სეულიდან რუსთავში - დაელ ჰეოს ცხოვრება - გზაპრესი

სეულიდან რუსთავში - დაელ ჰეოს ცხოვრება

10 წლის სამხრეთკორეელი დაელ ჰეო პოპულარული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი გახდა, რომელშიც ქართულად ლაპარაკობდა. დღეს მას თითქმის მთელი საქართველო იცნობს. დაელმა ბევრს შეაყვარა თავი. ორწელიწად-ნახევარია, რაც ის რუსთავში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. დაელს შინ ვესტუმრეთ...

- კორეაში დავიბადე. ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობდა. ამიტომ, როცა საქართველოში საცხოვრებლად გამომგზავრების შესახებ შევიტყვე, არ გამხარებია. ახლა საქართველოში ცხოვრება უკვე მიხარია.

- მოგვიყვები, რუსთავში როგორ ცხოვრობ?

- ძალიან კარგად. სკოლაში ჩემ გვერდით ისეთი ხალხია, რომ ყოველთვის მეხმარებიან, გულთბილ სიტყვებს მეუბნებიან.

- ბოლოს კორეაში როდის იყავი?

- მგონი - ივლისში, გასულ ზაფხულს. ივლისი კიდევ რომ დადგება, ისევ გავემგზავრები.

- იქაურობა გენატრება?

- აბა, რა! იქ ჩემს მეგობრებს, მთელ ოჯახს ვნახულობ. სადაც დედაჩემი დაიბადა, იმ სოფელშიც მივდივარ და ბებიას ვნახულობ. მამის მშობლები სეულში ცხოვრობენ, დედის კი - სოფელში, სადაც ბევრი თოვლია.

- შენთვის ყველაზე რთულად გამოსათქმელი ქართული სიტყვა რომელია?

- პირველად ერთი ლექსი ვიცოდი, რომელშიც ასეთი სიტყვები - "მთა გატიტვლდება" იყო. "გატიტვლდებას" ვერ ვამბობდი. "გა-ტიტ-ვლდე-ბა" - ასე ვკითხულობდი, მაგრამ ახლა უკვე არ მიჭირს გამოთქმა.

- სკოლაში თანატოლებს მალე დაუმეგობრდი?

- სკოლაში პირველად რომ მივედი, ცოტათი მეშინოდა, ქართული არ ვიცოდი. ვფიქრობდი, თანატოლები ხომ არ დამცინებენ, ცუდად ხომ არ მომექცევიან? მასწავლებელი ბრაზიანი ხომ არ იქნება-მეთქი? სკოლაში მისულს ყველასთან ურთიერთობა გამიადვილდა, რადგან კეთილი მასწავლებელი და ლამაზი მეგობრები მყავს. მეგობრები ხანდახან ცელქობენ კიდეც. ყველა ძალიან მიყვარს. სკოლის დირექტორიც კეთილი და ლამაზია.

- მოგწონს პოპულარობა?

- არ მეგონა, ასეთი ცნობილი თუ გავხდებოდი. დედაჩემს "მესენჯერში" სწერენ, გვიპასუხეო. ჩემ გამო მგონი, დედას "ფეისბუკზე" 9 ათასი მეგობარი ჰყავს (იცინის).

- პირად საუბარში მითხარი, მურაბა მიყვარსო. რისი მურაბა გიყვარს?

- შინდის მურაბაზე ვგიჟდები, "თავი გადამიყირავდა"!.. კიდევ, კერძებიდან აჭარული ხაჭაპური მიყვარს. ასევე - აჯიკაც მომწონს და ცოტათი - ელარჯიც.

- საქართველოს პრეზიდენტობა მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი?

- კი, აბა, რა!

- შენი აზრით, პრეზიდენტები რას საქმიანობენ?

- ეგ ჯერ არ მისწავლია. არ ვიცი, ეგ როდის უნდა ვისწავლო, მაგრამ მერე, "დიდი" რომ გავიზრდები, სანამ პრეზიდენტი გავხდები, აუცილებლად უნდა ვისწავლო, პრეზიდენტი როგორ გავხდე, რა უნდა გავაკეთო და ა.შ.

- საქართველოს პრეზიდენტი ვინ არის, იცი, ხომ?

- სალომე. გვარი არ ვიცი.

- სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ვინაობაც გეცოდინება...

- მუნ ჩე ინი.

- რატომ გინდა, საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდე და არა - სამხრეთ კორეის?

- როგორც ხედავთ, კორეა სუსტი არ არის, ძლიერია. რადგან საქართველო ასეთი ძლიერი არ არის, ამიტომ პრეზიდენტი გავხდები და გავაძლიერებ, ჩვენი დაკარგული ოსეთი და აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ.

- სკოლაში სწავლა საქართველოში დაიწყე?

- არა. ისრაელში დავდიოდი, სადაც მეგობრები დამცინოდნენ და კეთილები არ იყვნენ. მასწავლებელი ბრაზიანი იყო. საქართველოში რომ გადმოვედი, სკოლაც, მასწავლებელიც და ბავშვებიც ისე მომეწონა, თითქოს შაქარიაო!

GzaPress

- თანაკლასელები კორეულის სწავლას გთხოვენ? - კი, მაგრამ კორეულად სიტყვების გამოთქმა უჭირთ.

- შენ ქართული ასე კარგად როგორ ისწავლე?

- მასწავლებელი ქართულ გამოთქმას ძალიან კარგად მასწავლის. ჩემი ნინო მასწავლებლის (კლასის დამრიგებლის) გარეშე, ქართულს ვერ ვისწავლიდი.

- როგორც ვიცი, სიმღერაც გიყვარს...

- კი, მაგრამ კორეული პოპმუსიკა არ მიყვარს. საერთოდ, ქართული სიმღერა - "მთაში სალამურს ვაკვნესებ" მომწონს, კიდევ - აჭარული "განდაგანა", "ჭრელო პეპელა"...

- ალბათ, ქართველი მწერლების შემოქმედებას, ასე თუ ისე, იცნობ...

- კი. იაკობ გოგებაშვილი მომწონს. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ მეუბნებიან, შენთვის ამ ნაწარმოების წაკითხვა ჯერ ადრეა, რთულიაო. მართლაც, ვრცელი ნაწარმოებია.

- რაზე ოცნებობ?

- მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი გავხდები, ოსეთი და აფხაზეთი ხომ უნდა დავიბრუნო? ვფიქრობ, უეჭველად დავიბრუნებ, მაგრამ შეიძლება, ვერც დავიბრუნო. ჩემი სურვილია, თუ ამ საქმეს მე ვერ გავაკეთებ, ეს სალომემ ან მისმა მომდევნო, ან - იმის მომდევნო პრეზიდენტმა გააკეთოს და საქართველო ძლიერი ქვეყანა გახდეს. ასევე, მინდა, ქართველებმა "ჩინელი" არ დამიძახონ.

- მგონი, უკვე ყველამ გაგიცნო და იციან, რომ სამხრეთ კორეიდან ხარ...

- კი, მაგრამ მაინც მინდა, რომ ადამიანებმა ეს კარგად გაიგონ: მე კორეელი ვარ და არა - ჩინელი.

ძიუნგ პარკი, დაელის დედა:

- კორეაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ სხვა ქვეყნებში ჩავიდნენ და ხალხს კორეული კულტურა გააცნონ, მათ შორის ვართ მე და ჩემი მეუღლეც. ჯერ აზერბაიჯანში ვიყავით. იქაც იმავე საქმიანობას ვეწეოდით, რასაც ახლა საქართველოში ვაკეთებთ. მერე საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვედით. აქაურობა ძალიან მოგვეწონა. კორეაში დაბრუნების შემდეგ, როდესაც ვირჩევდით, რომელ ქვეყანაში გავმგზავრებულიყავით, საქართველო ავირჩიეთ. არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს და ქართველ მოსწავლეებს კორეულ ენას (ასევე - კულტურას, კულინარიას და ა.შ.) უფასოდ ვასწავლით.

- კორეული ენით ბევრი ქართველი ინტერესდება?

- დიახ. კორეული პოპმუსიკა ძალზე პოპულარულია. თავდაპირველად, ამიტომ ინტერესდებიან. შემდეგ უკვე ენაც მოსწონთ, ითვისებენ... კულინარიას, კულტურასაც ეცნობიან. რადგან მათ მხოლოდ ჩვენი ოჯახი ვერ ეხმარება, ახლახან კორეიდან ჩვენი 4 მეგობარი ჩამოვიდა. ქართველი ბავშვები კორეულს ისე კარგად სწავლობენ, რომ ცოტათი მშურს. მიკვირს, რომ ასე კარგად ითვისებენ, კორეელებისთვის კი ქართულის სწავლა რთულია.

საქართველო დაელისთვის პირველი უცხო ქვეყანა არ არის - სხვაგანაც უცხოვრია. მაგრამ სანამ ჩამოვიდოდით, მაინც ვფიქრობდი, როგორ შეეგუებოდა აქაურობას, იმასაც ვამბობდი, კორეული კერძების გარეშე როგორ ვიცხოვრებ-მეთქი? რეალობა იოლი აღმოჩნდა, რადგან საქართველოში ხალხი ძალიან დამეხმარა. აქ მეგობარიც მყავს, რომელმაც კორეული ენა კარგად იცის, მაგრამ ის თბილისში ცხოვრობს, მე - რუსთავში. თუმცა, რუსთავში ჩამოდიოდა და დაელის სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებშიც მეხმარებოდა. ასევე, ერთ-ერთი პრობლემა წიგნი იყო: ისეთი სახელმძღვანელო ვერ ვიშოვეთ, რომელიც ენის ათვისებაში დაგვეხმარებოდა (მე და ჩემმა მეუღლემ ინგლისური ენა კარგად არ ვიცით)... სხვა ყველაფერი მარტივი აღმოჩნდა: ქართული კერძები მოგვწონს. ერთადერთი, ქართველები კერძების მომზადებისას ბევრ მარილს იყენებენ. როცა რესტორანში შევდივართ, სულ ვთხოვთ - ცოტა მარილი გამოიყენონ. ჩემი აზრით, ქართველები თუ ნაკლებ მარილს გამოიყენებენ, კერძი უფრო გემრიელი იქნება. სულგუნი ძალიან მომწონს.

- შინ კორეულ კერძებს ამზადებთ თუ ქართულს?

- სახლში კორეულ კერძებს ვამზადებთ. როცა მოსწავლეები მოდიან, ძალიან მოსწონთ. სურთ, კორეული კერძები გასინჯონ. ძალიან მინდა, ქართული კერძების მომზადება ვისწავლო, განსაკუთრებით - ცომეულის. "ფეისბუკზე", ფოტოზე აჭარული ხაჭაპური ვნახე, რომელსაც გულის ფორმა ჰქონდა. მინდა, მეც ასეთი მოვამზადო. ასევე მაინტერესებს, როგორ მზადდება ტყემლის საწებელი, აჯიკა... მურაბაც ძალიან მომწონს. საჩუქრად ყოველთვის მაძლევენ. მაინტერესებს, როგორ ამზადებენ. კორეაში ასეთი ბევრნაირი მურაბა არ არის. კაკლის მურაბა მომწონს. დაელის ფორტეპიანოს მასწავლებელი შემპირდა, რომ გაზაფხულზე მურაბის მომზადებას მასწავლის, რადგან ამ დროს ბევრი ხილი იქნება. ხაჭაპურს რაც შეეხება, "ფეისბუკზე" დავწერე - ხაჭაპურის გამოცხობის სწავლა მინდა-მეთქი. ყველა მეუბნება, გასწავლიო, მაგრამ ჯერ არავინ მასწავლა (იცინის). რეცეპტების ბევრი წიგნი არ არის. ინგლისურ ენაზე რომ იყოს გამოცემული, თარგმნა შემიძლია, მაგრამ ქართულიდან რეცეპტების თარგმნა რთულია.

- ხალხისგან ასეთ გულთბილ დამოკიდებულებას ელოდით, რაც დაელის ვიდეოს მოჰყვა?

- ავტობუსში გადაღებული ვიდეო ასეთი პოპულარული რომ გახდა, ძალიან გაგვიკვირდა. რუსთავში, ამ ვიდეოს გარეშეც, დაელს ბევრი ადამიანი იცნობდა და ხალხს ის მანამდეც უყვარდა.

- საქართველოში საცხოვრებლად რუსთავი რატომ შეარჩიეთ?

- როცა კორეიდან ჩამოვედით, რუსთავში, ამ სახლში მოვედით. 1-2 თვის მერე დავფიქრდით - თბილისში საცხოვრებლად გადავსულიყავით თუ არა. რუსთავში ყოფნა ისე მოგვეწონა, რომ გადასვლა აღარ მოგვინდა. დაელსაც აქაური სკოლა ძალიან მოსწონს.

- ქართველი გოგონას - სოფია კვინიკაძის ვლოგს - "დეპრესიული ქართველი სამხრეთ კორეაში" თვალ-ყურს თუ ადევნებთ?

- მას ინტერნეტით ვეხმიანები. სოფიას ჩემი მეუღლე იცნობს. სოფიას მეგობარს - ანანოს ვიცნობ, რომელმაც კორეული იცის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვლოგი ძალიან მაინტერესებს, ვერ ვიგებ: ქართული ენა ისედაც რთულია, სოფია კი ვიდეოებს ხმას უცვლის და ტემპს აჩქარებს, რაც ჩემთვის გასაგებად კიდევ უფრო რთულდება. დაელს ვთხოვ ხოლმე, მითარგმნოს (იცინის). კორეელები სოფიას იცნობენ. ის კორეაში დილის სატელევიზიო გადაცემის წამყვანიც გახლავთ - ცდილობს, კორეელებს საქართველო და ქართული ტრადიციები გააცნოს.

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- ქართველ ბავშვებს სულ უნდათ, კორეული კერძები გასინჯონ. მინდა, კაფე გავხსნა (არაკომერციული მიზნით), სადაც ბავშვები კერძების გასინჯვას, მომზადებას შეძლებენ, ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, კორეულ კულტურასაც გაეცნობიან, იცეკვებენ, იმღერებენ... თუ ისე მოხდება, რომ კაფედან მეტ შემოსავალს მივიღებთ, ავადმყოფ ან მიუსაფარ ბავშვებს დავეხმარებით. "ფეისბუკზე" ხშირად ვაწყდები "პოსტებს", რომ ბავშვებს უჭირთ, ავად არიან... კორეიდან ახლახან ჩამოსულ მეგობრებთან ერთად, ისედაც ვაპირებთ, მიუსაფარ ბავშვთა სახლს ვესტუმროთ და დავეხმაროთ...

ეთო ყორღანაშვილი