3 ფეხმძიმობა და 6 ახალი სიცოცხლე - გზაპრესი

3 ფეხმძიმობა და 6 ახალი სიცოცხლე

როცა პატარა გოგო იყო, ნივთებს წყვილად აგროვებდა, მრავალშვილიანობაზე და ტყუპი გოგო-ბიჭების გაჩენაზე ოცნებობდა. ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და მისი ოცნებებიც რეალობად იქცა. ანი დავითინიძეს და სოსო არჩვაძეს 6 შვილი ჰყავთ. ამ ამბავში კი ყველაზე უჩვეულო ის არის, რომ 6 ბავშვი ქვეყანას სამჯერ ფეხმძიმობის შედეგად მოევლინა - ეს კი უნიკალურ შემთხვევად ითვლება.

- სამივე მშობიარობაზე ჩემი ექიმი ზურა დარახველიძე იყო. სამივე ტყუპი საკეისრო კვეთით დაიბადა. პირველ და მეორე ტყუპს შორის სხვაობა წელიწადი და 8 თვეა. მეორე ორსულობა უფრო სარისკო იყო, ვიდრე - მესამე. ექიმი გაოცებული იყო, მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკისა, მსგავსი შემთხვევა არ მქონიაო.

უფროსები მარიამი და ოთარი 8 წლის არიან, შემდეგი ტყუპი ლიზა (ელისაბედი) და ნიკოლოზი - 6 წლის, 15 იანვარს კი ქვეყანას ალექსანდრე და იოანე მოევლინნენ. არჩვაძეებთან სტუმრობა ბედნიერებაა, ბავშვური სილაღე, ანთებული თვალები, მხიარულობა, უფროსების "დიდობანა" და მზრუნველობა მათი ყოველდღიურობაა.

- რაც წამოვიზარდე, სულ მინდოდა, ტყუპი მყოლოდა.

- რატომ?

- არ ვიცი, კლასელები მყავდა ტყუპი გოგონა, ისეთი იდენტურები იყვნენ, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებდი. ტყუპის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. ნივთებს, სათამაშოებს სულ ორ-ორს ვაგროვებდი. სადაც მივდიოდი, ზუსტად ერთნაირი ორი ნივთი ჩამომქონდა. კაკალი, თხილი - ტყუპი რაც იყო, ყველაფერი ჩემი გახლდათ.

- რომელიმეს ტყუპის გენეტიკა გაქვთ?

- ჩემი მხრიდან სანათესავოში ტყუპი არავინაა, გენეტიკა ჩემს მეუღლეს აქვს, დედის და მამის მხრიდანაც არაერთი ტყუპი ჰყავთ. ჩვენ მხოლოდ თითო და გვყავს.

GzaPress

- როდის შეიქმნა თქვენი ოჯახი? - 11 წელია დაოჯახებულები ვართ. 18 წლისა გავთხოვდი, სასწავლებელი დამთავრებული არ მქონდა. მეუღლე ჩემზე 2 წლით უფროსია... ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. 2 წელი შეყვარებულები ვიყავით და მერე დავქორწინდით.

- მეუღლე მუშაობს?

- დიახ, ოჯახური მცირე ბიზნესი გვაქვს, ერთი პერიოდი მეც ვიყავი ჩართული, ბუღალტერი ვარ და ეს სფერო მე მებარა, მაგრამ ახლა საამისოდ დრო ფიზიკურად აღარ მყოფნის. სულ სახლში ვარ. ბავშვები რომ წამოიზრდებიან, ისევ აქტიურად ჩავერთვები. ახლა იმაზე კარგი რა უნდა გავაკეთო, რასაც შვილების გაზრდა და აღზრდა ჰქვია. სამყაროში ამაზე მნიშვნელოვანი არც არაფერი მგონია. სულ რომ 10 ძიძა დავიქირაო, ბავშვებს ჩემს თავს მაინც ვერავინ ჩაუნაცვლებს. მირჩევნია, შვილებს მოვუარო, მით უმეტეს, როცა ჩემი გარეთ გასვლა და მუშაობა მატერიალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და აუცილებელი არ არის. მე და სოსოს მშობლებიც გვეხმარებიან, ერთად ყველა სირთულეს ვძლევთ.

- ძიძა არასდროს გყოლია?

- მეორე ტყუპი რომ გავაჩინე, ერთდროულად სახლში 4 პატარა ბავშვი მყავდა. უფროსები მაშინ წლის და 8 თვის იყვნენ. იმ პერიოდში ოჯახის დამხმარე ქალი ავიყვანე. ბავშვებს თავად ვუვლიდი.

- ახლა 4 "დამხმარე" გყავს, რაც თქვენთან ვარ, იოანე და ალექსანდრე სულ უფროს ძმებთან არიან.

- ყველანაირ საქმეში მეხმარებიან.

მარიამი:

- ჭურჭლის რეცხვა ვიცი. პატარების ტანსაცმელს მე და ლიზა ვაუთოებთ, სახლსაც ვალაგებთ. ზოგჯერ პატარებს საჭმელსაც ვუკეთებ. სპეციალურ ფხვნილს ბოთლში ვყრი, მერე წყალს ვასხამ, შევანჯღრევ და ვაჭმევ. დედიკო რომ აბანავებს, ვეხმარები, მერე ვაძინებ. როცა გავიზრდები, მეც მინდა, ტყუპი შვილი მეყოლოს. ახლა რუსულზე, ინგლისურზე, ცურვასა და ცეკვაზე დავდივარ.

- სახლში 2 ძმა რომ მოგივიდა, გაგიხარდა?

- ვიცოდი, რომ ორი უნდა გაჩენილიყო, მაგრამ სქესი დაბადებამდე არ ვიცოდით, დედა და მამა ამბობდნენ, სიურპრიზი იყოსო.

ლიზი:

- მეც ძალიან მიხაროდა, დედას მუცელზე ვეფერებოდი.

ოთო:

- მე მინდოდა ბიჭები დაბადებულიყვნენ.

- ძმები ხელში სულ შენ და ნიკოლოზს რომ გიჭირავთ, განაწილებულები გყავთ?

- მე იოანეს ვიყვან, ნიკოლოზი - ალექსანდრეს.

ნიკოლოზი:

- იმიტომ, რომ ალექსანდრე მე მგავს. იოანეს ოთოს ამსგავსებენ.

- ბევრი დედმამიშვილი რომ ხართ, კარგია?

მარიამი:

- მე და ლიზას ყოველთვის გვინდოდა, მაგრამ არასდროს გვქონდა ისეთი სათამაშო, რომელიც მართლა ჭამდა, გაიღვიძებდა, დაიძინებდა, იტირებდა... დედამ მოგვიყვანა. თან ძალიან საყვარელი "სათამაშოები" არიან. თოჯინებით აღარ ვთამაშობთ.

ოთო:

- ჩვენ ვზრდით პატარებს და ეს მოგვწონს.

ნიკოლოზი:

- ჩვენ სულ ერთმანეთზე ვზრუნავთ, აქ სულ მხიარულებაა.

ანი:

- ექიმთან კონსულტაციაზე მარტო ვიყავი. რომ გავიგე, ისევ ტყუპი მეყოლებოდა, 15 წუთი მანქანაში ვიჯექი და ვერ ვქოქავდი. მეუღლეს დავურეკე, ისევ ტყუპია-მეთქი, კარგი, რას მეღადავებიო...

- მრავალშვილიანობაზეც ოცნებობდი?

- 5 შვილი უნდა მყავდეს-მეთქი, ვამბობდი. ნიკოლოზი და ლიზა პატრიარქის ნათლულები არიან, მორიგ საყოველთაო ნათლობაზე ალექსანდრეს და იოანესაც მოვანათვლინებთ.

- ტყუპი ერთმანეთს ხასიათით ჰგავს?

- არა, სრულიად განსხვავებული არიან. ერთმანეთისას ყველაფერს გრძნობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, განსაკუთრებით - თავიანთ ცალებზე. თამაშის დროს სულ წყვილდებიან. ავადმყოფობის დროს, როცა ცუდად ერთ-ერთი მათგანია, მეორეც იმავენაირად თუ არ გახდა, ხასიათი მაინც ეცვლება.

- როდესაც 6 შვილს შორიდან უყურებ, რა განცდა გეუფლება?

- რაც უფრო მეტი შვილი გყავს, მით ბედნიერი ხარ. თითოეული მათგანი ჩემი ბედნიერებაა, ხანდახან სიხარულის ცრემლებიც წამომსვლია. უფალი თუ ინებებს, მე და ჩემი მეუღლე წინააღმდეგები არ ვიქნებით, კიდევ გავაჩენთ.

- ეკლესიურად ცხოვრობთ?

- შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ეკლესიურად ვიცხოვროთ. მჯერა, სულ ვგრძნობ, უფალი გვერდით მიდგას. ამიტომ არაფრის მეშინია. პირველი ტყუპი რომ შეგვეძინა, მე და ჩემი მეუღლე ჯიხეთის დედათა მონასტერში წავედით, ნათლისღებისას ნაკურთხ წყალში ბავშვების განბანვა გვინდოდა. იქ დედა ანა იყო. გვითხრა, მეხუთე და მეექვსე შვილიც გეყოლებათ, იოანე და ელისაბედი დაარქვითო. იქიდან რომ დავბრუნდით, მალევე გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი. გოგოს ელისაბედი დავარქვით, მაგრამ ლიზას ვეძახით და არ ვიცი, რატომ გადაგვავიწყდა, ბიჭს იოანეს ნაცვლად ნიკოლოზი დავარქვით. მერე ჩემი მეუღლე სულ ამბობდა, ღმერთი ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას თუ მომცემს, აუცილებლად იოანეს დავარქმევო. უკვე მესამე ტყუპიდან პირველს იოანე დავარქვით, მეორეს - ალექსანდრე, მათ შორის განსხვავება 3-4 წუთია.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მხარში დგომისთვის მადლობა ვუთხრა ჩემს დედამთილს და დედას, მათი მხარდაჭერა რომ არა, ფეხზე ასე მყარად ვერ ვიდგებოდით.

დაოჯახების დღიდან მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ. ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. პატარა ასაკში შექმნილი ოჯახები ხშირად მყარი არ არის, ჩვენს ოჯახში კი დღემდე დიდი სიყვარული და 6 ბედნიერებაა.

თამუნა კვინიკაძე