაზე, მერე მეტროშიც გაგვაჩერა ხანდაზმულმა მამაკაცმა და გვკითხა, სად მივდიოდით, რომ გზის გაგნებაში დაგვხმარებოდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი რევაზ ლაღიძის სიმღერამ - "თბილისო" მოახდინა, რომელიც მეტროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლისას შემოგვესმა. სამივემ, ერთმანეთთან შეუთანხმებლად, ნაბიჯს ავუჩქარეთ და ცრემლიანი თვალებით დავდექით მეტროს გადასასვლელში მჯდომი ქალბატონის წინ, რომელიც ქართულ სიმღერას გულმოდგინედ ასრულებდა. ეს ქალბატონი თურმე 10 წელია, ბარსელონაში ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. დაგვპირდა, თებერვლის ბოლოს საქართველოში დავბრუნდები და ესპანეთს მხოლოდ სტუმრის სტატუსით თუ ვესტუმრებიო. თანამემამულესთან საუბარმა გული ისე აგვიჩუყა, თითქოს მანამდე ემიგრანტს არასოდეს შევხვედრივართ...

ბარსელონას მეტროში სხვადასხვა ეროვნების გარდა, სხვადასხვა მენტალიტეტის, ორიენტაციისა და "გაგების" ადამიანს შეხვდებით. მაგალითად, ერთმა ტრანსგენდერმა თავისი უნაკლო აღნაგობითა და გრძელი ფეხებით ისე მიიპყრო ჩვენი ყურადღება, მგონი, თავი უხერხულადაც კი იგრძნო და მომდევნო სადგურშივე ჩავიდა. თუმცა, ეს რა მოსატანია იმ ფაქტთან, რაც ერთ-ერთ საღამოს მატარებლის ვაგონში ვიხილეთ. პანკი წყვილი იჯდა, ბინძური თმით, ასეთივე ტანსაცმლით, სხეულის ყველა ნაწილზე საყურეებითა და სვირინგებით მორთული. რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. მოულოდნელად, ბიჭმა ფეხიდან ბოტასი გაიხადა, რომელიც ჯერ თვითონ დაყნოსა, მერე გოგონას მიაწოდა. გაოცებული მივაშტერდი. ამ წყვილზე ვერ ვიტყოდი, ევროპაში ვართ და აქ ასეთები მოსულა-მეთქი. გოგონამაც უყნოსა იმ ბოტასს. მერე მთელი ნახევარი საათი ფეხსაცმელი ხელში ატრიალეს, ხან ძირი შეუმოწმეს, ხან შიგნით ჩაიხედეს. არადა, ფეხსაცმელი ახალი არ იყო, საკმაოდ ბინძურად გამოიყურებოდა. მისი დეტალური დათვალიერება რისთვის იყო საჭირო, ვერაფრით მივხვდი... მეტროზე იმდენი ვისაუბრე, ალბათ გგონიათ, ბარსელონაში მეტი არაფერი მინახავს, მაგრამ...

მოკლედ, ესპანიოლის მოედნიდან მონჟუიკის მთაზე ესკალატორები ადის, მერე ცოტა ფეხით გავისეირნეთ და ესპანურ სოფელსაც მივადექით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იაფი (12 ევრო) მუზეუმია ბარსელონაში, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ყველა ქუჩა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქისა თუ სოფლის მინივერსიაა. იქვეა მაღაზიები, სადაც ადგილზე ამზადებენ სხვადასხვა ნივთს, ტკბილეულს. რასაკვირველია, ამ ყველაფრის შეძენაც შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირს. ტკბილეული დავაგემოვნეთ და ძალიანაც მოგვეწონა. ვიფიქრეთ, მსგავს ნუგბარს ჩვეულებრივ მარკეტში უფრო იაფად შევიძენდით, მაგრამ ნურას უკაცრავად, მსგავსი ნუგბარი მაღაზიებში ვერ ვიშოვეთ. ასე რომ, თუ ამ სოფელში მოხვდებით, ტკბილეულში ფული არ დაგენანოთ, დანარჩენი ადგილობრივი წარმოება კი შეგიძლიათ მხოლოდ დაათვალიეროთ.

GzaPress მონჟუიკის მთიდან ხედებით დატკბობის შემდეგ, ესპანიონის მოედანზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ვეწვიეთ. ეს ძველი შენობაა, სადაც ხარებთან ბრძოლა, ანუ კორიდა ტარდებოდა. მოგეხსენებათ, სპორტის ეს სახეობა ბარსელონაში აიკრძალა, ამიტომ შენობას გარედან ძველი იერი შენარჩუნებული აქვს, მაგრამ შიგნით სავაჭრო ცენტრი გახსნეს, სადაც არცთუ ისე იაფად ღირებული მაღაზიები და რესტორან-კაფეებია. იქიდან რამბლას მოედანზე გავედით, სადაც თამუნას და მის შვილს, ლაზარეს შევხვდით და მთავარ კათედრალამდე ჩავისეირნეთ. ამ ადგილას სასწაულად ვიწრო და ქვაფენილიანი ქუჩებია, ლამაზი შენობებითა და პატარ-პატარა მაღაზია-კაფეებით. ამ ქუჩებში ადამიანი სიამოვნებით დაიკარგება და დიდხანს, უმისამართოდ იხეტიალებს... ორშაბათი ბარსელონასთვის უჩვეულოდ ქარიანი და ცივი იყო. ხანდახან წვიმდა კიდეც. მიუხედავად ასეთი ამინდისა, კასა მილას ვეწვიეთ, რომელიც გარდა არაჩვეულებრივი არქიტექტურისა, გაუდის დიზაინით შექმნილი ავეჯითაც გამოირჩევა. ქარიანი ამინდის მიუხედავად, სახურავზე მოწყობილ ტერასაზე ობიექტივში ვიპოზიორეთ და დაახლოებით 200 მეტრში არსებულ გაუდის მორიგ შედევრში, კასა ბატლოში გადავინაცვლეთ. აქ ჩვენი განსაკუთრებული აღფრთოვანება სახლის შიდა ნაწილმა მიიქცია, სადაც კედლები გარდამავალი ფერისაა, სადარბაზოში არსებულ აივნებს კი დათოვლილის ეფექტი აქვს და დროდადრო ხელოვნური ფანტელებიც ცვივა. კასა მილასა და კასა ბატლოს მონახულება 22-22 ევრო დაგიჯდებათ.

ორი მუზეუმის ნახვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ერთ დღეში მეტი მუზეუმის ნახვა ზედმეტი იყო და დიაგონალის გამზირს მივაშურეთ, სადაც საკმაოდ დიდი სავაჭრო ცენტრებია. გზად ქალაქის არაჩვეულებრივ არქიტექტურას განვიხილავდით. საოცარი ის არის, რომ მთელ ბარსელონაში მხოლოდ რამდენიმე მაღალსართულიან შენობას თუ ნახავთ. საცხოვრებელი კორპუსები ძირითადად, 5-8-სართულიანებია. არც მიმდინარე მშენებლობებია ქალაქის ყველა უბანში. არც მჭიდრო დასახლება. ძველი შენობები არაჩვეულებრივი არქიტექტურით გამოირჩევა. ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით, თუ როგორ მოგვეწონა გაუდის კასა მილა, კასა ბატლო. რომ გაუდი უპირატესობას ყველაფერს ბუნებრივს ანიჭებდა. ამბობდა, ბუნებაში კუთხოვანი არაფერი არ არისო, ამიტომ მის მიერ აშენებულ შენობებს კუთხეები არა აქვს, სულ სიმრგვალეებია... ამაზე ვმსჯელობდით, უცებ ლიკამ რომ გვითხრა: ზოგიერთი ეროვნების წარმომადგენელივით კი მომდის, მაგრამ მგონია, რომ გაუდი ქართველი იყოო. ირმამ მაშინვე კონტრშეკითხვა დაუსვა: - აბა, მისი გვარი გაუდი რატომ არისო?

GzaPress - ახლავე აგიხსნი, - ლიკა რამდენიმე წამით დაფიქრდა და მერე სრული სერიოზულობით მოგვახსენა: - ძველ დროში ცემენტი და ბეტონი სად არსებობდა. მაშინ შენობების ასაშენებლად მიწას და თიხას ზელდნენ. ჰოდა, ამ პიროვნების დავალებით ერთხელაც მიწა მოზილეს, რომელსაც წყალი გასდიოდა. მუშები დარბოდნენ და ყვიროდნენ, რა ვქნათ, გაუდის, გაუდისო... ჰოდა, სწორედ ამიტომ დაერქვა იმ კაცს გაუდი. - რასაკვირველია, ლიკას მიერ შეთხზულ მხიარულ ლეგენდაზე მე და ირმამ გულიანად ვიცინეთ... გაუარესებული ამინდის გამო, ირმამ თბილი ქურთუკი შეიძინა. თანაც დაახლოებით ორი ზომით დიდი (მისი ზომა არ იყო), ამის გამო, კონსულტანტმა ურჩია, იარლიყი არ მოხსნა და თუ ვერ მოირგებ, შეგიძლია უკან დააბრუნოო. იმავე ცენტრში ვივახშმეთ და საკმაოდ გვიან, ქარსა და წვიმაში ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართეთ. თამუნამ გვასწავლა, რომ ავტობუსით ხუანის გაჩერებამდე უნდა მივსულიყავით, იქიდან კი მეტროთი შინ დავბრუნდებოდით. ჩვენი ავტობუსი ქალაქს საკმაოდ რომ გასცდა და საეჭვო უბანში აღმოვჩნდით, ვიფიქრეთ, რომ გზა აგვებნა და მძღოლს ვკითხეთ, ამ გაჩერებას თუ გაივლითო. მძღოლი შუახნის, მკაცრი გამომეტყველების ქალბატონი გახლდათ, რომელმაც საკმაოდ უხეშად გვითხრა, არ ვიციო და თავი საპირისპირო მხარეს მიაბრუნა. ვიფიქრეთ, რომ ნამდვილად არასწორ მისამართზე მივდიოდით, ავტობუსიდან ჩამოვედით და მეტროს მივაშურეთ. იქაც ძალიან დავიბენით, რადგან დაახლოებით 5 ესკალატორი გამოვიცვალეთ. სულ ქვემოთ და ქვემოთ ჩავდიოდით. ირმა დაეჭვდა, მგონი, ქვესკნელში მივდივართო. მერე ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილს, რომლის გარდა ვერავინ ვიპოვეთ, ჰკითხა, ყვითელი მეტროს ხაზამდე როგორ უნდა მივსულიყავით. ის ბიჭი ბრაზილიელი აღმოჩნდა, ირმას მიმართ საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულება გამოიჩინა და გვითხრა, გამოგყვებით, გზას გიჩვენებთო. მატარებლის მოლოდინში აღმოვაჩინეთ, რომ სხვანაირი სადგური იყო. მთლიან რელსებზე კარიანი შუშაბანდი გახლდათ ჩაშენებული. ირმა მაშინვე მიხვდა, ეს ელექტრომატარებელია, რომელსაც მძღოლი არ ჰყავსო. ამის გაგონებისთანავე, მე და ლიკამ "გავაპროტესტეთ", ჩვენ უმძღოლო მატარებელში ვერ ჩავსხდებითო, თუმცა ვინ მოგვისმინა, ტრანსპორტის ბაქანზე ჩამოდგომისთანავე, ირმამ ორივეს გვიბიძგა და მატარებელში შეგვყარა. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ ლიკამ წამოიძახა: ვაიმე, შვილებო, მოგიკვდეთ იდიოტი დედა, რა ჯანდაბა მინდოდა ამ ელექტრომატარებელშიო... ისეთი სიცილი აგვიტყდა, ჩვენი ბრაზილიელიც კი გიჟივით გვიყურებდა... როგორც იქნა, დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ და ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მატარებელი გაჩერდა. "ირმას ბრაზილიელი" გვერდიდან არ გვშორდებოდა და ყვითელ ხაზზე გადასვლამდე ჩვენს გოგოს საკუთარ თავზე დაუსრულებლად უყვებოდა და უყვებოდა. მე და ლიკამ კი აღმოვაჩინეთ, რომ იმ ბიჭს ფეხზე ჩუსტები, ე.წ. კროქსები ეცვა. ლიკამ გამართლება მოუძებნა მის ჩაცმულობას: დღეს ხომ საშინელი ამინდია და ეს ალბათ, ესპანური "კალოშებიაო"...

იმ დღეს შინ მშვიდობით მივედით...

სამშაბათს ბარსელონას რომელიღაც სახელობითმა ქარიშხალმა გადაუარა. ზღვაში 8-ბალიანი ღელვა იყო, ქარმა ქალაქში არაერთი ხეც მოგლიჯა, რის გამოც ტრანსპორტირება შეფერხდა. თამუნას თქმით, ბოლო 13 წლის განმავლობაში მას ბარსელონაში ასეთი ქარი არ უნახავს... ადამიანები და ქოლგები ქუჩებში "დავფრინავდით"...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნათია ჟივიძე