ბელა ალანიას ცისფერი იმედის ნამცეცები - გზაპრესი

ბელა ალანიას ცისფერი იმედის ნამცეცები

მკითხველი დამეთანხმება, რომ საქართველოში პარტიული ლიდერების მეუღლეებს უპირატესად ქმრის სახელით, იმიჯითა და რეპუტაციით იცნობენ, თუმცა ბელას შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია: ის მცირე დოზით ან საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში. მისი "ფეისბუკ"-საქმიანობაც ძირითადად, სენტიმენტალური ჩანაწერებითა და რომანტიკული ისტორიებითაა წარმოდგენილი.

- დედას იზაბელა ერქვა. ჩემი სახელი მისი ნაწილია და მთელი ცხოვრება მომყვება შვილისთვის თანმდევი ეს განცდა - დედის წილობა. დედამ, ვფიქრობ, თავისი ნიჭისა და უნარების რეალიზება ბოლომდე ვერ მოახერხა. იყო დიასახლისი და ოჯახზე გადაყოლილი ქალი. მის შეკერილ, ხელით ნაქსოვ და ნაქარგ ნივთებს ახლაც გულში ვიკრავ რუდუნებით. ისინი დედის სითბოს ინახავს...

მამა ინჟინერი გახლდათ. სანთელივით კაცი გარდაიცვალაო, - ასე ამბობდა ყველა, ვინც იცნობდა. ლექსებს წერდა. ბავშვივით უხაროდა და წითლდებოდა, როცა ვაქებდი... საოცარი სინათლე დაჰქონდა. გარდაცვალების მერეც მწვდება და მიხარია, სულიერი კავშირი რომ არ დავკარგეთ.

- გაიხსენეთ ბავშვობა, ყველაზე მძაფრი "არომატებით"...

- ბავშვობა დაურღვეველი სიმაღლეა, რომელიც ოდესღაც დაიპყარი და ახლა მონატრებით შესცქერი. ბავშვობა სამკაულია, რომელიც ნებისმიერ უსახო სამოსს ლამაზს ხდის. ვფიქრობ, ყოველდღე უნდა შეავლო თვალი საკუთარ პატარაობას, ულამაზესი სურათივით, რომ დღე გაგილამაზოს. ის წარსულია, საითკენ გახედვაც არასოდეს მოგწყინდება და ისეა ჩაჭედილი გონებაში, ვერასოდეს ამოშლი. ამაზე უსასრულოდ შეიძლება წერა და საუბარი...

- როგორ შეეწყო "აღმოსავლური" და "დასავლური" ბუნების წყვილი ერთმანეთს...

- ზოგადად, ისე დაახლოვდა სამყარო, რომ მეგრულ-ფშავური ქორწინება მათთან არაფერია (იღიმის). ჩვენ გვაქვს ინტერესთა თანხვედრა, სულიერი ერთობა, მუდმივად განცდა და სურვილი იმისა, რომ იზრუნო და დაიფარო. მზაობა გიყვარდეს - ეს ყველაფერი განაპირობებს ორი ადამიანის თანაცხოვრებას.

- მეუღლე სრულიად აპოლიტიკურ ჭრილში...

- რაც უფრო დიდი ხნის ურთიერთობაა, მით უფრო დიდი იმედი და პატივისცემაა. ცოლქმრობა ერთი სულია ორ სხეულში...

- შვილები...

- შვილები? ისინი სიცოცხლეს გვიადვილებენ. დარდს გვიმატებენ, მაგრამ ფასდაუდებელი ღირებულებაა... მათ გარეშე ყოფნა იგივეა, დედამიწას მზის სხივი არ მისწვდეს ან ღამეს ვარსკვლავი არ ჰყავდეს... ჩემი ბექუნა და დაკუნა - ჩემი უკვდავებაა.

GzaPress

- ყველაზე საშიში და სასიხარულო დღე თქვენს ცხოვრებაში... - საშიშია, როცა ოჯახის წევრი ავად ხდება, როცა საყვარელი ადამიანები ამ სიცოცხლიდან მიდიან... სასიხარულო დღეები არაერთი მქონია. დიდი სიხარული იყო, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ.

- საყვარელი ბრენდი...

- ბევრია ასეთი, მაგრამ შეიძლება ჩემი რომელიმე სამოსი ბრენდული სულაც არ იყოს, მაგრამ ძალიან მოვიხდინო.

- საყვარელი ფერი და ყვავილი...

- ცისა ფერს, ლურჯსა ფერს... ყვავილებიდან კი კესანე...

- რას შეცვლიდით წარსულიდან?

- არ დავზოგავდი დროსა და შესაძლებლობებს საყვარელი ადამიანებისთვის. ვინც მიყვარს და მენატრება, დროის მიღმა დარჩენილებს ვგულისხმობ...

- და რა არის მონატრება წარსულიდან?

- მონატრება მატერიასა და გონებას შორის მოლივლივე განცდები და მოგონებებია. ვიხსენებ: სოხუმის სანაპიროზე სხედან ჩემი მშობლები, მე კი ზღვაში ვცურავ და წითელ ზოლს ვკვეთ, რომ იქიდან ხელი დავუქნიო... ისინი კი შეშფოთებულები მეძახიან. ვიწყებ მათთან დაბრუნებას. სულ უფრო და უფრო ვუახლოვდები და ვყვირი: ,,ნუ გეშინიააათ, თქვენთან ვააარ!"

- რა არის თქვენი ქალური ოცნება?

- გაგეცინებათ, მანქანის მართვა მინდა ვიცოდე...

- ბელა სამზარეულოში და რაიმე იოლი რეცეპტი...

- ღვეზლის მომზადებას გასწავლით. 3-4 კვერცხს ვთქვეფთ ერთ ჩაის ჭიქა შაქართან და ვანილთან ერთად. ვამატებთ 100 გრამ კარაქს, ორ-ნახევარ ჩაის ჭიქა ფქვილს, ერთ ჭიქა არაჟანს (მანამდე შევურიოთ 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით). ეს მასა ავთქვიფოთ და დავასხათ ტაფაზე. ზედ დავაწყოთ ნებისმიერი ხილი, ნიგოზი, ქიშმიში, რაც გაგიხარდებათ და მოვაფრქვიოთ "ჰერკულესის" ფანტელები. როგორც კი ზედაპირი შეუწითლდება, მზადაა.

- არაპოლიტიკური იუმორი მეუღლისგან, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ...

- იუმორი გვაძლებინებს, გვაძლიერებს აგერ უკვე ოცდაშვილი წელია. ეს შალვას ჯოკერია. რომელი ერთი გითხრათ... ამ დილით ასეთი გასაუბრება გვქონდა: - როგორ ხარ? - ცუდად... - შეგჭამეს უსაქმურმა მუზებმა და კიდევ კარგად ხარ მაგათ ხელში...

- ყველაზე რომანტიკული ამბავი ცხოვრებიდან...

- როცა ჩვენი ქორწინების თარიღი ახლოვდება, მეუღლე ცდილობს, სიურპრიზი მომიწყოს. თავს ვიმტვრევ, გამოვიცნო ხოლმე და ვერც ერთხელ ვერ მივუხვდი. შარშანწინ, შეუღლებიდან 25 წელი რომ შეგვისრულდა, ბაზალეთში წამიყვანა, თვალები ამიხვია და ეზოში ხელჩაკიდებულმა შემიყვანა. თვალხილულმა საოცრება ვნახე: მთელი ეზოს ნაძვები ფერად ნათურებში იყო და ციმციმებდა. ქალი არ ბერდება, როცა უყვართ.

- ერთი პეშვი ცისფერი იმედის ნამცეცებისა...

- ჩემი ბოლო მინიატიურაა: "კვლავინდებურად გადმოთოვლავ სახლის სახურავს, რომ გატეხილი კრამიტიდან არ ჩამოჟონოს იმ ოთახში, სადაც ჩვენ გვძინავს. მე ჩვეულებრივ, ისევ დაბლა დაგელოდები, შიშისგან ხელსაც ავიფარებ ორთავ თვალზე, თითქოს ასე თვალბნელ ხიფათს უსათუოდ გადამირჩები... გათოშილ ხელებს იორთქლავ და მძულს მე ეს თოვლი, ნოემბრის მერე რომ ველოდით დიდხანს ნანატრი მეგობარივით.

შეგევედრები, მაგრამ აბა, ჯერ რას ჩამოხვალ სახურავიდან? - შენ წადიო, ნაყარმა ან ლოლუამ ქვეშ არ დაგიტანოსო... ან მე სად წავალ? აქ უჩემოდ ვინ დაგიფარავს? ჩემი უტეხი სიჯიუტე ისევ გაჯობებს, მივეყინები იქვე პანტას, ვიდრე ეზოში ჩამოზვინავ ორი ღამის თოვლს, მერე ბიჭივით იმ ზვინებზე გადმომხტარი, ერთს გამომხედავ, ხელს დამიქნევ და აუყვები ღობეს ტყისაკენ... მიმატოვებ სხვა თოვლების, სხვა ნატვრების მოგონებებთან...

გამახსენდება წლები, როცა ისე გვიჭირდა, ლუკმას ერთმანეთს ვუნახავდით და უფრო კი მე, მეძუძურს და დაბალწნევიანს, ახლა ვხვდები, რომ მიზოგავდი ხშირად ღამესაც - ფარდას გადასწევდი, ბიჭს გაიყვანდი, რომ ცოტა კიდევ მძინებოდა ღამის იმედად და მცივანას მატყლის საბანსაც წამაფარებდი... წახემსებული ხმელაპურით წახვიდოდი დღიურ მთიბავად ან საქონელს გაირეკავდი მდინარის გაღმა, ხალხისგან შორს, უკაცრიელში, თვალსმოფარებით ალბათ კიდეც ჩამოჯდებოდი, წიგნს გადაშლიდი, ნახირს სულაც დაივიწყებდი და იკითხავდი, იკითხავდი დაბინდებამდე... დაგახვედრებდი მოტკბო-მომჟავო შინდის შეჭამანდს. ღარიბულ ვახშამს შემიქებდი. შეჭამდი მშვიდად (ვერ იტანდი ამ დროს საუბარს). განმარტოებით შენს თავთან დღეს იხსენებდი, აფასებდი, იმახსოვრებდი. თუ რამ ღირდა, სახელს არქმევდი, ივიწყებდი ან ინახავდი სამარადისოდ...

მე სახვალიოს გიმზადებდი საჭმელს და სამოსს, სახელდახელოდ გამოგონილს უყვებოდი ბავშვებს ამბებს ძილისპირულებს და მერე სადღაც პოულობდი უზუსტეს სიტყვებს, პურზე, წყალზე, ყველანაირ ქონებაზე ძვირად ღირებულს - სულ სახვალიო ერთი პეშვი იმედით სავსეს... გავიზარდეთ და დავჭკვიანდით. ცოტა დავმშვიდდით. წლების, ქარების, ავდრებისა და ბევრზე ბევრი ნაირგვარი ამბების მერე გატანისა და ერთგულების ვისწავლეთ ენა, ობლის კვერიც რომ გვიან, მაგრამ კარგად გამოცხვა, მაინც ძველისკენ, იმ წლებისკენ გაგვირბის ნატვრა... დღეს ჩვეულად რომ გადმოთოვლავ სახლის სახურავს, თვალბნელ ხიფათს რომ აგაცდენ და ვიცი, ყველგან უსათუოდ გადამირჩები, უბის ჯიბეში აღმოგიჩენ მთელი დღის ნაძებნ, თოვლისქვეშ ნაპოვნ სათებერვლო პირველ ენძელას, ძველის კი არა, ხვალინდელ დღის ერთი პეშვი იმედის ნამცეცს..."

როლანდ ხოჯანაშვილი როლანდ ხოჯანაშვილი